ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი...
ჟანრი: პოეზია
3 ივნისი, 2009


ქალს, რომელსაც ასაკს არ ეკითხებიან...

შენი სხეულის ციხესიმაგრე
ნაადრევ ხავსებს დაუფერიათ,
შემოგიმაგრებს ზამთარი სანგრებს
გაგიცივდება უფრო კერია.

ცრუ მეგობრებიც - მიწის ბელტები,
გსტუმრობენ, გღლიან აზრებით - ქვიშის,
სულს - ხელოვნული ელემენტებით
აქვს გამუდმებით რაღაცის შიში...

ალბათ დაგღალეს მათმა დოგმებმა,
ვგრძნობ, თავს იტყუებ, თუ გაირინდე,
მიწის ბოლომდე შეკრული თასმა
მინდა გაიხსნა და გამოფრინდე....

მონათესავე სულსაც მონახავ,
და არა ვინმე გონების მკვლევარს,
გაიცნობ თვალებს, საკუთარს, ახალს,
გაიცნობ სხეულს სიბერის მდევარს.

და გაწვიმდები, ხან - გაქარდები,
დაგღვრი ქაღალდზე აკვარელს ფერადს,
ღმერთო, რატომღაც სულ მედარდები
და მემძიმები მიწის საფერად.

შენი პატარა ციხესიმაგრე
ვიცი, ხანდახან იღლება თოვით,
ხშირად დანგრეულს აწყობ, ამაგრებ,
მერე ბუხართან ერთობი ქსოვით.

რა მარტო ხარ და რა უკარება,
იქნებ, ვიღაცა ისევ გწერს ლექსებს...
შენს ნანგრევებში ყველა გზა ქრება
და მხოლოდ ქარი პოულობს რელსებს.


.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები