ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთ
ჟანრი: პროზა
27 აპრილი, 2009


შეხვედრა წარსულთან (თავი II)

ინდიფერენტულობას დამონებული დღეები ისევ მდორედ მიედინებიან. დღესაც იგივე მხრიდან ამოვიდა მზე, რომელმაც ვერაფრით შემოაღწია სქელ ფარდებში.
მუხლებზე დავიდე რვეული და ისევ ვცდილობ გავაცოცხლო მოგონებები, რომლებიც ნელ–ნელა ორთქლდებიან გონებიდან.
ისევ ამოტივტივდა ლამაზი ეკლესია ფიქრებში და თვალის ფსკერზე დაიდღაბნა ძველი ნახატივით.
ყოველთვის მეუბნებოდა დედა, ბიჭი უნდა ყოფილიყავი და გოგო შემთხვევით გაჩნდიო. პატარა ასაკში ყურადღებას არ ვაქცევდი ამ სიტყვებს, რადგან ბიჭებს უკეთ ვუგებდი ვიდრე გოგოებს. რაც წლები მომემატა, უფრო სხვა კუთხით შევხედე ამ საკითხს, ჩემში ქალის ძებნამ შედეგი ვერ გამოიღო და ჯიუტად ვუმტკიცებდი თავს, რომ ის "ერთადერთი" თავადვე აღმოაჩენდა ჩემში სასურველ არსებას. მერე თინეიჯერულმა პრობლემებმა წამოყო თავი და უფრო დავმახინჯდი, ყოველ შემთხვევაში მაშინ ასე მეგონა. გრძელი თმა მქონდა, განსაკუთრებულად ვუვლიდი ხოლმე, თუმცა მუდამ შეკრულს ვატარებდი. მორცხვი ვიყავი ბავშვობიდან, დედის სიტყვების გამო კი უაზროდ დაკომპლექსებულიც გახლდით. ასე მეგონა არც მე მქონდა უფლება მომწონებოდა ბიჭი, მათში მუდამ მეგობარს ვეძებდი. ახლობელი ბევრი მყავდა, მაგრამ მარტოსულობის შეგრძნება არ მტოვებდა არასდროს. ბევრი რამ მაღიზიანებდა გარშემო, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი, ჩემში ვინახავდი იმ დღისთვის, როდესაც კვირა არ დაიწყებოდა ორშაბათით. უფრო და უფრო ვიკეტავდი თავს გალიაში და ჯიუტად მჯეროდა, რომ მხსნელი ადრე თუ გვიან გამოჩნდებოდა.
ასე იყო თუ ისე, დედამ შვება ეკლესიაში ჰპოვა და თავადაც დავყავდი წირვებზე. მე მზეზე ქარვისფრად მოელვარე კრიალოსნები მომწონდა, მაგრამ ვცდილობდი კონცენტრაცია ჩემს ცოდვებზე გამეკეთებინა. ის კი ვიცოდი რომ აუცილებლად გავიმეორებდი იმას, რის მოსანანიებლადაც მუხლებზე დაჩოქილი ვევედრებოდი ღმერთს.
იმ დღეს ეკლესიაში შებრუნებულს არსად დამხვდა. დედის ზურგს ავეკარი და სახლში წასვლა ვთხოვე.
სიზმრებს ხშირად ვნახულობდი. იმ ღამესაც მესიზმრა წვეროსანი მამაკაცი, მისმა თვალებმა თითქოს გამინათა სულის მიუწვდომელი კუთხე–კუნჭული. მახსოვს, მზერა მოვარიდე და გაღვიძებისთანავე მტკიცედ გადავწყვიტე კიდევ ერთხელ მენახა იგი.
იმ დღესაც კანტი–კუნტად ირეოდა ხალხი. დედის გარეშე გამოვიპარე, უფრო ზუსტად კი გაკვეთილების გაცდენის ხარჯზე მივედი იქ.
უფრო ლამაზი მეჩვენა ეკლესია, იდუმალი და უთქმელად თბილი. დღის საათები იყო, ალბათ ამიტომაც არის ცოტა ხალხი, გავიფიქრე ჩემთვის და ერთ–ერთ ხატთან მივედი. მახსოვს, ერთხელ მითხრეს, ხატმწერები შავ ფერს არ იყენებენო. მუქ ფერებს სხვადასხვა ფერების შერევით იღებენ, ხოლო დომინანტურ ფერებად წითელი და ლურჯი ითვლებაო. დავაკვირდი ხატებს, მათ მოხაზულობებს. ყველაზე გამოკვეთილი კი ხელები და თვალებია, რადგან ორივე უფლისკენ არის მიმართულიო. მერე ვიგრძენი ჩემი სიბრმავე და შერცხვა, სადღაც ჯიბეებში მივმალე უფერული თითები.
ნელა შემოვტრიალდი და ეკლესიას კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი. წვეროსანი მღვდლის გვერდით იდგა ის. მუხლებში სისუსტე ვიგრძენი. ხელში ლოცვანი ეჭირა და ხმადაბლა კითხულობდა. ასე მეგონა მასში იყო ჩემი ხსნა, მის ყოველ სიტყვაში სიმშვიდე სუფევდა.. ფრაზებში, რომელსაც ვერ ვარჩევდი.
იქვე ჩამოვჯექი და მზერა გამიშტერდა მის ხელებზე, ჩამოთლილი, ცვილისფერი თითები ჰქონდა.
უცნაური განცდები ირეოდა ჩემში, თავადაც ვერ ვხვდებოდი რა მჭირდა. მხოლოდ ერთს ვგრძნობდი, უსიტყვოდ ვენდობოდი ამ ადამიანს, რაღაც გლობალურად მნიშვნელოვანს ვხედავდი მასში. იქნებ სწორედაც ის იყო ღმერთი, რომელსაც დაბადებიდან ვეძებდი.
განსხეულებული უფალი..


  უკვე რამდენიმე წუთია მარი მიზის სასთუმალთან, თავისი დათუნია ჩაუხუტებია და დედის მზერას დანატრებული აქეთ–იქით აქნევს ფეხებს. დროა დავხურო ეს რვეული. მოგონებებში ვხარჯავ ჩემს უკანასკენლ დღეებს, მაშინ როდესაც უდედოდ ვტოვებ ჩემს პატარა ანგელოზს.
ვახო სამსახურშია, თავად ვთხოვე წასვლა. მათი ყურება უფრო მიმძაფრებს იმ უმწეო უსუსურობას, რომელიც ისედაც ყელში გამჩხერვია და მახრჩობს.
ისე კი, მეწყინა რომ მაინც წავიდა...
რვეული ტუმბოზე გადავდე და მარის მოვეხვიე უღონო ხელებით.
კათეტერი არ მიშვებს ბოლომდე, რომ მთელი ძალით ჩავიხუტო ჩემი შვილი.
– დე, ღმერთს ჩემზე მეტად უყვარხარ?
მკითხა უეცრად ლამაზად გაბანტული ტუჩებით. კითხვით სავსე მზერა შევაგებე.
– აბა, მაშინ რატომ მიდიხარ მასთან?
თითქოს შინაგანად ყველაფერი ჩამწყდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები