ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რ____ო____ი
ჟანრი: პოეზია
24 ივნისი, 2009


ხუთი ლექსი ნინოს

(მე ყველაფერს ვაპატიებ ევას)

მე ყველაფერს ვაპატიებ ევას,
აბსურდია მოკბეჩილი ვაშლი,
ჩემი თავის შემცდენელი მე ვარ,
რასაც ვეღარ ვუარყოფ და წავშლი -

წარსულიდან და ვპატიობ კაენს,
იმას დღეს რომ პატიობენ აღარ
და ლოცვისას თიხას ვკოცნი მაინც,
ღვთისმშობელიც თიხის იყო რახან.

ჩემთვის სულ სხვა შენდობის დღე დადგა,
მას შემდეგ რაც სიამაყე ვთელე
და ვპატიობ პილატესაც რადგან
მე ვიყავი ვინც მას ჰბანდა ხელებს...

მე ყველაფერს ვაპატიებ გწამდეს,
ბრმა იუდას, რომ გაყიდა ქრისტე
და მართალი თუ ვიქნები ცამდე,
მერე იქნებ იმ უნარსაც მივწვდე -

განურჩევლად სქესისა თუ ფენის,
ყველაფერი ვაპატიო ყველას
და ცოდვები გავიყოლო შენი,
სადაც ცხელა და იმაზე მეტად -

ვიდრე ჩვენ რომ სარეცელზე ვიყოფთ,
ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას რიგით,
მაგრამ მიჭირს ორ ცეცხლს შუა ვიყო,
ან გადმოდი აქეთ ანდაც იქით -

მე გადავალ, მერე წარსულს წავშლი
და ყველაფერს ვაპატიებ ევას,
აბსურდია მოკბეჩილი ვაშლი,
ჩემი თავის განაჩენი მე ვარ!...
             


                # # #

ერთი ცალი ხარ და ცოლი ხარ,
სუნთქავ, არ სუნთქავ და საუბრობ,
ორი შემოდგომა მოიხა
შენი წამწამიდან და უფრო -

მეტად ლამაზი და სხვა ცოლი
კაცი მქვია მაგრამ რა ვიცი,
არ მსურს, მირჩევნია საწოლი
მხოლოდ შენთან ერთად ჩავიცვა.

მეცვას და იმგვარად მათბობდეს,
როგორც მეტაფორის მიგნება,
თუმც ჯერ ჩემზე უნდა გათხოვდე,
მერე ყველაფერი იქნება...

ორი შემოდგომა მოიხა
შენი წამწამიდან და უფრო -
ერთი ცალი ხარ და ცოლი ხარ,
სუნთქავ, არ სუნთქავ და საუბრობ.



                  # # #
 
მაგ თვალებში ჩაეტია ცა,
ცაც არის და შიგადაშიგ ცრის,
ვარსკვლავების ჩამოვარდნას ვცავთ
აივნიდან მე და შენ და ის.

ხან ვსაუბრობთ, ვიღლებით და ხან
დუმილი და ამინდები გვღლის,
თუ იწვიმა მაშინ ვნებებს ვბანთ,
მაგრამ უკვე ისე აღარ წვიმს.

ვეგუებით რეალობას და
ზამთარ-ზამთარ მივაცილებთ დროს,
თუ გათოვდა ჩვენ ვოცნებობთ, მდა,
მაგრამ უკვე ისე აღარც თოვს.

ჰგავს და არ ჰგავს მთვარე ახლა ცელს,
საღამოა, ნახევარი ცხრის,
კვლავ ერთი წლით შემიყვარდი წელს
და ერთი წლით დამიბერდი მის.

დამიბერდი და რარიგად თან...
რახან მეტად ეტანები ძილს -
ან დავთვალოთ ვარსკვლავები ან
ვიჯდეთ ასე მე და შენ და ის.         

          # # #

ცისფერი და მოცისფრო ზღვა არ არის ყოველ თვეს,
ღამ-ღამობით ტალღები ძველ რექვიემს მღერიან,
დაუწერელ კანონით მე თუ წავიპოეტებ,
მაშინ ჩემი ლექსები უფრო არაფერია -

ვიდრე შენი ჩურჩული წამოსული სუნთქვიდან,
(წუხელ მებადურებმა ვერ მიცურეს ნავამდე,
ღელვა ისე ღელავდა) ხოლო მე კი სულ მინდა -
გკოცნიდე და მკოცნიდე, გწურავდე და გბანგავდე.

შენს თვალებში ბანაობს ხშირად ჩემი თვალები,
ისე ძლიერ მიყვარან შევიშლები ღმერთმანი,
ჰოდა ასე მგონია თუ გადამემალები,
ერთი დახამხამებით წავაწყდებით ერთმანეთს.

ნაპოვნია ადგილი ირწმუნე და გჯეროდეს,
სულშიცა და სხეულშიც ქვეცნობიერ ზმანებით,
დავაცხრები სურვილით მკერდის კერტკენწეროებს,
როცა ერთ დღეს მოხვალ და ცოლად დამეღამები.

ახლა? ახლა ეს ლექსიც უფრო არაფერია,
გარეთ ქარი ხვნეშის და მთვარეს ჰქვია პოეტი,
ღამღამობით ტალღები ძველ რექვიემს მღერიან,
ხოლო მე კი მიყვარხარ, ყოველ თვეს და ყოველთვის.
       
       

        # # #

თითქოს ცა წელზე იდგამდა ფეხებს,
ღრუბლებში ისე გაბერა მთვარე,
გელი და მალე მოხვიდე ეგებ,
თუ მოხვალ აღარ წახვიდე ბარემ.

წყვილ-წყვილ
და
ცალ-ცალ,
თითო და თითო,
ფანტელი
სველ-სველ
იანვარს ათოვს,
თბილისში მე სულ
ორ ბილეთს ვითხოვ
და მაინც ერთი
ვბრუნდები ბათომს.

და მაინც ერთი
ვბრუნდები ბათომს,
თბილისში რახან
ორ ბილეთს ვითხოვ,
ფანტელი
სველ-სველ
იანვარს ათოვს,
წყვილ-წყვილ
და
ცალ-ცალ,
თითო და თითო.

თუ მოხვალ აღარ წახვიდე ბარემ,
გელი და მალე მოხვიდე ეგებ,
ღრუბლებში ისე გაბერა მთვარე,
თითქოს ცა წელზე იდგამდა ფეხებს.
 




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები