ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
15 ივნისი, 2009


***


--------------------------------------------------------------------------------

***
ქალმა ღმერთს გაუღიმა ისე ტკბილად,
როგორც არასოდეს,
რადგან მის წიაღში შეირხა ჩვილი,
მის წიაღში-უჩრდილო ტაძარში
ახალი სიცოცხლე მოინათლა...

***
ბილიკი ჰორიზონტთან
არ დასრულებულა_
სივრცეში გაგრძელდა
და ჩვენი ფიქრები
გაუყვნენ მგზავრებად.

***
ზოგ მარჯვენას მახვილი უხდება,
ზოგს-საკრავი,ზოგსაც-კალამი,
ხოლო სანთელი-ყველას ერთნაირად.

***
მაისა საბანსა და ლეიბს შორის
მოხტუნავე ჭუჭრუტანებიდან
სამოთხის მელოდიად იღვრება
ტყუპების სიხარული...

***
თვალები ოდნავ გახელილი,
ბაგეები ოდნავ გახსნილი...
და იხრები და უახლოვდები,
როგორც წყაროს უკვდავებისას.

***
გოგო ცერებზე აწეული,
ვაჟი თავდახრილი.
სუნთქვა,როგორც ნიავი გულისა.

***
როდესაც ბოლო კელაპტარი
ჩაქრება სიყვარულის,_
მზე აღარ ამოვა
და დედამიწა გაჩერდება,
ვით წისქვილი,წყალგადაგდებული.

***
მწვერვალებს გადაევლო,
ვარსკვლავებს შეერია
და შენთან მოვიდა
ფიქრი-გაზაფხული გულისა.

***
დღე და ღამე ჰგვანან მეუღლეებს,
მუდამ ერთმანეთის
გზას რომ გასცქერიან,
ერთად რომ ვერასოდეს იძინებენ.

***
რომელი უფრო ტანჯულია_
ოტელო თუ ფერმკრთალი ყვავილი,
ლიანდაგებს შორის ამოსული?

***
თვითონ რაც არ გითხრა,_
მის ჩრდილს აწერია,
მოწყენით მიმავალს...

***
და დიდმა დარდმა პატარა სიხარული
მგლებს გადარჩენილი ბატკანივით
ჩაიკრა გულში...
   


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები