ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სტოიან ბელოპავლიჩი
ჟანრი: პროზა
12 ნოემბერი, 2009


მკვლელობა პეტრისვილში

      მაკ-კორმაკმა ფანჯარაში გაიხედა და მინაში თავისი გაყვითლებული სახე დაინახა.
"რა მჭირს? ალბათ კვლავ ციების შეტევა მეწყება".
      ხელი ჩამოისვა გაუპარსავ სახეზე და ულვაშები გაისწორა. საღამოს ქალაქი ცარიელი იყო. აბეზარი ქარი აქეთ-იქით დაარბენინებდა შემოდგომის ფოთლებსა და ქუჩაში დაყრილ ფურცლებს. მტვრითა და ჭუჭყით სავსე უკაცრიელი ქუჩები საღამოს ბინდ-ბუდში კიდევ უფრო სევდიანს ხდიდა ამ პატარა და სიკვდილის პირას მყოფი ქალაქის პეიზაჟს.
      "პეტრისვილი, არკანსა, ფერმერთა სამოთხე" - გაახსენდა ქალაქის შესავლელში მდგომი მორყეული ფირნიში.
      "სახელიც რა სულელური ჰქვია. მთელი შტატიც ერთი დიდი სოფელია.ვინ იყო ნეტავ ეს პეტრისი? ალბათ ყველაზე მდიდარი, უზრდელი და ყველაზე ბინძური მთელს პეტრისვილში." - გაიფიქრა მაკ-კორმაკმა და იატაკზე დაიხედა.
        თაგვი არ ჩანდა, თუმცა გუშიდელს აქეთ, ცურცლი ბლომად დაეტოვებინა.
      "შეიძლება ორნი არიან. წრუწუნების მხიარული ოჯახი პეტრისვილიდან. სოფლელი თაგვები - მიკი და მინი, რომლებიც ჩემი ნარჩენებით იკვებებიან და ღამე მრავლდებიან, ისევ ჩემი იმედით" - ჩაიცინა მაკ-კორმაკმა.
        შემდეგ ისევ ფანჯარაში გაიხედა.
        "ფუ! სად ჩამოვედი. თუ რამე შემემთხვა, ძაღლივით მოკვდაო, ჩემზე იტყვიან. ეეჰ, კარგი იქნებოდა ნიუ-ჰეივენში ვიყო, მაგრამ მაგდენი ფული, რომ მქონდეს..." - მაკი დაიძაბა და ფანჯრისკენ დაიხარა. ქუჩაში კვლავ არავინ ჩანდა, მაგრამ რაღაცა შეცვლილიყო.
      "ნეტავ რა ხდება?" - მისი ვარაუდი გამართლდა: შორს, ბინძური ქუჩის პერსპექტივაში, ავტომობილის შუქები გამოჩნდა. ძველი "ოლდსმობილი" თუ "შევროლე" მოაპობდა პეტრისვილის მტვერს.
        "ისინი არიან" - იცნო მუქი ავტომობილი მაკ-კორმაკმა. "დიდი ჯო და მისი კაციჭამიები" - რევოლვერი მოსინჯა. იარაღი ყველაზე ხარისხიანი ნივთი იყო მთელს ოთახში. ბინძური კედლები, უწესო სტუმრების თითების ანაბეჭდებით, ნაცრისფერი ტილოს ფარდები, ფეხმორყეული საწოლი, გაჩერებული კედლის საათი, მოშლილი ონკანი და გატეხილი ვარცლი, საზიზღარი ყვითელი ხაზით ზედაპირზე.
        მაკ-კორმაკმა იარაღი შეამოწმა, სიგარეტს მოუკიდა და შუქი ჩააქრო. ფრთხილად მივიდა ფანჯარასთან, ოდნავ გამოაღო და დაელოდა მანქანას. როგორც კი მანქანა მაკ-კორმაკის სასტუმროს გაუსწორდა, მაკმა იარაღი დაუმიზნა და იქ ესროლა სადაც სავარაუდოდ, 15-გალონიანი ბენზინის ავზი უნდა ყოფილიყო.
        პირველივე ტყვია მოარტყა. მანქანამ სვლა შეაჩერა. ქუჩის ბინდ-ბუნდში, მტვრიან ქუჩაზე კარგად ჩანდა ავზიდან გამოსული ბენზინის კვალი, იმავე წამს მანქანას ცეცხლი მოედო და აფეთქების ხმაც გაისმა. მანქანიდან გადმოსულებს ცეცხლი ეკიდათ და საზიზღრად ბღაოდნენ. დიდი ჯო ცდილობდა ხელით ჩაექრო ტანსაცმელზე და თმებზე წაკიდებული ცეცხლი, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ნახევარი წუთი ასე იწვალეს, შემდეგ მიყუჩდნენ.
        ქუჩაში ხალხი გამოჩნდა. ზოგი მორბოდა, ზოგი შიშისგან გახევებულიყო და ცეცხლწაკიდებულ მანქანას მიშტერებოდა. დამწვარი მანქანის გარშემო ოთხი დამწვარი გვამი ეგდო.
        მაკმა ფანჯარა მიხურა, რევოლვერი ჩვარში გაახვია და ლაბადა ჩაიცვა. "ჩავალ ერთი ვნახავ რა მოხდა" - უთხრა თავის თავს მაკ-კორმაკმა, ბოროტი ღიმილით სახეზე. კარი გააღო, გავიდა ბნელ ვიწრო დერეფანში, კიბის გვერდით კედლის ღრიჭოში რევოლვერი დამალა. მიიხედ-მოიხედა და კიბეზე დაეშვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები