ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როლანო
ჟანრი: საბავშვო
9 ივნისი, 2009


საქარია (თავი მეოთხე)


თავი მეოთხე

მთიალეთის გათავისუფლება.

შვიდი დღე და ღამე სუფრა არ ალაგებულა მეფე აბესალის სასახლეში. დიდი თუ პატარა, ყველა გახარებული იყო ლეონასა და მთიალეთის უფლისწულის დაქორწინებით.
მერვე დღეს აბესალმა ჯარი შეკრიბა, ჯარს სათავეში კაცი-მთა ჩაუდგა და ყველამ ერთად გზა მთიალეთისაკენ აიღო.
ნელ-ნელა ბინდდებოდა. ხეებს ფოთლები შემოძარცვოდა. კაცი-მთა გაკვირვებული იყურებოდა აქეთ-იქით.
- რა ხდება, რატომ დაბნელდა, ჯერ ხომ შუადღეა?
- ქვეყნები, რომლებიც უმთვარო ღამის სამეფოს მბრძანებელს, მეფე ქამეხს აქვს დაპყრობილი, მოიძულეს მზემ და მთვარემ. თუ დროზე არ გავათავისუფლეთ, იქაც სამუდამო სიბნელე და სიცივე დაისადგურებს. - უპასუხა კაცი-მთას მეფე აბესალის ჯარების სარდალმა.
ჯარი მთიალეთს მიუახლოვდა, ალყა შემოარტყა ქამეხის მიერ დაპყრობილ ტერიტორიას, რამოდენიმე მხრიდან შეუტია და ნელ-ნელა შევიწროვება დაუწყო. უცებ მტრის ჯარის შუაგულში წყლის დიდი სვეტი ამოიმართა, უზარმაზარ ტალღებად იქცა და უმთვარო ღამის სამეფოს მეომრები ზღვისკენ წალეკა. ზღვამ ერთიანად შთანთქა მეომრებიცა და მათი მეთაურებიც.
- ეს შენ ხარ ძმაო? - გახარებულმა წამოიძახა მთა-კაცმა და წყლის სვეტისაკენ გაიქცა. წყლის სვეტი ნელ-ნელა ადამიანის გამოსახულებას იღებდა და ბოლოს ულამაზეს ყმაწვილად გადაიქცა., რომელიც საოცრად ჰგავდა მთა-კაცს.
- ზევახ, შენა ხარ? - მთა-კაცს ცრემლები ღვარად მოედინებოდა სახეზე.
- მე ვარ ვამეხ, მე! - იცინოდა კაცი-ზღვა და მთა-კაცს, რომელსაც თურმე ვამეხი ერქვა, გულში იკრავდა.
- ქამეხის ჯარი განადგურებულია, დროა ჩვენი ძმებიც გავათავისუფლოთ, ძალიან იტანჯებიან.
- ქამეხიც უნდა მოვძებნოთ, სანამ ის და მისი ავი გრძნეული ცოცხლები არიან, ჯადო ბოლომდე მოხსნილი არ იქნება.
ამასობაში მზე ამოვიდა, განათდა, ხეებმაც თითქოს სუნთქვა დაიწყეს. იგრძნობოდა, რომ მალე ყველაფერი აყვავდებოდა.
- ჯერ შენი საცოლე ნახე, იქორწინე, ხომ გახსოვს პირობა? თუ ექვსივე ძმამ, მეფე აბესალის ქალიშვილები არ ვითხოვეთ ცოლად, ჯადოსგან ვერ გავთავისუფლდებით. - შეახსენა მთა-კაცმა.
- მე დიდი ხანია ერინას ვეტრფი, მეფე აბესალის ქალიშვილი რომც არ ყოფილიყო, ცოლად მაინც მას შევირთავდი. - უპასუხა ზღვა-კაცმა.
მეფე აბესალის ლაშქარი, ზევახისა და ვამეხის მეთაურობით საქარიისაკენ დაიძრა. მეომრების ნაწილი მთიალეთში დატოვეს, ქალაქი რომ დაეცვათ და წესრიგი დაემყარებინათ. იქ ხომ დიდი ხნის განმავლობაში ხალხი მონობაში ცხოვრობდა და ქვეყნის აღსადგენად, დახმარება სჭირდებოდათ.
აბესალი თავის ჯარს ქალაქის შესასვლელთან ელოდებოდა. დედოფალი, ქალიშვილები და უკვე წამოზრდილი იანგულიც თან ახლდა. შორიდან ჯარი გამოჩნდა.
- ერინა! ერინა! - გაისმა ძახილი. ჯარს ერთი მხედარი გამოეცალა და და მხვდურებისაკენ ჭენებით გამოენთო.
- ის არის! ის! - წამოიძახა ერინამ. ეს ყმაწვილი მესიზმრებოდა ყოველ ღამე, შენ რომ გიყვებოდი დედა! - ყმაწვილი კაცი-ზღვა, ზევახი აღმოჩნდა. მხედარი ერინასთან მიიჭრა, ცხენიდან ჩამოუსვლელად ხელში აიტაცა, გულში ჩაიკრა და აბესალს მიმართა.
- მეფეო! ამ წუთიდან შენი ქალიშვილი, ჩემი ცოლია. ყველაფრისათვის მადლობას გიხდი. მგზავრობის დროს თუ რამე გაწყენინე, ბოდიში მომითხოვია.
- ჩამოდი ცხენიდან ზევახ, და შენი ცოლიც ჩამოსვი. შეისვენეთ, ჯარმაც დაისვენოს და დილით თქვენი ძმების, ჩემი სიძეების გასათავისუფლებლად ერთად დავიძრათ. ზღვა-კაცმა მორიდებით დახარა თავი, ერინას ეამბორა და ცხენიდან ფრთხილად ჩამოსვა.
- აბა, გამარჯვება აღვნიშნოთ, შემდეგ დავისვენოთ, გამთენიისას გავალთ.
- მამა, მეც წამოვალ. - გაისმა იანგულის ხმა - უმთვარო ღამის სამეფოში ჩემი ბედი, პატარა, უმანკო და ულამაზესი ელინი ცხოვრობს. მას რომ რამე დაუშავდეს, თავს არ ვიცოცხლებ.
- შენ საიდან იცი შვილო ელინის არსებობა?! ეგ ხომ ქამეხის ქალიშვილია, ჩვენი მოსისხლე მტრის! - უპასუხა მეფე აბესალმა.
- ჩვენი მოსისხლე მტერი ქამეხია და არა ელინი! ელინზე მზის სხივებმა მიამბეს, ისინი ჩუმ-ჩუმად ხვდებიან ელინს, ჩემზეც უამბეს ყველაფერი. ის მე მელოდება, იმ ჯურღმულებიდან რომ გავათავისუფლო. უკეთილშობილესი და ულამაზესი არსებაა.
- რახან ასეა, მე მზეს ვენდობი, ის ყველაფერს ხედავს და სწორად აფასებს. კარგი, წამოდი, ოღონდ იცოდე, გვერდიდან არ მომცილდე. ქამეხს შენი ხელში ჩაგდება უნდა, რათა ამ გზით საქარიაზე გაბატონდეს. აბა სტუმრებო! დარბაზისაკენ გავწიოთ, ერინა და ზევახი ხომ უნდა დავლოცოთ. - მეფე თავისი ამალით დარბაზისაკენ გაემართა. ჯარისათვის კი სუფრები იქვე ეზოში გაეშალათ. სახეზე ყველას კმაყოფილების ღიმილი უთამაშებდა.


.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები