ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
11 ივლისი, 2009


ფიქრები გალაკტიონზე


ახლა ღამეა არსაით ჩანს ჩემი ეოსი
და მწუხრი ფარავს შეცივებულ ფანჯრებს, ვერანდებს,
ო, რატომ მჩუქნით ამ მირაჟებს, სევდით შემოსილს,
სერაფიმებო სიმყუდროვე გამიფერადეთ...
მომიახლოვდით, ვერ გავუძლებ გიჟურ ექსტაზებს,
ბორგვა სიმშვიდეს ეხეთქება, როგორც ცუნამი,
არ მინდა ფიქრი, ნაოცნებარ კოშკთა ნგრევაზე,
არ მინდა გრძნობა, სიყვარულად დაუწურავი.
არ მინდა ლექსი, თუ არ ეტრფის ღვთიურ ქარიტებს,
თუ წუთისოფლის გოლგოთაზე სულს ვერ აიტანს,
ამაოების სისასტიკეს თუ ვერ დაიტევს,
სხვათა ტკივილზე აუტკენი გული არ მინდა.
მოვიდეს მუზა, რომ ცეცხლისფრად ვეცეკვო ტანგო,
იყოს ღიმილი, იყოს თუნდაც ეფემერული,
სიურჩისათვის ულმობელმა თემიდან დამგმოს,
ფანჯრიდან მიწას დავენარცხო გადარეული.
თქვენთვის ხომ მაინც ჩირად ფასობს ჩემი ცხოვრება,
რა ვქნა, არასდროს მიტაცებდა ქამელეონი,
დღეს ბედი ჩემი ჰგავს აღმართზე ქვის აგორებას,
სიმარტოვესთან წამიგია სანაძლეონი...
ჩნდება ღიმილი, მსუბუქი და ეფემერული,
სადღაც მღერიან და სიჩუმეს არღვევს კაბარე,
ფანჯრიდან  მიწას ვენარცხები გადარეული,
ეოსი არ ჩანს და მე თვითონ ღამეს ვამთავრებ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები