ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბოჟიდარ ბელოპავლიჩი
ჟანრი: პროზა
4 დეკემბერი, 2009


მარია (III ნაწილი)

            ოფისში მისვლისთანავე ჯულის დავუძახე და წერილების დახარისხება ვთხოვე. ჯული თავის საქმის ძუ ლომია (თანაც აფროამერიკელი ლომი, ბრუკლინიდან) და ერთ საათში ყველა წერილი, პრიორიტეტების გათვალისწინებით, სინზე დადებული მომირბენინა .

- დენ, სულ ოთხი სასწრაფო წერილია: მარრი, გოლდი, ჩიკოტელი და დერიკი.  დანარჩენებს მე გავცემ პასუხს. ზიმერმანი კვლავ ნაწყენი ტონით გვწერს, მე მგონი, პასუხი უნდა მივწეროთ  - მითხრა ჯულიმ და თავისი უზარმაზარი, ნუშისებრი თვალები მომაპყრო.

- გასაგებია. ჯულ, იცი რა ვქნათ? ახლავე დაურეკე ზიმერმანის მდივანს და უთხარი, რომ თანახმა ვარ მისი ბოსის წინადადებაზე, თუმცა უკეთესს ველოდი - სწრაფად მოვუჭერი მე და დაველოდე რეაქციას.

- ვაუ! სერიოზულად ამბობთ? ამითი შეიძლება ფაზიო გავანაწყენოთ. ერთმანეთს ვერ იტანენ, როგორც თქვენ თქვით. თან... კარგით, არაფერი - უცბად შეწყვიტა ჯულიმ წინააღმდეგობა და ზიმერმან-ფაზიოს ენდშპილის გარჩევა.

- თან რა? - დავიჭირე ჯულის ინტონაციაში რაღაც უთქმელი - რისი თქმა გინდოდა? - აღარ მოვეშვი (ჩვენ, კელტებმა, ასე ვიცით ჩაკირკიტება, იმიტომაც მოვხვდით ჯოჯოხეთამდე თითქმის სულ ყველანი,  ამერიკაში).
- არაფერი ისეთი. ზიმერმანი ყოველთვის უზრდელურად მიყურებს, მისტერ ფაზიო კი ნამდვილი ჯენტლემენია, მომიკითხავს-ხოლმე და ხელზეც მკოცნის
- შეიშმუშნა ჯული და თვალები ძირს დახარა.

გამახსენდა გამხდარი, აწოწილი, ნახევრად ბრმა ზიმერმანი, თავისი დიდი ზომის კოსტუმებით, შავი პალტოთი და მობილური ტელეფონით  და  კავალის ძვირფას პიჯაკებში, გერმანული "ვორსტივით" გამოსიკნული ვინს ფაზიო, ძველმოდური წვრილი ულვაშებით, ბოქსიორის ცხვირითა და მოცისფრო-წყლისფერი თვალებით. 

- აჰა! ეს არ ვიცოდი, ისე ეგ ზიმერმანი მეც უზრდელური გამომეტყველებით მიყურებს, შეიძლება ეგეთი უხიაგი გამოხედვა აქვს ან იმ სქელი მინების უკან, გამოხედვა გვეჩვენება უზრდელური ? - თავი გამოვისულელე.  - რაიმე ზედმეტის უფლება ხომ არ მიუცია თავისთვის? - დავინტერესდი და წამოვდექი - ჯულ, მითხარი თუ რაიმე გაკადრა და მე ვიცი მას როგორ დაველაპარაკები...

- არა მისტერ კონოლი, როგორ გეკადრებათ, მაგას როგორ დავუშვებდი. უთქვენოდაც კარგად გავცემდი პასუხს, რაიმე რომ მომხდარიყო - ღიმილით მიპასუხა ჯულიმ,  მუშტები მოკუმა და წელში გამართა თავისი თითქმის ექვსფუტიანი, უფრო სპრინტერისთვის შესაფერისი სხეული. "კი, ეს ზიმერმანს ნაღდად მოერევა და ფაზიოსაც ზედ მიაყოლებს, თუ მოინდომა" - გამიელვა თავში და ჯულის პანტერისებურ წელს შევავლე თვალი. 

- კარგი, ზიმერმანს დავაკვირდები და სხვა თვალით შევხედავ, თუ რამეა მითხარი. ხოლო ფაზიოს ამბავი ნაღდია, მე  მირჩევნია დონ ვინჩენცოსთან მეგობრული ურთიერთობები შევინარჩუნო (ჯულიმ შეთქმულივით ჩამიკრა თვალი, მიხვდა ჩემს ირონიას ვინს ფაზიოსთან დაკავშირებით), ზიმერმანს კი...მაინც ვერ დავუმეგობრდებით, სხვა ტიპაჟია, ცივი და სხვაგან... მოკლედ, ზიმერმანის მდივანს დაურეკე და უთხარი რომ ჩვენ ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ-თქო. ეწყინება და ეწყინოს, მე სრული უფლება მაქვს უარი ვუთხრა. გმადლობ ჯული ასეთი დროული შენიშვნისათვის - გადავწყვიტე საბოლოოდ "საბრალო" ნათან ზიმერმანის საქმე.
-ჰო, კიდევ ერთი რამ ჯულ! ოთხშაბათს არ ვიქნები, იელში მივდივარ - გავძახე ჩემს ასისტენტს და გამეხარდა, რომ უკვე გასული იყო, თორემ დაინახავდა ალმურს, რომელმაც ოთხშაბათის ხსენებაზე გადამიარა სახეზე.
   
        ამის შემდეგ, ბევრი აღარაფერი გამიკეთებია. კვლავ მარია შემოიჭრა ჩემს პატარა ოფისში და სრულიად გაავსო იქაურობა თავისი სურნელით, გამოხედვით, სქელი, ტალღოვანი თმებით, თავისი დაბალი, ოდნახ ხრინწნარევი ხმით და უძირო, სევდიანი ლურჯი თვალებით...
      თავს ვკარგავდი. მარია გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში აქამდე არნახული ემოციითა და გამოცანებით. უბრალოდ, არც კი ვიცოდი ვინ იყო ეს მიმზიდველი ქალი. რას აკეთებდა ნიუ-ჰეივენში? რატომ ცხოვრობდა ამ პატარა პროვინციულ ქალაქში? ვინ და სად იყო მისი ყოფილი ქმარი? რატომ მოვეწონე და რატომ დამიძახა თავისთან? რატომ უნდოდა ჩემთან შეხვედრა? რომ ჩავიდოდი რა უნდა გამეკეთებინა? ჯერ რესტორანში დამეპატიჟა და მერე სასტუმროში ავსულიყავით, თუ ამერიკელი ქალების წესებით, მეორე "დეითინგს" დავლოდებოდი? ნეტა რა გვარია ჩემი მარია? ალბათ ზიმერმანი არ იქნება( სრულებით არ გავს)?
        მოკლედ, ოთხშაბათი აღარ თენდებოდა და მეც ლამის გავგიჟებულიყავი. დრო, თვით მის აღმატებულება ნიუ-იორკ სითიში, თითქმის აღარ იძროდა და მეტროს ლიანდაგებს შორის დაღვრილი ზეთივით ნელა მიიზლაზნებოდა გვირაბისკენ... 
    ოთხ საათზე შონმა დარეკა. მომიკითხა და შორიდან დამიდასტურა თავისი პატივისცემა. მთხოვა, რომ დღეს აღარ მივსულიყავი მასთან, არცერთი მიზეზით ან საბაბით(!) ასევე მითხრა, რომ მისი პერანგი მისია და ჩემთვის არ უჩუქებია, რაზეც ჩემგან პასუხი მიიღო, რომელმაც სრულიად არ დააკმაყოფილა და დასძინა, რომ პერანგში 15 კი არა, ასორმოცდაათი დოლარი აქვს გადახდილი, "მეისის" საშობაო ფასდაკლებაზე. მოკლედ, ტკბილად ვისაუბრეთ და კვლავ საყვარელ მეგობრებად დავშორდით.
        მე კი კვლავ ვერ ვერ ვისვენებდი. ვიცოდი, რომ მარიასთან სამშაბათს ჩასვლა და მერე მობოდიშება რომ დღე-ამერია-თქო ძალიან ცუდი გეგმა იყო - ვერ გამიგებდა და იფიქრებდა რომ კალენდრის ხმარება არ ვიცი.
      ასევე ცუდი გეგმა იყო უბრალოდ ადრე ჩასვლა ნიუ-ჰეივენში, სასტუმროს ქირაობა და ოთხშაბათის გათენების იქ ლოდინი, მე პრინციპში ამისთვისაც მზად ვიყავი - მაგრამ ასეთ საქციელს უკვე მანიაკალური ნიშნები ჰქონდა.
        არც ისე ცუდი გეგმა იყო შონთან სტუმრად მისვლა და ახლა უკვე ბიბის თანდასწრებით გუშინდელის გამეორება, თან ბიბისთან სულ სხვანაირად მოვიქცეოდი და ბევრად უფრო დელიკატური ვიქნებოდი, მაგრამ შონი ამას უკვე ვეღარ გაიგებდა და მართლაც ეწყინებოდა ჩემი უცერემონიობა.
      სუტი და ცუდი გეგმა იყო სახლში წასვლა და ტელევიზორის ყურება - ეს მუდმივად ცუდი გეგმაა გინდა სამშაბათი იყოს და გინდა ხუთშაბათი.
          იყო კიდევ ერთი სუსტი გეგმაც - წავსულიყავი ჯეიკობთან და მის ოჯახთან ერთად გამეტარებინა საღამო - ჯეიკი ბევრს არაფერს აკეთებს, ფულს მისი დაქირავებული ხალხი შოულობს მის ოფისებში და ამ ხალხს მისივე დაქირავებული დირექტორი უვლის, რათა დაქირავებულებმა კარგად იშოვონ ფული ჯეოკობისთვის და მისი საყვარელი ოჯახისთვის.

            ჯეიკი თავის საყვარელ ცოლთან, სტეისისთან, ერთად, მანჰეტენზე ცხოვრობს, სენტრალ-პარკთან ახლოს, უზარმაზარ ბინაში და ძირითადად ნიუ-იორკის გარშემო "ფემილი-ჰისტორი-ტურებზე" სიარულით არის დაკავებული. ცოლ-ქმარს ძალიან უყვართ ნიუ-იორკის შტატის ისტორია და "ფრენდზ-ოვ-ემპაია სტეიტ"-ის "ჩერიტის" (ქველმოქმედების) აქტიური წევრები არიან. ჯეიკი ყოველთვის კარგ ხასიათზეა, არსად არ ეჩქარება (უიკენდების გარდა, როდესაც დაგეგმილ ტურებზე მიდიან) და ყოველთვის უხარია ჩემს კომპანიაში საღამოების გატარება.

          გარდა ამისა, ჯეიკი ჩვეულებრივი ამერიკელი არ არის (უფრო სწორად, აღარ არის) - ის არაჩვეულებრივი ამერიკელია - რადგან ფაქტობრივად აღარ მუშაობს. ყველა მის საქმეს მისივე დაქირავებული იურისტები აკეთებენ. ამიტომაც ჯეიკს არსად არ ეჩქარება და ძალიან ამყობს ამითი. იგი ამბობს: "როდესაც ბაბუაჩემი და სხვა "ჰიუგენოტები" (ასე ამბობს იგი) საფრანგეთიდან გამოაგდეს, ჩვენი გვარი (იგი გვარად პერრინია, ამერიკულად "ფერრინ") პირველი ევროპული გვარი იყო იყო ნიუ-იორკის მიდამოებში და ჩემი დიდი ბაბუა, დენიელ პერრენი (ამას იგი სასაცილო ინგლისური აქცენტით ამბობს-ხოლმე), ფრანგი "ჰიუგენოტი", სტეიტენ აილენდის პირველი მუდმივი მოსახლე გახლდათ!" - ისე მართლაც საამაყო ისტორია და გენეალოგიაა, თუ არ ჩავთვლით რომ ნიუ-იორკის მიდამოებში მცხოვრები ამერიკელი ინდიელების (კეთილშობილი მონადირეების - ლენაპეების ცხონებულ ტომს) უბედურებას, საფრანგეთიდან კათოლიკებს გამოხიზნულმა მისიე პერრენმა ჩაუყარა საფუძველი. ან  ყოველ შემთხვევაში, სხვა ევროპელებს (ჰერ სტიუვესანტსა და ჰერ მინუიტს) მიუთითა კარგი საპორტო ადგილი ლენაპეს ინდიელთა საუფლოში.
        რანტიეს ტიპის ცხოვრებამ ( გითხარით ფრანგული ძირები ჰქონდა-მეთქი, ოღონდ პროტესტანტური) ჯეიკს და მის მეუღლესაც, სტეისისაც, სამუდამოდ მოაცილა ნევროზი, დროის ნიუ-იორკული დეფიციტი, საათზე ყურების მავნე ჩვევა და ისინი (მიხედავად მათი წარმოშობისა და იმ გენეტიკური კოკტეილისა, რომლითაც ნიუ-იორკელები ყველა დანარჩენისგან გამოირჩევიან) საყვარელ, ინგლისურენოვან ხალხად აქცია. მე, ყოველ შემთხვევაში მათ ასე აღვიქვამდი. ძალიამ მიყვარდა მათთან საუბარი და თან ჯეიკი ჩემი ძველი მეგობარი გახლდათ. ჩვენ ერთად ვიზრდებოდით ქუინსში და სკოლაშიც ერთად დავდიოდით. გადავწყვიტე მათთან დამერეკა და გამეგო რას აკეთებდნენ და რას იტყოდნენ ჩემს დაუგეგმავ ვიზიტზე.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები