ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვასასი
ჟანრი: პროზა
13 აგვისტო, 2009


ესე ამბავი ნიკა ვარძელაშვილისა




  დილით მაღვიძარამ დარეკა. არ უნდოდა ადგომა, მაგრამ რომ გაახსენდა დღევანდელი საქმე, სიზარმაცე გადაავიწყდა.
  როგორც ყოველთვის, დატვირთული დღის რეჟიმი ჰქონდა. ამას ემატებოდა სულიერი მარტოობაც, რაც ერთგვარ დეპრესიულ ფონად გასდევდა მის ცხოვრებას.
  ნიკა ვარძელაშვილი, ჩვენში დარჩეს და უბადრუკი ტიპი იყო. მთელი ცხოვრება ჩრდილში ყოფნა სურდა. ამის კომპლექსი ბავშვობიდან გამოჰყვა და მხოლოდ ახლა მიხვდა, 23 წლის ასაკში. ზედმეტად მზრუნველი მშობლების გამოისობით მთელი ცხოვრება ფანჯრის რაფაზე მჯდომმა გაატარა. იჯდა და უყურებდა, როგორ ერთობოდნენ მისი თანატოლები ტალახის ნამცხვრების ცხობით და შურდა მათი...
  ნელ-ნელა, ქვეცნობიერად ჩამოუყალიბდა ფანჯრისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება. დეტალურად შეისწავლა ყველა მისი ნიუანსი; თითქმის უჯრედულად გამოიკვლია. მოზრდილობის ჟამსაც ისევე იჯდა ფანჯარაში, როგორც 5-7 წლის ასაკში მაგრამ ერთი განსხვავებით: ფანჯარაში კი არ იყურებოდა, არამედ აკვირდებოდა... უკვირდა, როცა შეამჩნევდა, როგორ იცვლებოდა მინა ამინდის მიხედვით. ფიქრობდა, რომ ცოცხალი არსება იყო, რომელიც მის ყოველ ნაბიჯს აკონტროლებდა.
  მის გარშემო მყოფებს უცნაურ ტიპად მიაჩნდათ. სულ მარტო დადიოდა, სკოლაშიც, უნივერსიტეტშიც... იჯდა და სწავლობდა. გოგონებისადმი განსაკუთრებული ყურადღება არასოდეს გამოუხატავს, სულ ბიჭებს აკვირდებოდა ქვეშ-ქვეშად, თუმცა არც ერთთან დაახლოებას არ ცდილობდა... არ სურდა საიდუმლოს აღიარება, ფანჯარასაც ვერ ანდობდა, თუმცა გრძნობდა, რომ უსულო მეგობარს თავიდან ბოლომდე გაშიფრული ჰყავდა...
  მერე თაია გამოჩნდა... იჯდა დიდთვალება გოგო მესამე რიგში და მონდომებით იწერდა ლექტორის ნათქვამს. იმ დღეს სახლში გვიან დაბრუნდა. ვერ დაიძინა. ქვეცნობიერად გრძნობდა, რომ მასში რაღაც გარდატეხა მოხდა. მეორე დღეს უნივერსიტეტის ბაღში დახვდა თაია, სკამზე იჯდა, მივიდა და გვერდით მიუჯდა... ასე გრძელდებოდა ერთი წელი:    ყოველდღე ერთსა და იმავე სკამზე, ყოველდღე ხმის ამოუღებლად...
  ბოლოს თაია აღარ ჯდებოდა სკამზე. ის კი ელოდა, ელოდა ქარშიც, თოვლსა და წვიმაშიც... ერთხელაც გადაწყვიტა 8 მარტი მიელოცა მისთვის. ტიტების თაიგულით ხელში, გამოპრანჭული მიადგა მესამე სადარბაზოს მეორე სართულს, მორიდებით დააკაკუნა და თაია იკითხა. გამოვიდა!.. ძალიან შეცვლილიყო! მუცელი გაზრდოდა, ხელში კი პატარა ბავშვი ეკავა.
  _მე ორი წელია გავთხოვდი!_უკმეხად მიაძახა და კარი მიუჯახუნა.
  ყვავილები  ქუჩაში მიმავალ ქალს მიართვა, შემდეგ სახლში დაბრუნდა. დაფიქრდა ქორწინებაზე და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ დაოჯახების დრო დასდგომოდა: კანდიდატი კი არსად ჩანდა. დიდხანს იფიქრა, დილით კი მმაჩის ბიუროში განცხადება შეიტანა და გაოგნებულ ქალს პრეტენზიული ტონით მოსთხოვა, რომ ერთ კვირაში ქორწილისთვის ყველაფრი მზად ყოფილიყო.
  მეორე დღეს ქალაქი შეძრა გაზეთებში გამოქვეყნებულმა განცხადებამ: “ნიკა ვარძელაშვილი ცოლად ნიკა ვარძელაშვილს ირთავს!”
  ძალიან პოპულარული გახდა, მედიამ მისი ქორწინებაც გააშუქა და დღის მთავარ მოვლენად აქცია. ქორწილის შემდეგ სახლში ახალი სტატუსით დაბრუნდა- დაქორწინებული! საწოლის მაგივრად ფანჯრის რაფას მიაშურა და განათებულ ქალაქს გადახედა. ჩაფიქრდა, გადაავლო თვალი თავის 23 წლიან ცხოვრებას და მიხვდა, კომპლექსები კვლავაც აწუხებდა, ამის შეგრძნება კი თავისდაუნებურად, საკუთარ თავთან ქორწინებით გაიმძაფრა. ახლა თავიდან ბოლომდე გრძნობდა საკუთარ არასრულფასოვნებას, თუმცა პესიმიზმის იოტისოდენა განცდაც არ გასჩენია.
  უყურებდა კორპუსების განათებულ ფანჯრებს და პირველად დაფიქრდა, თუ რატომ ჰქონდა სახლებს ამდენი ფანჯარა... თითოეულიდან გარესამყარო სხვადასხვაგვარად ჩანს. რთული აღსაქმელია ამ ყველაფრის ერთიანობაში მოქცევა და რთულია მათი განზოგადებაც. არადა ფანჯრიდან დანახული სამყარო მართლაც განსხვავდება რეალურისაგან. აუცილებელია იმ სამყაროს შეგრძნება, რომელშიც ვარსებობთ. არჩევანი უნდა გავაკეთოთ! კი მაგრამ, რომელი არჩევანი? არჩევანი რასა და რას, ცუდსა და კარგს შორის? მერედა ვინ განსაზღვრა, ვინ გამიჯნა რა არის კარგი და რა ცუდი? საკუთარი თავის ტანჯვისაგან სიამოვნებას მაზოხისტები იღებენ, სხვების ტანჯვისაგან კი_სადისტები! ორ უკიდურესობას შორის რომელია უკეთესი?..
  ერთი სიტყვით, იმ ღამეს იმდენი იფილოსოფოსა, რომ თავად აიხლართა საკუთარ ნააზრევში!
  მას შემდეგ ორი წელი გავიდა, ფანჯარასა და ხალხთან ურთიერთობ არ შეცვლილა. ყოველ დილით ჩევეად ჰქონდა თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპების გახსენება. ადგებოდა, ფანჯარასთან რამდენიმე წუთს გაშეშდებოდა და მერე დღეც იწყებოდა...
  ასე მოხდა ამ დილასაც. ფანჯარასთან მდგომს მოულოდნელად თავში დაარტყა, რომ მმაჩის ბიუროში იყო მისასვლელი! მედია საშუალებებს კიდევ ერთი სკანდალი ექნებოდათ გასაშუქებელი: “ნიკა ვარძელაშვილი ნიკა ვარძელაშვილთან განქორწინებას აპირებს!”
  ღრმად ამოისუნთქა, ფანჯარას ჩააკვირდა, შემდეგ თვალები დახუჭა და თავისით მოვიდა აზრი:
  ფანჯრები მხოლოდ სინათლის შემოსასვლელად კი არა, ეალურ ცხოვრებაში გასასვლელად არსებობს!




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები