 | ავტორი: ქეთ ჟანრი: პროზა 11 მაისი, 2009 |
ვახომ ჩემი საყვარელი ყვავილები მომიტანა. წითელი მიხაკები ლარნაკში მოათავსა და გაცრეცილი ღიმილით მომაჩერდა. თითქოს ბოდიშს მიხდიდა ჩამქრალი ოჯახური თანაცხოვრების გამო. საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და ფრთხილად გადაუსვა ხელი საბნის კუთხეს. – მგონი არ ღირს ჩემი მონახულება, უფრო მეცოდება თავი როდესაც ასეთს მიყურებ. ვიგრძენი როგორ აეწვა სახე გაურკვეველი სევდით. ტკივილნარევი ნერწყვი გადაყლაპა ხმამაღლა და ფეხზე წამოდგა. ვახოს მუდამ აწუხებდა სინდისი ჩემი ავადმყოფობის გამო, არადა წვლილი არ მიუძღვოდა არაფერში. – მაპატიე... გახევებული ვიჯექი ლოგინში, მზერა გამშტერებოდა ჩუმად მიკეტილი კარისკენ. ვახოს არასოდეს ვყვარებივარ, მაგრამ მუდამ ცდილობდა ჩემთვის დაეჯერებინა ეს ილუზია. არც კი ვიცი როდიდან ვაკვირდები ასეთ ნიუანსებს, ადრე მხოლოდ კერის მოვლა და საზოგადოების აზრი მიმაჩნდა მამოძრავებელ წერტილად. სისულელე ყოფილა ყველაფერი, როდესაც მიიხედავ უკან და საკუთარი სურვილით მიღწეული ბედნიერების ნასახიც არ დაგხვდება დაუდევრად განვლილ გზაზე. სინანულის დროც აღარ მრჩება, ცრემლებიც დამიშრა. ნიკას ქარვისფერი თვალები ჰქონდა, მზის სხივებს იტევდა მათში და მერე შეეძლო ჩემი ცოდვებისგან დამძიმებულს ფრთხილად შეერხია ტუჩები ღიმილში. წლებთან ერთად ჩემი "განსხეულებული უფალი" მამაკაცად იქცა ჩემს თვალში. ეკლესიის ეზოში კი მორცხვი გოგონას ნაბიჯების მაგივრად მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის წკაპუნი ისმოდა. წირვას არ ვტოვებდი და ცოდვა არ ჩამიდენია მისთვის გაუმხელელი. ვიცოდი არასოდეს გამრიყავდა და მშვიდად ჩამომფერთხავდა სულზე შემხმარ ტალახს. მე ისევ მამშვენებდა წაბლისფერი თმა, რომელიც მორჩილად მომფენოდა მხრებზე და აღარც ვწითლდებოდი ბაგეებზე წასმული ტუჩსაცხის გამო. ერთ დღესაც გადავწყვიტე ჩემი ყველაზე დიდი ცოდვა გამემხილა მისთვის. წლებთან ერთად ვატარებდი მასზე სურვილს და უნებურად შეხებული თითების სითბოს ვინახავდი ყოველი უჯრედით. იმ დღეს უჩვეულოდ გადახრილიყო მზე და მწვანედ აფეთქებულ ხის ტოტებში მიემალა აწითლებული სახე. ეკლესიის ეზოში ვიჯექი, ნიკას მოლოდინში ჩემს წერილებს ჩავჩერებოდი. გადაწყვეტილი მქონდა დამეტოვებინა ისინი მისთვის. დაჭმუჭნულ ფურცლებზე ერთმანეთს აკვროდნენ ასოები, მთელი სისავსით გადმოსცემდნენ ჩემს განცდებს. ფურცლების კუთხეები ცრემლებისგან დაჭმუჭნულიყო... ფრთხილად ამოვიღე ჩანთიდან სარკე და ინტერესით მივაჩერდი ზრდასრულ გოგონას. გვერდულად გადაყოფილი თმა ნახევარ სახეს მიფარავდა, შეფაკლული ყვრიმალები ჩემს ნერვიულობას გასცემდნენ. ცალი ხელით ფრთხილად გადავიწიე თმა და ურცხვად მივაჩერდი ჩემს ორეულს თვალებში. თაფლისფერი თვალებიდან ინტერესი ირეკლებოდა, შიშნარევი სითბო იღვრებოდა კუთხეებიდან. ასე მეგონა ჩემი ცხოვრების გზიდან ვუხვევდი და ყველაზე ბნელი ბილიკისკენ მივილტვოდი მთელი არსებით. სარკის მიღმა ნიკას შავი სილუეტი დავლანდე. სასწრაფოდ ჩავდე სარკე ჩანთაში და მკვეთრად წამოვდექი. თითქოს ნაბიჯის გადადგმა მიჭირდა. მან შორიდანვე კრძალვით გამიღიმა და დინჯი ნაბიჯებით გათელა მანძილი ჩვენს შორის. ხელით მანიშნა, დაჯექიო. კაბის კუთხეს წავეტანე და კიდეზე ჩამოვჯექი, თავადაც გვერდით მომიჯდა. სახეზე ეფინებოდა მზის სხივები და ღრმად ჩამჯდარი თვალებიდან საოცარი სიმშვიდე მოედინებოდა. არ მახსოვს რა ველაპარაკე, რომელი სიტყვით დავიწყე წინადადება, რომელიც მხოლოდ მისით იწყებოდა. მხოლოდ ჩემი აცახცახებული თითები მახსენდება. ბოლო სიტყვაზე კი მის გაოცებულ თვალებს წავაწყდი. მათში არ იკითხებოდა საყვედური, უძიროდ სევდიანი მეჩვენა მხოლოდ.. – დაბადებიდან უფალს ვეძებდი და ბოლოს შენში აღმოვაჩინე ის... ნიკა.. პირველად მოსწყდა ტუჩებს მისი სახელი ასე ხმამაღლა, თითქოს ზეცა დაიბზარა ჩურჩულით ნათქვამი სიტყვებით. ანგარიშმიუცემლად წამოვდექი, მთელი არსებით ვგრძნობდი ჩემს სიმდაბლეს იმის წინაშე, ვისაც ამ წუთას ზემოდან ვუყურებდი. ჩანთას დავავლე ხელი და გულზე მივიხუტე. – მხოლოდ ერთს გთხოვ... არასოდეს მონათლო ჩემი შენდამი გრძნობა ცოდვად.. თავადაც არ მახსოვს როდის აივსო ცრემლებით თვალები და სველ ბურუსში ჩაიძირა გარშემო ყველაფერი. სწრაფად მოვტრიალდი და გულზე ჩანთამიხუტებული გავეცალე ეკლესიაში კენტად მდგარ სკამს, რომელზეც ჩემი რწმენა დავტოვე, ნიკას თვალებში ფესვებგამდგარი. ამის გახსენებისას დღემდე გული მეწურება. მერე გვიან გამახსენდა, რომ სკამზე დაუდევრად მიგდებული წერილები დამრჩა. ალბათ ცეცხლს გააყოლა ჩემი გრძნობები. მ ო მ ი ნ ა ნ ი ა...
პ.ს. შეცდომად ვიქცევი, რომ არასოდეს განმიმეორო და ცოდვად ვიქცევი, რომ ვერასოდეს მომინანიო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. რა სევდიანია..... :( რა სევდიანია..... :(
7. ცრემლები მომადგა, ქეთ... ჩემო ჭკვიანო გოგო, 5! ცრემლები მომადგა, ქეთ... ჩემო ჭკვიანო გოგო, 5!
6. საოცრად დახვეწილია აქ ყველაფერი.... და ისეთი საინტერესო.......:) საოცრად დახვეწილია აქ ყველაფერი.... და ისეთი საინტერესო.......:)
5. უჩა, შენგან განსაკუთრებით გამიხარდა ასეთი კომენტარი :) მერე უნდა შემოგიარო, რამდენიმე შენი ნაწერი წაუკითხავი დამრჩა. უჩა, შენგან განსაკუთრებით გამიხარდა ასეთი კომენტარი :) მერე უნდა შემოგიარო, რამდენიმე შენი ნაწერი წაუკითხავი დამრჩა.
4. კარგი ჩემგან!!! კარგი ჩემგან!!!
3. ლამაზია, კარგად წერ! :) ლამაზია, კარგად წერ! :)
2. ნიკას ქარვისფერი თვალები ჰქონდა, მზის სხივებს იტევდა მათში და მერე შეეძლო ჩემი ცოდვებისგან დამძიმებულს ფრთხილად შეერხია ტუჩები ღიმილში.
...ასეთი მარგალიტებით სავსე პროზა გაქვს, ქეთ...
პ.ს. შეცდომად ვიქცევი, რომ არასოდეს განმიმეორო და ცოდვად ვიქცევი, რომ ვერასოდეს მომინანიო.
...და ბრძნულის ამ უმშვენიერეს გვირგვინს იმსახურებს, უდავოდ :) ნიკას ქარვისფერი თვალები ჰქონდა, მზის სხივებს იტევდა მათში და მერე შეეძლო ჩემი ცოდვებისგან დამძიმებულს ფრთხილად შეერხია ტუჩები ღიმილში.
...ასეთი მარგალიტებით სავსე პროზა გაქვს, ქეთ...
პ.ს. შეცდომად ვიქცევი, რომ არასოდეს განმიმეორო და ცოდვად ვიქცევი, რომ ვერასოდეს მომინანიო.
...და ბრძნულის ამ უმშვენიერეს გვირგვინს იმსახურებს, უდავოდ :)
1. როგორც ყოველთვის... როგორც ყოველთვის...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|