ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
6 ივნისი, 2009


მე დავიკარგე...



   


მე დავიკარგე...
ჰო, დავიკარგე...
მაგრამ არა მგონია ვინმე წუხდეს...
აბა ვინ უნდა წუხდეს? არავინ არ მყავს. არც დედა მახსოვს და არც მამა.  ვინ უნდა წუხდეს...
მხოლოდ ერთი გოგო... ლალი...
რამდენ სითბოს ვგრძნობდი მისგან...
მერე ერთხელ მამამისმა გვიან მოსულს ჩხუბი დაუწყო.
`რომელი საათია, რომელი საათია?~ - ერთი თხუტმეტჯერ გაუმეორა, თითქოს საათის ცნობა არ იცოდა. ლალი არაფერს ამბობდა. იმასაც ეთქვა, რომ 12 საათი იყო. ამის მაგივრად ტირილი დაიწყო.
მე მამამისს ავეფხორე - შენა, ვაჟკაც, ლალის თავი დაანებე, ან ცოტა  წესიერად ელაპარაკე, თორემ ცხვირში ერთი ბრჭყალი მოგხვდება-მეთქი! იმ მუტრუკმა კი ხელი დამავლო და ღია ფანჯარაში მისროლა. არც მეტი არც ნაკლები თხუთმეტი მეტრი მაინც  ვიფრინე. რამდენიმე ბრუნის შემდეგ წონასწორობა დავიცავი და ტენტიანი მანქანის სახურავზე აღმოვჩნდი. მაშინ მივხვდი, რომ აწი ვერასოდეს ვერ ვნახავდი ლალის. სახლს, რა თქმა უნდა, მივაგნებდი. ლალისაც. მაგრამ იმის შემდეგ რაც ამ კაცმა გააკეთა, ამ ოჯახში ან მე უნდა ვყოფილიყავი, ან ის.  რადგან ლალის მხოლოდ ერთი მამა ჰყავდა, ისევ მე ვარჩიე გაცლა...
...პირველად ვგზავრობდი მანქანის სახურავით. გრილი ნიავი მიბერავდა. ღამის ქალაქს ვათვალიერებდი. დაახლოებით ერთი საათის  შემდეგ გავჩერდით. მძღოლი გადმოვიდა და პატარა სახლის კარების გაღება დაიწყო. მე მომწყინდა სახურავზე ყოფნა და დავუძახე. `ძმაკაც, შენა რა  საერთოდ ვერ მხედავ?~ გაკვირვებულმა ამომხედა. ვიფიქრე ახლა ხელს მომკიდებს და მანქანიდან ჩამომსვამს. მან კი საიდანღაც ჯოხი გამოაძრო და იმით დააპირა მანქანიდან ჩემი ჩამოგდება! ბიჭო რას აკეთებ, ცოტა აზრზე მოდი, სახეს მიგიბრჭყალავ-მეთქი! - კი შევუბღვირე, მაგრამ რა. კიდევ კარგი ჯოხი მაინც ამცდა. მანქანიდან ჩამოვხტი და გავიქეცი. უცებ უკან ვიღაცის თათების ხმა და ცხელი სუნთქვა ვიგრძენი. მივიხედე და რას ვხედავ. შარაგზის ძუკნა არ მომსდევს? რომ მივხდი უკვე მეწეოდა, შემოვბრუნდი და ჩემებურად ავეფხორე და ბრჭყალი ცხვირში ჩავცხე. არ ელოდა. თავიდან დაიბნა კიდეც. ძალიან გამწარდა. წკმუტუნი დაიწყო. ვხედავ, მეორეც მორბის დასახმარებლად. პირველსაც გული მოეცა, ყეფით შემომიტია, აბა ორივეს როგორ მოვერეოდი. `უხ, თქვე ძაღლიშვილებო-მეთქი~  და  უახლოესი ხისკენ გავვარდი.  ძლივს ავასწარი. ცოტაც იქნებოდა და უკუდოდ დავრჩებოდი. მერე რაღას ავპრეხდი. იცი, კუდი რამდენს ნიშნავს ჩემთვის? რამდენს? ალბათ ერთს. ჰოდა, მეც ერთი გულიანად ვაგინე ზემოდან  ორივეს. ეს დებილები კიდე ქვემოდან მიყეფდნენ. ერთს სისხლი მოდიოდა ცხვირიდან. ახია შენზე-მეთქი, გავიფიქრე და თან მიდამოს ვათვალიერებ, სულ ხეზე ხომ არ ვიქნები, ჩიტი ხომ არა ვარ. თან შეიძლება მომშივდეს კიდეც. შეიძლება კი არა, უკვე ვატყობ რომ მშია. ლალი გამახსენდა და მაღაზიაში ნაყიდი სპეციალური დელიკატესები. მაგას ვინ ჯავრობს. ახლა ქილის ძირში დარჩენილი არაჟანი, კოვზი რომ ვერ მიწვდა, ისიც დამხატავდა - თეთრად. ბოლოს ძაღლებმა თავი დამანებეს. მე ერთი ღია ფანჯარა შევნიშნე. თეთრი ფარდა ჰქონდა ჩამოფარებული. იმ ფანჯრიდან საამო სურნელი გამოდიოდა. არ შეიძლება ეს სახლი ჩემი იყოს? ვნახოთ, შეიძლება ჩემიცაა. ხომ შეიძლება ჩემს რომელიმე წინაპარს ამ სახლის მემკვიდრედ  მე დავეტოვე. მე კი ეს არც კი ვიცი. ხიდან ჩამოვხტი და  ცოტა ხანში  უკვე ჩემს ახალ სახლში ვიყავი.  დიდი ოთახი იყო და ბევრი პატარა სკამი. უცებ ჩემი თანამოძმე ამესვეტა წინ.
- ე, ძმაკაც საით? – მეკითხება. ჩემზე ორჯერ დიდია. თან ეტყობა ვარჯიშობს. მუსკულებს ათამაშებს. ეს ალბათ დილ-დილობით დარბის და ხეზე აჭიმვებსაც აკეთებს.
-    რა შენი საქმეა? – უკან არ ვიხევ მე.
-    რა კაი ტიპია, ტო? რა შენი საქმეაო? – აიფხორა. უმტკიცე ახლა ამას, რომ ეს ჩემი სახლია და მემკვიდრეობით გადმომეცა!  ის კი აგრძელებს.
-    ე, კნუტო. ახლა აქედან რომ ბრჭყალს დაგკრავ, პირდაპირ ავსტრალიაში გაგაფრენ, ჩემს სამეფოში, გაიგე?
-    საად? –  მიკვირს მე.
-    ავსტრალიაში. იქ კატები არ არიან. მე უნდა წავიდე. ქვეშევრდომები წავიყვანო  და  მეფე გავხდე. შენ წამოხვალ? პირველი ვეზირი იქნები! – ეს კატა მე  მგონი მთლად ნორმალური არ არის.
-    არ მინდა ვეზირობა. მეც მეფობა მინდა. – ვთქვი მე. რითა ვარ მასზე ნაკლები?
-    შენც მეფობა გწადია?  რა კაი ტიპია, ტო. ხო, კაი. ერთი კუნძულია,  მადაგასკარი. იქ მოგცემ სამეფოს, – მოლბა უცებ, – თანახმა ხარ? ოღონდ სრულწლოვანი რომ გახდები მაშინ.
    სჯობს დავთანხმდე,  შარია.
    -    კი,  თანახმა ვარ.
-    გშია? – უკვე მგონი დამიმეგობრდა.
-    ხო. -  მართლა მშია.
-    ჰოდა ინადირე.
-    რაზე,  თაგვებზე?
-    ე, თაგვებზე უკვე ახლა სოფლებშიც აღარ ნადირობენ, ჩემო ძმაო, რომელი საუკუნეა? ე, აზრზე მოდი ხიდზე გადი..
-    ხიდზე რატო?
-    უჰ, ეს ისე გითხარი. ჩიტებზე რომ გენადირა, აი, ეს სულ სხვა საქმეა! უფრო პრესტიჟულია. ვა, რა მაგრად ფრინავენ ეს შობელჩიტები? დაჟე ღამურასაც ფრთებია აქვს ჩემი...  `ფრთები, ფრთები გვინდა~, მაგრამ  სად არის! – თქვა და უცებ ჭერს გაუშტერა თვალი. მეც ავიხედე და ჭერზე მიხატული ორი ჩიტი დავინახე.
-    ამ ღამე აბა ჩიტი სად უნდა ვნახო? – ვთქვი მე.
-    გეხუმრე. ესე იგი გშია, მაშინ იცეკვე! - იცინის...
-    შენა, ჩემი ძმა, ხომ არ გიჟუილებს? – ვეკითხები.
-    ნახე, რა გაბლატავდა ცინდალი?! ახი არ არის, ახლა ერთი ამოგცხო, მაგრამ Dდღეს კარგ ხასიათზე ვარ. წამო, რამე გაჭამო.  მოიცა, შენ პატრონი გყავს.
-    ჩემი თავის პატრონი მე თვითონა ვარ! 
-    ეჰ, შენ რომ გგონია ისე სად არის.  აი აქ საბავშვო ბაღია და ბავშვებს ასწავლიან რომ ჩვენ ვართ შინაური ცხოველები, თითქოს ადამიანებმა მოგვიშინაურეს. გაიგე? ამიტომ ჩვენ ვართ ან უპატრონოები, ან გვყავს პატრონი. 
-    არ შეიძლება ჩვენ ვიყოთ პატრონები და ადამიანები მოვიშინაუროთ?
-    არა. ადამიანი ისეთი მხეცია, მისი მოშინაურება გამორიცხულია.  მოკლედ დღეს აქ დარჩები და ხვალ წახვალ, შენს პატრონს მოძებნი! – თქვა და შუა დარბაზში მოისაქმა. რა უკულტუროა,  გავიფიქრე მე...
-    წამო ახლა, ცოცხალზე უნდა დაგპატიჟო! – მითხრა.
    ცოცხალი თევზი აღმოჩნდა, რომელიც სულ არ იყო ცოცხალი. ისე ძალიან გემრიელი კი იყო...
    დილით ბავშვებით გაივსო ოთახი. დარბოდნენ, სკამებზე დადიოდნენ და დაჭერობანას თამაშობდნენ.  ზოგი კიდე ჭიდაობდა. მერე დიდი ქალი შემოვიდა და გაკვეთილი დაიწყო. 
    -  ბავშვებო გუშინ გაკვეთილად რა ანდაზა გვქონდა? – იკითხა.
-    სამართალმა პური ჭამა, – დაიძახა ერთმა.
პურის ჭამის გაგონებაზე მეც გამოვედი, რა ხდება-მეთქი. ბავშვებმა მე დამინახეს. ჟივილ-ხივილი ატყდა. ერთი ბიჭი მოვიდა, ხელის გადასმა უნდოდა. მე ბალანი ამეშალა. ესღა მაკლია. ბიჭი უკან გადახტა. შემდეგ იმ დიდმა ქალმა შუა დარბაზში ჩემმა მასპინძლის მოსაქმებული შენიშნა  და მე დამაბრალა:  `ამას ჩვენი ჭკვიანი კატა როგორ იზამდაო~ და `ცაცხა, ცახცას~ ძახილით გამომიდგა. ისევ იმ ფანჯარაში გადავედი, რომლითაც შემოვედი,  თან ავსტრალიის მეფის დამცინავი მზერა მაცილებდა.
ასე აღმოვჩნდი ისევ ქუჩაში. თან ვფიქრობ, მართლა ხომ არ წავსულიყავი მადაგასკარში? ნეტა ძალიან შორს არის? მისამართი მაინც მეთხოვა ავსტრალიის კატა მეფისათვის.
არც თუ შორს ერთი ლამაზი  შენობა შევნიშნე. `სასამართლო~. ეწერა ზედ. დარაჯი ტელევიზორს უყურებდა. მე ჩუმად შევიპარე. მაიტერესებდა,  რა ხდებოდა ამ შენობაში. სამართალმა პური ჭამაო, ბავშვებმა რომ თქვეს. შეიძლება მეც მაჭამონ-თქო და დერეფანში გავიქეცი. ბოლოს  ერთ დიდ ოთახში ამოვყავი თავი.
თურმე სასამართლო პპროცესი იყო. ჯერ ვიღაც მოხუცი კაცი გაასამართლეს და პურის მოპარვისათვის დამამძიმებელ გარემოებებში, რვა წელი მიუსაჯეს. დამამძიმებელი გარემოება კარგად ვერ გავიგე რა იყო, მგონი ის რომ შიოდა.
მერე ვიღაც მდიდარი კაცის სასამართლო იყო. დიდი რაოდენობის თანხა მოეპარა სახელმწიფოსათვის (იქამდე თვლა არც ვიცი). სამი თვე პატიმრობა მიუსაჯეს.  გაბრაზებულმა მდიდარი კაცის ახლობლებმა დარბაზში სკამების და მაგიდების მტვრევა დაიწყეს. მე შეშინებული გამოვვარდი გარეთ. აბა აქ სამართალს თუ პური  უჭამია, კარგად ყოფილა მისი საქმე-მეთქი.
ბევრი ვიარე თუ ცოტა, ერთი უფრო ლამაზი შენობა დავინახე.  წინ დროშა ფრიალებდა. `პარლამენტის მისაღები~ - ეწერა კარებს. აქ დარაჯს საერთოდ ეძინა.  კიბეებს ავუყევი. რბილი წითელი ხალიჩა იყო დაგებული. მშვენიერი საკოტრიალოა-მეთქი გავიფიქრე. კიბეები დამთავრდა თუ არა, დიდ დარბაზში ამოვყავი თავი. 
-    ვა, კატა! – დამინახა ერთმა, – შენ რომელი ფრაქციიდან ხარ?
-    მე მეფე ვარ, - ვუთხარი, – მადაგასკარის მეფე, – კი ვუთხარი მაგრამ ესმის?  ისე მესიამოვნა, კატა რომ დამიძახა. აქამდე ან კნუტს მეძახოდნენ, ან ცინდალს.
-    პარლამენტში კატა მოუყვანიათ! – გადაულაპარაკეს ერთმანეთს.
-    კრემლის აგენტი იქნება!
-    არა ამერიკის!
-    შეიძლება კიბორგია.
-    კიბორგი რაღაა?
-    რობოტი კატა, რა. მოდი დავშალოთ...
ესენი არ ხუმრობენ. კიდევ კარგი ამასობაში სხდომა  დაიწყო, თორემ შეიძლება მართლა დავეშალე. ამას ისევ საბავშვო ბაღი სჯობდა. იქ არავის არ სდომებია ჩემი დაშლა. ცოტა ხანში დარბაზში მაგარი დაბრჭყალვები დაიწყო. ისეთი ამბავი  ატყდა, დედა კატა საკუთარ კნუტს არ ალოკავდა. პარლამენტი ორ არათანაბარ მხარედ გაიყო. თან არათანაბარ. ერთი მხარე უმრავლესობას ეძახდა თავის თავს, მეორე უმცირესობას.  ამათმა ჯერ ერთმანეთს აგინეს, მერე კი სკამებზე ახტნენ და გამეტებით დასცხეს ერთმანეთს. ერთმა კინაღამ თავზე გადამიარა. არა რა, სასწრაფოდ უნდა წავიდე აქედან, თორემ  ჩემი სამეფო ოხრად დამრჩება. გარეთ გამოვედი და ისევ კიბეს ჩამოვუყევი. გზაზე ვიღაც მსუქანმა კაცმა  გამასწრო კოტრიალით. აი თურმე  რატომ ჰქონიათ კიბეებზე ხალიჩა...
ისევ  ქუჩაში ვარ. მომშივდა და ლალი გამახსენდა. არა, იქ მე არ დავბრუნდები. ის საზღვარგარეთული სურნელოვანი დელიკატესები სულაც არ არის მთავარი. მთავარია ღირსება. იქ რომ დავბრუნდე ლალის მამას უნდა ვაგინო და თან უნდა შემომებრჭყალოს. როგორ მისროლა...
გული მეუბნებოდა მეტროში ჩადიო. რატომ? არ ვიცი. შეიძლება იმიტომ, რომ არასდროს არ ვყოფილვარ იქ. საინტერესოა, რატომ ჩადიან ხალხი ამ გვირაბში. იქნებ რამეს პოულობენ! მეც ჩავალ, იქნებ რამე ვიპოვო. შესასვლელთან სამკლავურ გაკეთებული ქალი ვიღაც მთვრალს ეჩხუბებოდა.
-    ჟეტონი აიღე!
-    არ ავიღებ!
-    რატო!
-    არ მჭირდება.
-    პოლიციას დავუძახებ!
-    დაუძახე.
-    `დეჟურნიი~ - დაიძახა ქალმა.
-    აბა შენა ხარ რა. – უთხრა კაცმა, რაღაც ბარათი ჩამოუსვა შესასვლელთან მდგარ სადგამს და შევიდა. ქალი გამოშტერდა. ამასობაში მეც გავძვერი და კიბეებს ჩავუყევი. მივდივარ ქვემოთ, მაინც ზემოთ ვარ. კიდევ მივდივარ, მაინც ზემოთ ვარ. უფრო სწორად კი ერთ ადგილას ვარ. ალბათ კიბე თუ გავაბრაზე და ისევ უკან მაბრუნებს. მთვრალი შემოვიდა და სულ სხვა კიბეს გაჰყვა. მეც იმ კიბეს გავყევი. მეორე კიბე არ გაბრაზებულა. Qქვემოთ კიბეებთან პატარა სახლში ვიღაც ქალს ეძინა. მთვრალმა გაღვიძება დაუწყო.
-    ქალბატონო, რომ გძინავს, იქნებ გადავვარდი კიბეებიდან და თავი დავარტყი. -  ქალმა გაიღვიძა და შეშინებულმა დაუწყო ყურება.
-    ეჰ, დაიძინე დაიძინე. – თქვა ისევ და დარბაზში შევიდა. ისე ეს მთვრალი ცუდი კაცი არ ჩანს. ერთი გვერდი ავუარო. ვნახო რა აურა აქვს. ავუარე და მივხვდი რომ ძალიან ნათელი პიროვნებაა. მზე ჰქონდა სულში ჩასახლებული.
-    ვა, კატა. – ამბობს უცებ. – გაუმარჯოს. შენ რა მეტროში მუშაობ?
-    ვხუმრობთ! – ვეუბნები მე. ცხადია არ ესმის.
-    Dდუმილი თანხმობის ნიშანია. გამოდის აქ მუშაობ.  მატარებელი მალე მოვა?
    ხუმრობს. აბა მე რა  ვიცი  როდის მოვა მატარებელი. პირველად ვარ აქ. არა, რომც ვიცოდე, როგორ უნდა ვუთხრა.  არა, მე კი ვეტყვი,  მაგრამ გაიგებს? კაცი კი აგრძელებს.
-    ისე, კაი ტიპი ხარ ხო იცი! კაცი იყო, ახლა ლუდზე დაგპატიჟებდი და ზედ ვობლასაც დავაფშვნიდით... -  თითქოს თავისთვის თქვა. იმას რა თქმა უნდა ჰგონია არ მესმის.
-    შენ რომ კატა იყო... – ვთქვი და გავჩერდი. მაინც არ ესმის. მაგრამ რომ ესმოდეს, სად დავპატიჟებდი.  ალბათ რძეზე. ისე გამესინჯა ერთხელ ეს ლუდი. იქნებ რძესაც სჯობს.
-    კატა, მართლა შენ აქ როგორ მოხვდი. პატრონი არ გყავს თუ დაიკარგე? – მეკითხება კვლავ.
-    ჩემი თავის პატრონი მე ვარ, არსადაც არ დავკარგულვარ, – ვთქვი და გავიარ-გამოვიარე.
-    რა ამაყია! – თქვა კაცმა.
ამასობაში ვაგონიც მოვიდა.
-    აბა შევედით თორემ მე მგონი ბოლოა.
ერთად შევედით.  ცოტა ხალხი იყო.  დაჯდა. მეც მის გვერდით მოვთავსდი.
-  ხო ძმაკაც, ბოდიში ძმაკატ, რა ვქნათ ახლა მე და შენ. ჩემთან წაგიყვანდი, მაგრამ ჩემი ცოლი ქოფაკია, შეგჭამს.  კატები არ ევასება.. ავეჯს მიფუჭებსო. რა ჯანდაბად უნდა ეს ავეჯი... ვა, ამელი! –  თქვა უცებ.
- ვა, რეზო! -  თქვა ჩვენს წინ ეულად დამჯდარმა ლამაზმა, გაცინებულმა გოგომ. – ისევ მთვრალი ხარ? სად წვიმდა?
-    მტკვრის ნაპირას, პარაპეტებთან, -  თქვა კაცმა, თურმე რეზომ, -  როგორაა, საქმე ისწავლე კრანის დაკეტვა?
-    ვსწავლობ. ამ კვირაში არ დამრჩენია,  – გაიღიმა გოგომ.
-    იცოდეს მამაშენმა რისთვის გიგზავნის ფულებს? – თქვა ისევ რეზომ, – გოგო ხელზე ჯვარით მაინც დაინიშნე, რომ წყალი მოშვებული არ დაგრჩეს.
-    კარგი ახლა, შენი დაცინვაღა მინდა. რა ლამაზი კატაა, შენია? – მგონი ჩემზე ეუბნება, იმიტომ რომ ვაგონში სხვა კატა არ იყო.
-    კი, ჩემია, თან იშვიათი ჯიშია! – რა მატყუარაა ეს რეზო.
-    და რა ჰქვია?
-    რა ჰქვია,  კატა ქვია.
-    სახელი არ აქვს? 
-    კი როგორ არ აქვს,  -  დაიბნა რეზო, - ხო, გარსევანი.
  ვინაა გარსევანი. გიჟია ეს რეზო. რა სახელი დამარქვა.
-    ვა, მართლა?  რა მაგარია. – გაუხარდა გოგოს. ეს გოგოც მგონი...  მაგრამ...  მე მგონი არ არის ცუდი სახელი. თან ძმაკაცს ხო არ ჩავუშვებ...
-    გინდა გაჩუქო,  ძაან მაგარი კატაა, ლაპარაკი არ იცის, თორემ.
-    ვა, რა მაგარია! – გაუხარდა ამელის.
-    ხო იცი კატის გაჩუქება არ ვარგა,  უნდა გავცვალოთ. ერთი ბოთლი ლუდი მოსულა?  – ეს არის ძმაკაცი, ერთ ლუდ ბოთლში გამცვალა. ეს არის მზე სულში ჩასახლებული მეგობარი? აი როგორები არიან ადამიანები!
-    მოსულა, – თქვა ამელიმ. რა კარგი გოგოა ეს ამელი.
-    ხო, კარგი გეხუმრე, არ მინდა შენი ლუდი. ოღონდ ჩემს მეგობარს არ აწყენინო, სულ ჩემი ხელითა მყავს გაზრდილი! – თვალი აუცრემლიანდა რეზოს. მე მგონი თვითონაც სჯერა თავისი ტყუილი.
    ამასობაში ჩვენი გაჩერებაც მოვიდა. გვირაბიდან ამოვედით და კორპუსებისკენ გავუყევით გზას.  ამელი და რეზო მეზობლები აღმოჩნდნენ. ამელიმ თავისთან შემიყვანა და პატარა ლამბაქზე რძე დამისხა. მერე ხელი გადამისვა. საკუთარ სახლში მგონია თავი. ეჰ, ასე საკუთარის სახლი მეგონა ლალის სახლიც. უცებ ტელეფონმა დარეკა. ამელიმ უპასუხა.
-    დიახ.
-    გარსევანს ვეფერები.
-    კატის კნუტია ბიჭო.
-    კატაა, მეზობელმა მაჩუქა.
-  კარგი. მერე დაგირეკავ! – ყურმილი დადო.
-    შენი გულისთვის შეყვარებული კინაღამ დავკარგე, გარსევან, -  გაიცინა უცებ.
    მერე სამზარეულოს კუთხეში პატარა თბილი ნაჭერი დამიგო და აი აქ დაწვებიო მითხრა. მეც დაღლილ-დაქანცულს სწრაფად ჩამეძინა.  სიზმარში ქალაქ ანტანანარივუში ვიყავი. ოქროს ტახტზე ვიჯექი. გვერდით დედოფალკატა მეჯდა.  უამრავი ქვეშევრდომი მევლებოდა თავზე. მდივანმა ლალის მამა ითხოვს აუდენციას, საჩუქრითაა მოსული, თან  პატიებას გთხოვთო. მერე ხმაურმა გამაღვიძა. უკვე ახალი დღე დამდგარიყო. ამელი რაღაცას რეცხავდა...
-  გათენდა, ეს უკვე კარგია, – თქვა თვალხილული რომ დამინახა და გაიცინა...
-    ხო, - ვთქვი მე და ფანჯრიდან შემოჭრილ მზის სხივს თათი შევუშვირე...

2005 წელი 15 ივლისი





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები