ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როლანო
ჟანრი: საბავშვო
11 ივნისი, 2009


საქარია (თავი მეხუთე)

თავი მეხუთე


გადამწყვეტი ბრძოლა.


გათენებისას საქარიის ლაშქარი მთელი შემადგენლობით შეკრებილიყო. ცხენები ფლოქვებს მოუსვენრად სცემდნენ მიწას, თითქოს მხედრებს აჩქარებდნენ: “გადამწყვეტი ბრძოლა იწყება, ჩვენ არ ჩამოვრჩეთო”.
მეფე აბესალი სასახლის კიბეს ჩამოუყვა, ცხენს მოახტა და ჯარს სიტყვით მიმართა:
- ჯერ უმთვარო ღამის სამეფოზე გავილაშქრებთ, ქამეხი და მისი გრძნეული - კაცი-გველი უნდა შევიპყროთ. კაცი-გველი თვალით არავის უნახავს, ჯურღმულებში იმალება. მას კაცის ტანი აქვს, რომელზეც ხუთი გველის თავი აბია. მისი დამარცხება ძალზედ რთულია, მაგრამ ერთი სუსტი წერტილი აქვს. მბჟუტავ სინათლესაც ვერ უძლებს. კაშკაშა სინათლეზე კი სულ დაიფერფლება. უმღვარო ღამის სამეფოს დაპყრობისა და კაცი-გველის განადგურების შედეგად, თქვენს ძმებს ჯადო თავისთავად მოეხსნებათ - მიმართა აბესალმა სიძეებს - მომყევით!!! - გასცა მან ბრძანება. ჯარი დაიძრა.
გავიდა რამოდენიმე საათი, მეფე თავისი ხალხით ნელ- ნელა უმთვარო ღამის სამეფოს უახლოვდებოდა. ხანდახან შორიახლოს უცნაური ხმები ესმოდათ. ხან თითქოს ტყის შრიალი, ხან მდინარის ხმაური, ან ორივე ხმა ერთად არაბუნებრივ სისინსა და ბუყბუყში გადადიოდა.
- რა ხდება, რა ხმებია? - აფორიაქდნენ მეომრები.
- ნუ ღელავთ ხალხნო, ესენი ჩვენი ძმები არიან, თუ გაგვიჭირდა დაგვეხმარებიან - ერთხმად უპასუხეს ვამეხმა და ზევახმა. მეომრები კიდევ უფრო დარწმუნდნენ თავიანთი ლაშქრობის წარმატებაში. მათ კარგად ახსოვდათ როგორ დაეხმარნენ კაცი-მთა და კაცი-ზღვა ქამეხის ჯართან ბრძოლის დროს.
ჯარი ნელ-ნელა უმთვარო ღამის სამეფოს უახლოვდებოდა.
- წინ აღარაფერი ჩანს, უკუნეთი ღამეა, საით წავიდეთ? - ისმოდა დაბნეული კითხვები.
- წინ! მხოლოდ და მხოლოდ წინ! უმთვარო ღამის სამეფოს მივუახლოვდით, - შესძახა მეფე აბესალმა. შორს, ბინდ-ბუნდში შავებში ჩაცმული ქამეხის მეომრები გამოჩნდნენ. ისინი ნელ-ნელა, უხმაუროდ მოიწევდნენ წინ. ცოტაც და საქარიისა და ქამეხის მეომრები ეკვეთნენ ერთმანეთს. გაჩაღდა დაუნდობელი ბრძოლა. ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის, ბრძოლა სინათლისა - სიბნელის წინააღმდეგ.
- საქარიის მეომრებო! უკან დაიხიეთ! - გაისმა უცნაური, მძიმე, ფოთლების შრიალის მსგავსი ხმა. აბესალის ჯარმა უკან დაიხია. სანამ მოწინააღმდეგეები გაერკვეოდნენ რაშია საქმე, მათ წინ ხეთა ჯარი წამოიმართა.
- შემომხედეთ! - გაისმა ბრძანება - შავმა მეომრებმა აქეთ-იქით მიმოიხედეს, რადგან ხეების გარდა ვერაფერს ხედავდნენ. უეცრად, ფართოდ გახელილი თვალები, ქარბორბალასავით დაბზრიალებული, უდაბნოს ქვიშით ამოევსოთ. ქამეხის ჯარმა უკან დახევა დაიწყო. აირივნენ, ვერც მტერს ხედავდნენ და ვეღარც ერთმანეთს. ხეთა ჯარმა ალყაში მოაქცია შავოსნები, უეცრად საიდანღაც მოვარდნილმა მდინარის წყალმა ფეხქვეშ მიწა გამოაცალა მათ, უძირო ჭაობივით ტბაში უკრა თავი და შიგ ჩაახრჩო.
- ქამეხი! ქამეხი სად არის?! - დაიძახა მეფე აბესალმა. შორს, შავ ცხენზე ამხედრებული, შავებში ჩაცმული მხედარი მიჰქროდა.
- ვამეხ! დაეწიეთ! შეიპყარით! ოცი კაცი წაიყვანე, გეყოფა. დანარჩენები მომყევით! ჩირაღდნები ავანთოთ და კაცი-გველი ვიპოვოთ.
ვამეხი ოცი რჩეული მეომრით ქამეხს დაედევნა, დანარჩენები კი უმთვარო ღამის სამეფოში შევიდნენ, ჩირაღდნები აანთეს და ჯურღმულებისაკენ დაიძრნენ.
- ჯურღმულს, რომელშიც გრძნეული კაცი-გველი იმალება, ორი შესასვლელი აქვს. - გაისმა გოგონას ნაზი ხმა. მეფე აბესალი თავისი ხალხით შეჩერდა, ყველა გოგონას შეჰყურებდა, რომელიც ზღაპრული ფერიასავით იდგა სიბნელეში და ხელში მზის სხივი უელვარებდა.
- შენ ელინი ხარ? - გაისმა იანგულის ხმა, რომელიც ჩქარი ნაბიჯით მიემართებოდა გოგონასაკენ.
- ელინი ვარ იანგულ! რა ხანია გელოდები, რატომ დაიგვიანე? - ელინი უფლისწულისაკენ გაემართა, იანგული მიუახლოვდა და გოგონა გულში ჩაიკრა.
- შენ უფრო ლამაზი ყოფილხარ ვიდრე მეგონე, ვიდრე მზე და მთვარე მიყვებოდნენ შენი მშვენიერების შესახებ. არსად აღარ გაგიშვებ, სულ ჩემთან დარჩები ელინ! ცოლად გამომყვები?
- მე რაც მზის სხივი ვიხილე, მას შემდეგ მხოლოდ შენ გეკუთვნი. მაგრამ ახლა გრძნეულს უნდა მიხედოთ. ჯურღმულის ორივე შესასვლელთან ჩირაღდნებიანი მეომრები უნდა დადგნენ და ნელ-ნელა წაიწიონ წინ, იქ წააწყდებიან გრძნეულს, რომელიც კაშკაშა სინათლეს ვერ გაუძლებს და იქვე დაიფერფლება. ჩქარ-ჩქარა ლაპარაკობდა ელინი, თან თვალები ეცრემლებოდა, რადგან სინათლეს მიუჩვეველი იყო.
მეფე აბესალი გაოცებული უყურებდა ელინს.
- ქამეხს, ბოროტ სულს ასეთი მშვენიერი ქალიშვილი როგორ ჰყავს?- იკითხა მან.
- მე ქამეხის შვილი არა ვარ. ქამეხმა დედაჩემი ფეხმძიმე მოიტაცა, რომელიც მთიალეთის სახელმწიფოს დედოფალი იყო. მე ექვსი ძმა მყავს. ზევახ, მე შენი და ვარ, დედაჩვენი კი გარდაიცვალა. ზევახმა მას ხელები ჩაჰკიდა და ცრემლნარევი ხმით მიმართა:
- მე ყოველთვის ვოცნებობდი და მყოლოდა, ეს ოცნებაც ამისრულდა. - ზევახმა ელინი გულში ჩაიკრა. შემდეგ იანგულს გადახედა - შენთვის ჩამიბარებია იანგულ, უკეთეს სიძეს ვერც ვინატრებდი. ახლა კი წავედით, დრო აღარ ითმენს.
მეომრები ჯურღმულს მიუახლოვდნენ, ორივე შესასვლელთან ჩირაღდნებიანი მცველები დააყენეს. ათიოდე ვაჟკაცი კი წელში მოხრილი ჯურღმულის შუაგულისაკენ გაემართა. ცოტა ხანში ხროტინის მაგვარი ხმა გაისმა.
- აი ისიც! - წამოიძახა ზევახმა, - მეტი ჩირაღდნები მოიტანეთ, მეტი!
ის, რაც მათ თვალწინ გადაიშალა საშინელი შესახედი იყო. მიწაზე ადამიანი იწვა, იკლაკნებოდა და ხროტინებდა. თავის მაგივრად ხუთი გველი ება, ხუთივე საზიზღრად სისინებდა. მეომრები სულ უფრო უახლოვდებოდნენ გრძნეულს. ერთი რომ ხმლით თავს მოკვეთდა, მეორე ანთებული ჩირაღდნით უწვავდა მოკვეთილ ადგილს, რათა თავი ხელახლა არ ამოსულიყო. ცოტა ხანში გრძნეულმა ერთიც ამოიხროტინა და კოცონივით აბრიალდა, თითქოს აფეთქდაო. ერთ წამში მისგან ფერფლიღა დარჩა. მეომრები მშვიდობიანად გამოვიდნენ ჯურღმულიდან. გამოსვლა და ჯურღმულის ჩამონგრევა ერთი იყო. აღარც გრძნეული კაცი გველი არსებობდა და აღარც ჯურღმული.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები