სანამ ტელეფონში ჯეიკის ნომერი ვიპოვე პერიფერიული მხედველობით შევნიშნე, რომ გვერდიდან ვიღაც მომადგა. იუნიონ–სქვერთან რომ მეტროა იქ ვიდექი. "სერ, მხოლოდ ერთი წუთი დაგვითმეთ და მიხვდებით რომ დროს არ გაკარგვინებთ" – მითხრა კოხტად ჩაცმულმა ახალგაზრდამ, მისგან ოდნავ უკან მეორე ბიჭი იდგა, იგივე სიმაღლისა და აგებულების. აქცენტზე ეტყობოდათ, რომ დასავლეთის შტატებიდან უნდა ყოფილიყვნენ. სწორად მივხვდი – იუტელი მორმონები აღმოჩნდნენ ("ჩარჩ ოფ ჯიზას ქრაისტ ოფ ლეითერ–დეი–სენტს"). ჩემს პროვონციელ მეგობრებს სახელებიც შესაბამისი, მორმონული ერქვათ, ნათანიელი და ჯერემაია, ზუსტად ისე, როგორც ბიბლიაშია. კარგი ბიჭები ჩანდნენ, რანჩოში გაზრდილები, ჯანმრთელები, ძლიერები და წესიერები. უფრო კოვბოებს გავდნენ, თავიანთი წითელი კისრებით, ვიდრე პროზელიტისტებს. აღმოჩნდა, რომ საქველმოქმედო ორგანიზაციიდან იყვნენ: "სერ, თუ გაინტერესებთ, მოგიყვებით ჩვენი ორგანიზაციის მისიაზე და თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ თუ როგორ გინდათ დაეხმაროთ გაჭირვებულ ოჯახებს, ჰაიტისა და ინდოეთში" (ოჰ, ჰაიტელებსა და ინდოელებზე კარგა ხანია არ მიფიქრია - ვუთხარი ჩუმად ჩემს თავს). ცოტა ხანს ვუსმენდი დაზეპირებულ ტექსტს, რომელსაც მართლაც გულით მიკითხავდნენ ნეთი და ჯერემაია. ბევრი რამ გავიგე, კარგი სწავლება ჰქონდათ გავლილი - რამდენია ჰაიტელთა დღიური შემოსავალი ლე–კაიში (ჰაიტიზე პატარა ქალაქია) და ინდუსთა მუშაობის ფასი საათში ბანგალორში (ეს ინდოეთშია დიდი ქალაქი), ასევე გავიგე როგორი ეფექტურია ამ ქვეყნებისათვის ყოველი საქველმოქმედო დოლარი, რომელიც გონიერად იქნება დახარჯული, და როგორი ცვლილების მოხდენა შეუძლია მას გაჭირვებული ჰაიტელებისათვის და შრომით წელში გაწყვეტილი ინდუსებისათვის.
ვუსმენდი მათ და თან, ავტომატურად, ამ ბიჭების გარეგნობას ვაკვირდებოდი – მოგრძო, ცოტა ყვრიმალებიანი თეთრი სახეები, ღია ფერის თმები, ახლად ამოწვერილი წვერ–ულვაში, ნაცრისფერი თვალები და ჯერ კიდევ ბავშვური ტუჩები. ორივე კაი მოზრდილი ტანისა იყო. "ნაღდი "პიონერების" ნაშიერნი არიან, თანაც ძმებს გვანან, ალბათ მრავალშვილიანი ოჯახიდან არიან. ისეთი ჯანმრთელი ფერი აქვთ ალბათ სიგრეტიც კი არა აქვთ გასინჯული, ალკოჰოლზე რომ არაფერი ვთქვა" – ვფიქრობდი ჩემთვის და უცბად თითებით ჩემი ნახათქუნები მობილურის ნაკაწრები შევიგრძენი. დავხედე და ჯეიკის ნომერი დავინახე დისპლეიზე. "ო, შუტ! რას ვუდგევარ ამ ხალხს? ჯეიკთან არ ვრეკავდი?" – გამახსენდა უცბად. – ჰეი ბიჭებო, დიდი მადლობა ინფორმაციისათვის და იმ კეთილი საქმისათვის, რომელსაც ჩემს მაგივრად თქვენ აკეთებთ – ვუთხარი ძმებს და ორმოცდაადოლარიანი "გრანტი" გავუწოდე – ოღონდ ი–მეილი არ მთხოვოთ, არა მაქვს – ეგრევე ვიცრუე – მე ანარქო–პრიმიტივისტების მხარდამჭერი ვარ და ვცდილობ ტექნოლოგიები შევზღუდო ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში. გასაგებია?
უნდა გენახათ მათი სახეები. აშკარად პირველად გაიგეს ასეთი მოძრაობის შესახებ. ვერ მოასწრეს ეკითხათ თუ რას ვამბობდი, ვერც პასუხი გამცეს ჩემს შეკითხვაზე. საერთოდ, მორმონები, ემიშები და სხვა ტრადიციული სექტები, გამოირჩევიან დანარჩენი ამერიკელებისგან, ზრდილობითა და მოთმინებით.
–დდდიახ სერ...გავიგეთ, დიდი მადლობა ასეთი კონტრიბუციისათვის. თქვენ კეთილი ადამიანი ხართ და ღმერთი ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება. თქვენი უანგარო საჩუქარი ძალიან ბევრ ადამიანს გაუადვილებს ცხოვრებას ლე–კაიში – წაიბუტბუტა ნათანიელმა თუ ჯერემაიამ, სასაცილო დასავლური აქცენტით და ორივემ ქუდები მოიხადეს ჩემი პატივისცემის ნიშნად. "აუ რა მაგარი იქნებოდა ახლა შონს დავენახე" - გამიელვა თავში.
– ძალიან კარგი, ჩემო კარგებო, მოკითხვა ჯონსა და სხვა მერიოტებს (მახსოვდა რომ ჯონ მერიოტი, სასტუმროების მფლობელი) იუტელი მორმონი იყო. ბიჭები მიმიხვდნენ ხუმრობას, გულიანად გამიღიმეს და კეთილი მზერით დამშორდნენ.
როგორც იქნა მოვიცალე ჩემი ტელეფონისათვის. – ჰელლო ჯეიკ, როგორ ხარ? – ჰელლო კონოლი, რას შვრები? კარგად ხარ? – მკითხა ჯეიკმა მეორე ბოლოდან. – ჯეიკ, სტეისი როგორ გყავს? აა:რ იუ ოლ–რაით? – კი დენ, კარგად ვართ, სად ხარ, რატომ არ გამოივლი? – მკითხა ჯეიკმა – გამოდი ჩვენთან, კარგი თევზი მაქვს და ათასი გალონი ირლანდიული ლუდი. მოდი დავლიოთ. – მართლა? რა მაგარია...თუმცა ვერ მოვალ სამწუხაროდ, არ მცალია. ხუთი წუთი მქონდა თავისუფალი და მოსაკითხად დაგირეკე, აკოცე სტეისის და ამ უიკენდზე გნახავთ – ვუპასუხე მე და საკუთარი თავის შემეშინდა. არ ვიცოდი რამ მათქმევინა ეს ყველაფერი ჯეიკისთვის, რომელიც ერთ–ერთი ყველაზე გულიანი და წესიერი ადამიანი იყო ვისაც მე ვიცნობდი. რაღაცამ გადამაფიქრებინა კომფორტული საღამო ჯეიკის ვერანდაზე, მანჰეტენის ულამაზესი ხედით. "ალბათ იმ ბიჭებს რომ შევხვდი იმან იმოქმედა" – გამიელვა თავში. "როგორი წესიერი ბიჭები იყვნენ და მე რაებს ჩავდივარ?" – არ მეშვებოდა სინდისი, სახელად დენიელ -"ბლადი"-კონოლი, და უფრო და უფრო მიჭერდა თავის სიმართლის მარწუხებს. "ნეტავ ოთხშაბათი არ ახსენოს, თორემ მოვკლავ!" – გავიფიქრე მე და წარმოვიდგინე როგორ ვკლავ ჩემს სინდისს მექსიკური ტეკილის დიდი დოზებით ჰელზ–კიჩენის ბინძურ ბარში: ეს გათავხედებული სინდისი ჯერ ლაპარაკს უმატებს, შემდეგ კვლავ საუბრობს, ოღონდ უფრო ნელა და მძიმედ, და ბოლოს სკამიდან ვარდება ალკოჰოლით მოწამლული და თავს წვეტიან იატაკს ურტყამს (უბრალოდ იმ მომენტში იატაკი სასიკვდილოდ წვეტიანი უნდა ყოფილიყო რომ მოეკლა ეს არამზადა). არამზადას (ანუ ჩემს სინდისს) შეეშინდა (როგორც ჩანს) და აღარაფერი მკითხა ოთხშაბათზე. გადავწყვიტე არსად არ წავსულიყავი და წავედი სახლში. ჩემი სახლი თუ არ გინახავთ, არც ღირს რომ ნახოთ, იმიტომ რომ ბევრი არაფერია. მე არ ვეკუთვნი იმ ჯიშის ადამიანებს, რომლებიც სახლში განუწყვეტლივ ეზიდებიან ახალ-ახალ ნივთებს და შემდეგ ამ ნივთების გარემოცვაში აგრძელებენ ცხოვრებას. ყოველი ახალი ნივთი, შეტანილი ჩემს სახლში, ჩემს მიერ აღიქმებოდა როგორც ახალი სიმძიმე, რომელსაც ჩემმა იატაკმა და ჩემი მეზობლის, იან გრეისონის, ჭერმა უნდა გაუძლოს. ამიტომაც, ჩემთან ნივთები ცოტა იყო და იანსაც არხეინად ეძინა ქვედა სართულზე. მოკლედ, რაღაც ფობიის მსგავსი მქონდა, ალბათ ეს იატაკის ჩავარდნის ფობიაა. სახლი კი ასე გამოიყურებოდა: წარმოიდგინეთ ორსართულიანი, ხის სტანდარტული "ჰაუსი" ბრუკლინში, სადღაც ბორო-პარკის მიდამოებში, ჩუმ, სუფთა ქუჩაზე. ამავე სახლში, მეორე სართულზე, წარმოიდგინეთ ორი ოთახი, პატარა სამზარეულო და დიდი სააბაზანო. სულ ეს არის. ავეჯი მინიმუმადე მქონდა დაყვანილი - სამი სკამი, ერთი დიდი ტახტი, ერთიც საშუალო ზომის ხის მაგიდა, ტელევიზორი თავისი აქსესუარებით, რამდენიმე დიდი ფოტოგრაფია კედელზე და ერთიც კარადა, რომელშიც ძირითადად თეფშები და ვისკის და ჯინის ნახევრად ცარიელი ბოთლები მეწყო-ხოლმე. ამ ბინას ახსოვს ბევრი თავგადასავალი, თქვენთვის უკვე ნაცნობი შონისა და ჯეიკის მონაწილეობით, მაგრამ ახლა ამაზე აღარ გავაგრძელებ. უნდა წამოვწვე და მოვიფიქრო ხვალინდელი დღის გეგმა....ხვალ, დილაუთენიას, გრანდ-სენტრალიდან, სანატრელ, სასურველ, ყველაზე მიმზიდველ მარიასთან მივდივარ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. "თქვენი უანგარო საჩუქარი ძალიან ბევრ ადამიანს გაუადვილებს ცხოვრებას ლე–კაიში"... მეეჭვება მაგ ფულმა ლა-კაიამდე ჩააღწიოს :) საინტერესოა... 5! "თქვენი უანგარო საჩუქარი ძალიან ბევრ ადამიანს გაუადვილებს ცხოვრებას ლე–კაიში"... მეეჭვება მაგ ფულმა ლა-კაიამდე ჩააღწიოს :) საინტერესოა... 5!
4. უნდა გითხრა ბოჟიდარ, რომ დიდი პატივისცმცემელი ვარ თქვენი ნიჭისა დავ სიამოვნებით ვკითხულობ თქვენს ნაწერებს ,ერთი შენიშვნა მხოლოდ ცოთათი მეტი ერთ დადებაზე:) უნდა გითხრა ბოჟიდარ, რომ დიდი პატივისცმცემელი ვარ თქვენი ნიჭისა დავ სიამოვნებით ვკითხულობ თქვენს ნაწერებს ,ერთი შენიშვნა მხოლოდ ცოთათი მეტი ერთ დადებაზე:)
3. გმადლობ თამარ! თქვენი შენიშვნა გავითვალისწინე. დიდი მადლობა შეფასებისათვის. გმადლობ თამარ! თქვენი შენიშვნა გავითვალისწინე. დიდი მადლობა შეფასებისათვის.
2. ოღონდ, სათაურში ეს გაასწორე, კარგი? მე-4 და არა 4-ე... :))))))))))))) ოღონდ, სათაურში ეს გაასწორე, კარგი? მე-4 და არა 4-ე... :)))))))))))))
1. პირველი კომენტარის უფლებით ვისარგებლებ და გეტყვი, რომ ძალიან დახვეწილი ენით წერ! =D> =D> 5 პირველი კომენტარის უფლებით ვისარგებლებ და გეტყვი, რომ ძალიან დახვეწილი ენით წერ! =D> =D> 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|