ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
11 ივლისი, 2009


შვიდი მნათობი და შუაღამური

   
    გუშინ ეს ლექსი ყოველგვარი განმარტების გარეშე დავდე.მაგრამ  მე ხომ ვერ მოვისვენებ, ნაამები სტუმარი  ძალით სამზარეულოში რომ არ შევახედო ან რეცეპტის დეტალებით მაინც არ გადავღალო.
ნინო დარბაისელი

(ჩემი სავარჯიშოებიდან)





        გუშინ პარასკევი იყო და რამდენიმე ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთი ერთდროულად გამოვიდა.
ჩემს კოლეგებს და მე დიდიხანია, ჩვევად გვაქვს, ვიმსჯელოთ ახალი პუბლიკაციების შესახებ. ხშირად ვკამათობთ კიდეც.
    ერთ ჟურნალში ერთი ძალზე კარგი პოეტის კარგი ლექსი იწყებოდა სიტყვით ''ჟრჟოლა''. მე დავიჩემე,რომ ეს დიდი დეფექტი იყო,რადგან ბგერათა ამგვარი თავმოყრა პირველსავე სტრიქონში ბარიერს ქმნიდა ლექსის გაჟღერებსას.
/ცნობილია,რომ ჩუმად კითხვისასაც კი ჩვენი სამეტყველო აპარტურა მუშაობს,ოღონდ ასე ვთქვათ ''ეკონომიურ რეჟიმში'' ,ანუ ტექსტი წარმოუთქმელად ხმიანდება ჩვენში./
        შევყევით კამათს და მე დავიწყე მტკიცება:
იმისათვის,რომ ეს სიტყვა ''ჟრჟოლა'' ტექსტში ორგანულად ჩაჯდეს,არავითარ შემთხვევაში მისით არ უნდა დაიწყოს არათუ მთელი ლექსი, არამედ სტრიქონი. საჭიროა, მის ირგვლივ ჟღერადი ფონი მომზადდეს და ა.შ. /ასეთ შემთხვევებში ამბობენ ჩემი მეგობრები, ნინოს თუ ერთი გადაეკეტა,მორჩა,ფეხს ვეღარ მოაცვლევინებო/ცუდები!/.
ვიდრე ლექსზე სამუშაოდ დავჯდები,ჩვეულებრივ,ასე ხდება, იმდღევანდელი ერთი კი არა,რამდენიმე მნიშვნელოვანი თუ თითქოს ნაკლებმნიშვნელოვანი მოვლენა და ემოცია უცნაურად უნდა დაკავშირდეს, უნდა შეერთდეს ჩემს არსებაში.
          ჯერ ლექსს გაგაცნობთ,მერე იმ მოვლენებზეც გეტყვით ორიოდე სიტყვას:



შუაღამური


მკითხა: ამ ღამით ვინ დაგტოვა ქუჩაში მარტო?
მივუგე: რა ვქნა, გავაცილე სტუმარი ღამის.

მკითხა: მეცნობი,სად ცხოვრობო.
მივუგე: ახლო.

მკითხა: არ გინდა,მიგაცილო?
მივუგე: კარგი!

მკითხა: სახელი რა გქვიაო.
მივუგე: ანა.

მკითხა: როდესაც დამინახე,სულ არ შეშინდი?
მივუგე: ცოტა, როცა ჩრდილმა გაიხმიანა.

მკითხა: არ გცივა? მოიხურე ჩემი ჟაკეტი!
მივუგე: გმადლობ.რა თბილია! როგორ მეამა!

მკითხა: თუ გჯერა, ვარსკვლავების ან ბედისწერის?
მივუგე: მგონი, ვარსკვლავები მუდამ ტყუიან.

მკითხა: ეს არის შენი კარი?
მივუგე: დიახ!

მკითხა: გექნება ჭიქა ჩაი?
მივუგე: არა!

მივკეტე კარი და ჟრჟოლამაც გადამიარა.



      ბოლო სტრიქონში შენიშნავდით სწორედ იმ სიტყვა ""ჟრჟოლას'', რომელსაც ,ჩემი ჩანაფიქრით,კომპოზიციურად ამზადებს მთელი ტექსტი.
      ახლა სხვა ამბები: მე არაერთგზის აღმინიშნავს , რომ თანამედროვე ქართული პოეზიის ერთ-ერთი ნაკლი გამომსახველობით ფორმათა ერთფეროვნება და სიმწირეა. ეს განსაკუთრებით შეეხება რიტმიკის სფეროს.
არადა,დაინტერესებული პოეტისათვის ამ მიმართულებით,მართლაც ზღვა მასალა არსებობს. ზოგი ჩვენს პოეზიაში საუკუნეთა წინ უკვე რეალიზებული და კარგად დავიწყებულია / ანუ მზადმყოფი - გახდეს ახალი'/, ზოგი აღმოსავლური, რომელთანაც ჩვენი პოეზია უღრმესი ფესვებით არის დაკავშირებული, დასავლურიც არანაკლებია. უბრალოდ, უნდა გინდოდეს, გააცოცხლო და მასზე დაყრდნობით გააკეთო რაღაც განსხვავებული და ძალიან არ ჰგავდე შენსავე თანამედროვე სხვა პოეტებს, იყო ''შენ''!
      გუშინ პარასკევი იყო...განა ამ წინადადებით არ დავიწყე ეს ოპუსი?...მაგრამ ახლა განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. გამახსენდა,რომ არსებობს ჩემი აწ გრდაცვლილი მეგობრის შურა გვახარიას წერილი ''ნიზამი და გურამიშვილი'' სადაც იგი საუბრობს ნიზამის ერთ ნაწარმოებზე, - ბაჰრამ ნამე''  ანუ ,,შვიდი მნათობი'' რომლის სტრუქტურაც კვირის დღეების მიხედვით არის აგებული და სწორედ პარასკევია ბოლო დღე. და მას სათაურად ჰქვია:
'' წალკოტის მეპატრონე ჭაბუკისა და მეჩანგე მხევალის არაკი``:
/სრული სახით ეს წერილი მოთავსებული მაქვს ლიტერატურა.გეს ფორუმზე,თემაში ''ქ ართული ეროტიკული პოეზია/.
აი,როგორი სტრუქტურა აქვს ერთ მის ფრაგმენტს:


ჰკითხა: რა გქვია? მიუგო: ბედი!
ჰკითხა: სადაა შენი ადგილი? მიუგო: ტახტზე!
ჰკითხა: რა არის შენი საწყისი? მიუგო:სხივი!
ჰკითხა: ავი თვალი შენგან?.. მიუგო: შორს!
ჰკითხა: რის ჰანგი გფარავს? მიუგო: საზის!
ჰკითხა: რითი ხარ მომხიბლავი? მიუგო: სინაზით!
ჰკითხა: დავკოცნოთ ერთმანეთი? მიუგო: სამოცჯერ!
ჰკითხა: დავიწყოთ უკვე? მიუგო: დროა!
ჰკითხა: იქნებ ჩემი? მიუგო: უმალ!
ჰკითხა: აღსრულდეს ეს სურვილი? მიუგო: დაე!

      მიჯნურთა გაბაასება, ქალ-ვაჟის დიალოგი აღმოსავლურიდან ქართულ პოეზიაში დიდი ხნის წინათ არის შემოსული.მაგრამ ჩანს, მას ჩვენი ზეპირსიტყვიერებითი ძირებიც აქვს, ალბათ ისევე,როგორც ნებისმიერ ნაციონალურ ლიტერატურაში ./ამაზე კვალიფიციური პასუხის გაცემა ფოლკლორისტებს მივანდოთ/.
მოკლედ , ჩემი ამოცანა ასე ჩამოვაყალიბე: როგორ არის შესაძლებელი, გაბაასების ეს ძველი ფორმა გამოვიყენო თანამედროვე ლექსის შესათხზავად?რა არის საჭირო მისი მოდერნიზაციისათვის,რომ მოერგოს ახალი მკითხველის მოლოდინს?
        ''დავდგი'' ყოფითი სიტუაცია. ავირჩიე სადა ლექსიკა, იმაგინაციური კონკრეტულობისთვის ავირჩიე უცხო , /ქართულისთვის უცხოდად მჟღერი , არაპოეტური /სიტყვა ''ჟაკეტი'', მაგრამ მარტო რომ არ დამეტოვებინა, ამ პატარა ლექსის ფინალთან ბგერწერულად დავაკავშირე. თანაც სწორედ იმ სიტყვასთან, რომლითაც დავიწყე ფიქრი- "ჟრჟოლა''. უკეთესი ფიქსაციისათვის შევარჩიე სიტყვა: მივ-კეტ-ე,რომელიც შეიცავს ჟა-კეტ-ის შუა ბგერათკომპლექსს- ''კეტ'' ,  უარი ვთქვი რითმაზე, შემოვიფარგლე მინიშნებითი რითმებით, გარდა ორიოდე გამონაკლისისა , რომელიც გარე რითმის მოსალოდნელ პოზიციაში არ არის მოთავსებული ,თუმცა ბოლოში რიტმული მდინარების შესაკრავად უფრო გავამკვეთრე რითმული კავშირი (არა//გადამიარა) და მის ნაცვლად  ძირითადად გამოვიყენე აი ,ია, უი , უა და ა.შ  ხმოვანთა მრჩობლედები//წყვილები/. რაც შესაბამისად დავაფიქსირე სათაურშიც'' შ-უა-ღამური''. ლექსი მაქსიმალურად განვტვირთე პოეტური სახეობრიობისაგან . კლიშე-პოეტიზმებისაგან. ავირჩიე აღმოსავლური წარმოშობის ე.წ. დიდბესიკური რიტმის ვარიაციები, ხოლო .აქცენტი გადავიტანე ინტონაციაზე.საბოლოოდ მივიღე პოლიმეტრული ვერბლანი.
იმედი მაქვს, რომელიმე მაძიებელი ნატურის ახალგაზრდა პოეტს შუაღამურის'' გაცნობა უბიძგებს,განაგრძოს შემოქმედებითი მუშაობა ამ ფორმის უკეთ დამუშავებისათვის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები