ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: severusLP
ჟანრი: პროზა
28 აგვისტო, 2009


როცა მთვარე ასე ლამაზია, ანუ რატომ არ იხედებიან მნათობები სარკეში

                      როცა მთვარე ასე ლამაზია, ანუ რატომ არ იხედებიან მნათობები სარკეში


-  მთვარე მართლა კაცია?
-  ჰო, აბა?!
-  კარგი ახლა, საიდან იცი კაცია თუ ქალი...
-  მომიტყუებიხარ ოდესმე?
-  ახლა არ მახსოვს თორემ როგორ არ მოგიტყუებივარ...
-  კარგი რა, გეკადრება? შენ რა, ლექსიც არ გაგიგია ოდესმე მზე დედაა ჩემი, მთვარე მამაჩემი?
-  ჰოოო....  არადა ორსულს არ ჰგავს, შეხედე...
მთვარე მართლაც იმ ფაზაში იყო, როცა არც სავსეა, არც ნამგალა და არც ნახევარმთვარე... უბრალოდ, ლამაზი იყო...
-  როცა მთვარე ასე ლამაზია, ერთ ღამეში ათასზე მეტ დაპირებას იძლევა... თუმცა მერე ყველას მზე ასრულებს...
-  ამბობენ, მთვარესაც უყვარსო ვიღაც...
-  იმასაც ამბობენ, ეს ვიღაც მზეაო...
-  ბევრს არ სჯერა ეს ამბავი... ასე ამბობენ, მზეზე რომ ეთქვათ დავიჯერებდითო, იმას კი ნამდვილად ვერ დავიჯერებთ რომ ცივ მთვარეს სიყვარულით აქვს გული გამთბარიო...
არადა მათ არ უნახავთ, როგორ უფერმკრთალდება მთვარეს სახე, როცა რამდენიმე წუთით მზეს ხედავს... დაისისას... მაშინ ისე უყურებს ხოლმე მზეს, რომ თვითონ ხომ ფერმკრთალდება, მაგრამ მზეს აწითლებს მორცხვობისგან...
საოცარია მაგრამ ამაზე უიღბლო და ხანგრძლივი სიყვარული ცას და მის შემყურე მიწას არ ახსოვს...
ამ ხნის მანძილზე მთვარემაც და მზემაც ბევრი რამ ნახეს და ისწავლეს, მაგრამ სათავისოდ ვერაფერი გამოიენეს...
საოცარი იმიტომაა, რომ ეს ყველაფერი რაც მათ ნახეს და გაიგეს, ის კი არ ყოფილა, რასაც ადამიანები ვხედავთ ერთმანეთზე დაკვირვებისას, არამედ ეს იყო საიდუმლოები... მთელი დედამიწის და დედამიწელების საიდუმლოები...
ორივეს დაეტყო ეს...
მთვარემ გადაწყვიტა ყველაფერი საკუთარ თავში დაეტია და ამიტომ დაეტყო ლაქები... ახლა სარკეში ჩახედვა არ უნდა...
მზემაც თავიდან ასე გადაწყვიტა, მაგრამ მერე იფიქრა საიდუმლო ძილმორეულ ქუთუთოზე მძიმეაო და მე მაგას ვერ დავიტევო... ამიტომ გადაწყვიტა ყველა საიდუმლო დაეწვა... დაწვა კიდეც და დღემდე იწვის... ამხელა ენერგიისა და ინფორმაციის წვისგან გამოყოფილი სითბო და სინათლე იმდენად დიდია, რომ ვერც მზე იხედება სარკეში, თვალი ეჭრება...
ახლაც არ დაიჯერებ, რომ მთვარე კაცია, რომელსაც სარკეში ჩახედვა არ უნდა და საიდუმლოს ინახავს, მზე კი ქალია, რომელიც თვალისმომჭრელად ლამაზია, ისე რომ თვითონაც უჭირს სარკეში ჩახედვა, თანაც საიდუმლოებს ვერ იტევს?...
-  როცა მთვარე ასე ლამაზია, ერთ ღამეში ათასზე მეტ დაპირებას იძლევა, თუმცა მერე ყველას მზე ასრულებს...
-  კაცზე ლამაზიაო არ იტყვიან...
-  ჰო, კარგი, სიმპათური...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები