ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როლანო
ჟანრი: საბავშვო
5 ივლისი, 2009


საქარია-2 (თავი მეექვსე)


                          თავი მეექვსე.
                     

                        ბრძოლა.

      ორი კილომეტრიც არ ჰქონდა გავლილი ქანელს, საქარიის არმიას რომ მოჰკრა თვალი. ჯარს წინ იანგული მიუძღოდა,  მას უკან ზევახი, მადერი და ტაბური მოჰყვებოდნენ. ბოლოს კი არმია, რომლის ბოლოსაც თვალს ვერ მიაწვდენდი. ქანელმა კიდევ უფრო ააჩქარა ცხენი და გეზი პირდაპირ იანგულისაკენ აიღო. იანგულმაც შეამჩნია რუხი რაინდი. თავდაპირველად ვერ იცნო, შეჩერდა და მარჯვენა ხელი ასწია, რაც ჯარისთვის გაჩერების ნიშანი იყო. მხედრები ერთმანეთს მიუახლოვდნენ.
      - გამარჯობა ძმაო. – მიმართა ქანელმა იანგულს
      - გაგიმარჯოს/ - იანგული გაკვირვებული შესცქეროდა ძმადნაფიცს, რომელიც დიდად განსხვავდებოდა იმ ყმაწვილისაგან, იანგულმა რომ გაიცნო. დახვეწილი, ულამაზესი ახალგაზრდის ნაცვლად, მის წინ იდგა მკაცრი შესახედაობის რუხი რაინდი.
      - ქანელ, ნუთუ ეს შენ ხარ? შეგემთხვა რამე? ხმით უფრო გიცანი ვიდრე გარეგნობით. – იანგულმა ქანელს მხარზე ხელი დაადო. – ძმაო, მომიყევი რა მოხდა. მე ვიცი, რომ შენ ქამეხის ვაჟი ხარ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ელინის ძმა ხარ და ძარღვებში უკეთილშობილესი დედის სისხლი გიჩქეფს.
      - იანგულ, ახსნა-განმარტების დრო არა გვაქვს, ვიჩქაროთ, ყინულის არმია გვიახლოვდება, მომყევით.
      იანგული დაემორჩილა, ხელით ანიშნა ჯარს უკან გამოჰყოლოდა და ქანელთან ერთად გააჭენა ცხენი ქამეხის არმიის შესახვედრად.
      ცოტა ხანში ყინულის ჯარისკაცებიც გამოჩნდნენ და ორი ძალა, ორი უძლეველი არმია ეკვეთა ერთმანეთს. გაჩაღდა დაუნდობელი ბრძოლა.
      უეცრად, ამ ყინვაში, როდესაც სუნთქვის დროსაც კი იყინებოდა ჰაერი, წამოვიდა წვიმა, ძალიან თბილი და ძალიან სასიამოვნო იანგულის მხედრებისათვის. ქამეხის ჯარისკაცები კი, თვალსა და ხელს შუა დნებოდნენ და მათ ნაცვლად პატარ-პატარა გუბეებიღა რჩებოდა. მიუხედავად დნობისა, ყინულის კაცები თავდაუზოგავად იბრძოდნენ. ნახევრად დამდნარებს, რომლებსაც ხელი მაინც შერჩენოდათ, ხმალს იქნევდნენ, რომელი ხმლითაც არაერთი საქარიელი გამოასალმეს სიცოცხლეს. მაგრამ საბოლოოდ წვიმამ თავისი გააკეთა და უკანასკნელი ყინულის ჯარისკაციც გუბედ აქცია.
      - წვიმა? საიდან? – იკითხა ქანელმა.
      - ეს სელინაა, მე გამოვიძახე. – მიუგო გრძნეულმა ეფროსმა. სელინაც კაცი-გველმა მოაჯადოვა.
      - თუ ასეა, ეს სელინას წვიმად ყოფნის ბოლო დღეა. კაცი-გველი საშიშროებას აღარ წარმოადგენს. მან სამუდამოდ დაჰკარგა ძალა. – წამოიძახა ქანელმა.
      წვიმა ნელ-ნელა შეწყდა და ქანელისა და ეფროსის თვალწინ ულამაზესი ქალიშვილი წამოიმართა.
      - გამარჯობა გრძნეულო, ყველაფერი ისე შევასრულე როგორც მთხოვე? – იკითხა სელინამ.
      - ყოჩაღ, ჩემო ლამაზო, შენ გააკეთე ის, რასაც ასიათასიანი არმია ვერ მოახერხებდა. ტარესი, უდონი და ვამეხი კი სრულიად უქმად დატოვე. – ღიმილით უპასუხა ეფროსმა.
      ქანელი გაოგნებული სახით შესცქეროდა სელინას. ასეთი დახვეწილი სილამაზის ქალი მას ცხოვრებაში არ ენახა.
      - საოცრება ხარ სელინა, ნამდვილი საოცრება. – ქანელი აღტაცებული შეჰყურებდა გოგონას და გრძნეულ ეფროსს სიტყვის ამოღებას არ აცლიდა.
      - ასეთი სილამაზე სიცოცხლეში არ მინახავს. – აღტაცებას ვერ მალავდა ქანელი. სელინა იდგა თვალებდახრილი, მორცხვად იღიმოდა და შიგადაშიგ ანთებულ მზერას მიაპყრობდა ხოლმე ქანელს.
    - მალე მგონი კიდევ ერთი ქორწილი გველოდება. – ჩაიცინა მეფე აბესალმა. ქალი-წვიმა, არაჩვეულებრივადაა მოფიქრებული, კაცი-გველს მშვენიერი ფანტაზია ჰქონია.
      სელინა გაღიმებული შესცქეროდა ქანელს. ეს მკაცრი, რუხი რაინდი, რომლის დანახვაზეც უმამაცეს მეომრებსაც კი შიშის ჟრუანტელი უვლიდათ, ნელ-ნელა ისევ დახვეწილ, მომხიბლავ ყმაწვილად გადაიქცა, რაც რათქმაუნდა სელინასადმი გაჩენილი გრძნობით იყო გამოწვეული. ქანელმა სელინას წელზე ხელი მოხვია და ცხენზე შემოისვა.
      - მე შენ არსად აღარ გაგიშვებ, სულ ჩემთან უნდა იყო, თანახმა ხარ ცოლად გამომყვე? ჩემთან ერთად კაცი-გველი კი არა, რაც ქვეყნიერებაზე ჯადოქრებია, ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს. – სელინამ თანხმობის ნიშნად გულზე მიადო თავი ქანელს და ღიმილიან სახეზე ცრემლი ჩამოუგორდა.
      - გილოცავ ქანელ, შენ ჩვენთან ოჯახიც იპოვე, მეგობრებიც და სიყვარულიც. – მიუახლოვდა იანგული. – სიმართლე გითხრა არასოდეს მჯეროდა რომ მიღალატებდი.
      - მე უბედნიერესი კაცი ვარ, და-ძმები მყოლია და არ ვიცოდი. და რაც მთავარია თქვენი წყალობით სიყვარული ვიპოვე, რომელსაც მთელი სიცოცხლე ველოდი. – ქანელმა კიდევ უფრო მაგრად ჩაიკრა გულში სელინა.
      - ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ქამეხი სად არის? – უეცრად იკითხა მეფე აბესალმა.
      ქანელმა მიიხედა, ხის ძირას სისხლში ამოსვრილი მისი ხანჯალი ეგდო.
      - არ ვიცი. – იყო პასუხი. – ძალიან გული მტკივა, მაგრამ ქამეხმა ალბათ სამუდამოდ დაგვტოვა. – ქანელს თვალებზე ცრემლი მოადგა და უხერხულობის გამო აბესალს ზურგი შეაქცია. – მაპატიე მამა. – ჩაიჩურჩულა მან.
      - თავს ნუ იდანაშაულებ ქანელ,  - მიმართა გრძნეულმა ეფროსმა, ბოროტება ყოველთვის თვითონ ამარცხებს თავის თავს.
      ამ დროს, იქვე შორიახლოს ზლუქუნი გაისმა. ყველანი იქით გაემართნენ. საოცარი სურათი გადაიშალა მათ თვალწინ. მიწაზე კაცი-გველი იჯდა და სლუკუნებდა.
      - მე ბავშვობიდან პეპელა მინდოდა ვყოფილიყავი. ლამაზი, კეთილი და ნაზი პეპელა. დედაჩემო რატომ არ მომეცი ნება, ვიფარფატებდი ჩემთვის, მზის სხივებში ვიბანავებდი, ჯურღმულში კი არ ვიქნებოდი გამოკეტილი. დედიკო, რატომ დამსაჯე ასე.
      მეომრები გაოგნებული შესცქეროდნენ ამ ბოროტების განსახიერებას, რომელიც ახლა მხოლოდ სიბრალულს იწვევდა მათ გულებში.
      უეცრად ზემოდან საშინელი გრგვინვის და ქალის კივილის ხმა გაისმა. ხალხი შეშფოთდა, ყველამ ერთდროულად ზემოთ აიხედა. მათკენ შავი ეტლით მოჰქროდა, შავებში ჩაცმული ქალი, ქარი თეთრ თმას უწეწავდა, რომელზეც შავი გვირგვინი ედგა. ქალი არაადამიანური ხმით კიოდა და თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა.
      - ეფმადორა! – დაიყვირა გრძნეულმა ეფროსმა.
      ეტლი მიწაზე დაეშვა. ქალი გადმოხტა და კაცი-გველისაკენ გაიქცა.
      - ეფმადორა, აქ რამ მოგიყვანა? – ჰკითხა ეფროსმა. ეფმადორამ არაფრად ჩააგდო ეფროსის შეკითხვა და კაცი-გველს მიუახლოვდა.
      - შვილო, ჩემო უსაყვარლესო შვილო, ჩემო პატარა პეპელა, მაპატიე თუ შეგიძლია. – ქვითინებდა ეფმადორა. – მე შენ თან წაგიყვან. სულ ჩემთან იქნები, ყველაფერს შეგისრულებ, ოღონდ მაპატიე. – არ ცხრებოდა ქალი.
      - შვილო? – გაკვირვებულმა და ამავე დროს განრისხებულმა ეფროსმა ეფმადორას შეხედა. – ეს ბინძური გველი შენი შვილია? ესეიგი ჩემი ძმაა? ეს შეუძლებელია.
      - ჰო, ეფროს შენიძმაა. ძმებში ყველაზე კეთილი და ნაზი ბუნების სწორედ ეს ურჩხული იყო. მთელი ბავშვობა მზის სხივებს ეთამაშებოდა. ჩიტი ან პეპელა უნდოდა გამხდარიყო. მთელ არამარეს მისი კისკისი აყრუებდა. ერთ მშვენიერ, უფრო სწორედ უბედურ დღეს, მართლა გამოება პეპლის ფრთები და ნელ-ნელა, ნარნარით დაიწყო მაღლა მზისკენ ფრენა. მაშინ კი აივსო ჩემი მოთმინების ფიალა. საუკუნეების მანძილზე არც ერთ ჯადოქარს არ უგემია ასეთი სირცხვილი, როგორც ჩემს ოჯახს. სწორედ მაშინ იყო, რომ დავწყევლე საკუთარი შვილი, არც დავფიქრებულვარ, თუ რა შეიძლებოდა ამას მოჰყოლოდა. დავწყევლე, რომ მზის სხივი ცხოვრებაში ვეღარ ეხილა და მთელი თავისი ცხოვრება ჯურღმულებში მცოცავ არსებად გადაქცეულს გაეტარებინა. დავწყევლე და იმ წუთშივე მწარედ ვინანე. რაც ვნახე, ჯობდა არ მენახა, ან იქვე მოვმკვდარიყავი. როგორ არ ვეცადე, რანაირი ჯადოქრობა არ გამოვიყენე, მაგრამ ჩემი შვილი ვეღარ დავიბრუნე. ის ვეღარც მე მცნობდა და ვეღარც საკუთარ ძმებს. მის მახინჯ სხეულში, კიდევ უფრო მახინჯი სული ჩასახლდა. მხოლოდ ბოროტება ასულდგმულებდა და ძალას მატებდა. მაშინ ჩავიქნიე ხელი, ჯადოქრობას თავი მივანებე და აქედან ძალიან შორს, ადამიანის ხმას რომ ვერ გავიგებდი, იქით გადავიკარგე. უცნაურია, მაგრამ დღეს ჩემი შვილის ტირილის ხმა მომესმა, თითქოს ჩემს გვერდით იჯდა და საცოდავად ზლუქუნებდა. – ეფმადორამ დაამთავრა საუბარი, კაცი-გველი პატარა ბავშვივით ხელში აიყვანა, ეტლში ჩასვა და გაუჩინარდა.
      ყველა დადუმებულიყო. გრძნეული ეფროსი ჩუმ-ჩუმად იწმენდდა ცრემლებს.
      კარგა ხნის შემდეგ, პირველი მეფე აბესალი მოეგო გონს.
      - ყველაფერი დამთავრდა ჩემო ეფროს, ალბათ ეს საუკეთესო გამოსავალია. შენს ძმას აღარაფერი ეშველება. სამაგიეროდ დედის გვერდით იქნება და პეპლობაზე იოცნებებს. შეიძლება ოდესმე კიდეც აისრულოს ოცნება. ახლა კი დავიძრათ, ქალები გველოდებიან.
      ჯარმა საქარიისაკენ აიღო გეზი. ჯარს წინ იანგული და ქანელი მიუძღოდნენ. სელინა ცალკე ცხენზე იჯდა და თავი ისე ეჭირა გეგონება მთელი ცხოვრება ცხენის ჭენებაში გაატარაო. აქა-იქ სიმღერაც წამოიწყეს.
      უცებ ქარმა წამოუბერა. ჰა, ჰა, ჰა, მოესმათ მეომრებს.
      - რა ხმაა? – იკითხეს ცოტა შეშფოთებულებმა.
      - არაფერი, ამინდი იცვლება, ქარის ხმაა. – უპასუხა იანგულმა. იანგულის ნათქვამმა დააწყნარა ხალხი და ქალაქში მშვიდად შევიდნენ.
      ჰა, ჰა, ჰა – არ ჩერდებოდა ქარი.
                      ქარი თუ. . . . . . .


                                            გაგრძელება იქნება
         


   





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები