ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
26 ოქტომბერი, 2009


"რაღაც სხვა"

საღამო უამინდო. ქუჩაში გამოდიხარ.
გეცნობა, ქალაქია არც ისე პატარა და
არც დიდი. ხედავ სახლებს, გგონია, გაუდი ხარ,
არადა, ვიტრინებით ქალის ლანდს დაატარებ.

ასფალტზე ყველა ბწკარში წამია ჩაყოლილი
და სუნთქვა ხელოსნისა. გიჯობს თქვა - ხელოვანი.
მომდევნო ილუზია ამაზე მაღალია _
რაღაც, ქვეცნობიერი და მრავალფეროვანი

პალიტრა ტილოებად გაშლილი მდელოების
სოფელში... უახლესი სიზმრიდან გამოსული
კაცი დგას აივანზე, წააგავს მოდილიანს,
საშინლად მშვიდია და უბრალოდ ქაოსური.

ცა მძიმედ ჩამოეყრდნო მთის ბეჭზე დედამიწას.
ქუხილი. ღრუბლის ერთ-ერთ ნაპირზე ტერაქტია,
სიცოცხლე სიკვდილისგან ერთხელაც ვერ დაგიცავს,
გადაჰყვა პოეზიის ნაკვალევს ტერე-კტიონ.

საღამო უამინდო. ფიქრებში გამარტივდა
ახლა თვით თვითმკვლელობაც. ვითომდა არაფერი.
და მაინც სხვა რამ გინდა. ისეთი წარმტაცია
ოცნება მარადიულ სივრცეში გადაფრენის...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები