ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვასასი
ჟანრი: პროზა
18 აგვისტო, 2009


მიცნობდეთ, ეს მე ვარ!...

საინტერესოა ზაფხულის თბილი, მთვარიანი საღამოები თბილისში... როცა ცენტრალური ქუჩიდან ოდნავ მოშორებით ცხოვრობ, ოთხივე მხრიდან 18 სართულიანი კორპუსები გაკრავს, თავად ერთ-ერთი ასეთი შენობის მეხუთე სართულის აივანზე დგახარ, მსუბუქი ნიავი ოდნავ არხევს კარში გამოჩრილ ჰაეროვან ფარადს, ოთახიდან კი დემაგოგიური, გულის გამაწვრილებელი მუსიკა გესმის. ეს ის მომენტია, როცა ერთ-ერთი ჩვენგანი კომპიუტერთან ზის და ფორუმ.გე-ზე პოსტავს...

გრძნობ, კომპიუტერის გახსენებაზე როგორ გაჟრჟოლებს. ისე ძლიერ გინდა მისი ნაწილი გახდე, რომ ხუჭავ თვალებს და ცხადად წარმოიდგენ, როგორ ეხება შენი თითები კლავიატურას. Mმერე მის სასიამოვნო ხმასაც შეიგრძნობ: ჯერ ნელა, შემდეგ უმატებ და ოთახში კლავიატურის გაბმული წკაპუნი ისმის.

უცებ თვალს ახელ და გინდა თავიდან მოიშორო კომპიუტერზე ფიქრი. სხვა სამყაროში გადასვლა გინდა. Aამ მიზნით მიაშურებ V სართულის აივანს. ცას ახედავ, შემდეგ კორპუსის განათებულ ფანჯრებს მოავლებ თვალს და ასტრიდ ლინდგრენის ზღაპრის პერსონაჟად იგრძნობ თავს, როცა კარლსონი და ბიჭუნა სახურავიდან სხვის სახლებს უთვალთვალებენ. სწორედ იმ მეთოდს მიმართავ, ოღონდ ოცნებაში... იცი, რომ დიდი უზრდელობაა ფანჯრების თვალთვალი და სხვისი მესიჯების კითხვა. ბავშვობაში მშობლებიც სულ ამას ჩაგჩიჩინებდნენ, მაგრამ რა ვუყოთ ცნობისმოყვარეობას? არც არაფერი! მივუშვათ თავის ნებაზე. მით უმეტეს, ახლა აივანზე მარტო დგახარ და არავინ გეტყვის: “სხვის ფანჯრებში რატომ იყურებიო”...

მეხუთე სართულს ორი აივანი აქვს. ერთის მხრიდან თითქმის სულ საძინებლები მოჩანს. ეს რამდენიმე დღეა, საკმაოდ უცნაური რამ ხდება მოპირდაპირე სახლის ერთ საძინებელში. ფარდა ჩამოუხსნიათ და კარგად ხედავ, როგორ წამოკოტრიალებულა ადამიანი საწოლზე და ტელევიზორს უყურებს. გაგიხარდებოდა ამას მარტო რომ არ აკეთებდეს, მეტად საინტერესო იქნებოდა. ასეთ მომენტებში დურბინდს ნატრობ, რადგან შენი გამჭრიახი თვალი ვერ აღწევს X სართულამდე. დაბერდი აშკარად, დროა უკვე, 18 წლის გახდი მცირე ხნის წინ...

მეორე სახლში ინაცვლებ. მაცივარი უდგათ, ბოლო მოდელის. ფირმას ვერ არჩევ. “ბეკო” უნდა იყოს_ ვარაუდობ შენთვის... ხშირად ხედავ როგორ აღებს მის კარს კოლორიტული ღიპისა და მოტმასნილი თეთრი შორტის მქონე შუახნის მამაკაცი და ჩაციებულ “”ოქროს ყაზბეგს” დიდი ნეტარებით იყუდებს. მესამე სახლში ტელევიზორი უდგათ, რომელიც კარგა ხანს კომპიუტერი გეგონა... ისევ კომპიუტერი, ისევ ინტერეტი, ისევ მოწერილი ბოლო პოსტები, ლანძღვა, გინება, სხვებისგან გარიყვა, შენი აზრის დაფიქსირება, “იმედის” შეურაცხყოფა...

თვალებს ხუჭავ!.. ერთი შეხედვით ეს სამყარო მისტიკურია, იდუმალი, მართლა შენი სამყაროა, როგორც “მეორე ცხოვრება” ინტერნეტში, სადაც სახელმწიფოთა შორის საზღვრები არ არსებობს. ნებისმიერი ადამიანი ყიდულობს, იშენებს, ცხოვრობს...
ნიავმა ისტერიკული ტირილის ხმა მოიტანა... მიცვალებულია მოპირდაპირე კოროუსში. შენ ეს იცი, რამდენიმე საათის წინ გითხრეს... გაგებისთანავე გიჟივით გარბიხარ აივანზე და ქალაქის ხმაურში ცდილობ ტირილის ხმა გაარჩიო, ეს ხომ ერთგვარ შვებას გგვრის... გიყვარს მიცვალებულები, ტირილი, გლოვა, კუბოები: შავი, ყვითელი, გალაქული, ლაქის გარეშე... უფრო ხშირად ფიქრობ იმაზე, რომ ანდერძად შენი შავ კუბოში დაგრძალვა დატოვო. სოლიდურია შავი ფერი, მდიდრული, თან ძალიან გიყვარს...

არ ჩანს შენი აივნიდან მწუხარების სახლი, არ ჩანს და განიცდი, გიჟდები, ნერვიულობ... შენ ხომ ძალიან გინდა თვალი შეავლო სანთელივით ყვითელ, კუპრივით შავ, ანდა პომიდორივით წითელ მიცვალებულს, დიდხანს უყურო, დააკვირდე, დატკბე მისი ჭირისუფლების გლოვით და შემდეგ კმაყოფილებით აღსავსე დაუბრუნდე შენს ყოველდღიურობას.

შენ ხომ ძალიან გიყვარს სასტიკი მკვლელობები. გიჟდები ძველ ეგვიპტეზე, მუმიფიცირებაზე. Dდიდ სიამოვნებას განიჭებს ამ საკითხზე კითხვა. ნელ-ნელა, ნეტარებით კითხულობ ადგილს, სადაც წერია, როგორ ფატრავდნენ ფარაონის გვამს, როგორ უღებდნენ მავთულის კაუჭით ცხვირიდან ტვინს, როგორ დგებოდა ტვინის მასის გროვე ერთი ნესტოს ქვემოთ... წაკითხვის შემდეგ თვალებს ხუჭავ და მაინც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გაქვს. ხშირად ფიქრობ, რომ ყველაფერს მისცემდი მუმიფიცირებაზე დასასწრებად... გიჟდები სისხლზე, ადამიანის სისხლზე... ველური აღტკინებით უყურებ დაჩეხილ, გაუბედურებულ გვამებს... ჭკუიდან იშლები, ან უკვე შეშლილი ხარ...

      გიჟდები აცტეკებზე... მკვლელობების განსაკუთრებული ხერხები ჰქონდათ... ეს ხომ ახლა აღმოაჩინე... ახლაც გახსოვს ის შეგრძნება, როგორ დიდი სიამოვნებით კითხულობდი იმ ადგილს, როცა ცოცხალ ადამიანებს გულს აჭრიდნენ და მოფართხალე ორგანოებს კერპებს სთავაზობდნენ... გესმის ველური ყიჟინა, მფეთქავი გულიდან სისხლი ქურუმს ხელზე ჩამოსდის... შენ კვლავ თვალს ხუჭავ და ბედნიერი ხარ, მიაგენი იმას, რაზეც ოცნებობდი...

უცებ შეკრთი, ისევ აივანზე ხარ... წარმოსახვითი მოგზაურობიდან დაბრუნდი კვლავ... თავზე ხელს იკიდებ, მუხლებზე ეშვები და ჩურჩულებ: “სისხლი, სიკვდილი..” და ისევ: “კომპიუტერი მინდა...” მე ვნახე როგორი სიამოვნებით უყურებდი ინტერნეტში კადრს, როცა კაცს ყელს ჭრიან... ანთებული თვალები გქონდა. მაშინ გაიფიქრე, “თურმე რამდენი ხანი სჭირდება ყელის გამოღადვრას”. შენს მეორე მეს შეზარა ამისმა ნახვამ, შენ კი ამ დროს ნამდვილ ბედნიერებას განიცდიდი...

_კომპიუტერთან მინდა! _ ჩურჩულებ კვლავაც... ნიავი ისევ არხევს მსუბუქ ფარადს, ისევ ისმის დემაგოგიური მუსიკა ოთახიდან, ხოლო მოპირდაპირე კორპუსიდან გლოვისა და რუსული “პაპსას” ხმა გესმის... რა ეგზოტიკურია!

მკვდრებზე გიჟდები, გეშინია, აფრენ, სულელობ... კი, კი, ნამდვილად ასეა, მაგრამ მოგწონს ეს ყველაფერი... ექსტრემის მარცვალი დევს შენს მკვდრებთან დამოკიდებულებაში!

ერთი შეუსაბამობაა ჩემო კარგო... მორწმუნედ მიგაჩნია თავი, ზედმიწევნით ასრულებ ყველა საეკლესიო რიტუალს, მარხულობ, ეზიარები... და ამ დროს გიჟდები რიტუალურ მკვლელობებზე, ადამიანის სისხლზე, სიკვდილზე... საღამოობით სხვების ცხოვრებაში დაუკითხავად იჭრები V სართულის აივნიდან, ცდილობ დაინახო ის, რისი დანახვაც სიამოვნებას მოგანიჭებს და რასაც სუბიექტნი გულმოდგინედ მალავენ. იმედი, გაქვს, რომ შენი ლოდინი შედეგს გამოიღებს... მე მზარავ შენ, მზარავ... თუმცა ვიცი, რომ არ ხარ ბუნებით სასტიკი, მაგრამ შეიძლება გაგიჟდე. შენ ხომ ძალიან ცივი, მარტოსული, ანგარებიანი ადამიანი ხარ... სიყვარულის უნარი დაგკარგვია. ნარკომანი ხარ შენ, კომპიუტერია შენი “წამალი.” კანკალებ, თრთი მისი შემხედვარე, გრძნობ მის ნაზ კლავიატურაზე შენს თითებს, შემდეგ საათობით მისჩერებიხარ მის ეკრანს... მერე კი იდიოტივით დადიხარ...
ნუთუ მე ვცხოვრობ შენში? ნუთუ ერთი სხეულის ორი ნაწილი ვართ მე და შენ? ასე მალე როგორ შეიცვალე, ერთ წელში... სასტიკი, გიჟი, არანორმალური გახდი... ამ ყველაფერს ოსტატურად მალავ... არადა სულ ამბობ, რომ მსახიობობა არ გეხერხება! გეხერხება და მერე როგორ! ვერავინ, ვერასოდეს ამოიცნობს იმას, თუ ვინ იმალება მომღიმარი, ხალისიანი, მხიარული ადამიანის ნიღბის მიღმა, რომლის გამოჩენაც ანტიდეპრესანტივით მოქმედებს გარშემომყოფებზე. მარტოსული ხარ ყველგან, იქნება ეს რეალური თუ ვირტუალური ცხოვრება... მრცხვენია მე! მართლა მრცხვენია შენ გამო! გიჟი ხარ შენ, შეშლილი! მართლა ჰგავხარ შენი ერთ-ერთი მოთხრობის გმირს, თუმცა არამგონია, როდესმე საკუთარ თავზე დაქორწინდე მის მსგავსად...

ვიცი, რომ წახვალ ოდესმე ეგვიპტეში, ფეხშიშველი შემოივლი მეფეთა ველს და თაყვანს მიაგებ სარკოფაგებში ჩაწოლილ მტვრიან მუმიებს, დაკოცნი, ხელით შეეხები და შენი თვალები შეშლილობისა და ბედნიერების ნაპერწკლებს დააკვესებენ... შემოგეხვევიან უცხოელი ტურისტები, არაბები... კოპტები იფიქრებენ, კლეოპატრა დაბრუნდაო, თუმცა გაუკვირდებათ თხის სუნის მაგივრად სისხლის სუნი რომ აგივა, გაუკვირდებათ და შეშინდებიან...

ისიც ვიცი, რომ მექსიკაშიც წახვალ. ტენოჩტეტლანის ძებნაში გადათხრი მეხიკოს; რომ იპოვი, დაჩოქილი შემოუვლი, მიწას დასუნავ და ექვსი საუკუნის წინანდელი სისხლის სუნით გაბრუვდები, ადამიანის სისხლის სუნით... მერე მოძებნი პირამიდის ნანგრევებს, ახვალ მის წვერზე სისხლით მოხატული სახით, აცტეკების ქურუმივით გამოეწყობი შავ მოსასხამში, თმას სისხლით გაიპოხავ და უიცილოპოჩტლის ბოდიშს მოუხდი მსხვერპლის გარეშე რომ ეახელი...

დაიქუხებს, ქარიშხალი ამოვარდება, ჩამობნელდება, შენ კი არ გაინძრევი... ცოტა
ხანში კი სისხლის წვიმა წამოვა, ადამიანის სისხლის წვიმა, რომელშიც თავიდან ფეხებამდე აღმოჩნდები, წვეთებს პირს შეუშვერ სისხლისმსმელ ქურუმს დაემსგავსები და უზომოდ გაიხარებ...

რატომ ჩაქინდრე თავი, რატომ აკვესებ თვალებიდან ველურ ნაპერწკლებს... მე ყველაფერს გულახდილად გეუბნები, შენ კი ხმას არ იღებ... იმიტომ, რომ სათქმელი არაფერი გაქვს... მეშინია შენს გვერდით ცხოვრებისა, მინდა, რომ შენგან გავიქცე, დავიმალო, მაგრამ ვერც შენს გადაბირებას ვეცდები, ვერ შევძლებ... იმასსაც ვგრძნობ, რომ მალე დადგება დრო, როცა შენი წერა გავხდები... მაშინ კიდევ ერთი სისხლისმსმელი ურჩხული დაიბადება...

ხმა გამეცი! ნამდვილი ურჩხული ხარ და ეს მხოლოდ 18 წლის ასაკში.. მე ახლა აღმოვაჩნე. რა მითხარი? სულ ასეთი იყავი? ღმერთო, გადაარჩინე ერთი არანორმალური...

...ერთ სხეულში ორი სული ცხოვრობს... მე გიჟი, შეშლილი ვარ, შენ_კეთილი და ჭკვიანი... არ ვარ მეც ბოროტი... მიყვარს, მიყვარს ადამიანის სისხლი, რიტუალური მკვლელობები, ეგვიპტელი აბორიგენი მუმიები და აცტეკების სისხლისმსმელი ტრადიციები. მიყვარს კუბოები: შავი, ყვითელი, ლაქიანი, ულაქო... ვგიჟდები სასაფლაოზე, ღამის სასაფლაოზე, თუმცა იქ არასოდეს ვყოფილვარ. უზომო ვიცი ყველაფერი: სიძულვილიც და სიყვარულიც, თუმცა ჯერ არავინ შემძულებია! დიახ, შეშლილი ვარ! მიყვარს ფეხბურთიც, ვგიჟდები კონკრეტულ კლუბსა და კონკრეტულ ფეხბურთელზე, თუმცა რატომ_არ ვიცი! არ ვფიქრობ მასზე როგორც მკვდარზე...Mდავდივარ ძალიან სწრაფად, მიყვარს დაბრკოლებების გადალახვა, ოღონდ ისეთის, რომლებიც კარგად მთავრდება. არ მიყვარს უაზრო რისკი. ლაჩარი ვარ, მშიშარა, გაუბედავი, მაგრამ ვიცი, რომ მივაღწევ იმას, გულთან ახლოს რომ მაქვს და მოსვენებას არ მაძლევს. მიზანდასახული ვარ, უცნაური, გიჟი, შეშლილი, ჭკვიანი, განათლებული, კომპლექსიანი, პასუხისმგებლობის გრძნობით, მორიდებული, თავხედი, ფიცხი, მიმნდობი, ფარისეველი, მატყუარა, მართალი.. მეზიზღება ინგლისური, თუმცა ვგრძნობ, რა ახლოსა ჩემთან... ამ ბოლო დროს კლავიატურაზე ვარ ჩაციკლული, ჩემი ცხოვრების ნაწილია, ჩემი, მხოლოდ ჩემი! ინტერნეტი, ფორუმი, საფეხბურთო საიტები... მკვლელობა? ადამიანის სისხლი? ვერ ვბედავ მის მოძებნას. Mმრცხვენია ვინმე რომ წამომადგეს თავზე. ისეთი შეგრძნება დამეუფლება, როგორიც 13 წლის ბიჭს, “ფლეიბოის” თვალიერებისას რომ წამოადგებიან მშობლები. არ ვარ ბოროტი, უბრალოდ, სისხლი, სიკვდილი, კუბოები მიყვარს. მეც რა ვქნა?

...შენ მიხსნი ვინ ხარ? ვიცი, გიცნობ, მაგრამ მე ვერ მიგატოვებ, არ შემიძლია. მეზიზღები და მგონია შენ გემსგავსები, შენსავით ვბინძურდები, ადამიანის სისხლში ვიხრჩობი, სისხლში ქრომოსომების გარეშე...

მინდა ცხოვრება გასწავლო, დეპრესიული ხარ, არ იცი რა ქნა! მიაღწევ, ვიცი, რომ მიაღწევ, მაგრამ შეშლილი ხარ! შეშლილი მემფისსა და ტენოჩტეტლანზე. არ გიზიდავს ინკები? არ ჰქონიათ ხომ რიტუალური მკვლელობები! სამაგიეროდ ხომ ბოლავდნენ მკვდრებს თხებივით! Eეს მომენტი გიყვარს არა? მაგრამ მაინც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გტანჯავს... სიცარიელის ამოვსება მხოლოდ აცტეკებმა შეძლეს შენში!

ისევ დემაგოგიური მუსიკა... თვალს ახელ, ფეხები გტკივა მუხლებზე დგომით... გრცხვენია, თავს მაღლა ვერ იღებ, მაგრამ მიხვდი, რომ შენი თავი აღმოაჩინე!

...საინტერესოა ზაფხულის თბილი, მთვარიანი საღამოები თბილისში... როცა ცენტრალური ქუჩიდან ოდნავ მოშორებით ცხოვრობ, ოთხივე მხრიდან 18 სართულიანი კორპუსები გაკრავს, თავად ერთ-ერთი ასეთი შენობის მეხუთე სართულის აივანზე დგახარ, მსუბუქი ნიავი ოდნავ არხევს კარში გამოჩრილ ჰაეროვან ფარადს, ოთახიდან კი დემაგოგიური, გულის გამაწვრილებელი მუსიკა გესმის...
ეს მე ვარ! მიმიღეთ გაშლილი ხელებით, მთელი გულით. ჩამიკარით და სითბო მაგრძნობინეთ, ნუ გამწირავთ, ნუ მიმატოვებთ... ამაგის დაფასებას ვერ შეგპირდებით... მე სხვა ვარ! ცივი, ანგარებიანი, მარტოსული ადამიანი. ჩემს გაწირვას არ გირჩევთ, რადგან მეც გაგწირავთ... სასტიკი და დაუნდობელი ვიქნები!...
მეხუთე სართულის აივანზე სიომ სისხლის სუნი მოიტანა, ადამიანის სისხლის სუნი!...
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები