ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
8 აპრილი, 2009


მ ო დ ი

მთვარე ჩამოეყრდნო ღამეს სამკაულად,
გვიან გათენება მგონი დავიჩემე,
მოდი შემიხსენი გულზე საკინძე და
ვნების ნამცეცები ლოცვით ამიკენკე.

ყველა ნაფიქრალი სასმელს ამოვავლოთ,
მერე დავაბრალოთ (ვითომდა) სიმთვრალეს,
სანამ ნალბობ სიტყვებს სუნთქვა ამოაშრობს,
სანამ გაგიშიშვლებ სხეულს, სულს, დილამდე.

პეშვით ნაიარევ გრძნობებს დაგილაგებ,
შენმა შეხებამ რომ სისხლში გამიაროს,
თითო ნატყვიარი კოცნით დამიამე,
მხოლოდ არ მინდიხარ სხვასთან საზიარო.

ცას რომ ააკვნესებს სხივი განთიადზე,
ჩვენი განშორება მორცხვად მზეს შევუნდოთ,
ჩემი გულის გარეთ, შორს თუ დაბინავდე,
დაღლილ უჩემობას იქნებ შეეგუო.

ურცხვად ჩამოეყრდნო ღამეს სამკაულად,
მთვარე, მონატრება მგონი დავიბედე,
მოდი შემიხსენი გულზე საკინძე და
ვნების ნამცეცები ლოცვით ამიკენკე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები