ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვასასი
ჟანრი: პროზა
6 სექტემბერი, 2009


მწარე შეგრძნებები


გარდაიცვალაო რომ გითხრეს, საკუთარ ყურებს არ დაუჯერე. არც გონებამდე დაგიშვია, რომ ეს შესაძლებელი იყო. ერთი კურცხალიც კი არ გადმოგიგდია არა იმიტომ, რომ გული არ გქონდა, არამედ იმიტომ, რომ მოგერიდა შენი გრძნობების დაფრქვევის...
გათიშული დადიოდი ქუჩებში, გინდოდა გამვლელები გაგეჩერებინა და აგეხსნა, რომ ეს დაუშვებელი იყო, რომ ისინი არასოდეს არ კვდებიან და მუდმივად არსებობენ შენს იმედად, თუმცა ამას არ აკეთებდი. არა იმიტომ, რომ გრცხვენოდა, არამედ იმიტომ, რომ ტყუილი რომ ყოფილიყო მისი გარდაცვალების ამბავი, უხერხულად იგრძნობდი მათთან თავს.
მერე იქ წასვლა გადაწყვიტე, სადაც სხვა სამყაროა. შეხვედი. ჩვეულებრივად ხალისობდნენ, თან საქმეს აკეთებდნენ. Gამარჯობის უთქმელად დაეშვი კართან მდგარ ფეხგაღუნულ სკამზე და უაზრო თვალებით მიაჩერდი გოგოს ზურგს, რომელსაც მწვანეზოლებიანი სვიტრი ეცვა. გინდოდა, ყურადღება მოექციათ სენთვის, მაგრამ არავის ეცალა. ყელში ბურთი გქონდა მობჯენილი, გამჭვირვალე, სველი ბურთი, რომელსაც ამოხეთქვა სურდა და შენ გინდოდა ის ამათთან დაგეღვარა ცრემლებად. სიტუაცია არ იყო ისეთი.
ბიჭი მოვიდა და გკითხა, რა დაგემართაო. ისეთი შეწუხებული სახე ჰქონდა, რომ უთხარი, ის გარდაიცვალაო და თავი დაღუნე. გოგომაც თავი მოატრიალა. მასაც შეწუხებული სახე ჰქონდა. “უი, რას ამბობო”, თქვა და სამუშაოს მიუბრუნდა. ყელში მობჯენილი, დასაღვრელად გამზადებული ბუშტი დიდი გაჭირვებით ჩააბრუნე უკან, ზარდაცემული ადექი და დაუმშვიდობებლად მიატოვე სხვა სამყარო.
მეორეგან შეხვედი, სტანდარტულ სიტუაციაში. Bოლოდან მეორე რიგის სკამი ამოარჩიე და დაჯექი. ისე დაჯექი, რომ ფანჯრიდან იყურებოდი, ხედავდი დიდ ფანტელებს, ტრიალით რომ ეშვებოდნენ დედამიწაზე და სიმყუდროვის შეგრძნებას ბადებდნენ. შენ კი მთელი შინაგანი სამყარო და გულ-მუცელი ჩაგექცა. ეს ლამაზი დღეც თავზე დაგემხო.
გვერდით შავპალტოიანი გოგო დაგიჯდა, თმები ცხენისკუდად ჰქონდა შეკრული. Mოგინდა გეთქვა მისთვის, ის გარდაიცვალაო, მაგრამ რეაქციის შეგეშინდა და ბურთი კვლავ შეიკავე. გოგო რაღაცებზე გელაპარაკებოდა. ყოფით პრობლემებზე, რომლებიც გუშინ შენც გაწუხებდა და ახლა მათ მნიშვნელობა დაეკარგათ, შენ მხოლოდ ნაწყვეტი ფრაზები გესმოდა და იმაზე ფიქრობდი, დილით რომ გითხრეს, გარდაიცვალაო.
Mხოლოდ *5 წლის იყო, მხოლოდ *5-ის. ღმერთო, ვეღარასოდეს მოესწრება ზაფხულს, ვერც სექტემბრის პირველივე დღეებს, ვერც ამ ფანტელებს დაინახავს ნება-ნება რომ ეშვებიან დედამიწაზე. რა გეშველება ამის მერე? მარტო შენ კი არა, კიდევ რამდენიმეს... თუმცა, რამეს მოვიფიქრებთ, ეს იმას არ ეშველება არაფერი...
უცებ, გახსენდება, რომ მიცვალებულზე რარაცები უნდა მოიგონო. ჰოდა იგონებ. შენი თავიც გახსენდება შუბლშეკრული, უაზროდ დაბოღმილი და მისი სიკეთით სავეს თვალებიც, შენს ყოველ დანახვაზე უზომო სითბო და სიყვარული რომ ეღვრებოდა და შენს სიამოვნებას ცდილობდა. რა იდიოტი იყავი! ღა ცუდი, უზნეო ადამიანი. ღოგორ არ აფასებდი მას, ვისზეც ხმამაღლა აცხადებდი, რომ ძალიან, ძალიან გიყვარდა, თუმცა გრძნობდი, რომ ეს ის არ იყო. ახლა კი ხვდები, რომ მართალს ამბობდი. მართლა გიყვარდა, მართლა ყველაზე მეტად, თუმცა სიყვარულის გამოხატვა უკვე ძალიან გვიანია.
ღმერთო, ვეღარც დილაობით ადგება ადრე შენით და კიდევ ერთი შენნაირით ფრტაშესხმული აღარ წავა სიცივესა და სიბნელეში იქ, აღარც იმ სიბინძურეში დაჯდება. ვეღარც შენ დაჯდები. იმიტომ, რომ მის გარეშე შენი არსებობა წარმოუდგენელია იმ სივრცეში.
გარეთ გამოდიხარ და ხედავ, რომ სამყარო ჩვეულ რიტმში არსებობს, თითქოს არც დილა ყოფილიყო და არც ის საბედისწერო ზარი. პროტესტი გიჩნდება ქუჩაში მოსიარულე თანატოლების მიმართ, მოხუცებიც გაღიზიანებენ… გინდა ყველას უყვირო რომ იტირონ, იგლოვონ მისი გარდაცვალება, თუმცა კარგად იცი, რომ ეს აბსურდია, რომ სამყარომ ისევე მოინელა ის, როგორც სხვა უამრავი, თუნდაც მასზე მნიშვნელოვანი ადამიანი.
ტრანსპორტში ჯდები და მიემგზავრები.
ღმერთო, მხოლოდ *5 წელი იცოცხლა, მხოლოდ *5!. თუმცა, ღმერთო, არსებობ კი?. ვაუთუ, აქვე მთავრდება მისი არსებობა და ვარსკვლავად გადაქცეული ვეღარ მითვალთვალებს ღამ-ღამობით, ნუთუ არ უნდა ამოვარჩიო გალაკტიკაში ერთი კაშკაშა ვარსკვლავი, მისი სახელი დავარქვა და ზაფხულის ცხელ ღამეში ჩემი თავგადასავლები მოვუყვე? სულ ერთია, ის ვერაფერს შეიგრძნობს... ღმერთო, შენ არ არსებობ და ჩვენ, ადამიანები ვიგონებთ რაღაცებს!..
ყავისფერი კარი შეაღე. ისეთი სიჩუმე იყო წამით დილანდელი ზარი ბოროტი ხუმრობა გეგონა და ავტორის გასაგლეჯად მოემზადე, მაგრამ მეორე სართულზე ეს სიჩუმე უკვე საზარლად მოგეჩვენა. ორი ადამიანი წინ და უკან დადიოდა. მეორე მისნაირი კი არ ჩანდა. შენ კი მაინ ცარ იჯერებდი, ისინი ხომ არასოდეს კვდებიან, არასოდეს! დღეს რარაც შეცდომა მოხდა, უბრალო შეცდომა, მეტი არაფერი. თუმცა შენთვის “უბრალო შეცდომა” საბედისწეროა.
შეხვედი ოთახში და უაზროდ დაიწყე წინ და უკან სიარული. კიდევ *5 წელზე ფიქრობდი და კვლავ დაუშვებლად მიგაჩნდა ფაქტი.
ჯერ ყველაფერი მოუმზადებელი იყო. ოთახიც კი არ დაეცალათ. Uცებ ის ქალი შემოვიდა, მორიდებული, სათნო ღიმილით. საიდანღაც მოგესმა ხმა, სამსახური ახლა დაამთავრაო. მორცხვღიმილიანმა ქალმა სწრაფად დააწყო ყველაფერი და მერე მდუმარედ მოსიარულეებს მოგიბრუნდათ, ვისაც სუსტი გული გაქვთ, გარეთ გადითო. შენ გახვედი, თუმცა თვალი მაინც მოჰკარი საძინებელი ოთახის ღია კარს და უწესრიგოდ დაყრილ ქვეშაგებში გაბლანდულ მის უსიცოცხლო გვამს, რომელსაც სათნოღიმილიანი ქალი ეჯაჯგურებოდა. მხოლოდ მაშინ დაიჯერე მისი სიკვდილი, გულისცემა აგიჩარდა და ბურთმაც მეტად ვეღარ შეძლო შეკავება. არაადამიანურ ხავილზე ხალხი გარს შემოგეხვია, თუმცა შენ ვერავის ამჩნევდი, მხოლოდ მასზე ფიქრობდი და ხედავდი, როგორი იყო ადრე, კეთილი თვალებით, შენს დანახვაზე რომ უდიდესი სიყვარულით ევსებოდა და სითბო, მასთან ჩახუტებისას რომ გრძნობდი და გაღიზიანებდა. ღა სულელი იყავი! იმ სითბოს ხომ ახლა ვეღარასოდეს შეიგრძნობ, ვეღარასოდეს! იმიტომ, რომ აგერ, რამდენიმე მეტრში უწესრიგოდ დაყრილ ქვეშაგებში დევს მისი გაყინული, უსიცოცხლო გვამი და მორცხვღიმილიანი ქალი ეჯაჯგურება.
ფანჯარას გახედე. აქაც თოვდა. ღმერთო, მხოლოდ *5 წლის იყო, მხოლოდ *5-ის.. რა ვქნათ ახლა?.. თუმცა, რატომ ეხვეწები არარსებულს, თავადაც არ იცი. ადამიანს ხომ მასზე ძლიერი რამ სჭირდება ფეხებში რომ ჩაუვარდეს?!
ფანჯარას უახლოვდები, უახლოვდები და უცებ გრძნობ, როგორ გადიხარ მასში და მთის მწვერვალისაკენ მიცურავ... თან არ გტოვებს ურწმუნოების შეგრძნება, რომ ის გარდაიცვალა.
უცებ წარმოიდგინე მომდევნო ხუთი დღე. ღმერთო! შენ ხომ ვერ გაუძლებ ამდენ ცრემლს და კიდევ უფრო მეტ ფარისეველს?! ღა საჭიროა ამდენი უაზრო ფორმალობა, როდესაც თავს ისედაც განადგურებულად გრძნობ? ხომ იცი, რომ შენი და კიდევ რამდენიმეს გარდა მისი გარდაცვალება არავის ადარდებს. ვერა, შენ ვერ აიტან პანაშვიდებს, ვერც უკანასკნელ გზაზე გააცილებ მას, მზიანი დღე რომ იქნება, თავდახრილი საკუტარ აჩრდლის რომ დაინახავ ატალახებულ ასფალტზე და ისევ გაოცებული რომ იქნები ამ მოულოდნელობებით.
მხოლოდ გვიან მიხვდები და გაიაზრებ მის სიკვდილს, მაშინ, როდესაც უზომოდ მოგენატრება მისი სითბო, კეთილი თვალები და სუნი!.. მხოლოდ მერე იგრძნობ უდიდეს სინანულს საკუთარი თავისა და დანაშაულს მის წინაშე, რომ უამრავი დრო არ გაატარე მასთან ერთად და გატარებული დროის ნაწილიც მის წყენაში გადიოდა. უგულვებელჰყოფდი მის სიყვარულს შემდამი, გინდოდა სხვანაირი ყოფილიყო, ისეთი, შენთვის რომ მისაღები იქნებოდა, საოცნებო და მისაბაძი ადამიანი, თუმცა...
ღმერთო, მხოლოდ *5 წლის იყო, მხოლოდ *5-ის... ვეღარ მოესწრება ზაფხულს და ვერც თოვლის ფანტელების ხილვით დაეუფლება ჩუმი სევდა...
გარდაიცვალაო გითხრეს და შენც იძულებული იყავი, დაგეჯერებინა..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები