ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დემნა დემნა
ჟანრი: პროზა
23 ნოემბერი, 2009


თ ო მ ა

ეძღვნება ჩემს ნათლულს



სულ რამდენიმე წლის იყო თომა, ალბათ ათზე ცოტა მეტის. გამხდარი და ხუჭუჭთმიანი, თვალებში ბავშვური ეშმაკუნებით. მუქი მწვანე თვალებით და ძირში მოკვნეტილი თითებით. ხელები მუდმივად დასვრილი ჰქონდა და ფეხსაცმლის თასმები კი ყოველთვის გახსნილი, ორივე ფეხზე თუ არა, ცალზე მაინც. ფეხსაცმელებიც დასვრილი, გაცრეცილი, ფერგადასული და ფორმაშეცვლილი, თუმცა ყველაზე ცუდი შესახედი ის იყო, რომ აშკარად იგრძნობოდა, რომ  ფეხსაცმელები მისი არ იყო და ნათხოვარი ან უბრალოდ სამადლოდ გამეტებული უნდა ყოფილიყო. გახუნებული ქურთუკი და დაძენძილი კაშნე გამხდარ კისერზე. ყოვლთვის როდესაც შუქნიშანთან ვჩერდებოდი და თან ვბრაზდებოდი და ვბურდღუნებდი მთელ მსოფლიოში ყველაზე დიდი შუქნიშანია ეს და რა უბედურებაა მეთქი, მოვიდოდა თომა და თავის ხან გაყინულსა და ხანაც თბილ თითებს მანქანის მინაზე მოადებდა და დუმდა. უცნაური იყო თომა, ძალიან უცნაური. მეტყველებდა მისი არაამქვეყნიური თვალები და არ სჭირდებოდა საფირმო სიტყვების წარმოთქმა. ასეთი ზეციური თვალები მხოლოდ ერთ ადამიანს ქონდა ჩემს ცხოვრებაში, ვისაც კი ვიცნობდი და თომა რომ დავინახე რაღაცნაირად ვიგრძენი თავი და სული და გული...
რატომღაც როდესაც ასეთ შუქნიშნებთან წყება-წყება სხვა ეროვნების მათხოვრებს ვხვდებოდი, მაშინვე აგრესიის მსგავსი მიჩნდებოდა და ხურდებს არ ვუყრიდი ჭუჭყიან მუჭებში. სიმართლე რომ ვთქვა, თითქოს ყოველ ჯერზე ვნანობდი ხოლმე, უფრო სწორედ მაშინვე ვნანობდი, როგორც კი შუქნიშანს გამოვცდებოდი, მაგრამ ეს მანამდე სანამ ისევ არ მოვხვდებოდი ქალაქის რომელიმე შუქნიშანთან. ისევ იგივე განცდებით ვმეორდებოდი.
თომა სხვა იყო, თავიდან, რომ დავინახე, მაშინვე გული დამწყდა თითქოს იმაზე, რომ ის, იმ უცხო ეროვნების მათხოვრებთან ერთად დადიოდა მანქანებს შორის.
ისეთი ემოცია მქონდა, რომ გინდა ჩაეხუტო და სითბო გადასცე მთელი შენი მისტიკით. ისე მინდოდა ხოლმე რომ ჩავხუტებოდი, მაგრამ ისეთი თვალები ჰქონდა, თითქოს მთელი სამყაროს საიდუმლოებები იცოდა, დუმილის საიდუმლოებები და რიდი მქონდა მისი, რიდი მქონდა ჩემზე პატარა, რამდენიმე წლის ბავშვის, რომელიც სასწაულის ტოლფას ღიმილს ფლობდა.
ყოველთვის, როდესაც ფული მქონდა ვაძლევდი, უკვე მცნობდა ხოლმე და ჩვენს შეხვედრას მისი ღიმილი და საუბარიც მიემატა დროთა განმავლობაში, სახელიც ასე გავიგე. ოჯახში მეოთხე ბავშვი ყოფილა თომა და გაჭირვების გამო მშობლებს გაუშვილებიათ, თუმცა ვინც იშვილა ის ქალიც გარდაცვლილა და დარჩენილა ასე თომა. მივეჩვიე მასთან შეხვედრას ყოველ დილით, წარმოიდგინეთ რამხელა ბედნიერებაა როდესც დღეს ბავშვის ღიმილით იწყებ. ეს ხომ უფლის მადლია. იმ საშინელ შუქნიშანზე გაჩერებას ჩემთვის უკვე სიხარულის ნაპერწკალი ახლდა. ხან საჭმელს გავუყოლებდი, ხან ტანსაცმელს.
თომას უხაროდა და მადლიერი იყო. შუქნიშანს თომას სახელიც კი დავარქვი. სუფთა ბავშვი იყო, სუფთა და ნათელი. თოლიას გავდა, აველუმი იყო თითქოს...
ერთ დილითაც, როდესაც შუქნიშანს მივუახლოვდი, თომა არსად ჩანდა, თვალები დამაწყდა თვალიერებით, იქნებ ახლა გამოჩნდეს ან ახლა მეთქი, მაგრამ თომა არ ჩანდა. იქვე, ერთი შავტუხა ქურთის ბიჭი იდგა და  მანქანის მინა ჩამოწეული რომ დაინახა, მაშინვე ჩემსკენ გამოქანდა, დამეხმარეო, რატომღაც ავიღე და ხურდა ჩავუდე ჭუჭყიან მუჭში, ვკითხე ხუჭუჭა თომა რატომ არ ჩანს, ავად ხომ არაა მეთქი. ნადავლით კმაყოფილმა მითხრა, თომა მანქანამ გაიტანაო და გაიქცა, რომ სხვა მანქანა არ გაქცეოდა.
დუმილმა გადამყლაპა იმწუთშივე, გულთან ჩამწყდა რაღაც, იმხელა ტკივილი ვიგრძენისადღაც შიგნით და გავშეშდი. უკნიდან მანქანების სიგნალმა გამომაფხიზლა და მანქანა დავძარი.
იმ დღის მერე თომას შუქნიშანთან აღარ ჩამივლია, სხვა გზით დავიწყე სიარული.
ჩემი დღე ბავშვის ღიმილით აღარ იწყება და თომასაც ყოველთვის როდესაც რაიმე მიჭირს სიზმარში ვნახულობ, თეთრი სტიქარი აცვია, მოდის და მეხუტება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები