ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ეკატო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
1 ოქტომბერი, 2009


  ჩამოტვირთვა

,,ვერ მივაჭედე სულს სახელური...

  ამ ბოლო დროს ისედაც ნაღვლიანი გარემოა ამ საიტზე და დღეს კიდევ უფრო მეტად. 
                                                  ოთარ ჭილაძე გარდაიცვალა.
  თეა, თაბაგარო, იმიტომ ხომ არ იყო, რომ წუხელ ფრაზების მოთოკვა გიჭირდა და იმიტომ ხომ არ იყავი არეული?.........
როგორ ვცარიელდებით ნელ-ნელა...



შემოდგომის პირველი დღე
დიდი ხნის მერე: დღისით ან ღამით,
სულ ერთი წუთით ან ერთი წამით,
გაგვახსენდება მთელი სიცხადით,
რასაც ვაქებდით ანდა ვკიცხავდით.
წამოგვეწევა ჩამქრალ კოცონთან,
რაც არ მოგვწონდა ანდა მოგვწონდა,
რასაც ვეძებდით ანდა ვკარგავდით
და რასაც ვგავდით ანდა არ ვგავდით.
მე მეშინია იმ ერთი წამის,
იმ ერთი წვეთი თაფლის თუ შხამის,
მაგრამ ცხოვრება, შლეგიც და მშვიდიც,
ჯერ ისევ მიდის, მიდის და მიდის…
1963
* * *
რაც დასახარჯი არსებობს – ვხარჯავ.
რაც სანახავი არსებობს – ვნახე.
და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას,
მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე.
ვერ დავარბიე ჩემში ველური,
კანდაშაშრული მზით და მარილით,
ვერ მივაჭედე სულს სახელური,
რომ გამოაღოს ყველამ კარივით.
ყველა ზეიმზე დავიგვიანე,
ყველაზე ადრე მოსულმა დღემდე.
არც მდიდარი ვარ და არც ჭკვიანი,
მაინც ვერავინ ვერ ცხოვრობს ჩემდენს.
მე ყველა სიტყვის წარმოთქმა მტანჯავს,
თვალს ყოველ დილით ტკივილით ვახელ
და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას,
მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე.
1968
* * *
ვეღარ განკურნავს ჩემს ბებრულ წუხილს
დუმილი ცაცხვის, ფიჭვის თუ მუხის…
ღმერთმა შეარგოს და მიუტევოს,
ვისაც ულხინდა და ახლაც ულხინს.
ცოტაც და, ბნელი სიცივე მწუხრის
წერტილს დაუსვამს ვნებათა დუღილს…
მეც ამ დიდებულ წამს ველოდები,
ვით გაზაფხულის ელვას და ქუხილს.
2006
* * *
რაც არ ყოფილა, ის არც იქნება,
მაგრამ რაც იყო, იქნება კვლავაც:
გზა გაიხსნება, ან შეიკვრება,
მომსვლელი მოვა, წამსვლელი წავა…
მეც წავალ, ოღონდ ცოტაც მადროვეთ,
ბარემ შევავსო ბოლო ფურცელიც
და ამოვწურო ეს სიმარტოვე,
ეს ფორიაქი ამოუხსნელი.
გაუფასურდა, ჩაბარდა წარსულს,
რითაც დროს ვკლავდი და თავს ვირთობდი.
მე კი სხვაგვარად ცხოვრება არ მსურს -
კარგად იყავით. მადლობთ. მშვიდობით.
2007

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები