 | ავტორი: გიოძერია ჟანრი: პროზა 19 ოქტომბერი, 2009 |
ჩვეულებრივი ცხენი იყო. უბრალო ჯაგლაგი. თავი მუდამ ჩაქინდრული ჰქონდა. წელჩადრეკილი დადიოდა, თითქოს ზურგზე რაღაც მძიმე ტვირთი ედო. შესამჩნევად კოჭლობდა. წინა ფეხი სტკიოდა. მარცხენა ჩლიქს ზემოთ ჰქონდა ჭრილობა. ნაიარევი არ უშუშდებოდა. სულ ბუზები ეხვეოდნენ. შეჩვეული იყო. მოგერიებასაც არ ცდილობდა. სოფლის საკმაოდ მოზრდილ უბანსაც იმედად ჰყავდა. ასიოდე კომლს მაინც. ახლო-მახლო გამწევი ძალა არც იყო სხვა. ხნავდა. თესავდა. ტვირთი გადაჰქონდა ცხენ-ურმით. სახელს არავინ ეძახდა. შეიძლება არც ჰქონდა. ფიფას ცხენად იცნობდა ყველა. ფიფაც არ არის ნამდვილი სახელი. ოთარი ერქვა იმ ცხენის პატრონს. გაფოფრილი ულვაშების გამო შეარქვეს ორმოცდაათს გადაცილებულს ეს მეტსახელი. ხათრიანი კაცი იყო. ყველაფერში. ყველგან. უარს ვერავის ეუბნებოდა. ამიტომაც კოჭლი ცხენიც ხან ერთი, ხან მეორე მეზობლისთვის ირჯებოდა უშურველად. საქმე თუ არ ჰქონდათ, ცხენს საბალახოდ უშვებდნენ ჩაის პლანტაციებში. იქ აბალახებდნენ, სადაც მაყვლის ბუჩქებმორეულ მწკრივებს შორის კოჭლსაც უჭირდა შეღწევა. მგლები ბუდობენო იმ პლანტაციებში, მიმტკიცებდა პაპუნა. მგლებისა არაფერი ვიცი, პაპუნას ნათქვამი არ გადამიმოწმებია, მაგრამ იქ ნამდვილად იყო რომელიღაც მტაცებელი, რადგან იმ მიდამოებში ხშირად პოულობდნენ დაგლეჯილ გოჭებს, თხებს, ეზოდან უგამაგად გამოსულ ფრინველს. ცხენს არაფერი ემუქრებოდა ადამიანის გარდა. ეტყობა, გაბეზრდა ისიც. საოცარი რამ ისწავლა. გაიგონებდა თუ არა ადამიანის ხმას, გაწვებოდა მაშინვე ბუჩქებს შორის. მიატყუპებდა წინა ფეხებს ერთმანეთს, დადებდა ზედ თავს და გაისუსებოდა საწყალობლად. პატრონის ძახილზეც არ გაიღებდა ჩქამს. თავს ზემოთ არ ასწევდა ხიფათის გავლამდე. წლების მანძილზე იმალებოდა ასე. მაინც არ ეშვებოდნენ ეს უღმერთოები. ბოლოს ძალიან დაბერდა. დაანებეს თავი. დაისვენა საბრალომ. არ გამოდიოდა ჩაის პლანტაციებიდან. პატრონიც არ კითხულობდა გაარშივებულს. მიანება განგებას. ამ ზაფხულს უკვე არ დამხვედრია სოფელში. მოკვდაო, მითხრეს. ნაჯაფარი. ნაავადარი. ეგრძნო სიკვდილის მოახლოება. გამოეწია პატრონის სახლისკენ. გზაში გამოლეოდა ძალა. ამოსვლოდა სული ორღობიდან თითქმის გამოსულს. ორასიოდე მეტრი ჰქონდა დარჩენილი სახლამდე. სულ ხუთი წუთის სავალი. ჯანდაგისთვის მაინც დაუძლეველი. (რ,ძერია)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ცოდო...საყვარელი ცხოველი... ცოდო...საყვარელი ცხოველი...
1. ყველაფერში. ყველგან.------> წარმატებები შენ :) ყველაფერში. ყველგან.------> წარმატებები შენ :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|