ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პროზა
14 სექტემბერი, 2009


ამპულა (ოპუსი)


    ენაცვალოს ბაბო!  წუხელ ისეთი დაღლილი მოვიდა, ტუფლების გახდის თავიც არა ჰქონდა. ტახტზე მიეგდო, ცოტა, ტელევიზორს ვუყურებო და ეგრევე ჩაეძინა. დილას თვალდახუჭულმა გაიპარსა წვერი და გავარდა.
  ან რასა ჭამს, ან რასა სვამს მთელი დღე ! სულ დაიავადებს კუჭ-ნაწლავს. დილდილობით ჰერკულესის ფაფას ვუხარშავ და კოვზით მივდევ, მაგრამ გამასწრებს ხოლმე.
    ცხრისაც არ იყო, მამამისი ნეფრიტით რომ კვდებოდა. რეანიმაციიდან ვერ გამოგვყავდა, იქ ედგა თავზე. მერე ვიღაცას წამოსცდა, ერთი წამალი უშველის, ერთი საავადმყოფოს მთავარ ექიმს სეიფში აქვს შენახული ის ამპულაო.
      გაგვეპარა.  შესულა კაბინეტში და უთქვია. მამა მიკვდება, მე ვიცი, გადასარჩენი წამალი თქვენა გაქვთ, აი ფული, ჩემი მოგროვილია, კაცურად მიშველეთ, ჯერ პატარა ვარ, გავიზრდები,კაცი გავხდები და გამოგადგებითო. იმასაც მიუცია და ფულიც  არ გამოურთმევია, მაგრამ რად გინდა! გვიანი იყო.
    ობლად გავზარდე, უბეში.  დედამისს სამაგისოდ ნერვები არა ჰყოფნიდა.სულ დედაშვილშუა ვიდექი. ბიჭი ძნელი გასაზრდელია. ხან იცელქებს,ხან იზარმაცებს, ხან იჩხუბებს,,  კუდში დავდევდი, რამე არ შეეშალოს, გზიდან არ ამიცდეს-მეთქი.
    დედამისს არც არაფერს უყვება. მე კიდე, ხანდახან გულსაც გადამიშლის ხოლმე. რჩევასაც მეკითხება, ბაბო, ეს როგორა ვქნა, ის - როგორაო , მერე  კი მაინც თავის ჭკუაზე აკეთებს, რაც უნდა, მაგრამ მე ხო მაინც მიხარია!
    შენგან, ვიცი,  არ გავა და, ერთი თვე ამზადებდა ოპერაციას ნარკომანების დიდი ჯგუფის ასაყვანად. პირველი საქმე იყო და უფროსმა უთხრა, აბა, შენ იცი, ეგ თუ გამოგივიდა, საგამომძიებლოს უფროსს რომ დააწინაურებენ, იმის ადგილზე შენ გადაგიყვანო. ხედავს, რომ მონდომებულია და კარგი თვალით უყურებს.
    ჰოდა, რო  შეურეკიათ აყვანილები განყოფილებაში და  ამპულებით სავსე სუმკები რო გაუხსნიათ, ქვეყანა შეიყარა, ტელევიზორშიც  ბევრჯერ აჩვენეს, მაგრამ იქ მაგას ვერ დაინახავდი. უფროსმა მისცა ინტერვიუ, ეგ კი  დაკითხვაზე იყო. ტელევიზია რომ წასულა, გამოვიდა გარეთ და რას ხედავს! ის კაცი, აი, მთავარი ექიმი რო იყო, დაბერებული , სუ გაჭაღარავებული  და უკბილო , იქა დგას , კუთხეში. ერთის მამა ყოფილა.
      შევიდა ჩემი დიტო უფროსთან და ეუბნება: ერთი კაცი აქედან უნდა გავუშვა  და თუ გინდათ, მერე სამსახურიდან სულ წავალო.  რაშია საქმე, ვინ არისო და , ჩემი ნათესავიაო. მერე  ამდენი ხანი ჯგუფზე რომ მუშაობდი, შიგ შენი ნათესავი თუ ერია, ეხლა გაიგეო, გაჰკვირვებია უფროსს, მაგრამ ხელი ჩაუქნევია და კარგი, ოღონდ დაავერბოვკეო.
    შეუყვანია თავის ოთახში ის ბიჭი, იმისთანა  უცემია, დედის რძე არ შეურჩენია, მერე კარებიდან წიხლით გაუგდია. იცოდე, მეორედ სადაც დაგიჭერ, ადგილზე გაგათავებო.
    ვეუბნები, შვილო, მერე მამამისს რატო არ უთხარი: მე ის ბიჭი ვარ , აი, ხო გითხარით, კაცი გავიზრდები და მეც გამოგადგებითო და,  ე-ეჰ, ბაბო, შენ მაგათ არ იცნობ. ის ბიჭი ნარკომანობას არ მოიშლის, კიდე ჩავარდება, მამამისმა რომ გაიგოს , ვინცა ვარ, მერე პირდაპირ მომადგება და გულს გამიწყალებსო.
    დედამისი კიდე, მაგისგან კაცი არ გამოვაო... ეგე, თუ არ გამოვიდა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები