ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როლანო
ჟანრი: საბავშვო
11 ივლისი, 2009


სქარია-3 (თავი მესამე)


საქარია თავდაცვისათვის ემზადება


თავი მესამე

დიდხანს იფრინა ცისფერ-ვარდისფერმა პეპელა-ირიმ. დაიღალა. ხან წვიმაში მოხვდა, ხან ქარი მიაქროლებდა გაურკვეველი მიმართულებით. გადაწყვიტა დაესვენა. ფერად-ფერადი ყვავილებით მოფენილ ბუჩქზე ჩამოჯდა და არომატულ წვენს დაეწაფა. ისეთი მოშიებული იყო, რომ ვერც კი შეამჩნია, იქვე ქვაზე ჩამომსხდარი და ხმადაბლა მობუბუნე ორი საზარელი არსება.
პეპელამ შიშისაგან კინაღამ შეჰკივლა, მაგრამ თავი შეიკავა. თვალებში შიში ჩაუდგა.
- შეუძლებელია, ნუთუ ვერ უნდა დავაღწიო თავი ამ ურჩხულს? - სასოწარკვეთით ჩაიჩურჩულა პეპელა-ირიმ. - ნეტავ რაზე საუბრობენ? ან მეორე მონსტრი ვინ არის, მკვდარს რომ ჰგავს? - პეპელა, რამდენადაც შესაძლებელი იყო, ახლოს მიუჩოჩდა მოსაუბრეებს. ამ ადგილიდან, გარკვევით ისმოდა ლაპარაკი.
- უნდა გაანადგურო ჯურხან, საერთოდ მოსპო და აღგავო პირისაგან მიწისა. საქარიამ აღარ უნდა იარსებოს. უფრო სწორედ, საქარიელებმა, თავისი ლაწირაკი, ცხვირმოუხოცავი მეფიანად. ქვეყანა კი, მე დამრჩება, მე ვიქნები საქარიის მეფე, ოღონდ სახელს გადავარქმევ, ცოლს მოვიყვან, გავმრავლდებით და სულ ჩვენ ვიქნებით.
- შენ რა, შეყვარებული ხომ არ ხარ შემთხვევით? - ჩაიღიმა ჯურხანმა. - ურჩხულმა თავი დახარა, უფრო სწორედ თავები და ჩაიჩურჩულა.
- ჰო, მგონი.
- ჰა, ჰა, ჰა, შენ და სიყვარული? ძალიან გამამხიარულე ხომ იცი, ვინ არის ის ბედნიერი, შენნაირ ვაჟკაცთან რომ უნდა შექმნას ტკბილი ოჯახი? - ურჩხულმა კიდევ უფრო დაუწია ხმას.
- ქალი-ყინვა.
- ქალი-ყინვა? შენ გაგიჟდი? ის ხომ მზეთუნახავია, შენნაირ მახინჯს ზედაც არ შეხედავს.
- გეგონოს, ჯურხან ძვირფასო, ჩვენ ბავშვობიდან გვიყვარს ერთმანეთი. იმ დროიდან, თუ გახსოვს, პეპლებს რომ დავდევდი. ჩემი გულისათვის ზამთარს აჩერებდა და გარშემო სულ სითბო იყო.
- ეგეთი სიყვარული თუ გქონდათ, ასე რამ გაგაბოროტა? - გაიკვირვა ჯურღმულების მბრძანებელმა.
- სიმახინჯემ, ჩემო ჯურხან, სიმახინჯემ. მაგრამ, ამას წინათ ქალი-ყინვამ მითხრა, როგორიც არ უნდა იყო, მაინც მეყვარებიო.
- მეცოდები ევპრის, მართალია ეს ჩემთვის უჩვეულო გრძნობაა, მაგრამ ორივე შემთხვევაში დაღუპული ხარ.. - ურჩხულმა გაკვირვებით შეხედა ჯურხანს, მაგრამ მის თვალებში სისასტიკის მეტი ვერაფერი ამოიკითხა, რამაც, გაურკვეველი, ეჭვი გაუჩინა თვით მოსაუბრის მიმართ. რაც შეეხება საქარიას, მეც დიდი ხანია თვალი მიჭირავს მაგ ქვეყანაზე, ასე რომ, ბუნაგი შენთვის და ქალი- ყინვასათვის სხვაგან ეძებე. საქარია ჩემი უნდა გახდეს. “ჯურღმულეთის მშვენება” ერქმევა. საქარია-შაქარია, რა სახელია, ტფუ, - გადააფურთხა ჯურხანმა. ძალიან მშრომელი ხალხია, გამომადგებიან. ჩემთან ბევრი საბადოა და დიდი მუშახელი მჭირდება. ცოტა ხანში საქარია თავისი ხალხით მიწისქვეშეთში აღმოჩნდება, ისე რომ თვითონაც ვერ მიხვდებიან, თუ როგორ გადაიქცა მათი მზიანი საქარია, ჯურღმულეთის ერთ-ერთ ნაწილად, “ჯურღმულეთის მშვენებად”. ჰა, ჰა, ჰა, - მხიარულობდა დიდი ჯურხანი და შიგადაშიგ ურჩხულ-ევპრისს ირონიულად გადახედავდა ხოლმე. ევპრისი იჯდა მხრებჩამოყრილი.
- ამისთვის მოვკალი მეგობარი ქამეხი? ამისათვის გავსრისე ჩემი უსაყვარლესი პეპელა-ირი?
- პეპელა-ირი არ გაგისრისავს, უფრო სწორედ, ვერ გასრისე. ვფიცავ, შენს გაჩენაში ღმერთის ხელი არ ურევია. - ჩურჩულებდა პეპელა.
- ამისათვის გავამწარე დედაჩემი? - წამიერად სინანულმა ჩამოუქროლა ურჩხულის სულს, მაგრამ, მხოლოდ წამიერად და სამუდამოდ დატოვა ეს მახინჯი და გახრწნილი ბუნების საზარელი არსება. - კარგი, საქარიას რაც გინდა ის უქენი, - გამოერკვა ევპრისი, - მაგრამ ერთი სათხოვარი მაქვს, მეფე იანგულის კვერთხი, მე უნდა ჩამიგდო ხელში.
- მეფის კვერთხი რაღად გინდა, რა თავში იხლი? - გაიკვირვა ჯურხანმა. ეგეთ კვერთხს, ხუთს მოგცემ თუ გინდა. ამოირჩიე: ოქროსი, ვერცხლის, მარგალიტითა და იაგუნდით მოჭედილი.
- არა, არა. მომეცი პირობა ჯურხან, კვერთხი ჩემია, ჩემი ხელითაა დამზადებული. ეს ერთადერთია რაც მე მჭირდება, დანარჩენი ეშმაკსაც წაუღია. - საცოდავად ემათხოვრებოდა ევპრისი ჯურხანს.
- კარგი, მოვილაპარაკეთ. ორ-სამ დღეში საქმეს ბოლომდე მივიყვან, მეოთხე დღეს აქ დამელოდე. ჰო, შენთვის ბუნაგი მოძებნე, ასე ნუ დადიხარ, ვინმეს არ შეუყვარდე. ჰა, ჰა, ჰა - გადაიხარხარა ჯურხანმა. იქვე მიწა გაიხსნა და მიწისქვეშეთის მბრძანებელი თან ჩაიყოლა.
ევპრისი-ურჩხული კი წაბაჯბაჯდა ბუნაგის საძებნელად, რათა დღისით დამალულიყო, რომ ვინმეს შემთხვევით თვალი არ მოეკრა მისთვის.
პეპელა-ირი როგორც კი მიხვდა, რომ მისი აღმოჩენის საშიშროება აღარ იყო, ლამაზი ფრთები შეიფერთხა და საქარიისაკენ აიღო გეზი.
საქრიელები განცხრომას მისცემოდნენ. ქეიფსა და ღრეობაში ატარებდნენ ძირითად დროს, ერთადერთი, გრძნეული ეფროსი იყო დადარდიანებული.
- იანგულ, ბოდიში მომითხოვია, საქმეს რომ მოგწყვიტე, მაგრამ სალაპარაკო მაქვს, ქანელსაც სთხოვე შემოგვიერთდეს. - ეფროსის საუბარში ირონია იგრძნობოდა, მაგრამ იანგულმა არ შეიმჩნია და თავი დაუკრა. გრძნეული გარეთ გავიდა და ბაღში სკამზე ჩამოჯდა. იანგული და ქანელიც ფეხდაფეხ მიჰყვნენ.
- იანგულ, ძალიან მიჭირს ლაპარაკი, მაგრამ, მამაშენის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანა უკან-უკან მიდის. აღარავინ მუშაობს, აქაოდა მტრები აღარ გვყავსო, სულ ქეიფსა და დროსტარებაში არიან. შენ უკვე მეფე ხარ და არა უფლისწული, მეტი პასუხისმგებლობა გმართებს. შენ რაღას უყურებ ქანელ, რატომ არ ეტყვი შენს მეგობარს რასაც ფიქრობ?
- ვეუბნები ეფროს, მაგრამ უშედეგოა ჩემი მცდელობა, რაიმე შევცვალო. სამეფო კვერთხს ხელიდან არ უშვებს, დაჰკრავს ძირს და დარტყმის ადგილიდან ოქროს ვაშლი ამოგორდება. აიღებს ვაშლს, ვინმეს ესვრის და ეუბნება: “რად გინდა მუშაობა, აჰა, ეს ვაშლი ერთი თვე გეყოფაო”.ყოველ დარტყმაზე ახალ-ახალი ოქროს ვაშლი გორდება.
- ეგ კვერთხი აბესალის ნაქონი არ არის, მახსოვს იანგული მეფედ რომ აკურთხეს, უცნობი მეფის იუველირმა მოუტანა საჩუქრად, კარებთან დადო და გაუჩინარდა.
- მახსოვს, მახსოვს - ჩაერია საუბარში იანგული, ხელში ისევ ის კვერთხი ეპყრა. - ულამაზესი ნივთია, იშვიათი ნაკეთობაა. - იანგულმა დაჰკრა ძირს კვერთხი და იქვე ოქროს ვაშლი გამოგორდა. - საოცარი რამაა - გაიღიმა ბედნიერად.
- ეგ კვერთხი უნდა გავანადგუროთ, ჩემი აზრით, სწორედ ეგ არის მთელი უბედურების მიზეზი. იანგულ, მომეცი, - ხელი გაუწოდა ქანელმა.
- არა, ჩემო კარგებო, ამას ვერ დავთმობ. - მეფემ თვალები მოწკურა და ქანელს მოეჩვენა, რომ ავი სხივი გამოკრთა იანგულის მზერიდან.
- ცუდად არის საქმე ეფროს, თუ დროზე არ ვუშველეთ, ეშმაკი სრულად დაეუფლება მის სულს.
- შენც შეამჩნიე მის მზერაში ცვლილება? - წასჩურჩულა ეფროსმა ქანელს.
სად იყო, სად არა, პეპელა ირიც გამოჩნდა, იქვე ტოტზე ჩამოჯდა, ცისფერ-ვარდისფერი ფრთები დაიფერთხა და იკითხა.
- გრძნეული ეფროსი სად შეიძლება ვნახო? - თან კითხვა თვით ეფროსს დაუსვა.
- მე ვარ ეფროსი. - პეპელამ გადაიკისკისა.
- ეგრეც მივხვდი, გავხართ კიდეც, აბა ესენი ხომ არ იქნებიან გრძნეულები? - ირიმ იანგულსა და ქანელს გადახედა და გრძელწამწამიანი თვალები კეკლუცად აახამხამა. - ახლა მომისმინეთ. შორიდან მოვფრინავ, ეფმადორამ გამომგზავნა, ევპრისი ურჩხულად გადაიქცა და ჯურღმულეთის მეფესთან მოილაპარაკა საქარიის განადგურების თაობაზე. ერთადერთი რაც ვერ გავიგე, ევპრისი ურჩხული სულ იმეორებდა, კვერთხი, იანგულის კვერთხი ჩემი ხელით გავაკეთეო. ნუთუ ეს მართალია?
იანგული გაფითრდა, კვერთხის გადაგდება მოინდომა, მაგრამ ხელიდან ვეღარ მოიცილა, ხელზე მიკვროდა. ქანელი მიუახლოვდა.
- გამაგრდი ძმაო, შეიძლება ცოტა გატკინო, - შესძახა, კვერთხი ხელიდან გამოგლიჯა, შუაზე გადატეხა და იქვე მოისროლა. კვერთხს იანგულის ხელიდან კანის ნაფლეთები აჰყვა, ხოლო თითებიდან სისხლმა თქრიალით დაიწყო დენა.
- შეხედეთ, ჩქარა - გაახედა პეპელამ მამაკაცები კვერთხისაკენ. კვერთხის ნამტვრევები გველებად ქცეულიყო. გველები აქეთ-იქით აწყდებოდნენ და საზიზღრად სისინებდნენ.
- გასრისე ქანელ, გასრისე ეგ უწმინდურები. - ქანელმა ხმალი ამოიღო და გველები ნაკუწებად აქცია. შემდეგ იანგულს გახედა, რომელსაც კვლავ კეთილშობილი მზერა დაბრუნებოდა. ძმადნაფიცს გული სიხარულით აევსო. ეს ისევ ის იანგული გახლდათ ქანელმა რამოდენიმე წლის წინ რომ გაიცნო ტყეში.
- ქანელ, შენ არ იცი რა ხიფათს ამაცილე, - წამოიძახა იანგულმა. - ნელ-ნელა მეც კაცი-გველს ვემსგავსებოდი. რა სულელი ვიყავი. ძალიან სუსტი აღმოვჩნდი. სიმართლე გითხრა, წესით მეფე შენნაირი უნდა იყოს.
- არა იანგულ, მე სწორედ ჩემი ადგილი მიკავია. წამოდი ჯობია შენს ხელს მივხედოთ, სისხლდენა გაქვს. - ძმადნაფიცები ერთად გაუყვნენ ბილიკს სასახლისაკენ.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები