ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
კიდევაც კარგი ვარ! შენ რამდენისა ხარ? ჰო! მე რომ შვიდისა ვიყავი, უკვე სტუდენტიც იქნებოდი . ვზივარ ერთხელ ჩემთვის , მოწყენილი, ხვალის გაკვეთილები უკვე მოვამზადე, გარეთ სათამაშოდ ვერ გავდივარ, ზამთარია, შემოდის მამაჩემი და მეუბნება: - შენთვის კარგი ამბავი მაქვს. ერთმა ლამაზმა დეიდამ დაბადების დღეზე დაგპატიჟა, აბა,გამოიცანი, ვინ! რა გამოცნობა უნდოდა! ახლო-მახლოში სულ ერთი ლამაზი დეიდა იყო - ჩვენი ელამი ფოსტალიონის ცოლი - წოწია ტომა . ამბობდნენ, ბიძამ ყაზახეთიდან გამოუგზავნაო.ზაფხულში სულ ვარდისფერი შარვლით დადიოდა , მაღალქუსლიანები ეცვა, დანაჩოსებულ ქერა თმაზე ნაირ-ნაირ პლასტმასის პეპლებს იკეთებდა და ლურჯ თვალებზე გრძელი,შავი წამწამები ჰქონდა მიწებებული , მუქი წითელი პომადა ისე ესვა, იფიქრებდი, ბნელში უჭამია და სიჩქარისაგან პირის მოწმენდა დავიწყებიაო. იმათი ’’ხრუშოვკა’’-კორპუსი ჩვენი სახლის წინ, ერთ გადარბენაზე იდგა. მდგმურები კარგ ამინდში წინა ეზოში, გრძელ სკამზე გროვდებოდნენ. ბიჭები თან გოგოებს ელაპარაკებოდნენ, თან სულ იქით გაურბოდათ თვალი , ერთი, როდის გამოვიდოდა თავის პატარა აივანზე , რეცხვისგან უფრო გათეთრებულ მკლავებს როგორ აიქნევდა ჰაერში სარეცხის გასაფერთხად, მერე ძუძუებშუიდან როგორ ამოიღებდა სამაგრებს და თოკებზე კოხტად მიამაგრებდა. რაც ზამთარი დადგა, აივანზე იშვიათად ჩანდა, ფანჯრის რაფაზეც დიდი ქილებით სულ ფერად-ფერადი წნილები ჩაამწკრივა. ხანდახან თუ გამოიხედავდა, უკვე ვიცოდი, მე მეძებდა, ხელის დაქნევას როგორ დავაცლიდი! კორპუსის ქვეშ მივირბენდი, ქაღალდში შეხვეულ ფულს გადმომიგდებდა და მეოთხე სართულზე პურს წუთში ავურბენინებდი. ჰოდა , დაბადების დღეზეც იმიტომ დამპატიჟა . სტუმარს ლამაზად ხომ უნდა ეცვას! საგარეო კაბა კი ცოტა დასრესილია , მაგრამ არა უშავს , ბებიაჩემივით, სველ ხელს დავისვამ , სანამ იქ მივალთ, თავისით გასწორდება... მამამ ამასობაში პირი გაიპარსა და თმები ბრიოლინით აილაპლაპა, რაც ხელებზე დარჩა, მეც მიმის-მომისვა თავზე, ერთიანად შემათვალიერა და უცებ სახეში სერიოზულად შემომაცქერდა : - ეს კარგი, მაგრამ საჩუქარზე რა ვქნათ? ხომ არის კითხვები, უფროსები გამომცდელად რომ დაგისვამენ ,ვითომ შენი აზრი ძალიან აინტერესებთ და , ვიდრე რამეს მოიფიქრებ, პასუხი თვითონვე მზადა აქვთ: - რა და, - ვაზაში რომ ბებიაშენის ყვავილებია. დედაშენის გასახარად ბარემ აქედანაც მოვაშორებთ. დედა ჯერ ცოცხალ ყვავილებსაც ვერ იტანდა, ალერგიული ვარო , ეს ხელოვნური ყვავილები ხომ მოთმინებას აკარგვინებდა, თავისიანებში ამბობდა, სულ ჩემს დედამთილს მაგონებს, რასაც ვაკეთებ, მგონია, ჩუმად მითვალთვალებსო. ბებიაჩემს კი , თითქოს ჯინაზე, შუა ოთახში, მრგვალ მაგიდაზე ედგა. ოდესღაც ვიღაცას რუსეთიდან ჩამოუტანია, მოკლე, შინდისფრად შეღებილი ბატის ბუმბულები მავთულით ვარდის კოკრებად იყო შეკრული, გრძელი მწვანე ბუმბულები - ვითომ ღერები და ფოთლები იყო. ეს დამტვერილი ყვავილები ვაზიდან ამოვიღეთ, ნაზად დავბერტყეთ და სანამ მამაჩემი ცელოფანის შავ პარკსაც მოძებნიდა, რომ გარეთ არ დაენახათ, რა გვეჭირა, მე, როგორც საზრიანმა ბავშვმა , საჩუქარი გავაკეთილშობილე , ანუ ადეკოლონი ’’შიპრის’’ ჩემი საკუთარი, პატარა ბოთლი დაუნანებლად ზედ დავაცალე. გამოსვლისას მამამ ნოტების ჩანთაც დამაკავებინა.მივდივართ და მიგვიხარია! გზაში არავინ შეგვხვედრია. ფარდის უკან მიმალული მოთვალთვალე ხომ შეხვედრილებში არ ითვლება,თორემ ერთი პირველსართულელი კი დავინახე . სადარბაზოში საჩუქარი ამოვიღეთ, მივასწორ- მოვასწორეთ, რომ ავედით, მამამ კარის თვალს მიუშვირა, თვითონ გვერდითა კედელს აეკრა და მეც უკან დამმალა , მერე სამჯერ ფრთხილად დააკაკუნა. - ოი, კაკიე ცვეტი, ა კაკ პახნუტ!- ამ სიტყვებზე წოწია ტომამ ყვავილები ჯერ მამაჩემის ხელიანად და მერე მთლად მამაჩემიანად თითქოს შიგნით შეისრუტ-შეისრიალა, კარი ცხვირზე მომაკეტა და დავრჩი ასე! ვდგავარ და ვფიქრობ, რაღა ვქნა! გარეთ ყინავს, ქარია. სახლის გასაღები მამას უდევს ჯიბეში. დედა გვიან მოდის, ბებია ხომ საერთოდ სოფელში წავიდა , და ! მეზობლებთან შესვლაც არ შეიძლება, რაღაცეებს შემეკითხებიან , მაინც გამომტეხავენ , მერე დედაჩემს მიუტანენ ამბავს, მერე დედა მამას ეჩხუბება, მერე მამა სახლიდან გავარდება, მერე , როგორც ’’მამაილას’’ მაგრად მომხვდება, მერე დედა იტირებს... საერთოდ, რატომ გამოვყევი... - ყელი ჩამეკეტა . კიბეები დასაჯდომად ცივია, კიდევ კარგი, ეს ჩანთა წამოვიღე, საფეხურზე დავდებ და დავჯდები, მაგრამ ესეც ცივია. ფეხებიც გამეყინა, თანაც უკვე მეფსია! ავდექი, ჯერ მამაჩემივით სამჯერ დავაკაკუნე, მერე ორივე მუშტი წავუშინე . მამამ გამიღო: -სუ-უ! წოწია ტომა ძალიან ცუდად გახდა, კვდებოდა, ძლივს გადავარჩინე . შემოდი და აი, აქ, სამზარეულოში დაჯექი, მე კიდევ მივხედავ,იქნებ დავაძინო , აჰა, ნამცხვარი და ატმის კამპოტიც ზედ დააყოლე . გაზზე წყალს დავადგამ და შენ კარგად უყარაულე, რომ ადუღდება, დამიძახე, თუ არ დაიძინა,სხვა გზა არ არის, ფეხები ცხელ წყალში უნდა ჩავაყოფინოთ! სამზარეულოში შემოსვლამდე ოთახის ოდნავ შეღებულ კარში თვალი მოვკარი, წოწია ტომა მართლაც ლოგინში იწვა . მოსალევი მოვილიე,შესაჭმელი - შევჭამე, დასალევი- დავლიე , წყალიც მზადაა , მივდივარ ოთახის კართან . - მა-მა-ა, მა-მი-კო-ო , ადუღდა! - მინდა , ხმა ისე მივაწვდინო, წოწია ტომა თუ უკვე ჩაძინებულია, არ გავაღვიძო. იქიდან რაღაც ბრაგა-ბრუგი და კვნესა ისმის . ეტყობა , ტკივილებისგან კვნესის , ვერა და ვერ იძინებს, მაგრამ აგე! მამაჩემი ისეთია, დიდ საწოლსაც აკვანივით ურწევს. ფიქრით კი ამას ვფიქრობ,მაგრამ, სინამდვილეში, შიგნით იდუმალი , საშიში, თან სასიამოვნო ფორიაქი მივლის. წყალი კი დუღს და დუღს.უკვე მთელი ვეებერთელა ჩაიდანი ამოშრა და ძირმაც ტკაცა-ტკუცი დაიწყო. მოცუცქნული სამზარეულო ორთქლშია, ფანჯრებზეც უკვე წვეთები ღვარად ჩამოდის. კარგად დაღამდა და ვხედავ, ჩვენთან შუქიც აინთო, მერე ჩაქრა, მერე აინთო. ვიღაც უკვე მოვიდა, დედაჩემის მეტი ვინ იქნება. ბებია ხომ სოფელშია, მაგრამ სულ ასე ამბობს, მე სადაც მინდა და როცა მინდა , მაშინ წავალ და მოვალ , ეგღა მაკლია, სხვებს შევეკითხოო.. ახლა უკვე გამეტებით ვუკაკუნებ ექიმ-ავადმყოფს. - მა-მა-ა, ჩვენთან ვიღაც მოვიდა ! -კატორი ჩას? - ავადმყოფი უცებ ერთიანად გამოღვიძდა - .ოი, ოი, ბოჟე მოი, ბისტრა ! მამაჩემმაც უცებ მოიგდო ქურთუკი, მკლავში ჩატანებული კაშნე არც გამოუძრია,პალტო ისე შემომაცვა, ქუდი თვალებზე ჩამომაფხატა და მოვცოცხეთ. სადარბაზოს რომ აქეთ გამოვცდით, ფოსტალიონი იქიდან უკვე კორპუსის კუთხეს უახლოვდებოდა. მამა ხელის აწევით , შორიდან მიესალმა და ამოისუნთქა : -აუჰ, გადავრჩით! ჯერ სადა ხარ! მთავარი წინაა. ნეტა ,ვინ გაგვიღებს კარს! არც არავინ. უბრალოდ მოხურულია. დედა შუშაბანდში , დივანზე ზის,უკვე გრძელი ხალათიც აცვია , ტელევიზორს ზერელედ უყურებს და კი არ გველაპარაკება,თითქოს სხვის დაწერილს ხმამაღლა გვიკითხავს: -არ მაინტერსებს არაფერი.საიდანაც გინდათ, როგორც გინდათ ,ის ყვავილები აქ გააჩინეთ და ადგილზე დადეთ .სოფლიდან დარეკეს. ამაღამ დედაშენი აქ იქნება. ამჯერად აქედან მე წავალ და რაც გინდათ, ქენით. ხალხისა არ გერიდება ,ბავშვისაც არ გრცხვენია, ყველანი ერთი ჯიშის ხართ. ჰო, გაბრაზებულზე ასეთი ლაპარაკი იცის. ხანდახან იმასაც დაუმატებს,, რომ ამ ოჯახში თვითონ - ერთი შემომტანია, სხვა ყველა - გამტანი. კიდევ კარგი, რომ შორს მაინც არა ვართ წასასვლელები!
-შენ უნდა ახვიდე. მე არ მახსენო! ეტყვი : იზვინიტე,ია უ ვას ცვეტი ასტავილა.მოჟნა იხ ზაბრაც? აბა , გაიმეორე! რას გავიმეორებდი? - კარგი! იცი , როგორ უთხარი? - ია ხაჩუ მაი ცვეტი. თუ კარი ფოსტალიონმა გაგიღო, ეტყვი : წოწია ტომა დომა? გაიმეორე! ეს უფრო ადვილი იყო. ისევ კიბეზე ასვლა,ისევ კაკუნი... გაიღო, ორივე ერთად დგას. რა ვქნა, როგორ მოვიქცე, ამაზე ხომ მამას არაფერი უთქვამს. მიყურებენ. მელოდებიან . ენა დამება: -წოწია ტომა-მა-მა-მაი-ცვე-ტი! რაღაც უსიამოვნოს რუსულად ჩქარ-ჩქარა ლაპარაკობენ, ერთი გავარჩიე:’’დურაკ ტი’’ .ქმარი გაბრაზებული შედის, წოწია ტომა ვითომ მიცინის , თვალები კი უკვე ცრემლიანი აქვს. მერე წითლდება, ცხვირის ნესტოებზე ხელს იჭერს : ჯერ ისევ რაღაც გაუგებარს მეუბნება, მერე: - პადაჟდი ,უ აკნა, აკნო, აკოშკა!- ჰაერში თითით ოთხკუთხედს ხაზავს და კარს ხურავს. - ყვავილები? - ცარიელ ხელებში მიყურებს მამა - რა, არ მოგცა? - არა! --გაგიბრაზდა? - არა! - მარტო იყო? -არა! - რამე ზედმეტი ხომ არ უთხარი? -არა! -აბა,რა გითხრა? - აკოშკასთან პადაჟდიო. - კარგი, დაველოდოთ! სხვა რა გზაა! ვიცდით და ვიცდით.თან კორპუსის ძირში , აქეთ-იქით დავსეირნობთ . ცოტა ხანში ფანჯარა იღება, მოჩანს ქერა, დანაჩოსებული თავი, გავრბივართ და უკვე ვხედავთ, ბინებიდან გამომავალ ოქროსფერ შუქში სართულ-სართულ როგორ ნარნარად მოფრინავს ჩვენი თაიგული ,მამაჩემი აღარც მელოდება, თითქმის აფრენილია,რომ ჰაერშივე გააბას ,საცაა, დაიჭერს კიდეც,მაგრამ ქარმა წამოუქროლა და იქვე, ხის ტოტზე წკიპით დაკიდა. -ჩქარა,ქვა მომაწოდე! ...ერთიც!...ვახ, აცდა!... კიდევ, კიდევ მომიტანე,ცოტა დიდი ! ირგვლივ ქვების მეტი რა ყრია,სწორედ ახლა გამოილია. უფრო შორს მივრბივარ. იქიდან ვხედავ, მეორე სართულიდან ვიღაც იატაკის ჯოხს ყოფს , ხის ტოტს არხევს , არის!თაიგული დაბლა ეშვება , ჯოხიანი მოხუცი ქალი ჩვენკენ ფრთხილად იხედება , მამა სასწრაფოდ ჰაეროვან კოცნას უგზავნის, ყვავილებისთვის იხრება და უცებ მეოთხედან : - სვოლაჩ ! ამ ხმას ხელნაკრავი წნილის დიდი ქილა მოსდევს , თხლაშ-დგუფ -ლაწ ! - და შიგ ფეხებში უფეთქდება. ვაიმე, მამა, ვაიმე , ყვავილები! წამიც და, მამა უკვე ფეხზე დგას გაჭიმული , ხელში დაშლილი თაიგული უჭირავს, მთელ ტანსაცმელზე, თმებზე წვრილად დაჭრილი კომბოსტოები და სტაფილოები ჰკიდია და ბედნიერად მიღიმის, მერე ჩემკენ იხრება, სველ, მომჟაო- მომლაშო ლოყაზე ვკოცნი ,ვეხუტები ...
რა? შენ ამბობ ,რომ ამას ყველაფერს მამაილა იგონებს,არა? სამჯერ მომიყევი და სამჯერვე სხვადასხვანაირადო. დიახაც, ეს ჩემი ამბავია! რა მნიშვნელობა აქვს,მართლა მოხდა თუ არა, მე ხომ , რამდენჯერაც გავიხსენებ, იმდენჯერ ახლიდან ვხედავ, მესმის და განვიცდი , გინდ ნაღვლიანად ვყვებოდე, გინდ მხიარულად , და სხვა რაღაა ადამიანის ნამდვილი წარსული!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. ალბათ, მართლა შეიძლებოდა იუმორისტულში... მართლა ძალიან კარგია. +5 მადლობა,ისე, მართლა ვერ გაარჩევ, ნამდვილი ამბავია, თუ გამოგონილი, ისე ცოცხლად აღწერთ, ნატურალისტურად. ალბათ, მართლა შეიძლებოდა იუმორისტულში... მართლა ძალიან კარგია. +5 მადლობა,ისე, მართლა ვერ გაარჩევ, ნამდვილი ამბავია, თუ გამოგონილი, ისე ცოცხლად აღწერთ, ნატურალისტურად.
23. ნოდარ დუმბაძე გამახსენდა, ტკივილია იუმორში. ძალიან კარგად დაჭერილი დეტალები და რეალური თხრობა ნოდარ დუმბაძე გამახსენდა, ტკივილია იუმორში. ძალიან კარგად დაჭერილი დეტალები და რეალური თხრობა
22. =)) ძალიან კარგია. =)) ძალიან კარგია.
21. ძალიან მომეწონა :) ძალიან მომეწონა :)
20. ძვირფასებო! დღეს დილას ვერც ვიფიქრებდი,ასეთი სიურპრიზი თუ მელოდა. ''ბატის ფრთის ფერადი ვარდები'' უკვე გამოქვეყნებულა ჟურნალში ''ქართული მწერლობა''. არაჩვეულებრივი ნომერია:გოეთეს ფაუსტის დავით წერედიანისეული თარგმანი, ემზარ კვიტაიშვილის ''ლიტერატურული ესკიზები.''... მოკლედ,ყველა მასალა უაღრესად საინტერესოა. შეძენა შეგიძლიათ წიგნის მაღაზიებში,კერძოდ ''პარნასში'', ფასი მგონი სამი ლარია. ძვირფასებო! დღეს დილას ვერც ვიფიქრებდი,ასეთი სიურპრიზი თუ მელოდა. ``ბატის ფრთის ფერადი ვარდები`` უკვე გამოქვეყნებულა ჟურნალში ``ქართული მწერლობა``. არაჩვეულებრივი ნომერია:გოეთეს ფაუსტის დავით წერედიანისეული თარგმანი, ემზარ კვიტაიშვილის ``ლიტერატურული ესკიზები.``... მოკლედ,ყველა მასალა უაღრესად საინტერესოა. შეძენა შეგიძლიათ წიგნის მაღაზიებში,კერძოდ ``პარნასში``, ფასი მგონი სამი ლარია.
19. მადლობა,ძვირფასებო! წოწია ტომა - აქ ბავშვის კუთხით არის დანახული. მოზრდილი მთხრობელიც იმ სახელით მოიხსენიებს,როგორც ბავშვი უწოდებდა. ბავშვის წარმოდგენა ამ ქალის შესახებ აერთიანებს უფროსების ჭორებსაც,რისთვისაც ყური მოუკრავს. ეს უცხო ჩიტი - წოწია ტომა რაღაცნაირად ,თოჯინურ ნიშნებს შეიცავს.
მადლობა,ძვირფასებო! წოწია ტომა - აქ ბავშვის კუთხით არის დანახული. მოზრდილი მთხრობელიც იმ სახელით მოიხსენიებს,როგორც ბავშვი უწოდებდა. ბავშვის წარმოდგენა ამ ქალის შესახებ აერთიანებს უფროსების ჭორებსაც,რისთვისაც ყური მოუკრავს. ეს უცხო ჩიტი - წოწია ტომა რაღაცნაირად ,თოჯინურ ნიშნებს შეიცავს.
18. ვაჰ,კარგი იყო,დასაწყისი სულ მაგარი :) და მეც იგივე კითხვა გამიჩნდა,,წოწია ტომა,,_ზე.ისე კი,თუ Именно ,,წოწია ტომა,,გამოუგზავნეს ფოსტალიონს ყაზახეთიდან_უფრო ძალიან მომწონს ეს! :):) ვაჰ,კარგი იყო,დასაწყისი სულ მაგარი :) და მეც იგივე კითხვა გამიჩნდა,,წოწია ტომა,,_ზე.ისე კი,თუ Именно ,,წოწია ტომა,,გამოუგზავნეს ფოსტალიონს ყაზახეთიდან_უფრო ძალიან მომწონს ეს! :):)
17. ხო ვთქვი, ოსტატი იქნება მეთქი :) ერთი შეკითხვა მაქვს ავტორთან: "ახლო-მახლოში სულ ერთი ლამაზი დეიდა იყო - ჩვენი ელამი ფოსტალიონის ცოლი - წოწია ტომა . ამბობდნენ, ბიძამ ყაზახეთიდან გამოუგზავნაო. ზაფხულში სულ ვარდისფერი შარვლით დადიოდა..." - დეიდა ტომა გამოუგზავნეს ფოსტალიონს?
და აქ ალბათ ვერ შენიშნეთ - "მამამ ამასობაში პირი გაიპარსა", მართალია, არსებობს ასეთი გამითქმა - "პირი გაიპარსა", მაგრამ ხომ არ ჯობდა "წვერი გაიპარსა"?
ხო ვთქვი, ოსტატი იქნება მეთქი :) ერთი შეკითხვა მაქვს ავტორთან: "ახლო-მახლოში სულ ერთი ლამაზი დეიდა იყო - ჩვენი ელამი ფოსტალიონის ცოლი - წოწია ტომა . ამბობდნენ, ბიძამ ყაზახეთიდან გამოუგზავნაო. ზაფხულში სულ ვარდისფერი შარვლით დადიოდა..." - დეიდა ტომა გამოუგზავნეს ფოსტალიონს?
და აქ ალბათ ვერ შენიშნეთ - "მამამ ამასობაში პირი გაიპარსა", მართალია, არსებობს ასეთი გამითქმა - "პირი გაიპარსა", მაგრამ ხომ არ ჯობდა "წვერი გაიპარსა"?
14. მომეწონა ძალიან... წერ შეულამაზებლად...ალალად...და თან ოსტატურად...555555 მომეწონა ძალიან... წერ შეულამაზებლად...ალალად...და თან ოსტატურად...555555
13. მაგარი ხააააააააააარ! მაგარი ხააააააააააარ!
12. აუ ძალიან ვიხალისე.მაგრად წერთ.პროზა კი არა იუმორისტულში უნდა დაგედოთ. ამდენი კარგა ხანია არ მიცინია :)) აუ ძალიან ვიხალისე.მაგრად წერთ.პროზა კი არა იუმორისტულში უნდა დაგედოთ. ამდენი კარგა ხანია არ მიცინია :))
11. ძალიან კარგად წერ. მიშასაც და სოსოსაც ვეთანხმები ყველაფერიში!!! ყოჩაღ მეგობარო!!! გაიხარე შენააა!!! ძალიან კარგად წერ. მიშასაც და სოსოსაც ვეთანხმები ყველაფერიში!!! ყოჩაღ მეგობარო!!! გაიხარე შენააა!!!
10. რა ვიხალისე, ბიჭო, მაგარი ვინმე ხარ, რაა, გენიალური სიუჟეტები, კომიკური თხრობა... ერთი სიტყვით, რაა!
5555555! რა ვიხალისე, ბიჭო, მაგარი ვინმე ხარ, რაა, გენიალური სიუჟეტები, კომიკური თხრობა... ერთი სიტყვით, რაა!
5555555!
9. ხო, ბავშვია ცოდო... "პტიჩკუ ჟალკო".... :) 5 ხო, ბავშვია ცოდო... "პტიჩკუ ჟალკო".... :) 5
8. კარგია. ბავშვი შემეცოდა. კარგია. ბავშვი შემეცოდა.
7. ძალიან ძალიან ლამაზად წერთ. ერთი ამოსუნთქვით იკითხება
წარმატებები
ძალიან ძალიან ლამაზად წერთ. ერთი ამოსუნთქვით იკითხება
წარმატებები
5. ნიჭიერი ადამიანი ხარ, ფარდებს მიღმა გაელვებულმა მოთვალთვალე თვალებმა, იმაში დამარწმუნა რომ დოსტოევსკის ნაწარმოებები სიგიჭემდე გიყვარს, ეს კარგია, რა თქმა უნდა, თქვენს მიერ ნაწარმოებში გაცოცხლებული მამა კი ძალიან უზნეოდ იქცევა, მისი მოქმედება ინცესტს უტოლდება, როდესაც საკუთარი მოზარდი ქალიშვილის თვალწინ იოკებს სურვილს, თუმცა ცხოვრებაში უარესებიც ხდება, სამწუხაროდ, ამიტომ არ შემოგედავები, კარგად წერ!
ნიჭიერი ადამიანი ხარ, ფარდებს მიღმა გაელვებულმა მოთვალთვალე თვალებმა, იმაში დამარწმუნა რომ დოსტოევსკის ნაწარმოებები სიგიჭემდე გიყვარს, ეს კარგია, რა თქმა უნდა, თქვენს მიერ ნაწარმოებში გაცოცხლებული მამა კი ძალიან უზნეოდ იქცევა, მისი მოქმედება ინცესტს უტოლდება, როდესაც საკუთარი მოზარდი ქალიშვილის თვალწინ იოკებს სურვილს, თუმცა ცხოვრებაში უარესებიც ხდება, სამწუხაროდ, ამიტომ არ შემოგედავები, კარგად წერ!
4. რა მნიშვნელობა აქვს,მართლა მოხდა თუ არა, მე ხომ , რამდენჯერაც გავიხსენებ,იმდენჯერ ახლიდან განვიცდი , გინდა ნაღვლიანად ვყვებოდე, გინდა მხიარულად , და სხვა რაღაა ადამიანის წარსული!
...არცერთი ნამდვილი ამბავი, არ არის მოგონილ ამბავზე უფრო ნამდვილი ამბავიო... სომერსეტ მოემი. კარგი ხარ ველისციხელო... ძალიან კარგი :) რა მნიშვნელობა აქვს,მართლა მოხდა თუ არა, მე ხომ , რამდენჯერაც გავიხსენებ,იმდენჯერ ახლიდან განვიცდი , გინდა ნაღვლიანად ვყვებოდე, გინდა მხიარულად , და სხვა რაღაა ადამიანის წარსული!
...არცერთი ნამდვილი ამბავი, არ არის მოგონილ ამბავზე უფრო ნამდვილი ამბავიო... სომერსეტ მოემი. კარგი ხარ ველისციხელო... ძალიან კარგი :)
3. ვიხალისე :)
მომეწონა ;;) კარგია ;;) ვიხალისე :)
მომეწონა ;;) კარგია ;;)
1. დედა ჯერ ცოცხალ ყვავილებსაც ვერ იტანდა, ალერგიული ვარო , ეს ხელოვნური ყვავილები ხომ მოთმინებას აკარგვინებდა, თავისიანებში ამბობდა, სულ ჩემს დედამთილს მაგონებს, რასაც ვაკეთებ, მგონია, ჩუმად მითვალთვალებსო.
გამოსვლისას მამამ ნოტების ჩანთაც დამაკავებინა.მივდივართ და მიგვიხარია!
საოცრად ცოცხალი თხრობა.... დედა ჯერ ცოცხალ ყვავილებსაც ვერ იტანდა, ალერგიული ვარო , ეს ხელოვნური ყვავილები ხომ მოთმინებას აკარგვინებდა, თავისიანებში ამბობდა, სულ ჩემს დედამთილს მაგონებს, რასაც ვაკეთებ, მგონია, ჩუმად მითვალთვალებსო.
გამოსვლისას მამამ ნოტების ჩანთაც დამაკავებინა.მივდივართ და მიგვიხარია!
საოცრად ცოცხალი თხრობა....
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|