ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მედეა მოლოდინი
ჟანრი: პროზა
29 აგვისტო, 2009


დიახ,ეს მე ვარ! /გაგრძელება/ III

    ....მახსოვს,შაბათი დასვენების დღე იყო,ვიცოდი სახლში დამხვდებოდა,ცრემლების მიზეზს მკითხავდა,მომეფერებოდა და პირველად მიხაროდა ის,რომ ჩემი გასაღები არ მჭირდებოდა,ზარს დავრეკდი და შემხვდებოდა სიტყვებით:"რა დაგემართა,დედა გენაცვალოს,რა მოხდა,ადრე რატომ მოხვედი?".
      სულმოუთქმელად მივედი სახლამდე,მაგრამ არ უკითხავს რა მჭირდა.მან უკვე იცოდა:ოთახში სწორედ იმ მეგობრის დედა იჯდა,ვისგანაც ნათქვამი სიმართლე დიდ კითხვის ნიშნად მედგა თვალწინ-რატომ,როგორ,როდის?ცივი წყლით ტირილისგან დასიებულ ცხვირ-პირს ვიმშვიდებდი,როცა ყურს მისი სიტყვები მოხვდა:"ალბათ თვითონ რომ გაიგოს,ვინმემ სიმართლე მასაც გაუმხილოს,გამექცევა და დავკარგავ."სწორედ მაშინ გამკრა თავში:"ნუ იქმ ავსა და ავისაც ნუ გეშინია!"
    დედა შემეცოდა.არა,დედაჩემი არა!ის ქალი,რომელიც ახლა ჩემს სახლში იჯდა და იცოდა:საშიშროება-სიმართლე,ნაღმივით იდო მის ოჯახში,რომელიც შემეძლო მე ამეფეთქებინა და დამენგრია მათი იდილია.
    ეს იყო ცხოვრებისაგან პირველი დაცინვა!ვინც დირეს ვერ ხედავდა- მე წამწამი დამიდო ხელისგულზე! გზაში,სახლში მისვლამდე ნაფიქრი"უბედური ვარ,"გონებიდან გაფრენილიყო.უბედურად "სიმართლისმთქმელი"მეგობარი ჩავთვალე,რადგან მე სიმართლე ვიცოდი და დედაჩემს არ ჰქონდა იმის საფრთხე,რომ 12 წლის შიში გაუმართლდებოდა-დამკარგავდა,უარვყოფდი.არსად  ვაპირებდი წასვლას.ის კი, მეგობარი ცხელ გულზე ხელისმკვრელი იყო იმ სიკეთეზე,რაც მისთვის უკეთებიათ.
    არსად წავსულვარ,მაგრამ იმ დღიდან გამიჩნდა პროტესტის გრძნობა,რომ მე მატკინეს ჩემი ბავშვობა,გარშემომყოფები დავალებულნი არიან ჩემთან-მე ხომ მათ ვჭირდებოდი და ამისთვის მზრდიდნენ,მე ხომ არ მითხოვია ის ყურადღება,რომელსაც ჩემს მიმართ იჩენდნენ. ეს ყველაფერი მათ სჭირდებოდათ,პირველ რიგში დედას.ამ ამბის მერე აღმიდგა მეხსიერებაში ხშირად ნათქვამი:"იცი,რა პატარა იყავი პირველად რომ გნახე?"და არა "რომ დაიბადე!"ან კი როგორ ეხსომებოდათ,როცა ოთხი თვის მიხილეს პირველად...მაშინ ვერ ვხვდებოდი.
    გარკვეული პერიოდის განმავლობაში შუშის ჭურჭელივით მივლიდა დედა,რაც მისგან ყურადღება,სითბო,მოფერება მაკლდა,ერთიანად ამინაზღაურდა.ეს შიში იყო.ბევრჯერ შევსწრებივარ, ოთახში შესული ჩუმი ხმით ტიროდა. ვხვდებოდი-იმ წუთებში მამას შესჩიოდა თავის გულის ხვაშიადს.
    სიტყვა არ დამიძრავს,არც ერთი შეკითხვა დამისვამს მისთვის,თუმცა ინტერესი,"საიდან მოვედი"-მკლავდა.მოგვიანებით ჩემი თანაშეზრდილის მონათხრობით დავიკმაყოფილე ცნობისმოყვარეობა:დედ-მამით დაობლებული უმწეოდ ვღნაოდი,თურმე საავადმყოფოში,სადაც დედაჩემის დის შვილი,მომავალი ექიმი იღრმავებდა ცოდნას.სასწრაფოდ უცნობებია ჩემი გამზრდელებისთვის მათთვის ხელსაყრელი შემთხვევა.მათაც დრო არ დაუკარგავთ და...
      ეს იყო ჩემი პირველი მოგზაურობა ერთი ქალაქიდან მეორეში.დიდხანს,უფრო სწორედ სანამ ენას და ფეხს ავიდგამდი,შიში ჰქონიათ კატასტროფას,რომელსაც ჩემი მშობლები შეეწირნენ და მე დღესაც არ ვიცი საბედნიეროდ თუ საუბედუროდ,სასწაულით გადავრჩი,კვალი ხომ არ ჰქონდა ჩემს გონებრივ,თუ ფიზიკურ განვითარებაზე დატოვებული.გადავრჩით!!
    ადრე გაჩენილი პროტესტის გრძნობა სადღაც გაქრა.მისი ადგილი სინანულმა,მადლიერებამ დაიკავა.ვნანობდი ჩემს მაშინდელ ქცევას,როცა დედა ტიროდა და მე არ მებრალებოდა.უკვე საკუთარი თავი მეცოდებოდა და კითხვა-"რატომ მაინცდამაინც მე ამომარჩია ღმერთმა ამ გამოცდისათვის"-არ მასვენებდა.ეს მაშინ,ადრე,თორემ ახლა კარგად ვიცი გამოცდა კი არა,საჩუქარი იყო მისგან,რომელიც ვერ დავინახე.
    რიტმი არ დარღვეულა. ისევ ჩვეულებისამებრ ვიკეტებოდი ჩემს სამყაროში,ისევ ველოდებოდი საღამოობით დედის დარიგებებს,ისევ დავდიოდი ზაფხულობით მთაში თუ ბარში,მხოლოდ იმ განსხვავებით,რომ უკვე შეიძლებოდა ჩემი მეგობრები ჩემთან ყოფილიყვნენ,ერთად გაგვეტარებინა არდადეგების გარკვეული პერიოდი.რა მეგონა ბედნიერება!თუმცა ახლაც ვიტყვი,ბედნიერი ვიყავი.გამუდმებით შემეძლო მეფიქრა,მეოცნება და გამეზიარებინა ჩემი გრძნობები,რომლებიც უსუფთავესი,ბავშვური და მართალი იყო.
    დიდხანს ვერ გასტანა სილაღემ:კარგ ოჯახშია გაზრდილიო,ჩემს ოჯახსაც დაამშვენებსო,ამ მიზნით,ჩემი მიამიტობით,წინააღმდეგობით, ტკივილით-ჯერ კიდევ უპასპორტოს დამერქვა დაოჯახებული. ბედნიერებას მილოცავდნენ.მე კი შველას,დედას ვითხოვდი: ჯერ კი დევ შეიძლებოდა ჩემი შველა.მაგრამ სახელი? "რას იტყვის ხალხი?"დედის კარიერას შეეწირა ჩემი თხოვნა"დედა შენთან მინდა". იმედი.ყოველივე კარგად იქნებოდა ,არ მტოვებდა. ვცდილობდი გარემოს შეცვლით ხასიათიც შემეცვალა.თითქოს ვითავისებდი,რომ სხვა ამპლუაში უნდა წარმოვჩენილიყავი.გამიჭირდა.როცა ფიქრობ,ერთი ხელისმოსმით შეცვალო შენი ცხოვრება,თითქოს ადვილად გესახება,მაგრამ ურთულესია.
    ხალხმა ბევრი ილაპარაკა,იმ დროსაც და მერეც.ბევრი კითხვა გაუჩნდათ,მაგრამ ჩემთვის არავის არარა უკითხავს და მე გავხდი ა რ ა რ ა!!!ჩემი მუდარა:"დედა,არა,რა??არა!"გავისახელე.ვეცადე?
    გიჟური რეჟიმი:სამსახური-რეპეტიტორი-სკოლა-რეპეტიტორი.დიახ,დიახ,არ გაგიკვირდეთ თხუთმეტი წლის ბალღი-ქალი ვშრომობდი,ვსწავლობდი,ვწვალობდი და ისეთი სისწრაფით დავექანე,ამ წუთამდე ვეშვები სიღრმისკენ,მაგრამ შეჩერების მაგივრად კორძებად მიჩნდებოდნენ კეთილისმსურველები,რომლებიც კვანტს მიდებდნენ,შემდეგ კი თავდაღმართში ძალას მახმარდნენ,სიჩქარე რომ არ დამეკარგა-უფსკრულისაკენ.სიტყვა რომ მოგკლავს და გაგანადგურებს,უარესი არც იფიქროთ! დაიფლითა სულიც და რწმენაც.
    ვერ გაეცალე,დალოცვილო?ნუ მკითხავთ!გავეცალე,გავეცალე,მაგრამ სად დაემალები"სისხლ-ხორცს"?! ხვეწნა-მუდარით,თხოვნით-პატიებისა,ისევ მიბრუნებდა(სიბერეში წყლის მიმწოდებელი ხომ ვიყავი საჭირო?)

  ...    სხეულში სხეული თრთოდა უმწეოდ.შეუცნობელი გრძნობა მიფორიაქებდა სულს.ფიქრი,რა იქნებოდა მერე?არ მიხაროდა სულ სხვანაირად-ამაღლებულად და ბედნიერებად მეხატებოდა ბავშვობაში ახალი სიცოცხლის მოვლენა ამ ქვეყანაზე.ჩემს ცხოვრებაში კი ტკივილად და შებრალებად აისახა.მაშინ როცა ჩემს გვერდით ახლადგამომცხვარ დედებს ნეტარების ღიმილი უბადრავდათ სახეებს,მნახველებს ვერ აუდიოდნენ და ჩიოდნენ:"დავიღალეთ ამდენი მოკითხვით,თითქოს აქ ვრჩებით და ვერ მოასწრებენ ჩვენს ნახვას."მინდოდა მეკივლა:"რა იცით ყურადღების ფასი გატუტუცებულო ტუტრუცანა ქალებო!".იგივენი ეჭვით მიყურებდნენ,ერთხელ სიტყვაც ჩამოაგდეს პირმშოს დატოვებაზე.ქონდათ საბაბი-არსად იყო ბედნიერი სახე მამისა,რომელსაც შვილი შეეძინა-ჩემი შვილი.არსად ჩანდა დედა-ასე მზრუნველი-თავისი საქმეებით ,ჩემთვის ამჟამად წყეული მივლინებით დატვირთული,გვიან ჩააყენეს საქმის კურსში,მოგვიანებით მიულოცეს ბებიობა.მხოლოდ სამი დღის შემდეგ დავინახე მისი ცრემლიანი თვალები.ისევ სიბრალულით ამევსო გული.ძალიან სურდა მალე ენახა ახალშობილი.ჯერ კიდევ ჩემს გულის კოვზზე მობმულს შეურჩია სახელი და თხოვნა მორიდებით მეც გამიზიარა.სწორედ იმ წამს,როცა დაგვიანებით, ათრთოლებული,ბედნიერი ფანჯარასთან მომდგარი დედის წრფელი ლოცვით გვლოცავდა,სურვილი,ნატვრა შევუსრულე.ქვეყნად უკვე არსებობდა დიდი ბაბუის მოსახელე.
      "ბავშვის ბავშვი","კლასის პირველი შვილი,""რა ბაიაა!!" ასე ესიყვარულებოდა ყველა ჩემს შვილს.მართლა უყვარდათ და ზრუნავდნენ მასზე.მე კი... გაუცნობიერებლად,გვიან შევიცანი დედობრივი სიყვარული შვილისადმი.მეც პატარა ვიყავი და არ მესმოდა რატომ უნდა მედარაჯა"სხვისი"(შემინდე უფალო)ძილისათვის,როცა თვითონ კითხვისგან თვალებამოღამებული სამეცადინო მაგიდასთან ვათენებდი ღამეებს და სიქაგაცლილი,სხეულს დავუპირებდი დასვენებას,სწორედ მაშინ მამცნობდა,არა,მახსენებდა,რომ მასაც ჰქონდა უფლება დანაყრებული და მშრალი ყოფილიყო.
      სასოწარკვეთისაგან ბევრი ცრემლი დამიღვრია.არ მასვენებდა კითხვა:"რაღა მაინცდამაინც მე ამომარჩია ღმერთმა ამ გამოცდისთვის?"ვერავინ გაიგებდა ამ ტკივილს.უიმედობა და შიში დამიმეგობრდა.ყოველ საქციელში იგრძნობოდა საკუთარი თავის რწმენის უქონლობა.არც არავის უთქვამს,არავინ შემომიძახა"გამხნევდი,ცხოვრება ახლა იწყება,იბრძოლე და გაიმარჯვებ!"ეჭვი ბუდობდა ჩემში"არავის ვჭირდები"და იმის მაგივრად ,აზრი მომეკრიფა,ნათელი გონებით გამეანალიზებინა წარსულიც და აწმყო,საკუთარი შესაძლებლობის განადგურებას მივყავი ხელი.ვიქმნიდი ილუზიებს და ვიჯერებდი.გარშემომყოფნიც "მეხმარებოდნენ".ერთმა ღმერთმა იცის,როგორი წრფელი ვიყავი!ტკივილებს ტკივილები ემატებოდა.სადღაც გულის კუნჭულში შერჩენილი რწმენა წვეთი-წვეთ მეპარებოდა.მხოლოდ რომანტიზმი-სიგიჟეში გადასული მუდამ მდევდა თან. საქილიკო ობიექტი ვიყავი"როგორ შეგიძლია ასეთი გრძნობა,ასეთი სითბო და სიყვარული?"შემეძლო კი?არა,მე ვეძებდი!ზღვარგადასული თავგანწირვა,მზრუნველობა- მე მჭირდებოდა და მე გავცემდი,მიღების ნაცვლად.რა მიბრუნდებოდა?გიპასუხებთ:ჩემი დედობა,ჩემი წარსული!თუმცა სუფთა,ისე მომაფერთხეს ცხვირში,არც უცდიათ გაეგოთ მე კი მინდოდა?მჭირდებოდა?ბრალი მიმიძღოდა?

    უიმედობას,შიშს დაემატა კომპლექსი"ცხოვრება დამთავრდა"ახლა უბრალოდ დროს უნდა მიჰყვე.უსარგებლო ნივთად ვთვლიდი საკუთარ თავს.სხვა რა უნდა მეფიქრა,სწორედ მაშინ როცა მჭირდებოდა დედის მტკიცე ხელი საყრდენად,მან თავისი პრინციპი,ცხოვრების სტილი არ დაარღვია და ჩემს შვილთან ერთად სრულიად სათავისოდ გააგრძელა ცხოვრება, ჩემგან მოშორებით. მე დამიტოვეს კონსპექტები,რომლებიც საერთოდ არ მაღელვებდა და მათი ზარის მოლოდინი..დიახ,შვილი რომელიც ჩემთვის დაბრკოლებად იქცა,რომლის გამო არავის არ ვჭირდებოდი,მას უხალისებდა სიბერეს.ჭკვიანი და შორსმჭვრეტელი დედა...

                                           

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს