ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არგონავტი
ჟანრი: პროზა
4 აპრილი, 2009


მე ასე მიყვარს

ალბათ, საათზე მეტი გავიდა, რაც შენს სურნელოვან თმებს დაუსრულებლად ვეალერსები და ვფიქრობ...
თუმცა ყველაზე უცნაური ის არის, რომ ვერც კი გადმოვცემ, თუ რაზე ვფიქრობ...
მზერა ნივთიდან ნივთზე გადამაქვს: ჯერ შენს შეკრულ ბარგს ვუყურებ, მერე შენს პასსპორტს, რომელშიც როგორც იქნა, ჩაგირტყა ვიზა ამერიკის საელჩომ... თვითმფრინავის ბილეთს, რომელიც ეხლა უმწეოდ გაშოტილა იატაკზე და ნიავის ყოველ მოძრაობაზე ირხევა...


საწოლზე, ჩვენს გვერდით შენს მიერ დილით დაწერილი წერილი დევს, - მთელი არსებით რომ შემძრა და სულის თითოეული უჯრედი ამითრთოლა, შიში გამიჩინა შენი დაკარგვის და შეგრძნება მარტოობის... წერილი, სადაც სიყვარულის ახსნა და სამუდამო გამომშვიდობებაა.
დროდადრო ჩემს კალთაში ჩადებულ შენს ულამაზეს თავს დავხედავ და ვგრძნობ, რა უძლური ვარ შენი სიყვარულის წინაშე... და როგორი ბედნიერი იმით, რომ აღარ წახვალ და უბედური იმით, რომ აღარც მოხვალ...
დაჟინებით ვუშტერებ მზერას შენს დახუჭულ თვალებს და ვგრძნობ, რომ ასე დამოკიდებულნი ერთმანეთზე არასდროს ვყოფილვართ...


ბედნიერი ვარ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებზე აღარ გამცვლი და მეც აღარ დავიტანჯები იმაზე ფიქრით, რომ სადღაც შორს უჩემოდ განაგრძობ არსებობას, იბრძოლებ ბედნიერებისთვის და სიყვარულისთვის. მე აღარ გადამისვრი წარსულში და არ მიუძღვნი შენს მომავალს ვინ იცის, ვის ან რას?..
მიყვარხარ!..
მიყვარხარ ისე, როგორც არავის, არავინ, არასოდეს ჰყვარებია! სიყვარულისთვის სისულელეს ყველა ჩადის, მაგრამ მე ამ ყველას მეფე ვარ, ხოლო ჩემს მიერ ჩადენილი სისულელე - სიკვდილის ტოლფასი...


ვიცი, რომ არც შენ გინდოდა ჩემგან წასულიყავი და ბედნიერი ვარ იმით, რომ ორივეს ოცნება ერთი ხელის მოსმით ავასრულე, ოღონდ არა გადატანითი მნიშვნელობით, უბრალოდ, ერთი ხელის მოსმით...
არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე, რა იქნება შემდეგ, მე ბედნიერი ვარ ამ წუთით, ხოლო რა იქნება მომავალში ეს უკვე.... თუმცა მომავალი არც არსებობს უშენოდ...
ჩვენი გზები სამუდამოდ შეერთდა და ვეღარავინ უარყოფს ჩვენს დამოკიდებულებას ერთმანეთის მიმართ... ვაცნობიერებ, რომ მართალია შენი ცხოვრების ეპილოგი ჩემს გარეშე დაიწერა, მაგრამ რაც მთავარია დასკვნითი ნაწილი მე მივისაკუთრე... და ეს სიამოვნების ჟრუანტელს მგვრის...
მთელი სხეულით გეხვევი და ამაოდ ვცდილობ გაგათბო, თუმცა არც ვიცი, ამას როგორ შევძლებ, როცა  ვცახცახებ - სიცივისგან, გაურკვევლობისგან თუ ამაოებისგან?!..
ნათელია მხოლოდ ერთი: შენ აღარ წახვალ!


თვალწინ მიდგას შენთან გატარებული ყოველი წუთი, განსაკუთრებით კი ბოლო წამები...
როგორ ჩაგიკარი გულში მთელი ძალით და როგორ დამისველე საყელო ცრემლით.
შენი სიტყვები, - ჩემთან განშორებას სიკვდილი რომ გერჩივნა და სწორედ ჩვენი სიყვარულის გადასარჩენად მიიღე ეს გადაწყვეტილება... შენ გადაარჩინე სიყვარული, რომელსაც აუცილებელი დასასრული უნდა ჰქონოდა... მე დასასრული გადავარჩინე – ახლა უსასრულოდ შემიძლია მიყვარდე...


ჰო, სწორედ შენი სიტყვები, რომელიც თითქოს სადღაც სულის სიღრმიდან ამოვიდა.
შემდეგ საწოლი, შენი თავი კალთაში (რომელიც იმ საბედისწერო წუთებიდან მოყოლებული გაუნძრევლად ასვენია ჩემს მკლავებზე)
შემდეგ ახლად ალესილი სამზარეულოს დანა და...
მახსოვს შენი გაოცებული, მაგრამ მაინც უდრეკი მზერა... თითქოს წინააღმდეგობა არც გაგიწევია...
შენი უმანკო სისხლი, რომელმაც ალისფრად შემიღება ხელები...
შენი სისხლისა და ჩემი ცრემლის ნაზავი...
მორჩილი და ამავე დროს საკოცად გამზადებული, ყოველთვის გაბუტული ბაგეები...
ჩვენი უკანასკნელი კოცნა...
შენი უკანასკნელი ამოსუნთქვა და სიტყვები, რომელიც გინდოდა გეთქვა, მაგრამ ამის საშუალება არ მოგეცა... ვინ იცის, იქნებ ჩაკლული გამომშვიდობების ან უფრო მეტი, - თანაგრძნობის სურვილი უბადრუკი მკვლელის მიმართ?!...
მკვლელის?.. თუ თვითმკველის?!
მეც ხომ შენთან ერთად დავსამარდი და უზარმაზარი ურდულით ჩავურაზე კარი ცხოვრებას... ჩემი სიცოცხლეც ხომ შენს ხანმოკლე სიცოცხლესთან ერთად დასრულდა...
მინდოდა მოგეკალი და გევედრებოდი მუხლებზე დაჩოქილი, თუმცა, შენ ვერ გაბედე... შენი ხელით ხომ სიკვდილიც კი უდიდესი ნეტარება იქნებოდა ჩემთვის....
მე არაფერი შემეძლო და სწორედ ეს სისუსტე, უძლურება იყო იმ ძლიერების წყარო, რამაც მაიძულა ეს ჩამედინა...


მინდა ვიყვირო, რომ მიყვარხარ და რომ ამ წუთას ჩემში ბობოქრობს ბედნიერებანარევი უბედურება –ორი უდიდესი გრძნობის ნაზავი...
და არც კი ვნანობ...
ადამიანების უმრავლესობას არ შესწევს უნარი უყვარდეს... დანარჩენი კი, ყველა თავისებურად გამოხატავს გრძნობას...
მაპატიე!
მე ასე მიყვარს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ რურუა ვულოცავთ დაბადების დღეს