ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰა-რა-ლე
ჟანრი: იუმორისტული
11 ივლისი, 2009


პატარ-პატარა ამბები ( დასასრული)

    აქედან ზვიადის მომხრეები უტევენ, იქიდან  - .. მხედრიონელები" და რა ვიცი კიდევ - ვინ. გახსოვთ ალბათ, არეული დროა. ზოგი ზვიადისტია, ზოგი - ჯაბისტი, ვიღაც - სიგუისტია, ვიღაც - კიტოვანისტი. მოკლედ აქეთაც და იქითაც, ...ისტები და ...ასტები არიან და ხმაშეწობილად ანგრევენ და ანადგურებენ იმას, რაც წინას წასვლის შემდეგ გადარჩა. მოკლედ მათემატიკური მოქმედებებიდან მხოლოდ გამოკლება-გაყოფაა მოდაში და მარტივ მამრავლებად დაშლა.
  ვის ცალია ქვეყნისთვის ( იმის მერე, შეიცვალა ვითომ რამე) ? სრული ,,ბეზ პრედელია" - ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში.
  ერთადერთი რაც შენდება ეკლესია - მონასტრებია. სასწული არ არის?
  ბიუჯეტიდან ამოხეული მილიარდები მაგათთან  არ მიდის, სახელმწიფო როგორც ახლა ,,ეხმარება", მაშინაც ისე ეხმარებოდა, გრანტები აქვთ აღებულიო, - ვერც იმას დააბრალებ, ამ ხალხს. ... აბა, საიდან?.. ნაღდად, უფლის ხელი ურევია ამ საქმეში.
  ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარიც, სანთლების, საეკლესიო ლიტერატურის, ხატების გაყიდვით შემოსულ თანხას, ჯვრისწერისა და ნათლობებისთვის შემოწირულ ფულს ადებდა და ასე ინახავდა, ალამაზებდა და ამშვენებდა მონასტერს. შემოსავალი მცირე ჰქონდა სავანეს. რაიონული ცენტრიდან შორს იყო, ტყეში, საკმაოდ მაღალი გორის თავზე მდებარეობდა.  მომსვლელიც ცოტა ჰყავდა და შემომწირველიც.  საჭმელიც ხშირად აკლდათ ბერებს და ,,ბათინკა" და ,,ტელეგრეიკაც" ენატრებოდათ ზამთარში.
  ქრისტეშობის მარხვაა. ღამეა, მწუხრის ლოცვის ჟამი დგას მონასტერში. ბერები ტაძარში იმყოფებიან და ლოცულობენ.
  გარედან რაღაც ხმაური შემოესმა იღუმენს. არეულ-დარეული დროა და ღამით ვიღაცების მოსვლა არაა კარგის მაუწყებელი - ბავშვმაც იცის ეს.
  გამოვიდა ტაძრიდან და ბნელში, თორმეტი დაუპატიჟებელი სტუმარი გადათვალა.
  - საღამო მშვიდობისა, მამაო!
  - მშვიდობა არ მოგაკლოთ  შვილებო ღმერთმა. ვინ ბრძანდებით? რა გაგჭირვებიათ? - დაინტერესდა ბერი.
  - ჩვენ მამაო, ,,შავები" ვართ. რაღაც პატარა პრობლემებია და 4-5 დღე, შენს მონასტერში დავრჩებით - ამცნო სტუმრობის მიზეზი მთავარმა ,,შავმა".
  - შავები თქვენ კი არა, მე ვარ - არ დათმო შავი სამღვდელოების ფერი იღუმენმა - თქვენ ბნელები ხართ. თან ამ  უკუნეთში, თორმეტი მოციქულივით რომ გამომეცხადეთ, ვერ წამოიღეთ ტომარა ფქვილი? ამ ტღე-ღრეში რა გაჭამოთ - მე? - სტუმრების გასაგონად ჩაილაპარაკა წინამძღვარმა და ,,ბნელებს" სატრაპეზოსკენ გაუძღვა.
 
 
                                                                    * * * * *

  - ახალი გადმოყვანილი ვარ ამ ეპარქიაში, ვეცნობი და მეცნობა მრევლი.- დაიწყო ამბის თხრობა, მრავლისგან დაფასებულმა სასულიერო პირმა.
  რომელ ეპარქიაზეა საუბარი არ ვიტყვი, მაგრამ გული მიგრძნობს გამოცნობა არ გაგიჭირდებათ.
  - ხალხი ნელ-ნელა გამოდის უღმერთობის უკუნიდან და იბრუნებს პირს ეკლესიისკენ. გახშირდა ნათლობა, ჯვრისწერა. წესის აუგებლადაც აღარავინ ასაფლავებს მიცვალებულს. თუმცა ქრისტიანულ წესებში ჯერ მაინც ვერ არიან სათანადოდ გათვიცნობიერებულნი და ურევენ ერთმანეთში ხალხურ და ჭეშმარიტ ქრისტიანულ წესს თუ ტრადიციებს. მეც, რაც შემიძლია ვუხსნი და ვარიგებ ჭკუას.
    მეზობელ სოფელში წამიყვანეს წესის ასაგებად. ხანშესული კაცი იყო გარდაცვლილი.
გადავიხადე პანაშვიდი - როგორც წესი და რიგია, მივუსამძიმრე ჭირისუფლებს, ნუგეშიც მივეცი და ვამცნობ: რა უნდა ქნან, როგორ შეეწიონ მიცვალებულის სულს.
    - მამაო, მთელი დღე და მოსწრება, თეთრ ღვინოს ყლურწავდა ცხონებული. შავ ღვინოს არ ეკარებოდა. რაცხა აწუხებდა -  აქ არ ითქმის მაი, შენ ხარ ჩემი ბატონი და.... შავი რომ უდევს ახლა თავთან, მიუვა? ხომ არ აწყენს? - დაინტერესდა მიცვალებულის ბედით, ერთი ზედმეტად ფრთხილი ჭირისუფალი.
    - მაი, ბალზამსაც არ ეკარებოდა მისდღემჩი, მარა ვერ მიიღო? აწყინა, თუ? - დაამშვიდა მეორემ.
    გაგაოცებენ პირდაპირ, რას არ გაიგებ ამ ხალხისგან - ჩაეცინა მთხრობელს და მთელ იმ კუთხეს ჯვარი გადასახა.
    მიცვალებულთან დაკავშირებით ერთ ამბავსაც გავიხსენებ. - განაგრძო მოძღვარმა.
    ამომაკითხეს მონასტერში და მიცვალებულისთვის წესის აგება მთხოვეს. გავყევი. არც თუ ისე მცირედი გზა გვაქვს გასავლელი. ბოლოს მივუახლოვდით კიდეც გარდაცვლილის სოფელს და - რამ მოკლა საცოდავი? - მეთქი, ნაგვიანევად ვიკითხე.
    - თავი მოიკლა მამაო, ტყვია დეიხალა შუბლში...
  - ახლავე მოაბრუნეთ მანქანა! ადრე ვერ მითხარით?! თვითმკვლელისთვის წესის აგება ვის გაუგია!- გავცხარდი - თან საკუთარ თავზე მომდის ბრაზი ადრე რატომ არ ვიკითხე. ქვეყანა საქმე მქონდა მონასტერში, მთელი დღე მოვცდი.
    - რეიზა მამაო, აქვსენტია აბდალამ რომ იშვლიპა ფეხი და ,,გრუზავიკის პაკრიშკებში" დარჩა გაღიმებული, ხომ აუგე წესი? ტიტიკომ რა დააშავა, ვითომ?
    - შენ თვითონ არ ამბობ აქვსენტიზე აბდალი იყოო? თუ თვითმკვლელობა ფსიქიკური აშლილობითაა გამოწვეული, მაშინ შეიძლება.
    - რავა, ტიტიკო ჩამორჩებოდა აქვსენტიეს აბდლობაში? - არ ეპუებოდა აქვსენტიეს უპირატესობას, ტიტიკოს ჭირისუფალი.
    - ეს შენ მიგაჩნია ასე? სულ არ ვიცნობდი იმ საცოდავს. შენი დასტური ,,აბდლობაზე" არაა საკმარისი.ექიმის ცნობა უნდა - ფსიქიურად რომ იყო დაავადებული.
  ამასობაში მივადექით კიდეც გარდაცვლილის სახლს. ჭიშკარი ფართოდ იყო გაღებული. მთელ სოფელს იქ მოეყარა თავი.
    - აბა, რას გეტყვი მამაო, იცი? დავდგეთ აქ მე და შენ ნახევარი საათი. ერთი მაინც თუ გემეიარს აქინე იმისთანა, შენ რომ მისი აბდლობის დასადგენად ექიმის ცნობა დაგჭირდეს, მოვატრიალებ მანქანას და წაგიყვან უკან მონასტერში.
  არგუმენტი ისეთი იყო - წყალი არ გაუვიდოდა.


                                                    * * * * *
  ერთ, არა სასაცილო ეპიზოდსაც გავიხსენებ. მხოლოდ იმიტომ, რომ თვალნათლივ დავინახოთ, რა განსხვავებაა ჩვენსა - ამ სოფლიური პრობლემებით დახუნძლულ და სულს-  ქონმოდებულ ( ბოდის მოვითხოვ, საკუთარი თავი წარმომიდგა თვალწინ) უმეტესობასა და იმათ  შორის, - გამუდმებით ლოცვებში რომ ჰგიებენ და არც რომ ვიცით ისე, ჩვენი სულების უკუნეთიდან გამოხსნას შესთხოვენ, დღენიადაგ უფალს.
  სამეგრელოში ვართ. ხალხი, თბილი, ტკბილი და კეთილმოუბრე. სასულიერო პირები - კიდევ უკეთესი.
  ორმა, იმ დროისთვის შედარებით დაბალი სასულიერო ხარისხის პირმა დაგვპატიჟა.
  თავისთვის რა აქვთ და ჩვენ რითი უნდა გაგვიმასპინძლდნენ, დალოცვილები?
  რაც აქვთ იმით - ერთი, ერთ ეკლესიის აშენებას ახმარს, მეორე -მეორეს.
  ძალიან გვრცხვენია და გვერიდება მაგრამ, მთელი სულით გვპატიჟებენ, ეს ორი, ერთმანეთზე უკეთესი ადამიანი და გულს ხომ ვერ ვატკენთ.
  სუფრა სამარხვო და ჩინებული გაიშალა.
ვადიდეთ უფალი, დედა-ეკლესია დავლოცეთ, უწმიდესის და წმიდა სინოდის სადღეგრძელოც, როგორც წესია - ფეხზე ადგომით შევსვით. იმ ეპარქიის მეუფეც ვახსენეთ, სამღვდელო დასი, სტუმარ-მასპინძელ-მრევლი და ამ ქვეყნიურ გასაჭირზე და არეულ დროებაზე გადავედით.
  - ისეთი ამბები ხდება, მართლა მეორედ მოსვლაა მოსალოდნელი. - ბრძანა, ვთქვათ - მამა გიორგიმ.
  - კაცი მოვიდა ჩემთან. აღსარება უნდა გითხრა მამაოო,  - მეუბნება.
  - კაი, შვილო მეთქი - ვუთხარი. დაიწყო... ყვება... ყვება, მარა რას ყვება?!  ვისმენ, მარა რას ვისმენ?! ახლა ,მე თქვენ აღსარების საიდუმლოს ვერ გაგიმხელთ მაგრამ, ჯერ ჩემს ყურს რომ არ სმენია და ტვინს, ახლაც რომ ვერ დაუჯერებია, ისეთ ამბებს მიყვება და ეს ჩავიდინეო - მიჩივის!  გოლუაფირო მა თქვანი. - რაც უფრო მეტად შედის მოყოლის ეშხში მამა გიორგი, მით  მეტად უკიდებს მეგრულს.
  - გავგიჟდი კაცი! ეს რამ გაგაკეთებინა! - ვიყვირე. აღარც, აღსარება როა, მახსოვს და აღარც არაფერი. ვიფიქრე: გავგლიჯავ ახლა ამას, სასტიკად დავსჯი! - ეს რა უბედურებები ჩაუდენიაო. მაგრამ, მადლობა უფალს, მალე მოვეგე გონს. მივხვდი: ამას ეშმაკმა, რომ ჩაადენინა ეს. მე რაღა უნდა დამესაჯა? ეს გაჭირვებული ხომ ღმერთს ყავდა დასჯილი? რა უნდა მექნა? შემეცოდა საწყალი... დავჯექი და მაგის უბედურებაზე - ტირილი დავიწყე...

  მოყვასის სიყვარული თქვენში უფრო ღრმად თუ არის გამჯდარი - არ ვიცი. ჩემში ნამდვილად - არაა ასე.
  ამიტომაც გავიხსენე ეს ამბავი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები