ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კესო
ჟანრი: პოეზია
7 ივლისი, 2009


სიბერის პრელუდია

აქ წერტილს არ ვსვამ...
სასაცილო იქნებოდა ასე დაწყება,
თუნდაც სიბერის...
და თუმცა თავსხმა ჩემს სურვილებს
სველ თმებში ხლართავს,
ამ სისველეს ისე ვიფერებ_
გახუნებულ თვალებით  ვართავ
ჭრელ მოგოგნებებს და არა, არ ვსვამ,
არც ვეწევი, ისე... ვისვენებ...
არა ვსვამ_მეთქი, თორემ, აბა, რა ბედენაა
(ვისკი ისედაც უხდება წვიმას)...
ფიქრი წყალივით ამედევნა და მგონი გამცდა,
ბედისწერაა სიყვარული ,თუ ვენდეტაა,
გადმომაბრალა ფოთოლცვენა, ქარიც და წვიმაც,
ჩამოაბერა სურვილები ფერად-ფერადი
და პილიგრიმთა თუ მომლოცველთა
ცისფერი მექა_აქაც და იქაც-
ნამსხვრევად იქცა-დერვიშების თავშესაფარი....
ღვინოც წყლად მექცა, სიტყვა_სეტყვად, თან მიზანს ასცდა,
არ შეიწოვეს მოდრეიფე წყალში ფესვებმა,
ცა ცის კიდიდან ჩამოიქცა და გუბედ ჩაწვა
მაზუთიანი ასფალტების ფოიერვერკებთან...
აქ წერტილს არ ვსვამ...
გაწვდილი ხელით კიდევ ერთი უღიმღამო დღე ვიმათხოვრე,
დგას კართან როგორც გალუმპული ერთგული ტაქსა
წყნარი მზერით და უნებლიედ მაინც მაგონებს,
რომ დღეს თუ არა, რომ ხვალ თუ არა, რომ ზეგ თუ არა,
ახლოა უკვე_გაბრუნებას აღარ აპირებს
გაუქმებული კლიტეების  საკეტთა ასხმა_
ჩემი სიბერის პრელუდია და სიმარტოვე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს