ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როლანო
ჟანრი: საბავშვო
28 სექტემბერი, 2009


პატარა ზღვის, პატარა კუნძული (სკივრში ნაპოვნი ზღაპრებიდან) თავი პირველი


პატარა ზღვის, პატარა კუნძული
 
თავი პირველი


(სკივრში ნაპოვნი ზღაპრებიდან)


პატარა, ზღვისპირა სოფელს დიდი აურზაური დაატყდა თავს. ჯერ იყო და ურჩხულები შემოესივნენ. შემდეგ, მათი საყვარელი მეფე გადადგა და უბრალო გლეხივით დაიწყო ცხოვრება. გვირგვინი კი თავის ვაჟს გადასცა. ამ სოფელში, ძალიან პატარა გოგონა ცხოვრობდა. ასაკით კი არა, ტანად იყო ძალიან პატარა, რის გამოც ქონდრის გოგონას ეძახდნენ. ქონდრის გოგონას, სინამდვილეში კუსკუსა ერქვა. კუსკუსა, სევდით სავსე, ლურჯი თვალებით შესცქეროდა სანაპიროზე, კოცონის გარშემო მოცეკვავე გოგო-ბიჭებსა და ფიქრობდა: “ნეტავი, მე როდისმე თუ გავიზრდები, ან ჩემი სიმაღლის შესაფერ ყმაწვილს თუ შევხვდებიო”.
გოგონა ხანდახან თვითონაც მიკუსკუსდებოდა კოცონთან და ერთი-ორჯერ შემობზრიალდებოდა კიდეც, მაგრამ რომელიმე მოცეკვავეთაგანი, მუჯლუგუნს გაჰკრავდა: “გადი გოგო, ფეხებში ნუ მედები, შემთხვევით არ გაგსრისოო”. ამ სიტყვების გამგონე ახალგაზრდები მხიარულად ხარხარებდნენ და ჩვენი კუსკუსაც, კიდევ უფრო დასევდიანებული ტოვებდა მოცეკვავეებს.
ერთი იყო, არავინ იცოდა როდის გამოჩნდა სოფელში ქონდრის გოგონა და მთავარი ის არის, არც კუსკუსამ იცოდა საიდან მოვიდა. ერთ მშვენიერ დღეს სოფელში შემოაბიჯა, “აქ რა ლამაზი ყოფილაო” თქვა და სოფლის განაპირას, მიტოვებულ ქოხში დაიდო ბინა.
ქონდრის გოგონა ყველაზე მეტად, პატარა ზღვის მეფე-დედოფალთან მეგობრობდა. ხშირად სტუმრობდა მათ და გიშრიას მიერ მომზადებულ სადილსაც გემრიელად მიირთმევდა.
გიშრია სიამოვნებით უყვებოდა გოგონას თავისი ოჯახისა და ზღვისქვეშეთის ამბებს. კუსკუსაც პატარა მუჭებს ნიკაპქვეშ ამოიდებდა და დიდი გულისყურით უსმენდა მისთვის მეტად საინტერესო და უცხო თავგადასავლებს.
- ახლა შენი ამბები მოგვიყევი, შენც ხომ გაქვს რაღაც მოსაგონარი, - სთხოვა ერთხელაც ზღვისწულმა.
- არ ვიცი რა მოგიყვეთ, არაფერი მახსოვს. თითქოს სიბნელიდან ამოვყვინთე და თქვენს სოფელში გავახილე თვალები. მომეწონა აქაურობა და დავრჩი. ესაა და ეს.
- კარგი, თუ არ შეგიძლია, თავს ძალა არ დაატანო. ალბათ დადგება დრო და ყველაფერი გაგახსენდება. - დაამშვიდა გიშრიამ.
- ზღვისწულო, ერთი სათხოვარი მაქვს შენთან, - მორცხვად დახარა ლამაზი თვალები ქონდრის გოგონამ, - შენს მაგიდაზე დურბინდი შევნიშნე, შეგიძლია მათხოვო? მინდა ზღვისპირას დავჯდე და მზის ჩასვლას ახლოდან ვუყურო მინდა ვიგრძნო, ვითომ მეც მზესთან ერთად ზღვაში ვეშვები. მათხოვებ?
- გათხოვებ კი არა, გაჩუქებ ჩემო კუსკუსა. ოღონდაც შენ მხიარული გნახო და რასაც მთხოვ, ყველაფერს შეგისრულებ. - უპასუხა ზღვისწულმა. დურბინდი გოგონას მიაწოდა და დააყოლა, - ეგებ ამ დურბინდით შენი ბედნიერებაც იპოვნო.
იმ დღის შემდეგ, ყოველ დილით იჯდა გოგონა სანაპიროზე დურბინდით ხელში და სევდიანი თვალებით ჰორიზონტს გასცქეროდა. დღე დღეს მისდევდა.
ერთ დღესაც ქონდრის გოგონამ, ნაპირიდან კარგა მოშორებით, პაწაწინა კუნძული შენიშნა. “ნეტავ რა უნდა იყოს, აქამდე რომ არ დამინახავს. ამ ზღვაზე ხომ კუნძულები არ არსებობს?” ფიქრობდა კუსკუსა. შემდეგ დურბინდით კარგად დააკვირდა. კუნძულზე ხრიოკი მიწა იყო მხოლოდ. “ეჰ”, ერთი გულიანად ამოიოხრა და პატარა ქოხისაკენ გაკუსკუსდა.
ყოველ დღე აკვირდებოდა გოგონა კუნძულს. ამჩნევდა, რომ ნელ-ნელა ხრიოკ მიწაზე ბალახი ამოიწვერა, შემდეგ აბიბინდა კიდეც. რამოდენიმე დღეში რაღაც მოძრაობაც შენიშნა. “არა, აქ რაღაც ხდება”, გაიფიქრა და მეფე-დედოფლის სახლისაკენ მოკურცხლა.
- გიშრია, ზღვისწულო, ჩქარა, ჩქარა, - მირბოდა და თან მთელი ხმით გაჰყვიროდა, რატომღაც ძალიან გახარებული ქონდრის გოგონა. ცოლ-ქმარი გარეთ გამოვიდნენ.
- რა იყო, რა მოხდა, ვინმემ შეგაშინა? - გამოენთო ზღვისწული.
- არა, არავის შეუშინებივარ. ჩვენს ზღვაში კუნძულია და თანაც ვიღაც დაეპატრონა. ჩქარა წამოდით.
- რას ამბობ კუსკუსა, ჩვენს ზღვაში კუნძულს რა უნდა, - გაიკვირვა გიშრიამ. მაგრამ ქმარმა ხელი ჩაჰკიდა და ზღვისაკენ წაიყვანა.
- ამ ბოლო დროს აქ ბევრი უცნაურობები ხდება, წავიდეთ.
სანაპიროზე ზღვისწულმა გოგონას დურბინდი გამოართვა და ზღვას გახედა.
- კუნძულია, თანაც მგონი ვიღაც ცხოვრობს კიდეც. - ჩაილაპარაკა მამაკაცმა და გოგონას მიმართა.
- გვირაბით ზღვისქვეშეთში ჩადი, დელფინო ნახე და უთხარი გაარკვიოს, რა ხდება ჩვენს თავს. ვინ დაეპატრონა ზღვაში გაჩენილ კუნძულს, იჩქარე.
        გახარებული გოგონა, რამდენადაც შეეძლო ჩქარი ნაბიჯით გაემართა გვირაბისაკენ.
გვირაბში შესვლა ყველას აკრძალული ჰქონდა, ყოფილი მეფე-დედოფლის გარდა. ხუმრობა ხომ არ იყო, თვით ზღვისწულმა უბრძანა ზღვისქვეშა სამფლობელოში ჩასულიყო და პატარა ზღვის ახალი მეფე ენახა. გოგონას დელფინო ნანახი არ ჰყავდა და არც ჰქონდა იმედი, რომ ოდესმე ნახავდა.
დარბაზში შესასვლელთან მონჩო და მანჩი დახვდნენ და გზა გადაუღობეს.
- შენ ვინა ხარ? - ჰკითხა მონჩომ.
- ნახე რა პატარაა, პეპელას ჰგავს. არა, ჭიამაიას თუ რაღაც ამდაგვარს. ვისთან მიდიხარ? - შუბლი შეიკრა მანჩიმ.
- მეფემ გამომაგზავნა, უფრო სწორედ ზღვისწულმა, დელფინოსთან მაქვს საქმე, უფრო სწორედ მეფე დელფინოსთან. არა, პატარა ზღვის მეფე დელფინოსთან. - სულ დაიბნა გოგონა ამ უცნაური არსებების დანახვაზე.
მონჩომ გაიღიმა.
- წამოდი, წამოდი ვიცი ვინცა ხარ. შენ ქონდრის გოგოს არ გეძახიან?
- მე კუსკუსა მქვია და არა ქონდრის გოგო, - სიბრაზისაგან გაწითლდა კუსკუსა.
- ჰო, კარგი კარგი ნუ ბრაზობ. ვხუმრობთ. აქ ისეთი მოწყენილობაა, რომ ცოტა გავერთეთ, - მოუბოდიშასავით მანჩიმ.
ამასობაში დარბაზში შევიდნენ. სამეფო ტახტზე დელფინო იჯდა. ისეთი სევდიანი ჩანდა, იფიქრებდი მის თავს, დიდი უბედურება ტრიალებსო. სამეფო გვირგვინით შემკობილი, ისეთი ლამაზი იყო, რომ კუსკუსას აღტაცების შეძახილი აღმოხდა. შემდეგ თავი მოთოკა და მეფეს მიმართა.
- მეფეო, ზღვისწულმა გამომგზავნა. ზღვაში კუნძული გაჩნდა.
- კუნძული? - პირი დააღეს მონჩომ და მანჩიმ.
- რა უნდა აქ კუნძულს, - იკითხა დელფინომ, გამომეტყველება კი არ შეცვლია.
- კუნძულია, ნამდვილი კუნძული და ზედ ვიღაცა ცხოვრობს. - მამათქვენმა დამაბარა, ჩემს შვილთან ჩადი ზღვისქვეშეთში და უთხარი გაარკვიოს, რა ხდება ჩვენს სამფლობელოშიო. - დელფინოს თვალები გამოუცოცხლდა.
- კარგი, წამოდი. ერთად ავცუროთ და ვნახოთ, ვინ ბრძანდება დაუპატიჟებელი სტუმარი.
- მე ცურვა არ ვიცი, - დაიმორცხვა გოგონამ.
- არც არის საჭირო. მე აგიყვან კუნძულამდე, რასაკვირველია თუ ის არსებობს. - გაიცინა ახალგაზრდა მეფემ. კუსკუსას ხელი ჩაჰკიდა, დარბაზიდან გაიყვანა და ღია ზღვაში ააცურა. გოგონამ შიშისაგან თვალები დახუჭა, მაგრამ უცნაური ის იყო, რომ სუნთქვა არ უჭირდა. გეგონება, წყალში კი არა, ზღვისპირას დაფრინავსო. უაღრესად სასიამოვნო გრძნობა დაეუფლა და თვალებიც გაახილა. თვალები გაახილა და ამოყვინთეს კიდეც.
მათ თვალწინ პატარა, ლამაზი, ახალაბიბინებული ბალახით დაფარული კუნძული აღმოჩნდა. კუსკუსა კუნძულზე აფოფხდა. დელფინო კი მკლავებით დაეყრდნო მიწას და აქეთ-იქით მიმოიხედა. ის ხომ კუნძულზე ვერ დაეტეოდა.
მთელი კუნძული ხასხასა მოლითა და წვრილი, კუსკუსას თვალების ფერი, ლურჯი ყვავილებით იყო მოფენილი. აქეთ-იქით პალმის ხეები იდგა. ხეებზე ჰამაკი იყო გაბმული, რომელშიც პაწია ტანის ახალგაზრდა კაცი იწვა და ღიღინ-ღიღინით ქანაობდა. ტანზე ზოლიანი საბანაო კოსტუმი ეცვა. არა ტრუსი, არამედ მთლიანი, მუხლამდე და მოკლე სახელოებით. ეს იყო, მისი მთელი ჩაცმულობა. სტუმრების დანახვაზე, ჰამაკიდან ჩამოხტა, პალმის უკან გავიდა. შემდეგ ჩაახველა და დელფინოსა და კუსკუსას წინ წარსდგა (გამოპრანჭული). საბანაო კოსტუმის გარდა, ყელს შავი ბაფთა უმშვენებდა.
- გამარჯობა, - კიდევ ერთხელ ჩაახველა, ზოლიან-საბანაო კოსტუმიანმა.
- გამარჯობა, ბატონო ჩემო, ვინ ბრძანდები, აქ რომ დაგიდია ბინა. რა, მემკვიდრეობით მიიღე? - დაცინვით ჰკითხა დელფინომ.
- არა მეფეო, მე აქ შემთხვევით მოვხვდი, მომეწონა აქაურობა და დავრჩი. - უპასუხა უცნობმა.
- რა გქვია?
- კაცკაცულა.
- ჰა, ჰა, ჰა, - გადაიხარხარა დელფინომ
- ეს სახელი, მე თვითონ დავირქვი. არ ვიცი რა მქვია. არაფერი მახსოვს. მაგრამ, სახელი ხომ უნდა მქონოდა. აი, თქვენ მკითხეთ, მეც გიპასუხეთ. რომ არ დამერქვა სახელი, ხომ შევრცხვებოდი. - თავს იმართლებდა პატარა კუნძულის მაცხოვრებელი., თან თვალს კუსკუსასაკენ აპარებდა.
- კაც-კაცულა, რა კარგი სახელია. მე კუსკუსა მქვია, - გაეცნო გოგონა. - მეც არ ვიცი საიდან მოვედი, ან საით მივდივარ.
- გზამ ჩემთან მოგიყვანა კუსკუსა, ხელი გაუწოდა კაცკაცულამ გოგონას და ჰამაკისაკენ წაიყვანა. - შენ აქ დაწექი, მე კი ბალახზე წამოვგორდები ჯერჯერობით. მერე, ახალი პალმები ამოვა და ახალ ჰამაკსაც გავაბამ. ვიყოთ ასე და ვიქანაოთ ჩვენ-ჩვენ ჰამაკებში. დარჩი ჩემთან. - ენად გაიკრიფა კაცკაცულა.
- თქვენ რა, მე აქ ვერ მხედავთ? - ცოტა არ იყოს გაბრაზდა დელფინო, თან ფიქრობდა: “ნეტავი მაგათ, კარგად იყვნენ და მე ხელი რატომ შევუშალოო”
ამ დროს ზღვისწული და გიშრიაც მიუახლოვდნენ კუნძულს. იქაურობასა და მოსაუბრეებს რომ მოავლო თვალი, გაოგნებულმა ზღვისწულმა წამოიძახა
- ღმერთო, გიშრია შეხედე კუსკუსას. დელფინო, ხელი არ ახლო ამათ. ნახე რა სილამაზეა. კუსკუსა და კაცკაცულა ხელიხელჩაკიდებულნი იდგნენ, თითქოს დიდი ხნის მეგობრები იყვნენ. მათ შემხედვარე გიშრიას თვალები აუწყლიანდა.
- იყავით, იცხოვრეთ და იბედნიერეთ. კუსკუსა, მე ხომ გითხარი ჩემი დურბინდით ბედნიერებას იპოვნი მეთქი. - ჩაიცინა ზღვისწულმა და გიშრიასთან ერთად ზღვაში ჩაყვინთა.
დელფინო კუნძულთან შეყოვნდა, სიამოვნებდა ამ პატარა არსებებთან ურთიერთობა. თითქოს ხასიათიც გამოუკეთდა და ხმადაბლა ესაუბრებოდა მათ. გარდა ამისა, თითქოს რაღაც აკავებდა და გაურკვეველი მოლოდინის გრძნობაც დაუფლებოდა.
- შეხედე, შეხედე, - წამოიძახა კუსკუსამ შეშფოთებული ხმით და ცისაკენ აიშვირა ხელი.
- დელფინო, გვიშველე, - მუდარით სავსე ხმით მიმართა კაცკაცულამ პატარა ზღვის მეფეს. დელფინომ ზემოთ აიხედა და ცაში ნაცნობი ნათება შენიშნა.
ოქროსფერ სხივებში გახვეული ქალი, ნელ-ნელა ახლოვდებოდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები