ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვასასი
ჟანრი: იუმორისტული
7 აგვისტო, 2009


გზაში

     
სადღაც რაღაც მოვიგე. რაღაც კი არა, საგზური მილანში, სან სიროზე, “მილანის” მატჩზე. ვაშააა!!! ჭკუაზე არ ვარ, გიჟივით ჩავყარე ჩემს განუყრელ, გაურკვეველი მწვანე ფერის რუკზაკში ორი შავი მაისური, მოვიგდე ზურგზე და თავპირისმტვრევით ჩავირბინე კიბეები. არა, რა მაგარია! სანუკვარი ოცნება ერთბაშად ამიხდა! მილანში მივდივარრრ!!!... ჰმ, გადაირევა კაცი! სანდროსაც ვნახავ! ძირითადში იქნება! ნეტავ რეალურად როგორია? მითხრეს, არატელეგენურია და ცოცხლად უფრო ლამაზიაო. ეეჰ,. ვერ ვნახე თბილისში რომ იყო, დღემდე ვერ მომინელებია. ჩემთვის ტრაგედიაა 2006 წლის 10 ოქტომბერი.. მაგრამ ახლა აღარ მინდა ამაზე ფიქრი! მორჩა, მილანში მივდივარ!!

ტუტუცივით ვიქცევი გაჩერებაზე. ყველა სამარშრუტო ტაქსის გადავუხტი წინ. ბოლოსდაბოლოს, აღმოვაჩინე აეროპორტისაკენ მიმავალი! ავედი და მთელი ძალით ჩავეხეთქე! დიდი გზაა გასავლელი! ჰოდა მეც ყურადღებას არავის ვაქცევ. ხელში მაგრად მაქვს ჩაბღუჯული გაურკვეველი მწვანე ფერის რუკზაკი და საგზური. მოხერხებუოლად მოვკალათდი ფანჯრის მხარეს და თავი იმ ოცნებას მივეცი, რომელიც რამდენიმე საათში განხორციელდება.

“-რომ ჩავალ, გავვარდები სასტუმროში, დავაგდებ ბარგს... თუმცა, სად მაქვს ბარგი?! არაფერსაც არ დავაგდებ, არც არსად წავალ. მივადგები სან სიროს და ჩემს სათაყვანებელ ქონგურებიან სტადიონთან ჩემს საყვარელ ფეხბურთელს დაველოდები. ყველაფერს ვიზამ ავტოგრაფი რომ ჩამოვართვა. ერთი სული მაქვს, რეალურად ვნახო...” - სამარშრუტო ისე ჩაეხეთქა შუა გზაზე ოსტატურად თვითნაკეთ ორმოში, კინაღამ ძირს აღმოვჩნდი! გაბრაზებულმა იმაზე, რომ ოცნება საინტერესო ადგილას შემაწყვეტინეს, დაბოღმილი თვალები მოვავლე ირგვლივ, კეპი ჩამოვიფხატე და ჩემს ოცნებას დავუბრუნდი..

“-აი, მატჩზე რომ მივალ, თამაშს რომ უეჭველად “მილანი” მოიგებს,მე სულ ნესტას ყურებაში ვიქნები. მისი თამაშისა და სირბილის სტილს (ისევე, როგორც “მილანის” სხვა ფეხბურთელებისას) შორი მანძილიდანაც შესანიშნავად ვცნობ... მერე მატჩი რომ დამთავრდება...”

- ბოლო გაჩერებაა, არ ჩადიხარ? - უკმაყოფილო სახით მომიბრუნდა
ღაჟღაჟალოყებიამი მძღოლი. მეც უკუსვლით ჩავიძურწე...

თავპირისმტვრევით გავვარდი აეროპორტის შესასვლელში და საფრენი ბილიკისაკენ ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე მოვკურცხლე. უცებ, ვიღაც მწვდა ქეჩოში... ჰმ, უნიფორმიანი პოლიციელი ყოფილა! აღმოჩნდა, რომ დიდი მონდომების წყალობით, თვითმფრინავის გასვლამდე რამდენიმე საათით ადრე მივსულიყავი აეროპორტში. ნირი წამიხდა, მაგრამ ამას ჩემთვის ხელი არ შეუშლია. აჟიტირებული ვარ!..

ახლომახლო მდებარე ინტერნეტკაფეს ძებნას შევუდექი. ფორუმზე მინდა შესვლა. ნესტას ტოპიკი ამ ბოლო დროს ძალიან აქტიურია... კანკალით ვხსნი ორ ფანჯარას. ორივე ველში სხვადასხვა და ჩემთვის საყვარელი ფორუმების მისამართებს ვწერ და გახსნას ველოდები. ჰმ. არაფერია, კალას ჯერ არ დაუყრია ახალი სურათები...
ნირწამხდარმა მივაგდე სკამი გვერდზე, წამოვიკიდე ჩემი გაურკვეველი ფერისა და სხვადასხვა წარწერებით აჭრელებული რუკზაკი და ნელი ნაბიჯით გავუტევი ასფალტს. ხელში მაგრად მაქვს ჩაბღუჯული საგზური, რომელსაც ჩემი ოცნებების განხორციელება შეუძლია. მოუთმენლობისაგან ადგილზე ცქმუტვა დავიწყე.

როგორც იქნა, მეღირსა თვითმფრინავში ასვლა. მოვძებნე ჩემი ადგილი, ჩავეხეთქე, რუკზაკი და საგზური მაგრად ჩავბღუჯე, თვალებზე კეპი ჩამოვიფხატე და ოცნებაც შეწყვეტილი ადგილიდან განვაგრძე.

“- მატჩის შემდეგ ფეხბურთელები მაისურებს ცვლიან, ნესტა ამას არ იზამს. გადმოაგდებს ჩემკენ თავის მაისურს, უამრავი ხელი აღიმართება ჩემი მაისურის დასაჭერად. მოფრინავს მაისური, ვისთვის უბრალო, ოფლიანი და ვისთვის-მთელი საგანძური. აი, სულ ახლოსაა ჩემთან, არავის დაგანებებთ!!..”

ძლიერმა ბიძგმა დამაბრუნა რეალობაში. თვითმფრინავი მილანის აეროპორტში დაეშვა. იძულებული ვარ, პირი ყურებამდე გავუხიო წითელ, მოკლე კაბაში გამოწყობილ, იდიოტივით მომღიმარ სტიუარდესას, გაურკვეველი მწვანე ფერის რუკზაკი ზურგზე მოვიგდე და გასასვლელისკენ გავემართე. მივაგენი ჩემს სასტუმროს. ოთახი მომეწონა. ორი დღის მანძილზე მარტო უინტერნეტობა შემაწუხებდა, მაგრამ ამას როგორმე გადავიტან...

... უკანმოუხედავად გავრბივარ. გადავირბინე ჩემი ოცნების ქალაქის ქუჩები, ყურადღება არ მომიქცევია “Via Monte-Napoleone”-ზე ჩამწკრივებული სხვადასხვა სამოდელო “კაზებისთვის”. სან სიროს მივადექი. აქოშინებული ავვარდი ჩრდილოეთ იარუსზე. ჰმ, კარგი ადგილი შემხვდა;

დაიწყო მატჩი... ადგილზე ვერ ვისვენებ! აგერ, სანდროც...

- სანდრო, სანდროო!! - ფეთიანივით წამოვხტი. შავ-წითელში გამოწყობილი ტიფოზები ინტერესით მაკვირდებიან. - სანდროო!! - უკნიდან რამდენიმე კაცი მიჭერს. უკმაყოფილო ტონი აქვთ, იტალიურად ქოთქოთებენ. ჰმ, მეც ახლა ამათ ფილმის ყურებაში ვუშლი ხელს! ხმას აღარ ვიღებ, ჩემთვის ვიმეორებ ნესტას სახელს...

დამთავრდა მატჩი... წააგო “მილანმა”.. ცუდიაა... მოიცა, რა დროს ეს არის? ნახეთ, სანდრო ჩრდილოეთ იარუსისკენ მოემართება (თურმე, აქეთ ყოფილა გასახდელი). ჩემს ემოციებს ვეღარ ვიკავებ, ცრემლები ღაპაღუპით მცვივა, უზომოდ ბედნიერი ვიქნევ ხელებს და ბოლო ხმაზე ვხავივარ:

- მიყვარხარ, სანდროოო!...

ჩემმა ხმამ გუგუნით გადაუარა აბობოქრებულ სტადიონს და ექოსავით მომესმა შორიდან. სანდრომ მაისური გაიხადა და ჩემკენ ისვრის! ღმერთო, ღმერთო! აგერ, მოფრინავს როსსონერო, ჩემი ოცნების მაისური! ვისთვისუბრალო, აქოთებული და ვისთვის-მთელი საგანძური... ჩემია, თითქმის მივწვდი... გიჟივით ვიმეორებ: “მიყვარხარ, სანდრო!”...

ყრუ ბრახუნი გავიგე... თავიც რაღაცას მივცხე! გაბრუებული ვარ. ხელი მოვისვი. უზარმაზარი კოპი მაზის თავზე. ჯერ ბინდბუნდია. “ალბათ, ექვსი საათი იქნება” - ვვარაუდობ ჩემთვის. დაბეგვილი სხეული ძლივს ავათრიე საწოლზე და ცხრა საათამდე ფეხი არ გამინძრევია.

- ეს რას ნიშნავდა?! ეჰ, დამეჭირა მაინც! სიზმარსაც კი დაენანა ნესტას ოფლიანი მაისური ჩემთვის! - თვალებზე ცრემლი მომადგა, გული კი საკუთარ თავზე სიბრალულით ამევსო. უეცრად, შუა Pეკინზე გიჟური ხარხარი ამიტყდა.
“-ხომ ამბობენ, ვისაც ბარბარობა ღამეს ნახავ, შენი ბედიც ის არისო? მგონია გავგიჟდი!..”- ამას ვფიქრობდი მეორე დღეს ამჟამად უკვე სახლიდან უნივერსიტეტისაკენ მიმავალ გზაზე...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები