ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სანდრო ბერიძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
17 მაისი, 2009


დ ო მ ი ნ ო

                                                პირველი დამოკიდებულება: შემთხვევა


        შემთხვევით შესაძლოა ფეხი გამოსდოთ ქვას, და წაიქცეთ. შემთხვევით შესაძლოა წაიქცეთ ისეთ ადგილას, საიდანაც ადგომა გაგიჭირდეთ, ან საერთოდაც ვერ ადგეთ. როგორი ტრაგიკულიც არ უნდა იყოს თქვენი წაქცევის ისტორია, ყოველთვის მოიძებნება ისეთი მაყურებელი, რომლის თვალშიც შესაძლოა სასაცილო გამოჩნდეთ. მაგრამ მაინც, მიუხედავად წაქცეული ადამიანის სავალალო მდგომარეობისა, მისი მზერა უფრო ახლოს არის ასფალტის ხორკლიან ზედაპირთან, ბალახის ძირებში ჩამალულ ფოთლებთან, თუნდაც ჭიანჭველების ბუდესთან, და იმ საიდუმლოსთან, რომლითაც სუნთქავს ჩვენი დედამიწა. როგორი სრულყოფილებით გამოხატავს ქართული ენა ამ საიდუმლოს: "დედა-მიწა". და ასევე როგორი სრულყოფილებით ფარავს მას: "დედა-ენა". და ადამიანი მიდის ცხოვრების გზაზე, რომელიც მისი "დედა-ბოძი" არის: ქვიანი, წინააღმდეგობებით სავსე, ზოგჯერ გაუვალიც კი, მაგრამ მაინც ერთადერთი ძღვენი რომელიც ერგება ადამიანს,ძღვენი რომელიც დროსა და სივრცეშია მოცემული, ძღვენი რომელიც სასრულია როგორც საათის დისკო და როგორც კოორდინატთა ღერძის კონტური, როგორც ორი თარიღი და საფლავის ადგილი. მაგრამ რამდენადაც სასრულია ეს გზა, იმდენად დიდია ამ გზაზე წაქცეულთა სურვილი სხვა გზის, უსასრულოდ სხვა გზის დანახვისა. უსასრულოდ სხვა ეს არის სახე, რომელიც უსასრულოდ მიუწვდომელია, ეს არის სახე რომელსაც სახე არ აქვს, რადგან იგი ყველა სახეშია გამოსახული და ამავე დროს თითოეული სახით არის დაფარული.
        რისი ეშინია ბავშვს, რომელიც ბნელ ოთახში შედის თავისი სათამაშოს გამოსატანად? ეშინია არა სიბნელის, რომელიც იცის რომ სიბნელეა, არამედ ეშინია რაღაც სხვის, რაც უსასრულოდ სხვაა, რასაც სახელი არ აქვს, თუმცა კი ყველა სახელი მისგანაა. მართალია ბავშვი ამდენს არ ფიქრობს, ის ინტუიციურად გრძნობს სხვის არსებობას, ჟრუანტელის მომგვრელი შიშით იღებს თავის სათამაშოს და სწრაფად სტოვებს სიბნელეს. მარამ ეს გრძნობა, ეს ინტუიცია თან მიჰყვება მთელი ცხოვრების მანძილზე. შემდეგ იგი ლაპარაკს იწყებს ამ სხვასთან, უყვება ყოველდღიურ ამბებს, უზიარებს ოცნებებსა და შიშებს, ამით თითქოს ცდილობს დაძლიოს ის თავდაპირველი შიში, რომელიც ძირს უთხრის მისი სამყაროს ყოფას. ამ ყოფაში უჩვეულო არაფერი ხდება: "მშიშარა არ უნდა იყო", "ყველაფერს თავისი ახსნა აქვს", "ყოველი პრობლემა შეიძლება პოზიტიურად გადაწყდეს", "თითოეული კვანძი შეიძლება გაიხსნას".

                                                        "ქალაქში, მტვერში წაიქცა ბავშვი
                                                          ნუკრის თვალებით, თმით __ მიმოზებით..."

          და როგორც ბავშვობაში შევდიოდით ოთახში, სათამაშოს ასაღებად, ასევე შევდივართ ამ ყოფაში სრულუფლებიან მოქალაქეებად, რათა "ავიღოთ" პატივი და პატივთან დაკავშირებული ყოველი სიკეთე, რაც კი ჩანს, რისი სახელი და სახეც ვიცით.
          და აი, ადამიანი წაიქცა, და ეს წაქცევა საფუძველია ყოველი ტრაგედიისა და კომედიისა. "პატივი და ღირსება", რომელიც ის სათამაშო გვეგონა ბავშვობაში რომ ვეძებდით, კვლავ ბნელ ოთახში დარჩა. რაც არ უნდა გააკეთო ყველაფერი ცუდად მთავრდება, __ ეს პირველი ფრაზაა, რომელიც წაქცეულ ადამიანს მოსდის თავში. და აქვე ჩნდება სახე უსასრულოდ სხვისა, რომელიც უფრო სასურველი ხდება, ვიდრე საშიში. უსასრულოდ სხვა ყოველთვის მიუღწეველი, უსასრულოდ დაშორებულია ადამიანისგან, მხოლოდ ეს "მანძილი", მხოლოდ ეს "უ-მანძილობა", ანუ უსასრულობა აძლევს ამ "სახეს" __ სახეს.
            უსასრულოდ სხვა, სასურველი ხდება, __ როგორც ქალი, რომელსაც ვერასდროს დაეუფლები, როგორც  ი.ესოს              ა.ღდგომა, რომლის არსს ვერასდროს ჩაწვდები, როგორც გალაკტიონის "ი.ა.", და როგორც ანგელოზი, რომლის ფრთები შენი ხელებია და ამიტომ ვერასდროს შეეხები მის ფრენას. რაც უფრო ხელაღებით დაეცემი, მით უფრო ახლოს მოფრინდება იგი, და მხოლოდ ჩრდილოეთის ნათებასავით შეიძლება დაინახო მისტიკური სურათი ჯვარცმისა და სასწაული აღდგომისა.

                                                              "...და მწუხარების მალენიავში
                                                                  მოფრინდნენ ლურჯი ანგელოზები.

                                                                  შეშლილი სახით კიოდა ქუჩა.
                                                                  შორს კი მზე დარჩა და მშობლის კერა!
                                                                  მზეზე ჰყვაოდა სოფლად ალუჩა,
                                                                  და გაისმოდა დების სიმღერა."

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები