ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
24 ნოემბერი, 2009


და სამყარო პატარავდება

დედა შვილს ელაპარაკება —
სიტყვები გულიდან
ისეთი ნათებით ამოდიან,
თითქოს ახალი
ვარსკვლავები იბადებიან
ახალი ცის გასახარებლად.

დედა შვილს ელაპარაკება
და მწვანე ყურმილი
ფერმკრთალი თითების
სევდიან სითბოში
ისე ფეთქავს,
ვით მაჯა შვილისა.

მათ შორის დიდი მანძილია,
ვინ იცის, რამდენჯერ
გადავლილ-გადმოვლილი
მონატრების მზისფერი ბილიკებით.

დედა შვილს ელაპარაკება
და სამყარო პატარავდება
და, სადაცაა, ბუდედ იქცევა
და იმ ბუდეში ორი გული
უკვდავების წყაროსთან ამოსული
ყვავილივით დაიწყებს ფეთქვას.




ლ ო ც ვ ა ს ა ვ ი თ
----------------------

ჩემი სიყვარული ეკუთვნის ყველას,
ვისთვისაც სიცოცხლე სხვა არაფერია,
თუ არა
ვარსკვლავების ნათელში ფრენა.

ჩემი სიყვარული ეკუთვნის ყველას,
ვისთვისაც სიკვდილი სხვა არაფერია,
თუ არა
ამაღლება,შვება და ლხენა.

ვისაც სამყაროს ულამაზებს
ზეციერის სიტყვების მზერა,-
ჩემი სიყვარული ეკუთვნის ყველას.

და ჩემი სიცოცხლეც ალალ-მისი,
ვით საგალობელი მარადისი!



***

როცა აისის სივრციდან

შენი ხმა გამიცინებსო,

ფიქრები ულამაზდებათ

ღრუბლებს და იმათ ჩრდილებსო,

ისალამურებს სურვილი,

სად აღარ გაიბრწყინებსო,

ეჭვი ნისლიდან გამოვა,

მტვერს მოაშორებს სიმებსო,

ბედნიერების მკლავებში

ჩათბება,ჩაიძინებსო…


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები