ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰა-რა-ლე
ჟანრი: პროზა
13 ნოემბერი, 2009


... და ახლა მინდა, ამისათვის მადლობა გითხრა (სრულად)

            საქართველოში, საბედნიეროდ ბევრია ხალხი, მუდამ გვერდით რომ გიდგას და შენს ჭირს და ლხინს იზიარებს. ცოტა, მაგრამ არიან ისეთებიც, მხოლოდ თავიანთი არსებობით, რომ გაძლევს ცხოვრების სტიმულს.
ერთ ასეთ ადამიანს ვუძღვნი, ამ არც თუ ისე მარჯვე მოგონებას.


*************


- ახლა ამათ ჭკუა აქვთ თავში? ეს ორი  ,,ცინკი" აკს-ის ტყვია სად გავითხაროთ, თქვით?! - ჯუჯღუნებს კუკა.
- გათხრით, იცოცხლე იმ ხელა გაქვს, ორსაც დააბინავებ და სამსაც, მაგრამ რა ჩემ ფეხებად გვინდა... - ვანგლობ მე.
- ვანიკო, არ უთხარი აკმ-ები გვაქვსო? - საქმეში გარკვევას ცდილობს დიმა.
- ვუთხარით, მაგრამ არ ჰქონდათ და ეს მოგვცეს.- ვანიკოს ნაცვლად პასუხობს ნიკუშა.
- ის არ უთქვამთ, აკმ-იდან, აკს-ის ტყვია როგორ ვისროლოთ? - დაინტერესდა გიო.
- ლულებში ჩავაფინოთ რამე.- ხუმრობა მეტ-ნაკლებად გამოსდის შალიას.
- ეე, ,,მწვანე" ( შალიას მეორე ,,კლიჩკაა"), სანამ მართლა ლულაში ჩამიფენიხარ, წადი და საიდანაც გინდა, აკმ-ის ტყვიები მოიტანე! - თავს იბრაზიანებს შალვოვიჩი.
- ჰო, კარგი, გეყოფათ, მე, ივა და ფისო წავალთ და გადავცვლით. - გვაწყნარებს სართანა.
- ძალიანაც კარგი. ლიმონკებიც ხელს გამოაყოლეთ. - წამსვლელებს მიაძახა აკამ.
- ლიმოკანკა არა ბიჭო ახლა, ტანკს მოვიყვანთ, არ გინდათ? - იღრინება ივა, აშკარად ეზარება წასვლა.
- ,,მამენტ" იყოს, ჩვენი ,,ტაჩკა" გვექნება, ფეხით არ მოგვიწევს სიარული, მოიყვანეთ! - ვაძლევ თანხმობას.

  წავიდნენ და 2 საათში მართლაც მოიტანეს ტყვიები, მხედრიონელებს გაუცვალეს. ტანკი - არა. ალბათ ,,დაავიწყდათ".


**************


  დიდი სამეგობრო წრე გვქონდა. გინდ ტრაბახი დაარქვით, მაგრამ ასე  იყო და - იმ დროს ქალაქში, საკმაოდ პოპულარული, ამ სიტყვის კარგი გაგებით. ჩვენ  ,,სასტავზე"ვამბობ, საკუთარ თავზე ხომ არა?..
  ვინ  ვიყავით და რამდენი, ახლა ნუ ჩამომათვლევინებთ. მხოლოდ იმას ვიტყვი, ზამთრობით, არდედეგებზე ლიკანში რომ მივდიოდით, ,,ელექტრიჩკის ერთ ვაგონში, ან ვეტეოდით ან ვერა.  სამეგობროს  2/5-ს თუ არა, 1/3-ს მაინც, გოგოები წარმოადგენდნენ.
  ზოგჯერ რომ იტყვიან, მეგობარი 1-2 უნდა გყავდეს, ან ქალის და კაცის მეგობრობა არ შეიძლებაო - მეცინება და მიკვირს.  მეგობრობაში სქესს, ასაკს, რაოდენობას, თუ სოციალურ მდგომარეობას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია ერთი და იგივე ფასეულობებზე და ღირებულებებზე იყოთ ოჯახებში აღზრდილნი, ერთი და იგივე სატკივარი, თუ გასახარელი გქონდეთ და გაიცნოთ ერთმანეთი. მერე უკვე ეს გრძნობა, თავისით ამოიყრის. ეს არის და ეს.
  შეიძლება ვცდები, მაგრამ ფართო სამეგობრო წრეს, სხვა მრავალ სიკეთესთან ერთად, ის დადებითიც მოაქვს, რომ უცხო საზოგადოებაში მოხვედრილი, ადვილად პოულობ  საერთო ენას. მოზარდი ასაკიდან, 10-15 მეგობარი გოგონა თუ გყავს, არც უცნობ გოგონებთან მოგივა მერე ,,იაღლიში". რა გითხრათ აბა, ქართველი იყო თუ სხვა ერის წარმომადგენელი, ასეთი გოგო იყო, თუ ისეთი, არასდროს არცერთ ჩვენ ძმაკაცს, ხეპრული საქციელი არ ჩაუდენია. ამ სიტყვებზე, თავი შემიძლია დავდო.
  მეგობარი მყავდა ერთი, კახა. ,,რიჟას" ვეძახდით. ასე ვთქვათ - ,,სასტავს" გარე მეგობარი. ჩემზე უმცროსი იყო რამდენიმე წლით. ოქრო ბიჭი, ნიჭიერი, იმედის მომცემი მუსიკოსი,  დღეს ცოცხალი აღარ არის, ღმერთმა აცხონოს...
  ერთ დღესაც მეუბნება:
  - წამო, 3 დღით თელავში ჩავიდეთ, ჩემი ინსტიტუტელები იქ არიან, სასტუმროში ცხოვრობენ. ხოშიანი გოგოები არიან. შესახედავადაც რომ გაგიხარდება და ხასიათებითაც.  ყველა უკრავს, ყველა მღერის. ქეიფი, დროსტარება და ჩქარი ტაში არ მოგვაკლდება, მეტი რა გინდა?
  რა უნდა მდომოდა?
  წავედით.


**************


  სამეგობროში ცოლი, პირველმა საშკამ მოიყვანა. შემდეგ, ვანიკომ - მაკა. ისინი იყვნენ პირველები, ვინც მშობლების გარეშე, ცალკე ბინაში ცხოვრობდნენ. ცხადია, ყველაზე თავისუფლად, მათთან ვგრძნობდით თავს, თუმცა არც სხვებს ვწყვეტდით გულს, იშვიათი სტუმრობით.  მაგრამ როცა, მშობლების მახვილი მზერა- სმენის  მიღმა გვსურდა ჩატარებულიყო ესა თუ ის შეხვედრა ან ქეიფი, მაკა-ვანიკოს ოჯახს, ბადალი არ ჰყავდა.
  მოკლედ, კარგა ხანი მათი ბინა, ჩვენს საფიხვნოს, სამორინეს, რესტორანს, სასტუმროს, თუ შემნახველ საკანს წარმოადგენდა. 
  ავტომატი, მჭიდები, ვაზნები, მოკლედ მთელი სამხედრო აღკაზმულობა, ბუნებრივია,  ვანიკოსთან დავტოვე.
- ერთ-ორ დღეში ბათუმში მივდივარ, იქიდან ალბათ თურქეთში მომიწევს გადასვლა და თუ ვერ დაგიკავშირდით, არ ინერვიულოთ. - ასე მქონდა შინ დაბარებული. აბა რა მეთქვა, სახლში მხოლოდ ქალები: დედა, ცოლი და ერთი წლის ქალიშვილი მრჩებოდნენ და - ომში მივდივარო, ხომ ვერ ვეტყოდი? მაგრამ რად გინდა? აეროპორტში, თვითმფრინავის ტრაპზე, იარაღით და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი, რომ ავდიოდი, ვიღაც მარჯვე ფოტოკორესპონდენტს  გადაუღია ჩემთვის სურათი და მეორე დღეს გაზეთში არ გამოუკრავს?.. კი შემოიკრა თავში ხელი დედაჩემმა, მაგრამ რას იზამდა, უკვე სოხუმში ვიყავი.
  მანამდე კი...
  წასვლის დღეს დიმასთან, ,,კამანდირთან" მოვიყარეთ თავი. იქნება ასე, დილის 8 საათი. აქედან, მერიასთან უნდა ჩავიდეთ, იქ პატარა ლაი-ლაი, მერე ჩაგვსვავენ ავტობუსში. აეროპორტი და სოხუმი.
  თორმეტნი ვართ, ძმაკაცები.
- ,,კაროჩე"!  12 აკმ-ია, ოთხ-ოთხი სავსე ,,რაჟოკი" გვაქვს ყველას. პლიუს 30-30 ტყვია, ნახევარი ,,ტრასირია", ნახევარი  ,,ბრანებოინნი". ორი დურბინდი, ,,აპტეჩკა", ოთხი ,,ჟგუტი", დანები გექნებათ, იმედია. ესეც ჩემი ,,სვისტოკი".  ხომ გახსოვთ, ორი დასტვენა - მოსვლა, ერთი - ,,პაშლი ვი!.." ,,იტოგში", ეს გვაქვს რაც გვაქვს. - გადათვალა ,,არსენალი" დიმამ. - მიდი ახლა აიღეთ იარაღი და გავეშვით, ნელ-ნელა.
  პირველი მე გამოვედი ქუჩაში. ნელ-ნელა სხვებიც შემომიერთდნენ.
- რა საკაიფო ჟილეტი გაქვს, საიდან ეე? - მეკითხება გიო.
- ბმპ-ს ,,ზაშჩიტნი" ჟილეტია რა. აი აქ, მუცელთან, ამ ბამბების ნაცვლად ,,რაჟოკები" ეწყობა. მეტ-ნაკლებად იცავს რა გულ-მუცელს.
- ვაა, ასწორებს, მაგარია.
  ბიჭებმა აიღეს იარაღი და ვაზნები. ყველანი ქუჩაში გამოვიდნენ.
- წავედით! - დაიძახა დიმამ.
  მაყაშვილის ქუჩიდან მწვანე ფერის ნივამ შემოუხვია, ბარნოვზე. საჭესთან, დაახლოებით ჩვენი ხნის მამაკაცი იჯდა, გვერდით ქალი, ალბათ მეუღლე. მანქანამ სვლა შეანელა. მძღოლმაც და გვერდით მჯდომაც ჩვენ შემოგვხედეს. მანქანა გაგვცდა, გადაჭრა ბელინსკის ქუჩა, მაგრამ ქალს, სანამ გზა იძლეოდა საშუალებას, თვალი არ მოუშორებია ჩვენთვის.
- წამო რა, გამოადგი ფეხი! - ავტომატზე დამქაჩა ნიკამ.
- მოვდივარ.
- რას ფიქრობ? დავბრუნდებით ყველანი?
- კი!
- ასე გგონია?
- კი ნიკუშ, ასპროცენტიანი ვიცი! ალალად გეუბნები, ღერი თმაც არ ჩამოგვივარდება არც ერთს...
- საიდან იცი, მითხარი?
- ვიცი ნიკუშ, რომ ჩამოვალთ მერე გეტყვი...



***************


  საღამო იყო, მე და რიჟამ თელავამდე რომ ჩავაღწიეთ. მანამდე გზაში, ერთ გზისპირა პატარა რესტორანში, თონის  პური, გუდის ყველი, მწვანილი, მწვადი და ღვინო მივირთვით. კოხტად შეჭიკჭიკებულები ვიყავით სასტუმროს რომ მივადექით.
გაუხარდათ, მაგრამ რა გაუხარდათ გოგოებს ჩვენი დანახვა. ჩვენი რა, ,,რიჟასი", აბა მე არც მიცნობდნენ.
  - კახა ჩამოვიდა! კახა ჩამოვიდა! - ატეხეს ერთი ჟივილ-ხივილი.
  მართალი ყოფილა ჩემი მეგობარი, ძმაო! მართლა კარგი გოგოები იყვენ ის დალოცვილები, ყოველმხრივ! ლამაზები, წესიერები, ღიმილიანები, ხალისიანები.  ამდენი ,,დიმიტრი გელოვანი" ერთად იშვიათად თუ შემხვედრია, დაკვრა და სიმღერა ხომ - იცოცხლე! მოკლედ, დავინახე თუ არა ეს ხალხი, იმ წუთშივე გავშინაურდი. ერთ-ერთ ნომერში გაიშალა სახელდახელო სუფრა. კახამ თამადობა შემომთავაზა და გიჟი ვიყავი უარი მეთქვა?!
რაც მე იქ თავი მოვიქაჩლე და სადღეგრძელოები ვსვი, რის გულბაათ ჭავჭავაძე, რა ტუპია იაშვილი, ვინ სიმონიკა სხირტლაძე,  მოვიდოდა ჩემთან ( იმ დროს, ღრმად ვიყავი ამაში დარწმუნებული). ვსვამ, ლექსებად ვიღვრები, ვღადაობ, ვქაქანებ, აქეთ სიმღერა და...მოკლედ ვარ ერთ ამბავში. მასპინძელთა სიმპატიებსაც ვგრძნობ უკვე აშკარად.
  მორიგი სადღეგრძელოს ჯერიც დადგა. ადრესატს ქეთი ჰქვია, ერთი ლამაზი, პატარა, კაფანდარა გოგოა. დავწვდი და იქვე ნომერში, გარდერობის სახურავზე შემოვსვი.
- გინდ მეძინოს!!! - გავეცი მომღერლებს ბრძანება.
წამოიწყეს.
  მუხლი მოვიყარე და დავიწყე ,,მუხამბაზის" კითხვა. ამ დროს იღება კარი და შემოდის მასპინძლების თანაკურსელი გოგონა.
  სასმისი ხელზე მიმეყინა. ენა - სასაზე. ,,მუხამბაზი" კი არა, რა მქვია, ის დამავაწყდა. ვაგდივარ ასე მუხლებზე, დამუნჯებული და თვალგაშტერებული. ეშაფოტზე გაყვანილ გაჭირვებულს ვგავარ, რატომღაც ჭიქა რომ უჭირავს ხელში.
- შემოდი ლელა! სად იყავი აქამდე?! კახა და მისი მეგობარი ჩამოვიდნენ, იცი რა კარგ დროს ვატარებთ!



*************


-  დღეს რა რიცხვია, ,,სართან"?
- ,,ტოლი" 25, ,,ტოლი" 26, ჰა-ჰა 27, ,,კაროჩე" სექტემბერია.
- ,,მა-ლა-დეც! ჟივოი" კალენდარი ხარ, რა შე ჩემა! ესე ხო, მეც  ვიცი?
- აბა, რაღას მეკითხები, გცოდნია.
- იცი რატომ?  რამე ,,პრაზდნიკი" ხომ არა აქვთ ამ ჩემისებს?  რა ხანია დაბნელდა და ჯერ ერთი ტყვიაც არ გავარდნილა.
- ისე, ჰო. მეც მიკვირს...
- არ ჩავიდეთ  დაბლა? მთელი საღამო კარლსონივით ,,კრიშაზე" ვართ, ამის დედა ვატირე.
- ერთი ნახევარი საათიც და მერე, ვანო და კუკა ამოვუშვათ.
- გშია, სართან?
- არა.
- დღეს, ღამე ვინ სად დგას იცი?
- პირველ სართულზე და შემოსასვლელში, ,, თბილისელის" ბატალიონის 10-12 კაცი და ჩვენთან რომ დარჩნენ ის სამხედო პოლიციელიები, თუ ვინც არიან. მეორე სართულიდან სახურავის ჩათვლით ჩვენ ვართ რა. სართულზე, ორი კაცი.
- ერთი აქეთ, ერთი იქით ჰო?
- ჰო... შუქი მაინც იყოს ამის დედა ვატირე, რომ შემოიჭრან, ამხელა შენობაში არ გინდა მტრის და შენიანის გარჩევა?
- ჰო, ძნელია... დღეს არა მგონი რამე მოხდეს და ხვალ იქნება ალბათ სინათლე.
- მეც ასე მგონია.
- აქა ხართ, ძმებო? - სახურავზე ამოსასვლელიდან თავი ამოჰყო ივამ. - მე და შალვოვიჩი თქვენს დაბლა ვართ. შალვოვიჩი რკინიგზისკენ, მე -აქეთ. ჩვენ  ქვემოთ, ნიკუშა და შალია. თქვენთან რა ხდება? არი რამე ახალი?
- არაფერი და ჩვენც ეს- გვიკვირს.
- მეც მაგრა მიკვირს ,,სართან" და იმიტომაც ამოვედი. ტელეფონზე ხალხი გვირეკავს: მართალია ჯარი გადის და სოხუმი იცლებაო?
- კაი რა! მერე, - თქვენ შიგ ხომ არა გაქვთო? -არ უპასუხე?
- ვუპასუხე ბიჭო, მაგრამ - როგორ არა ცარიელი პოზიციებიო - ასე ამბობენ.
- შეეშვი რა, პროვოკატორია ვიღაც.
- ყველა ტო? ასჯერ მაინც დარეკეს.
- ბიჭო, რა ცარიელი?! - მომეშალა ჭორზე ნერვები - ჩვენ აქ ვართ შე ჩემა?
- ვართ.
- ზემოთ წამალაიძის ხალხი არის?
- ალბათ.
- რა ალბათ? რომ წასულიყვნენ არ გვეტყოდნენ?
- ალბათ.
- აიჩემე ახლა ეს ალბათ შტერივით! ან ჩვენ რას გვეკითხები, შენ არა გაქვს რაცია? ადექი და დაუკავშირდი.
- საქმეც ისაა, რომ ვერ ვუკავშირდები.


                                                     
********************


- გამარჯობა, ლელა - ოდნავ დაბნეულად გამეცნო ახალმოსული, მუხლებზე დამხობილ, გაშეშებულ და თვალებდაყვლეფილ,  უცნობს რომ მომკრა თვალი.
  უხერხული მომენტის მეტ-ნაკლებად გასანეიტრალებლად გაცინება ვცადე. არავის უთვამს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ტეტანუსის ღიმილი აღმებეჭდა სახეზე. ხელი გავუშვირე და  ჩემი სახელის თქმა დავაპირე.
- მმუუჰუუ... ამოვიღმუვლე რაღაც გაურკვევლად. არადა, რა თამადა ვიყავი ორიოდ წუთის წინ. სულ წყვილ-წყვილად ამომდიოდა პირიდან ბულბულები და იადონები. ციცერონი ვიყავი და ამ გოგოს დანახვით, გერასიმედ არ ვიქეცი. კიდევ კარგი წყალი არ იყო ახლო-მახლო, თორემ ისე ვიყავი საკუთარ თავზე ნერვებმოშლილი, მუმუს მაგივრად მე გადავეშვებოდი წყალში.
  მოკლედ, ლელას მოსვლის შემდეგ, რაც თქვენ ილაპარაკეთ იმ სუფრაზე, იმდენივე ვთქვი მეც დაახლოებით და რაც ვთქვი, ნეტავ ისიც არ ყოფილიყო. სულ სისულელე და შტერული. ასე რამ გამომათაყვანა, ახლაც ვერ ვხვდები. სიტყვას სიტყვაზე ვერ ვაწეპებდი. ერთის თქმა მინდოდა, მეორე გამომდიოდა. გოგოები ხომ დაიბნენ, ,,რიჟა" ჩემზე მეტად იყი გაკვირვებული. თავიდან კი მაღადავებდა, მაგრამ მერე გულწრფელად შევეცოდე  და თვითონ აიღო სუფრის სადავეები ხელში. ოღონდ ამან ხმა არ ამოიღოსო და დაწყვიტა სიმღერით გოგოები.
  ასე იყო თუ ისე, ის საღამო ჩავათავეთ და მეც გავთავდი.


**************


- ჩუმად სართან. რა ხმაურია ბიჭო?  მიდი რკინიგზას გახედე.
- იქით რა მინდა, აქედან მოდიან ვიღაცები.
- წადი ნახე, რომ გეუბნები. აქ მეც ვუყურებ.
  ,,სართანამ" ჩუმად გადაირბინა სახურავი. მე საწინააღმდეგო მხარეს მივცოცდი და ყაზბეგის ქუჩას გავხედე. შეიარაღებული ხალხი მოდიოდა. იქნებოდნენ ასე, 40-50. თამამად, ხმამაღალი საუბრით მოუყვებოდნენ ქუჩას, პიდაპირ ბავშვთა საავადმყოფოსკენ მოდიოდნენ, სადაც ჩვენ ვიყავით დაბანაკებულნი.
- იქიდანაც მოდიან, ბიჭო. - ისევ ჩემთან გადმოინაცვლა ,,სართანამ".
- რამდენი?
- იქ უფრო შორს არიან, მაგრამ ამათზე მეტნი უნდა იყვნენ. ასე, 80-100 კაცი. ვინ არიან ტო? თუ აფხაზები, ასე ფეხებზე გვკიდია, როგორ მოდიან, ან წამალაიძის ხალხმა  ვერ დაინახა? თუ ჩვენები, აფხაზების პოზიციებზე  რა უნდოდათ, ან როდის ავიდნენ?  სხვა გზაც არის ვითომ?
- არა, ბიჭო. რის გზა, რა გზა. აქ უნდა აევლოთ. ჩუმად...
- მგონი ჩეჩნები არიან...
- არა, სომხურად ლაპარაკობენ ბიჭო.
- ეეე, ნაღდად... ,,სტა პრაცენტი" ბაგრამიანის ბატალიონია, მაგრამ ასე ,,ნაგლად" როგორ მოდიან?
- ,, დავაი" ჩავარდი ბიჭებთან. როგორც შევთანხმდით,  სასწრაფოდ დაცვითი პოზიციები დაიკავონ. სართულებზე მხოლოდ ორ-ორი ვრჩებით, სიბნელეში ერთმანეთი არ ამოვხოცოთ.  შენობაში თუ შემოიჭრენ გარედან გაგვაფრთხილონ. თუ რამეა და ლაბორატორიის მხრიდან გავდივართ, იქით არ ისროლონ...
  ტყუილად ვილაპარაკე ამდენი. ბიჭებსაც შეუნიშნავთ მტერი და პოზიციების დაკავებაც მოესწროთ. ლიანდაგის მხარეს ორი მეტყვიამფრქვევე და 15-მდე ავტომატიანი ჩასაფრდა. მათვე ჰქონდათ ყუმბარმტყორცნი. ამდენივე ავტომატიანმა და ერთმა ტყვიამფრქვევმა, ყაზბეგის ქუჩიდან მომავალნი ამოიღეს მიზანში. ერთი ყუმბარმტყორცნელიც მათთან იყო მიმაგრებული. შენობაში დარჩენილმა 12 კაცმაც, ჩვენ-ჩვენი პოზიციები დავიკავეთ. ექვსი, რკინიგზის მხარეს აკონტროლებდა, ექვსი - ქუჩას. ტყვია-წამალი  არ გვქონდა თავსაყრელი.  ყუმბარები კი, თითებზე ჩამოსათვლელი. მე მქონდა სამი ეფ-1 და მგონი ყველაზე მდიდარი ვიყავი მაგ მხრივ. ამიტომ, რაც შეიძლება ახლო უნდა მოგვეშვა მოწინააღმდეგე, სანამ ვერ შეგვამჩნევდნენ.
  პროვოკატორებს ვეძახდი და მართალი აღმოჩდა  ის ხალხი.  დაცლილა თურმე სოხუმი. ჩვენამდე, თოფის რომ არ გაისვრი და ისე მოხვალ, ცარიელია, აბა რა ქალაქი? აქედან ერთ ნაბიჯია მთავრობის სახლამდე. ,,ბაგრამიანის" ბატალიონის წევრებს ჩვენც პოზიციიდან მოხსნილი ვგონივართ და იმიტომ მოდიან ასე ხმაურით და უდრტვინველად. ახლო-მახლო მცხოვრებნი შემეცოდნენ მაგრად. მთელი საღამო გვირაკავდნენ  და ბიჭებს ეკითხებოდნენ დავტოვოთ ქალაქიო? ჩვენებმა არაფერი იცოდნენ და აწყნარებდნენ - ნუ გეშინიათ, აქა ვართ, დაწექით და დაიძინეთო. ახლა იმ ხალხს რამე რომ მოუვიდეთ, ხომ არის ჩვენი ბრალი? ნეტა, წასულიყვნენ საცოდავები. ეეჰ, რა ვიცოდით...
  აივანთან მივხოხდი, ორ ხელყუმბარას რგოლები მოვხსენი და ლოდინი დავიწყე. მალე ხმაური ზუსტად ქვემოდან ამომესმა. ორივე ეფ-1 ერთდროულად ჩავყარე დაბლა. ერთი ზუსტად ჩემს ქვევით, მეორე კი უფრო მარჯვნივ, შედარებით უკან მომავალი მტრის გასანადგურებლად. გაისმა აფეთქებების ხმა. ეს თითქოს ნიშანი იყოო და დასცხეს ჩვენებმაც. ზედიზედ დაიქუხეს ყუმბარმტყორცნებმა. აგუგუნდა სამივე ტყვიამფრქვევი. კაკანი გაუდით ავტომატებს.
  მოწინააღმდეგისთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა ეს თავდასხმა. აშკარად არ ელოდნენ ჩვენს იქ ყოფნას. არხეინად, სიცილ-ხარხარით მოდიოდნენ და  მიზანმიმართული ცეცხლის ქვეშ არ მოექცენ. დააღალატათ დაზვერვამ. 
- ჰეტ! ჰეტ გნაცინგ! უკან! უკან წავედით! - გაიძახდნენ და ყვირილ-გინებით გარბოდნენ, ვინ სად, ეშმაკმა უწყის.
  პირველი შეტაკება აშკარა უპირატესობით მოვიგეთ. სროლამ, დიდი-დიდი 15 წუთი გასტანა. საბედნიეროდ არც ერთ ჩვენიანს, თითიც კი არ გაუკაწრავს. 
  ეს რომ ასე არ დამთავრდებოდა და აზრზე მოსული მოწინააღმდეგე, უკვე სერიოზულად შემოგვიტევდა, ყველამ კარგად ვიცოდით. ტყვია-წამალი ცოტა გვქონდა, ჩვენც ცოტანი ვიყავით. დახმარება ვითხოვეთ. - თქვენ მანდ რა გინდათ? მალე ალყაში იქნებით, სასწრაფოდ დატოვეთ პოზიცია და ,,გოს.დაჩებზე" ამოდით - მივიღეთ პასუხი.
  - მინისტრთა საბჭოში გადავალთ რამდენიმე კაცი, იქ მაინც იქნება ხალხი. ბტრ-იც უდგათ, ტყვია-წამალიც ექნებათ და ყუმბარმტყორცნების ჭურვებიც. მაგრად გვჭირდება. სომხებს ალბათ ბევრნი ვგონივართ, დახმარებას მოითხოვენ და მძიმე ტექნიკასაც გამოუშვებენ. ავტომატებით რა ვქნათ? - წამოაყენა წინადადება აკამ.
- ,,დავაი" აკა, ოღონდ სწრაფად. ვინც გინდა წაიყვანე. ხალხი, არა მგონია დაგვახმარონ, მაგრამ საბრძოლო მასალებს იმედია, მოგვცემენ. მაგრად გვჭირდება. - დაეთანხმა დიმა.
  აკამ სამი კაცი გაიყოლა. მოგვიანებით კიდევ ოთხი წავიდა. ყუმბარმტყორცნელი და მეტყვიამფრქევეები. არც ჭურვები ჰქონდათ და არც ვაზნები, რა აზრი ჰქონდა მათ აქ ყოფნას.
  უეცრად, საავადმყოფოს მიმღებში ტელეფონის ზარი გაისმა. საოცარია, სუხუმის დაცემის დღესაც მუშაობდა ა.ტ.ს-ი. შემდეგ როგორ იყო, არ ვიცი.
- რა ხდება? რა სროლები იყო, ასე ახლოს? თქვენ იბრძოდით შვილებო?- გაისმა ყურმილში შეშინებული, ხანშესული ქალის ხმა.
- დიახ ქალბატონო.
- დია, აქ რა უნდოდათ მაგ ოხრებს? ქალაქში არიან უკვე, თუ? რა ვქნათ შვილო, დავიმალოთ, თუ დავტოვოთ სახლ-კარი?
- ... დატოვეთ ქალბატონო და სხვებიც გააფრთხილეთ...იჩქარეთ... ჩვენ ჯერ აქ ვართ, ერთ შეტევას კიდევ მოვიგერიებთ, ამასობაში უნდა მოასწროთ სახლების დატოვება. დილით,  უკვე... ისინი შემოვლენ... ალბათ...
  შეტევაც მალე დაიწყო. საბედნიეროდ,  არც მათ ჰყავდათ მძიმე ტექნიკა. სამაგიეროდ ყუმბარებს და ჭურვებს არ იშურებდნენ. აუტანელი ხმა აქვს შენობაში აფეთქებულ ჭურვს. აქ კი ჭურვი-ჭურვზე სკდებოდა. ყურის ბარაბნები რომ არ დაგვხეთქვოდა, ვინც შენობაში ვიყავით, ყველას პირი გვქონდა ღია. ისეთი მტვერი და ბუღი იდგა, დაღეჭავდი ჰაერს. ორი მხრიდან გვიტევდნენ. აშკარად ცდილობდნენ გაშლას  და ალყაში, ჩვენს მოქცევას. ზედა სართულზე, გაუსაძლისი გახდა ყოფნა. ქვედა სართულებიდან წამოსული მტვერი აქ იყრიდა თავს. სუნთქვა აღარ შეიძლებოდა. სამნი სახურავზე ავცვივდით და იქიდან დავიწყეთ სროლა. რკინიგზის ხაზს გავხედე. ჩვენი მხრიდან კანტი-კუნტად ისმოდა სროლა. ვაზნები უთავდებოდათ და ერჯერად, დამიზნებით გასროლებზე იყვნენ გადასულები.
  მწვანე მაშხალა ავარდა ცაში. რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ მტერი შენობაში შემოიჭრა.


**********


- რა ჯანდაბა გეტაკა ბიჭო? რა მოხდა? დაწყებით, იცოცხლე ჰიტლერივით დაიწყე. ლელა რომ შემოვიდა, ვიფიქრე ახლა მთლად გაიგიჟებს თავსო და ჰიტლერივით არ  დაამთავრე? რა იყო, რამ გამოგაშტერა?
- ,,რიჟა", დამანებე ახლა თავი თორემ, საკუთარ ბოღმას სულ შენზე ვიყრი. მე, იქ გამოვსირდი თორემ, აქაც კი არ გამომყოლია?  რას იკრიჭები შე კომპრაჩიკოსების მსხვერპლო?! ამოაფარე დროზე მაგ დაღრეჯილი ყბა მეორეს, თორემ გაგიცივდა ღვიძლი.
- კაი ბატონო, გავჩუმდები. შენ ნაგილიოტინარ თავს ეს თუ უშველის, როგორ ამოვიღებ ხმას.- დამცინის მაინც,  მნახა ,,დაჭრილი არწივი" და შანს ხელიდან გაუშვებს?
- ,,რიჟა", შემეშვი თორემ, მაგ უშნოდ აცეტებულ ენას, წაგაწყვიტავ ჰელოუენის თავთან ერთად და მერე ისწავლი ჭკუას. - გადავდივარ მუქარაზე.
- გავ-ჩუმ-დი!
გაჭრა "მუქარამ".
- ვინაა ბიჭო ის გოგო?
- რომელი?
-" რომელ"-ს მოგცემ ახლა, ვერ ხვდები ხო?
- ვერა. - ურცხვად მიყურებს სერიოზული სახით.
- თქვი ბიჭო, რომ გეკითხები? შენ ხომ არ გევასება?
- ლელა?.. ჰო გითხრა თუ, არა? - იკრიჭება ისევ და გამომცდელად მიყურებს.
- არრრა!
- კარგი ბატონო, ,,არას" გეტყვი, მაშინ.
- ბიჭო, თუ მართლა გევასება, ახლავე მითხრა ჯობია.- ცოტა არ იყოს, დავეჭვდი.
- არა, არა, მართლა არ მევასება. - გაეცინა კახას. - რა იყო, მოგეწონა?
- მომეწონაო? მომეწონა რომელია, შე ჩემა?!. ისე, შენ რატომ არ მოგწონს, რა სჭირს შენი დასაწუნი?
- შენ მგონი, სერიოზულად გირიკინებს, ძაან გინდა მევასებოდეს?
- რა, რა და ეს ნაღდად არ მინდა. - ვაღიარე გულწრფელად.
- კაი, გვიანია, დავიძინოთ. ხომ გაგაცანი? მთელი ორი დღე გაქვს, აქედან ვერსად ვერ წავა. მიდი და დაკერე.
- დედას ვუტირებ!

  სამწუხაროდ ლელას დედა არ ატირებულა... შეიძლება, კი მოადგა იმ დღეებში ცრემლი თვალებზე, მაგრამ ჩემს დაქადნებას მის ცრემლებთან არავითარი კავშირი არ ჰქონია, ნაღდად.
  მომდევნო ორ დღესაც, ისეთივე სისულელეებს ვბჟოტიალობდი ლელასთან , როგორსაც გაცნობის ღამეს. რა მემართებოდა იმ გოგოს დანახვისას, ახლაც ვერ ამიხსნია.
  არ მეთქვა მაინც, მოვაბოდიალე ყოვლად უნიჭოდ და - მომწონხარ მეთქისავით, ვუთხარი.
  პასუხად იგივე რომ მომესმინა, ნამდვილად შემეპარებოდა ეჭვი, მის გონებრივ შესაძლებლობებზე. თუმცა უარმა მაინც მძიმედ იმოქმედა. თავმოყვარეობას შეეხო რა... მოვტრიალდი და წამოვედი.

- ბიჭო, ერთი თვეა არ გამოჩენილხარ, სად დაიკარგე?  ლელაზე ამბობენ, გათხოვებას აპირებსო, გესმის? რას ფიქრობ? მოვიტაცოთ? - ერთ დღეს, ტელეფონზე, აფორიაქებული მირეკავს რიჟა.
- ... გათხოვებას?..
................
- შენ სულელი ხომ არ ხარ, რას მიკიდებ ტელეფონს?
- ... არა, არ გიკიდებ...  გაითიშა რა.. - ვიცრუე მე.
- მოვიტაცოთ? ხომ ვიცი რომ გიყვარს? სულ ასე მუნჯივით ხომ არ იქნები, მოიყვან, მოგეშვება და ენასაც ამოიდგამ რა!
- ... ვის მიყვება?
- რაში გაინტერესებს?!
- ახლობელი არ იყოს.
- ახლობელი არა, რა ვიცი მე! შენ, შენზე ფიქრობ თუ, როგორაა შენი საქმე? ,,კაროჩე" მიგვყვავს?
- ...
- ამოიღე ხმა!
- ... არა ,,რიჟა", რადგან მიყვება, ,,ზნაჩიტ" უყვარს... მოვიტაცო და რა ვქნა, მერე? ძალად ვეტაკო? ამას ძმაო, ვერც იმ გოგოს ვაკადრებ და ვერც საკუთარ თავს?.. გაყვეს, ამის დედაც ვატირე... რა ლელას ბრალია, მის დანახვაზე ჩემი რომ მემართებოდა და ვსირდებოდი. არ დასირდა აგერ ის მასტი და მიყვება კიდეც.


**********


  ახლაც მიკვირს როგორ, მაგრამ ის შეტევა მოვიგერიეთ.  სომხებმა იფიქრეს ალბათ, რას ვაკლავთ ტყუილად თავს, გათენდება, მძიმე ტექნიკა შემოვა და სად წაგვივლენ მერეო.
  ჩვენ კი მოგებული ბრძოლის შემდეგ მოგვხსნეს პოზიციიდან. პირველად, მთავრობის სასახლეში მივედით. შევხვდით და გამოველაპარაკეთ ბიჭებს, შენობის დაცვა რომ ევალებოდათ.
  რას ვიფიქრებდით მაშინ ან ჩვენ ან ისინი, უკანასკნელი ღამე რომ იყო მათთვის.
  კარგი, გულიანი ბიჭები იყვნენ.
- გვესმოდა რომ ომობდით, ისიც ვიცოდით ჭურვები რომ არ გქონდათ, დახმარება გვინდოდა, მაგრამ აქაურობას ვერ დავტოვებდით, თქვენ რომ გაენადგურებინეთ, მერე აქ მოვიდოდნენ და ხომ უნდა დავხვედროდით. ნაღმტყორცნი და ჭურვები კი  გამოვატანეთ თქვენებსო.
  მალე შტაბიდან დაგვიკავშირდნენ. თუ კიდევ ერქვა შტაბი - ,,გოსდაჩებზე" ამოდითო - გვიბრძანეს. გზაში ჟიული შარტავას დაცვა შეგვხვდა. გამოგვკითხეს -  რა ხდება, რა ვითარებააო. ვუამბეთ რაც ვიცოდით.
  მათთვისაც უკანასკნელი აღმოჩდა ის განთიადი...
  დილით, დაცარიელებული ქალაქი, აფხაზმა და უცხო ჯურის მეომრებმა დაიკავეს. სამთავრობო აგარაკებიდან ვუყურებდით, ცაში, რუსული ავიაციის მიერ დაკიდებულ, ,,საზეიმო" გირლიანდებს...
  შემდეგ კი იყო საზარლობა. სხვას ვერაფერს დავარქმევ. გზა ჭუბერამდე...
  არ მინდა გახსენება. ომზე მძიმეა ჩემთვის...

  პირველი ოქტომბერია, საკენს ვართ უკვე გაცილებული. დაღამდა. მიწაზე წამოვწექით მე და ნიკა თვალის მოსატყუებლად.
- ბიჭო, გახსოვს ყველანი ცოცხლები დავბრუნდებითო, რომ მითხარი? მართალი აღმოჩდი, ძმაო. ,,დაჟე" შალიას ,,გრანატამიოტის ასკოლკა" მოხვდა და მხოლოდ პერანგი გაუჭრა. ამდენი ხალხი დაიხოცა და გაუბედურდა,  ჩვენ კი მართლა ღერი თმაც არ ჩამოგვადნია. მართლა გრძნობდი არაფერი რომ მოგვივიდოდა, თუ მხოლოდ სურვილი იყო შენი?
- ვიცოდი.
- საიდან ბიჭო, ვანგა ხარ?
- ვიცოდი რა...
- ჰა, დამთავრდა ომი და რაღა გინდა? ხომ თქვი, გეტყვიო.
- ...
- გძინავს?
- არა.
- აბა ამოიღე ხმა.
- ერთი გოგო მევასებოდა ნიკუშ, სამი - ოთხი წლის წინ. მევასებოდა კი არა, მიყვარდა რა... მაგრად მიყვარდა... რამდენადაც ვიცი, გათხოვდა. ისე, ჩემი ბრალი იყო ყველაფერი. მაგრამ... გამიტყდა რა მაგრად... ნაღდად, მაგრად გამიტყდა... იმის მერე, არც მისი ამბავი მიკითხავს და არც არსად შემხვედრია. ლელა ერქვა. ერქვა რა, ქვია ახლაც...უცნაურია ტო, ჩვენთან უბანში ცხოვრობდა და არსად გადავყრივარ ამ ხნის მანძილზე, თითქოს არც არსებობდა ამ ქვეყნად.
დილით, დიმას სახლიდან რომ გამოვდიოდით, ხო გახსოვს? მაშინ მოვკარი თვალი... აზრზე ხარ ბიჭო? სოხუმში მოვდივართ და ანგელოზივით არ გამომეცხადა... მწვანე ნივაში იჯდა. საჭესთან ალბათ მისი ქმარი. ლელამაც დამინახა. ყველა, ყველანი დაგვინახა. სანამ მანქანა თვალს არ მიეფარა, სულ ჩვენ გვიყურებდა... მაშინ მივხვდი, ცოცხლები რომ დავბრუნდებოდით... რატომ, რისთვის, ,,ჩორტ ევო ზნაეტ" , მაგრამ დარწმუნებული ვიყავი  და რა ვქნა?..

                                                                  *  *  *

  არც ომის შემდეგ მინახავს ლელა.
  შეიძლება, აღარც კი ცხოვრობს აქ და საზღვარგარეთაა წასული. არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით...
  "რიჟა", კარგა ხანია ცოცხალი აღარ არის და სხვას არ მინდა ვკითხო.
  ისე, მართალი გითხრათ, არც იმაში ვარ დარწმუნებული, იმ დილით, მანქანაში, ლელა რომ იჯდა. შეიძლება შემეშალა და ჰგავდა უბრალოდ...
  თუმცა  ამას, რა მნიშვნელობა აქვს...
  მაშინ, ის ქალი ხომ შენ  მეგონე და ომში, შენი გამოყოლილი, კეთილი მზერის იმედი მქონდა.
  ... და ახლა მინდა, ამისათვის მადლობა გითხრა.

   


 







 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები