ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარნომუსია
ჟანრი: პროზა
10 მაისი, 2008


სიზმარში სიზმრები (ანუ მეოთხე განზომილება)

__ალბათ წაიკითხავს...კითხულობს, იმედია კითხულობს__ძილში ბურდღუნებდა ვიღაც.
__არ მინდა გამოფხიზლება...__ისევ ბუტბუტებდა და უცხო სივრცეს ეპოტინებოდა. მერე ფხიზლდებოდა ყველა სიზმრიდან და ოფლში იწურებოდა. ხედავდა, როგორ ხსნიდა ვიღაცა წერილის კონვერტს და სამყაროს ეფინებოდა უცნაური იეროგლიფები.დედამიწა გაზეთის ფურცელს ემსგავსებოდა და მეოთხე განზომილებისგან უარყოფილი იღვიძებდა. ისევ ცდილობდა ხელებით მოსჭიდებოდა მეოთხე სივრცეს...



ზღვის სანაპიროზე, ერთ-ერთ ღია კაფეში ორი ადამიანი იჯდა.ისედაც დიდ სიცხეში რატომღაც ცხელ ჩაის მიირთმევდნენ.


___თქვენ იცით მეოთხე განზომილების შესახებ?აი, მე ვიცი ეს სიზმარში არსებული სიზმრებია.__ კაფეში მჯდომი, სრულიად უცხო ქალი გაკვირვებული უყურებდა და ვერ გაეგო ვერაფერი,რატომ უყვებოდა ვიღაც უცნაურ ამბავს.

___დღეს რაგაც იდიოტობა დავწერე.თუმცა , ეს ალბათ მხოლოდ ადრესატისტვის იქნება სულელური.  საერთოდ ჩვევა მაქვს აპრილში რაგაც არაორდინალურს ვაკეთებ,მოკლედ აპრილიდან მინდოდა ამის დაწერა და მხოლოდ ზაფხულში მოვახერხე. გინდათ? მოგიყვებით.__ისე უთხრა თითქოს ვინმეს დიდი ხნის თხოვნას უსრულებდადა ფრაზის ბოლოს წერტილიც კი დასვა.

____მოკლედ იდიოტობა დავწერე __გულის ჯიბიდან თეთრი კონვერტი ამოიღო და ფრთხილად დაუწყო გახსნა.__ქალი წამოდგა და წასვლა დააპირა,ამ დროს კი მამაკაცმა თავისი ხელი ნაზად სტაცა ქალისას და:

___დარჩით , გთხოვთ,თქვენ მაინც მომისმინეთ თუმცა ვიცი თქვენ ყველაზე ნაკლებად გაინტერესებთ.
  ქალს ხმა არც კი ამოუღია ისე დაუქნია თანხმობის ნიშნად თავი,ჩამოჯდა ხით მოპირკეთებულ კაფის სკამზე  და საკუთარ ხელის გულს ჩამოაყრდნო ნიკაპი.


  კაცი ცოტახნით შეაჩერდა თავის ნაწერს და ბოლოს დაიწყო:

“კითხულობ ალბათ და ვერც ხვდები რატომ გწერ ამას,მერე დაწვები ან დილით ადრე, ქუჩაში მიმაჩქარს  შენთვის ფიქრებში გატაცებულს , ერთი წუთითაც არ გაგახსენდება ჩემი სიტყვები, რადგან მე ფუჭი ვარ და არც ვნაღვლობ ამას, უბრალოდ მწყინს და ვფიქრობ მოგწეერო თუ არა?ალბათ მაინც მივალ საფოსტო ყუთთან და უდარდელად ჩავუშვებ წერილს. შენ წაიკითხავ და მგონი ვერც მიხვდები რა შუაში ხარ  ან რატომ მოდის შენს მისამართზე ასეთი ფოსტა. არ გეგონოს ცვაიგის “უცნობი ქალის წერილი” აქ ყველაფერი სხვაგვარადაა.ამბობენ სამყარო სამ განზომილებად არის დაყოფილიო: ზესკნელი , ქვესკნელი  და სკნელი.მე არც ვიცი ვარ კი რომელიმეში?იქნებ არის რაღაც მეოთხე , რომელსაც ვერავინ ამჩნევს და იქეთკენ მივექანები.
    არ გავგიჟებულვარ და არც ვაპირებ!ცხოვრება გრძელდება და ხანდახან სიზმარში სიზმრები მესიზმრება, როგორ მივდივარ საფოსტო ყუთთან , ვაგდებ კონვერტს. მერე შენ ხსნი და რატომღაც ცარიელ ფურცელს იღებ. ეს კოშმარია, დიდი კოშმარული სიზმარი და ამ თეთრ კოშმარულ სიცარიელეზე უცნაურობებს კითხულობ. ეს იმ თამაშს ჰგავს ბავშვობაში , რომ ვთამაშობდი , "სარკეში სარკე" ასე ვუწოდებდი და საკუთარ თავს მრავალ გამოსახულებად აღვიქვამდი. ალბათ ეხლაც რომელიმე სიზმარში ვარ . მოკლედ მინდოდა მეთქვა, რომ...”



___როგორ ფიქრობთ ბოლო ფრაზა დავასრულო? თუ ასე ჯობია უფრო საინტერესოა.

___ზედმეტად პოეტურია.__ქალმა ცალი წარბი ზემოთ აწია , ჩუმად ჩაეღიმა. ჩაის ფინჯანი მიიყუდა და რატომღაც უხერხულად გადაყლაპა ბოლო ყლუპი.
___და სულ ესაა რისი თქმაც შეგიძლიათ?ვერ ხვდებით რამდენი ხანია ამის დაწერა მინდოდა და წერილს ვერ ვასრულებ...
___უკვე გითხარით ზედმეტად პოეტურიამეთქი__ მერე ჩანთა მხარზე გადაიკიდა და ერთი ღია კაფედან მეორეში გადაინაცვლა, მერე მესამეში, მეოთხეში და მალევე სულ გაუჩინარდა მსგავსად მეოთხე განზომილებისა.


   

 

  ___კითხულობს , კითხულობს... __ისევ ბურდგუნებდა ვიღაც ძილში.მერე გრძნობდა როგორ უარყოფდა მეოთხე განზომილება და წყდებოდა ჯერ პირველი სიზმარი, მერე მეორე, მესამე და ქრებოდა ისე , როგორც ზღვის სანაპიროს ერთ-ერთ ღია კაფედან გასული ქალი.

  გაწყდა უკანასკნელ სიზმარში არსებული პატარა სიზმრების ნაკადი ... ისე, რომ დაუსრულებელი დარჩა “აპრილის წერილი” .
    "კითხულობს?კითხულობს ალბათ..."

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს