მარია შემთხვევით გავიცანი. ერთ შემოდგომას, ქუინსში ლორისთან "ფართიზე" მოვიდა სტუმრად. თითქმის არაფრით იყო გამორჩეული, თუ არ ჩავთვლით დიდრონ, ლამაზ ძუძუებსა და მიბნედილ ცისფერ თვალებს. დანარჩენი კი ისე, როგორც საშუალო ასაკის ებრაელ ქალებს შეეფერებათ: საშუალო სიმაღლის, სქელტრაკა, კეხიანი ცხვირით, ცოტა სიმსუქნეშეპარული სხეულით, ხანდახან დამახასიათებელი "ღ"-თი, "რ"-ს მაგივრად. რუსული კარგად ვიცოდი, თუმცა ვერაფრით ვერ ვიტყვი, რომ ნიუ-იორკული აქცენტი და ინგლისური "რ" მოვიცილე-მეთქი, მაგრამ რუსულენოვნებთან საუბარს უკვე ვბედავდი. მარია თავიდანვე მომეწონა. მასთან სიახლოვე მომინდა, აი უცბად რომ მიხვდები, რომ ეს ქალი ძალიან სასურველია. თვითონაც შემამჩნია (მე ასე მომეჩვენა) და რამდენჯერმე გამომხედა თავისი დიდრონი თვალებით. ცოტა ხნის შემდეგ გავბედე და მასთან მივედი.
-გამარჯობა, მე დენი ვარ, თქვენ? -მე მარია მქვია - მიპასუხა მძიმე რუსული აქცენტით ინგლისურად. -მარია, თუ გსურთ რუსულად ვილაპარაკოთ, მე ცოტა რუსული ვიცი - ჩავუგდე ანკესი მარიას. - პრავდა? ვი გავარიტე პა-რუსსკი? ეტო ტაკ ნეაჟიდანნო. ია სლუშალა ვას ი პოდუმალა, ჩტო ვი ამერიკანეც - აღელვებულმა მომიგო მარიამ. სასურველი მკერდი ისე აუდ-ჩაუდიოდა, რომ თვალებში დამიბნელდა.
- იეს! ია ი იესც ამერიკანეც, ნო ია ჩუც-ჩუც გავარიუ პო-რუსსკი - მივხვდი, რომ გავაგებინე, თუმცა მოღალატე თვალებს ვერ ვაცილებდი მარიას გიგანტურ კერტებს, რომლებიც ლიფიდან მოუჩანდა. ამის შემდეგ საუბარი რუსულად გავაგრძელეთ. - დენი, სად ისწავლეთ ასეთი კარგი რუსული? - მკითხა მარიამ მხიარულად და თვალები შემომანათა. გული ამიჩქარდა, ჩავიძირე უძირო ცისფერ თვალებში, გრძნობა მახრჩობდა. "ეს სლავი ქალები ბოლოს მომიღებენ", ხველა-ხველით ვუპასუხე: - ოო, დიდი მადლობა მარია, არა მგონია ამას კარგი რუსული ერქვას. ათ წელზე მეტია რუსულს ვებრძვი. იელის უნივერსიტეტში გავიარე სლავისტიკის რამდენიმე კურსი, ნიუ-ჰეივენში. - ნიუ-ჰეივენში?...ვცხოვრობ - მითხრა სრულიად დაბნეულმა მარიამ და ხელით ხელზე შემეხო. დენს ადრეც დაუტრყამს ჩემთვის, მაგრამ გადავრჩენილვარ. ახლა - მოვკვდი.
"ასე არასოდეს არავინ მდომებია" - არ ვიცი მერამდენედ მოვიტყუე თავი და ხელი ადგილზე გავყინე, რათა მისი შეხება არ დამთავრებულიყო. - უკვე რვა წელია კონეკტიკუტში ვცხოვრობ, თუმცა ინგლისური მიჭირს და ამიტომ თავს ჯერ იქაურად ვერ ვგრძნობ - გულწრფელად მითხრა მარიამ. ვგრძობდი, რომ მარიაც ნერვიულობდა. ჩქარა სუნთქავდა, წამოწითლებული მიყურებდა თვალებში. რაღაც განსაკუთრებული იყო ამ 40 წლის ქალში. თან ახალგაზრდული გამოხედვა, თან ზრდასრული ქალის სხეული და ხმა. "ალბათ ბავშვი ჰყავს" - გავიფიქრე და ავტომატურად მუცელზე დავხედე. დაიჭირა ჩემი მზერა და ხელი გამიშვა, ხელები მუცელზე დაიდო და კვლავ მომმართა: - როდის იყავით ნიუ-ჰეივენში? - ამ სამიოდე წლის წინ მეოთხე კურსი გავიარე პროფესორ დოლგოვასთან, სანკტ-პეტერბურგიდან არის წარმოშობით. თქვენ საიდან ბრძანდებით? - მე, მოსკოველი ვარ. თორმეტი წლის წინ გადმოვედით ამერიკაში საცხივრებლად ებრაული პროგრამით. - ებრაელი ბრძანდებით? - თავი გამოვიშტერე. ნიუ-იორკში ასეთ კითხვებს არ სვამენ. - დიახ, ებრაელი ვარ. თქვენც? დენი ხომ იგივე დენიელია? - კი, დენიელ პატრიკი მქვია, მაგრამ ებრაელი არ ვარ. ირლანდიელი ვარ. ჩემი ოჯახიც ემიგრანტები იყვნენ. მამაჩემი, დეიდამისს გამოატანეს ხუთი წლის ასაკში შენონიდან ნიუ-იორკში, გემით, ოღონდ "ტიტანიკის" შემდეგ - გავიხუმრე. გაეღიმა. ლამაზი კბილები ჰქონდა, ოდნავ გაყვითლებული სიგარეტისგან. ალბათ სპილოსძვლის ფერი. - მერე ბებია და ბაბუაც ჩამოვიდნენ და იმის შემდეგ აქ, ნიუ-იორკში ვცხოვრობთ. ჯერ რივერსაიდში ვცხოვრობდით, ბრონქსში. შემდეგ, ჩემი ბავშვობის დროს, ქუინსში გადმოვედით, ქუინზ-ბულვარზე. ასე რომ, მე ნამდვილი "ემერიქენ-ბორნ" ნიუ-იორკელი ვარ. ნიუ-იორკს კარგად იცნობთ? - არა, აქ სულ რამდენიმეჯერ ვარ ნამყოფი. ლორი აქ გავიცანი, დიდი ხნის წინ, ერთ-ერთ მოსკოვურ ოჯახში და იმის მერე დავმეგობრდით.
ძალიან მსიამოვნებდა მასთან ლაპარაკი და ახლოს ყოფნა. მეგონა, რომ უკვე მარიასთან ყველაფერი მოვაგვარე და ახლა მასთან საუბრით ვირთობდი თავს. კარგად ვგრძნობდი თავს. ასეთი გრძნობა იშვიათად დამუფლებია. კომფორტულად ვიყავი მასთან. ერთი სული მქონდა როდის გადავიდოდი ამ მიმზიდველ ქალთან პაემანის დანიშვნაზე.
- მარტო ცხოვრობთ? - გადავწყვიტე უფრო მეტი შემეტყო მარიაზე. - არა, პატარა ბიჭი მყავს, 9 წლის, და მოხუცი მამა. ძალიან მოხუცია, ხშირად ავადმყოფობს. ერთად ვცხოვრობთ, ნორთ-ბრენფორდში. - ვაუ! მართლა? კარგად ვიცი ეგ ადგილები. ჩემი მეგობარი ცხოვრობდა ბრენფორდში, ჰიუ მეტონი. ხომ არ გაგიგიათ, "პოლინსკი, ზიგელ ენდ მეტონი", იურიდიული მომსახურება? - სასწრაფოდ გავიხსენე ჩემი "მეგობრის", ჰიუ-ჩათლახ-მეტონის ფირმის დასახელება. "კიდევ კარგი არ იცის ვისზე ვლაპარაკობ"- გამახსენდა დებილი მეტონი და მისი დებილი ძმაკაცები. - არა, არა მგონია, ამერიკელებთან კონტაქტი ნაკლებად მაქვს, უფრო იქაურ რუსებთან და ებრაელებთან მაქვს შეხება. - რას აკეთებთ? სად მუშაობთ? - ვკითხე და იმწამსვე ენეაზე ვიკბინე. გამახსენდა, რომ რუს ებრაელს ველაპარაკებოდი, თანაც ქალს, რომელიც ახალი ჩამოსულია. "ალბათ სადმე მაღაზიაში მუშაობს" - გამკრა თავში. - ბევრს არაფერს, ხან რას, ხან რას. თან ვმუშაობ და თან მედდის კურსებზე დავდივარ.ახლა მხოლოდ ვსწავლობ, მაგრამ ბევრი არაფერი გამომდის. ლექციებზე ნახევარს ვერ ვიგებ, ინგლისური მიჭირს, რაღაც სულელი ვარ- სევდიანი ღიმილით დააყოლა მარიამ. ძალიან მოუხდა სევდაც. მოკლედ ამ ქალის ყველაფერი მომწონდა. - ხშირად მოწყენილი ვარ, თან ხომ იცით იქაური კლიმატი, სულ წვიმს და სუსხია - გააგრძელა მარიამ საუბარი ჩემთვის ყველაზე სასურველი მიმართულებით. "მალე ალბათ მარტოობაზეც მეტყვის რამეს და მეც შევთავაზებ შეხვედრას" - სული მელეოდა უკვე. - კარგი იქნება თუ მესტუმრებით, მე დრო ბევრი მაქვს და თუ სურვილი გექნებათ დამირეკეთ და შევხვდეთ, ეს ჩემი ტელეფონია - მითხრა მარიამ, რაღაც ფურცელი გადმომცა და თვალებში შემომხედა.
ეს იყო ყველაზე ლამაზი და ყველაზე შინაარსიანი მზერა, რომელიც ოდესმე მინახავს. მარია თავისთან მეძახდა, მას სურდა ჩემთან შეხვედრა! თავბრუ დამეხვა, ჩემს თვალწინ გაირბინა მარიას სახემ, სხეულმა, თვალებმა. თავს მოვერიე და არ ჩამოვჯექი იქვე მდგომ სკამზე. როგორც საქმიან ამერიკელს შეეფერება, მეც გავუღიმე, მზერა დავუბრუნე და ვუთხარი:
- ოო, დიდი მადლობა მარია. ნიუ-ჰეივენი ძალიან მიყვარს (ასეთი ტყუილი ერთხელ მაქვს ნათქვამი აფრიკაში, როდესაც ლუანდელს ვუთხარი, რომ ლუანდაზე ვგიჟდები) და მომავალ კვირაში, ოთხშაბათს, შემიძლია ჩამოვიდე თქვენთან. საქმეები მაქვს ნიუ-ინგლენდში. დავრეკავ და უკანა გზაზე შემოგივლით. "იმდენი შენ რა გითხარი დენ!"- კვლავ მივიტყუე, ოღონდ ასე სულ ვიტყუები, ყოველდღე.
მარიამ შემომცინა, ხელი მომკიდა და სუფრასთან მივბრუნდით. ძალიან კარგი საღამო გავატარეთ. ბევრი ვისაუბრეთ. ცოტა დავლიეთ. პარტიზე მყოფი უამრავი ხალხი რაღაცას მეუბნებოდა, ლორის ათასობით მეგობარსა და ნათესავს ჩამოვართვი ხელი, თუმცა ვინ იყვნენ არ მახსოვს. მოკლედ, იმ საღამოსი არაფერი მახსოვს მარიას გარდა. მხოლოდ მას ვუყურებდი და მას ვეძებდი. გამომშვიდობებისას, ლორის დიდი მადლობა ვუთხარი, მარიას ხელზე ვაკოცე, კვლავ ვუთხარი ოთხშაბათის ამბავი და შონთან (ჩემი მეგობარია) წავედი. ვიღაცისთვის უნდა მომეყოლა ჩემი ბედნიერი საღამოს შესახებ. (I ნაწილის დასასრული, გაგრძელება იქნება)
II ნაწილი
როგორც მოგახსენეთ, იმ საღამოს შონთან მივედი და ალბათ გადავრიე – მხოლოდ მარიაზე ვყვებოდი, ბევრი დავლიე, თან სასმელებიც ავურიე, გავიძახოდი, რომ მარიას ეს "კამპარი" (შონის ნაყიდი კამპარი!) უნდა გავასინჯო-მეთქი, შემდეგ აღარ მახსოვს, მერე ალბათ დამეძინა, მერე გამეღვიძა და შონიც გავაღვიძე და კვლავ დავლიეთ (ეს მახსოვს: შონი ტრუსისამარა იდგა მაცივართან და სიგარას ეწეოდა - დილის 3 საათზე!), რადგან შონი მიხვდა, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა.
დილას სასიამოვნო სიურპრიზი დამხვდა – შონი წასულიყო თავის საზიზღარ სამსახურში, რომელსაც უკვე ცხრა წელია აგინებდა, და წერილიც დაეტოვებინა:
“ჯიგარი ხარ დენ, გულზე მომეშვა. არ ინერვიულო. აქამდე მეგონა, რომ მარტო მე ვიყავი ალკოჰოლიკი და გიჟი და შენი სულ მერიდებოდა. ახლა არა მიშავს და ძალიან მიხარია, რომ შენთან ვმეგობრობ და არა ჰარი დენზიგერთან (მისი სკოლელი იყო, და მერე ჰარვარდის პროფესორი გახდა). არ დაგავიწყდეს საპირფარეშოს მორეცხვა, ერთხელ დაგეხმარე, როცა ღამით აღებინე, მერე შენით ამდგარხარ და მარტოს გიღებინებია. ასე რომ მორეცხე და ცოტა ხანი სტუმრად აღარ მოხვიდე. დღეს, ჩემთან ბიბი მომყავს და შენ რომ მოგისმინოს - მიმატოვებს. შონი”.
გამეხარდა. დავწყნარდი. რა არის მაინც მამაკაცური სოლიდარობა და ტაქტი, ააა? შონი მაგარია, თან წუწუნის გარეშე განიხილა გუშინდელი ჩემი შემოჭრა, გააანალიზა და მიხვდა, რომ გუშინდელი ამბავი მისთვის სასიკეთო იყო: ვიღაცა მასზე უფრო სულელი და ლოთია, თანაც აღებინებს თექვსმეტი წლის ბიჭივით. სწორი იყო შონთან რომ მოვედი, სხვასთან ასეთი ვიზიტი მძიმე შედეგებით დამთავრდებოდა (წარმოვიდგინე, ჰარი დენზიგერის ჯაკუზიში რომ მეღებინებინა და გამაჟრიალა).
უცბად თავში გამკრა - და მარია? სად გაქრა ჩემი გუშინდელი ფერია? ჩემი სლავურ-სემიტური ჯოკონდა? სად არის ენერგია, რომელმაც გუშინ არა მარტო მარიასი, არამედ შონის გულიც კი დაიპყრო, თავისებურად. ნაბახუსევზე მარიას ადგილი ჩემს ფსიქიკაში და ფიზიოლოგიაში არ მოიძებნებოდა, ჯერ-ჯერობით... რომანტიკა კარგია, მაგრამ მამაკაცურ მძიმე თამაშებს თავისი წესები აქვს: ასპირინი ვიპოვე, დავლიე, საჭმელსაც მივაგენი შონის კოპწია ბინაში, ყავაც ვხუხე და მივხვდი, რომ ყველაფერი არც ისე ცუდად არის დენ! მარია და მისი ლამაზი ზმანება ბრუნდებოდა დენიელ პატრიკ კონოლის გონებასა და ნაგვემ სხეულში.
გარეთ ლამაზი, ცხრათვალა, ნიუ-იორკული დილა იდგა, მზე კვლავ აღმოსავლეთიდან ამოდიოდა, ქალაქი გუგუნებდა და ტონს აძლევდა მსოფლიო კაპიტალიზმს. ნახევარი საათის შემდეგ, შონის ელექტროსაპარსით გაპარსული, შონის თეთრ პერანგში გამოპრანჭული და შონისვე ოდეკოლონმოპკურებული, მეტროთი მანჰეტენისკენ გავეშურე, სადაც 14-ე ქუჩაზე, იუნიონ-სკვერთან ახლოს, ჩემს პატარა ოფისში, მელოდა ჩემივე ასისტენტი ჯული, და სადღაც ოციოდ წერილამდე, მომწოდებლებისა და კონტრაქტორებისგან. მოკლედ, მაქსიმუმ ორი, ჰა სამი(!) საათის საქმე მქონდა... კარგია, როცა დიდ ქალაქში პატარა ბიზნესი გაქვს და შენი თავის პრეზიდენტიც შენ ხარ. "მარია-მარია-მარია" - ჩამესმოდა რიტმულად მეტროს ლიანდაგების ხმა. ძალიან კარგი დღე იყო. ოთხშაბათამდე მხოლოდ ორი დღე-ღამე მქონდა გადასაგორებელი. "მარია-მარია-მარია" - ჩამესმოდა ნანასავით ნიუ-იორკის "მეტროპოლიტენ-ოთორითის" კუთვნილი ვაგონის სიმღერა.
III ნაწილი
ოფისში მისვლისთანავე ჯულის დავუძახე და წერილების დახარისხება ვთხოვე. ჯული თავის საქმის ძუ ლომია (თანაც აფროამერიკელი ლომი, ბრუკლინიდან) და ერთ საათში ყველა წერილი, პრიორიტეტების გათვალისწინებით, სინზე დადებული მომირბენინა .
- დენ, სულ ოთხი სასწრაფო წერილია: მარრი, გოლდი, ჩიკოტელი და დერიკი. დანარჩენებს მე გავცემ პასუხს. ზიმერმანი კვლავ ნაწყენი ტონით გვწერს, მე მგონი, პასუხი უნდა მივწეროთ - მითხრა ჯულიმ და თავისი უზარმაზარი, ნუშისებრი თვალები მომაპყრო.
- გასაგებია. ჯულ, იცი რა ვქნათ? ახლავე დაურეკე ზიმერმანის მდივანს და უთხარი, რომ თანახმა ვარ მისი ბოსის წინადადებაზე, თუმცა უკეთესს ველოდი - სწრაფად მოვუჭერი მე და დაველოდე რეაქციას.
- ვაუ! სერიოზულად ამბობთ? ამითი შეიძლება ფაზიო გავანაწყენოთ. ერთმანეთს ვერ იტანენ, როგორც თქვენ თქვით. თან... კარგით, არაფერი - უცბად შეწყვიტა ჯულიმ წინააღმდეგობა და ზიმერმან-ფაზიოს ენდშპილის გარჩევა.
- თან რა? - დავიჭირე ჯულის ინტონაციაში რაღაც უთქმელი - რისი თქმა გინდოდა? - აღარ მოვეშვი (ჩვენ, კელტებმა, ასე ვიცით ჩაკირკიტება, იმიტომაც მოვხვდით ჯოჯოხეთამდე თითქმის სულ ყველანი, ამერიკაში). - არაფერი ისეთი. ზიმერმანი ყოველთვის უზრდელურად მიყურებს, მისტერ ფაზიო კი ნამდვილი ჯენტლემენია, მომიკითხავს-ხოლმე და ხელზეც მკოცნის - შეიშმუშნა ჯული და თვალები ძირს დახარა.
გამახსენდა გამხდარი, აწოწილი, ნახევრად ბრმა ზიმერმანი, თავისი დიდი ზომის კოსტუმებით, შავი პალტოთი და მობილური ტელეფონით და კავალის ძვირფას პიჯაკებში, გერმანული "ვორსტივით" გამოსიკნული ვინს ფაზიო, ძველმოდური წვრილი ულვაშებით, ბოქსიორის ცხვირითა და მოცისფრო-წყლისფერი თვალებით.
- აჰა! ეს არ ვიცოდი, ისე ეგ ზიმერმანი მეც უზრდელური გამომეტყველებით მიყურებს, შეიძლება ეგეთი უხიაგი გამოხედვა აქვს ან იმ სქელი მინების უკან, გამოხედვა გვეჩვენება უზრდელური ? - თავი გამოვისულელე. - რაიმე ზედმეტის უფლება ხომ არ მიუცია თავისთვის? - დავინტერესდი და წამოვდექი - ჯულ, მითხარი თუ რაიმე გაკადრა და მე ვიცი მას როგორ დაველაპარაკები...
- არა მისტერ კონოლი, როგორ გეკადრებათ, მაგას როგორ დავუშვებდი. უთქვენოდაც კარგად გავცემდი პასუხს, რაიმე რომ მომხდარიყო - ღიმილით მიპასუხა ჯულიმ, მუშტები მოკუმა და წელში გამართა თავისი თითქმის ექვსფუტიანი, უფრო სპრინტერისთვის შესაფერისი სხეული. "კი, ეს ზიმერმანს ნაღდად მოერევა და ფაზიოსაც ზედ მიაყოლებს, თუ მოინდომა" - გამიელვა თავში და ჯულის პანტერისებურ წელს შევავლე თვალი.
- კარგი, ზიმერმანს დავაკვირდები და სხვა თვალით შევხედავ, თუ რამეა მითხარი. ხოლო ფაზიოს ამბავი ნაღდია, მე მირჩევნია დონ ვინჩენცოსთან მეგობრული ურთიერთობები შევინარჩუნო (ჯულიმ შეთქმულივით ჩამიკრა თვალი, მიხვდა ჩემს ირონიას ვინს ფაზიოსთან დაკავშირებით), ზიმერმანს კი...მაინც ვერ დავუმეგობრდებით, სხვა ტიპაჟია, ცივი და სხვაგან... მოკლედ, ზიმერმანის მდივანს დაურეკე და უთხარი რომ ჩვენ ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ-თქო. ეწყინება და ეწყინოს, მე სრული უფლება მაქვს უარი ვუთხრა. გმადლობ ჯული ასეთი დროული შენიშვნისათვის - გადავწყვიტე საბოლოოდ "საბრალო" ნათან ზიმერმანის საქმე. -ჰო, კიდევ ერთი რამ ჯულ! ოთხშაბათს არ ვიქნები, იელში მივდივარ - გავძახე ჩემს ასისტენტს და გამეხარდა, რომ უკვე გასული იყო, თორემ დაინახავდა ალმურს, რომელმაც ოთხშაბათის ხსენებაზე გადამიარა სახეზე.
ამის შემდეგ, ბევრი აღარაფერი გამიკეთებია. კვლავ მარია შემოიჭრა ჩემს პატარა ოფისში და სრულიად გაავსო იქაურობა თავისი სურნელით, გამოხედვით, სქელი, ტალღოვანი თმებით, თავისი დაბალი, ოდნახ ხრინწნარევი ხმით და უძირო, სევდიანი ლურჯი თვალებით... თავს ვკარგავდი. მარია გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში აქამდე არნახული ემოციითა და გამოცანებით. უბრალოდ, არც კი ვიცოდი ვინ იყო ეს მიმზიდველი ქალი. რას აკეთებდა ნიუ-ჰეივენში? რატომ ცხოვრობდა ამ პატარა პროვინციულ ქალაქში? ვინ და სად იყო მისი ყოფილი ქმარი? რატომ მოვეწონე და რატომ დამიძახა თავისთან? რატომ უნდოდა ჩემთან შეხვედრა? რომ ჩავიდოდი რა უნდა გამეკეთებინა? ჯერ რესტორანში დამეპატიჟა და მერე სასტუმროში ავსულიყავით, თუ ამერიკელი ქალების წესებით, მეორე "დეითინგს" დავლოდებოდი? ნეტა რა გვარია ჩემი მარია? ალბათ ზიმერმანი არ იქნება( სრულებით არ გავს)? მოკლედ, ოთხშაბათი აღარ თენდებოდა და მეც ლამის გავგიჟებულიყავი. დრო, თვით მის აღმატებულება ნიუ-იორკ სითიში, თითქმის აღარ იძროდა და მეტროს ლიანდაგებს შორის დაღვრილი ზეთივით ნელა მიიზლაზნებოდა გვირაბისკენ... ოთხ საათზე შონმა დარეკა. მომიკითხა და შორიდან დამიდასტურა თავისი პატივისცემა. მთხოვა, რომ დღეს აღარ მივსულიყავი მასთან, არცერთი მიზეზით ან საბაბით(!) ასევე მითხრა, რომ მისი პერანგი მისია და ჩემთვის არ უჩუქებია, რაზეც ჩემგან პასუხი მიიღო, რომელმაც სრულიად არ დააკმაყოფილა და დასძინა, რომ პერანგში 15 კი არა, ასორმოცდაათი დოლარი აქვს გადახდილი, "მეისის" საშობაო ფასდაკლებაზე. მოკლედ, ტკბილად ვისაუბრეთ და კვლავ საყვარელ მეგობრებად დავშორდით. მე კი კვლავ ვერ ვერ ვისვენებდი. ვიცოდი, რომ მარიასთან სამშაბათს ჩასვლა და მერე მობოდიშება რომ დღე-ამერია-თქო ძალიან ცუდი გეგმა იყო - ვერ გამიგებდა და იფიქრებდა რომ კალენდრის ხმარება არ ვიცი. ასევე ცუდი გეგმა იყო უბრალოდ ადრე ჩასვლა ნიუ-ჰეივენში, სასტუმროს ქირაობა და ოთხშაბათის გათენების იქ ლოდინი, მე პრინციპში ამისთვისაც მზად ვიყავი - მაგრამ ასეთ საქციელს უკვე მანიაკალური ნიშნები ჰქონდა. არც ისე ცუდი გეგმა იყო შონთან სტუმრად მისვლა და ახლა უკვე ბიბის თანდასწრებით გუშინდელის გამეორება, თან ბიბისთან სულ სხვანაირად მოვიქცეოდი და ბევრად უფრო დელიკატური ვიქნებოდი, მაგრამ შონი ამას უკვე ვეღარ გაიგებდა და მართლაც ეწყინებოდა ჩემი უცერემონიობა. სუტი და ცუდი გეგმა იყო სახლში წასვლა და ტელევიზორის ყურება - ეს მუდმივად ცუდი გეგმაა გინდა სამშაბათი იყოს და გინდა ხუთშაბათი. იყო კიდევ ერთი სუსტი გეგმაც - წავსულიყავი ჯეიკობთან და მის ოჯახთან ერთად გამეტარებინა საღამო - ჯეიკი ბევრს არაფერს აკეთებს, ფულს მისი დაქირავებული ხალხი შოულობს მის ოფისებში და ამ ხალხს მისივე დაქირავებული დირექტორი უვლის, რათა დაქირავებულებმა კარგად იშოვონ ფული ჯეოკობისთვის და მისი საყვარელი ოჯახისთვის.
ჯეიკი თავის საყვარელ ცოლთან, სტეისისთან, ერთად, მანჰეტენზე ცხოვრობს, სენტრალ-პარკთან ახლოს, უზარმაზარ ბინაში და ძირითადად ნიუ-იორკის გარშემო "ფემილი-ჰისტორი-ტურებზე" სიარულით არის დაკავებული. ცოლ-ქმარს ძალიან უყვართ ნიუ-იორკის შტატის ისტორია და "ფრენდზ-ოვ-ემპაია სტეიტ"-ის "ჩერიტის" (ქველმოქმედების) აქტიური წევრები არიან. ჯეიკი ყოველთვის კარგ ხასიათზეა, არსად არ ეჩქარება (უიკენდების გარდა, როდესაც დაგეგმილ ტურებზე მიდიან) და ყოველთვის უხარია ჩემს კომპანიაში საღამოების გატარება.
გარდა ამისა, ჯეიკი ჩვეულებრივი ამერიკელი არ არის (უფრო სწორად, აღარ არის) - ის არაჩვეულებრივი ამერიკელია - რადგან ფაქტობრივად აღარ მუშაობს. ყველა მის საქმეს მისივე დაქირავებული იურისტები აკეთებენ. ამიტომაც ჯეიკს არსად არ ეჩქარება და ძალიან ამყობს ამითი. იგი ამბობს: "როდესაც ბაბუაჩემი და სხვა "ჰიუგენოტები" (ასე ამბობს იგი) საფრანგეთიდან გამოაგდეს, ჩვენი გვარი (იგი გვარად პერრინია, ამერიკულად "ფერრინ") პირველი ევროპული გვარი იყო იყო ნიუ-იორკის მიდამოებში და ჩემი დიდი ბაბუა, დენიელ პერრენი (ამას იგი სასაცილო ინგლისური აქცენტით ამბობს-ხოლმე), ფრანგი "ჰიუგენოტი", სტეიტენ აილენდის პირველი მუდმივი მოსახლე გახლდათ!" - ისე მართლაც საამაყო ისტორია და გენეალოგიაა, თუ არ ჩავთვლით რომ ნიუ-იორკის მიდამოებში მცხოვრები ამერიკელი ინდიელების (კეთილშობილი მონადირეების - ლენაპეების ცხონებულ ტომს) უბედურებას, საფრანგეთიდან კათოლიკებს გამოხიზნულმა მისიე პერრენმა ჩაუყარა საფუძველი. ან ყოველ შემთხვევაში, სხვა ევროპელებს (ჰერ სტიუვესანტსა და ჰერ მინუიტს) მიუთითა კარგი საპორტო ადგილი ლენაპეს ინდიელთა საუფლოში. რანტიეს ტიპის ცხოვრებამ ( გითხარით ფრანგული ძირები ჰქონდა-მეთქი, ოღონდ პროტესტანტური) ჯეიკს და მის მეუღლესაც, სტეისისაც, სამუდამოდ მოაცილა ნევროზი, დროის ნიუ-იორკული დეფიციტი, საათზე ყურების მავნე ჩვევა და ისინი (მიხედავად მათი წარმოშობისა და იმ გენეტიკური კოკტეილისა, რომლითაც ნიუ-იორკელები ყველა დანარჩენისგან გამოირჩევიან) საყვარელ, ინგლისურენოვან ხალხად აქცია. მე, ყოველ შემთხვევაში მათ ასე აღვიქვამდი. ძალიამ მიყვარდა მათთან საუბარი და თან ჯეიკი ჩემი ძველი მეგობარი გახლდათ. ჩვენ ერთად ვიზრდებოდით ქუინსში და სკოლაშიც ერთად დავდიოდით. გადავწყვიტე მათთან დამერეკა და გამეგო რას აკეთებდნენ და რას იტყოდნენ ჩემს დაუგეგმავ ვიზიტზე.
IV ნაწილი
სანამ ტელეფონში ჯეიკის ნომერი ვიპოვე პერიფერიული მხედველობით შევნიშნე, რომ გვერდიდან ვიღაც მომადგა. იუნიონ–სქვერთან რომ მეტროა იქ ვიდექი. "სერ, მხოლოდ ერთი წუთი დაგვითმეთ და მიხვდებით რომ დროს არ გაკარგვინებთ" – მითხრა კოხტად ჩაცმულმა ახალგაზრდამ, მისგან ოდნავ უკან მეორე ბიჭი იდგა, იგივე სიმაღლისა და აგებულების. აქცენტზე ეტყობოდათ, რომ დასავლეთის შტატებიდან უნდა ყოფილიყვნენ. სწორად მივხვდი – იუტელი მორმონები აღმოჩნდნენ ("ჩარჩ ოფ ჯიზას ქრაისტ ოფ ლეითერ–დეი–სენტს"). ჩემს პროვონციელ მეგობრებს სახელებიც შესაბამისი, მორმონული ერქვათ, ნათანიელი და ჯერემაია, ზუსტად ისე, როგორც ბიბლიაშია. კარგი ბიჭები ჩანდნენ, რანჩოში გაზრდილები, ჯანმრთელები, ძლიერები და წესიერები. უფრო კოვბოებს გავდნენ, თავიანთი წითელი კისრებით, ვიდრე პროზელიტისტებს. აღმოჩნდა, რომ საქველმოქმედო ორგანიზაციიდან იყვნენ: "სერ, თუ გაინტერესებთ, მოგიყვებით ჩვენი ორგანიზაციის მისიაზე და თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ თუ როგორ გინდათ დაეხმაროთ გაჭირვებულ ოჯახებს, ჰაიტისა და ინდოეთში" (ოჰ, ჰაიტელებსა და ინდოელებზე კარგა ხანია არ მიფიქრია - ვუთხარი ჩუმად ჩემს თავს). ცოტა ხანს ვუსმენდი დაზეპირებულ ტექსტს, რომელსაც მართლაც გულით მიკითხავდნენ ნეთი და ჯერემაია. ბევრი რამ გავიგე, კარგი სწავლება ჰქონდათ გავლილი - რამდენია ჰაიტელთა დღიური შემოსავალი ლე–კაიში (ჰაიტიზე პატარა ქალაქია) და ინდუსთა მუშაობის ფასი საათში ბანგალორში (ეს ინდოეთშია დიდი ქალაქი), ასევე გავიგე როგორი ეფექტურია ამ ქვეყნებისათვის ყოველი საქველმოქმედო დოლარი, რომელიც გონიერად იქნება დახარჯული, და როგორი ცვლილების მოხდენა შეუძლია მას გაჭირვებული ჰაიტელებისათვის და შრომით წელში გაწყვეტილი ინდუსებისათვის.
ვუსმენდი მათ და თან, ავტომატურად, ამ ბიჭების გარეგნობას ვაკვირდებოდი – მოგრძო, ცოტა ყვრიმალებიანი თეთრი სახეები, ღია ფერის თმები, ახლად ამოწვერილი წვერ–ულვაში, ნაცრისფერი თვალები და ჯერ კიდევ ბავშვური ტუჩები. ორივე კაი მოზრდილი ტანისა იყო. "ნაღდი "პიონერების" ნაშიერნი არიან, თანაც ძმებს გვანან, ალბათ მრავალშვილიანი ოჯახიდან არიან. ისეთი ჯანმრთელი ფერი აქვთ ალბათ სიგრეტიც კი არა აქვთ გასინჯული, ალკოჰოლზე რომ არაფერი ვთქვა" – ვფიქრობდი ჩემთვის და უცბად თითებით ჩემი ნახათქუნები მობილურის ნაკაწრები შევიგრძენი. დავხედე და ჯეიკის ნომერი დავინახე დისპლეიზე. "ო, შუტ! რას ვუდგევარ ამ ხალხს? ჯეიკთან არ ვრეკავდი?" – გამახსენდა უცბად. – ჰეი ბიჭებო, დიდი მადლობა ინფორმაციისათვის და იმ კეთილი საქმისათვის, რომელსაც ჩემს მაგივრად თქვენ აკეთებთ – ვუთხარი ძმებს და ორმოცდაადოლარიანი "გრანტი" გავუწოდე – ოღონდ ი–მეილი არ მთხოვოთ, არა მაქვს – ეგრევე ვიცრუე – მე ანარქო–პრიმიტივისტების მხარდამჭერი ვარ და ვცდილობ ტექნოლოგიები შევზღუდო ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში. გასაგებია?
უნდა გენახათ მათი სახეები. აშკარად პირველად გაიგეს ასეთი მოძრაობის შესახებ. ვერ მოასწრეს ეკითხათ თუ რას ვამბობდი, ვერც პასუხი გამცეს ჩემს შეკითხვაზე. საერთოდ, მორმონები, ემიშები და სხვა ტრადიციული სექტები, გამოირჩევიან დანარჩენი ამერიკელებისგან, ზრდილობითა და მოთმინებით.
–დდდიახ სერ...გავიგეთ, დიდი მადლობა ასეთი კონტრიბუციისათვის. თქვენ კეთილი ადამიანი ხართ და ღმერთი ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება. თქვენი უანგარო საჩუქარი ძალიან ბევრ ადამიანს გაუადვილებს ცხოვრებას ლე–კაიში – წაიბუტბუტა ნათანიელმა თუ ჯერემაიამ, სასაცილო დასავლური აქცენტით და ორივემ ქუდები მოიხადეს ჩემი პატივისცემის ნიშნად. "აუ რა მაგარი იქნებოდა ახლა შონს დავენახე" - გამიელვა თავში.
– ძალიან კარგი, ჩემო კარგებო, მოკითხვა ჯონსა და სხვა მერიოტებს (მახსოვდა რომ ჯონ მერიოტი, სასტუმროების მფლობელი) იუტელი მორმონი იყო. ბიჭები მიმიხვდნენ ხუმრობას, გულიანად გამიღიმეს და კეთილი მზერით დამშორდნენ.
როგორც იქნა მოვიცალე ჩემი ტელეფონისათვის. – ჰელლო ჯეიკ, როგორ ხარ? – ჰელლო კონოლი, რას შვრები? კარგად ხარ? – მკითხა ჯეიკმა მეორე ბოლოდან. – ჯეიკ, სტეისი როგორ გყავს? აა:რ იუ ოლ–რაით? – კი დენ, კარგად ვართ, სად ხარ, რატომ არ გამოივლი? – მკითხა ჯეიკმა – გამოდი ჩვენთან, კარგი თევზი მაქვს და ათასი გალონი ირლანდიული ლუდი. მოდი დავლიოთ. – მართლა? რა მაგარია...თუმცა ვერ მოვალ სამწუხაროდ, არ მცალია. ხუთი წუთი მქონდა თავისუფალი და მოსაკითხად დაგირეკე, აკოცე სტეისის და ამ უიკენდზე გნახავთ – ვუპასუხე მე და საკუთარი თავის შემეშინდა. არ ვიცოდი რამ მათქმევინა ეს ყველაფერი ჯეიკისთვის, რომელიც ერთ–ერთი ყველაზე გულიანი და წესიერი ადამიანი იყო ვისაც მე ვიცნობდი. რაღაცამ გადამაფიქრებინა კომფორტული საღამო ჯეიკის ვერანდაზე, მანჰეტენის ულამაზესი ხედით. "ალბათ იმ ბიჭებს რომ შევხვდი იმან იმოქმედა" – გამიელვა თავში. "როგორი წესიერი ბიჭები იყვნენ და მე რაებს ჩავდივარ?" – არ მეშვებოდა სინდისი, სახელად დენიელ -"ბლადი"-კონოლი, და უფრო და უფრო მიჭერდა თავის სიმართლის მარწუხებს. "ნეტავ ოთხშაბათი არ ახსენოს, თორემ მოვკლავ!" – გავიფიქრე მე და წარმოვიდგინე როგორ ვკლავ ჩემს სინდისს მექსიკური ტეკილის დიდი დოზებით ჰელზ–კიჩენის ბინძურ ბარში: ეს გათავხედებული სინდისი ჯერ ლაპარაკს უმატებს, შემდეგ კვლავ საუბრობს, ოღონდ უფრო ნელა და მძიმედ, და ბოლოს სკამიდან ვარდება ალკოჰოლით მოწამლული და თავს წვეტიან იატაკს ურტყამს (უბრალოდ იმ მომენტში იატაკი სასიკვდილოდ წვეტიანი უნდა ყოფილიყო რომ მოეკლა ეს არამზადა). არამზადას (ანუ ჩემს სინდისს) შეეშინდა (როგორც ჩანს) და აღარაფერი მკითხა ოთხშაბათზე. გადავწყვიტე არსად არ წავსულიყავი და წავედი სახლში. ჩემი სახლი თუ არ გინახავთ, არც ღირს რომ ნახოთ, იმიტომ რომ ბევრი არაფერია. მე არ ვეკუთვნი იმ ჯიშის ადამიანებს, რომლებიც სახლში განუწყვეტლივ ეზიდებიან ახალ-ახალ ნივთებს და შემდეგ ამ ნივთების გარემოცვაში აგრძელებენ ცხოვრებას. ყოველი ახალი ნივთი, შეტანილი ჩემს სახლში, ჩემს მიერ აღიქმებოდა როგორც ახალი სიმძიმე, რომელსაც ჩემმა იატაკმა და ჩემი მეზობლის, იან გრეისონის, ჭერმა უნდა გაუძლოს. ამიტომაც, ჩემთან ნივთები ცოტა იყო და იანსაც არხეინად ეძინა ქვედა სართულზე. მოკლედ, რაღაც ფობიის მსგავსი მქონდა, ალბათ ეს იატაკის ჩავარდნის ფობიაა. სახლი კი ასე გამოიყურებოდა: წარმოიდგინეთ ორსართულიანი, ხის სტანდარტული "ჰაუსი" ბრუკლინში, სადღაც ბორო-პარკის მიდამოებში, ჩუმ, სუფთა ქუჩაზე. ამავე სახლში, მეორე სართულზე, წარმოიდგინეთ ორი ოთახი, პატარა სამზარეულო და დიდი სააბაზანო. სულ ეს არის. ავეჯი მინიმუმადე მქონდა დაყვანილი - სამი სკამი, ერთი დიდი ტახტი, ერთიც საშუალო ზომის ხის მაგიდა, ტელევიზორი თავისი აქსესუარებით, რამდენიმე დიდი ფოტოგრაფია კედელზე და ერთიც კარადა, რომელშიც ძირითადად თეფშები და ვისკის და ჯინის ნახევრად ცარიელი ბოთლები მეწყო-ხოლმე. ამ ბინას ახსოვს ბევრი თავგადასავალი, თქვენთვის უკვე ნაცნობი შონისა და ჯეიკის მონაწილეობით, მაგრამ ახლა ამაზე აღარ გავაგრძელებ. უნდა წამოვწვე და მოვიფიქრო ხვალინდელი დღის გეგმა....ხვალ, ოთხშაბათს, დილაუთენიას, გრანდ-სენტრალიდან, სანატრელ, სასურველ, ყველაზე მიმზიდველ მარიასთან მივდივარ კონეკტიკუტში...
V ნაწილი
ნიუ-ჰეივენში დილაადრიან ჩავედი, ამაზე ადრე, ნიუ-იორკის "გრანდ-სენტრალ–სტეიშენიდან" მატარებელი არ გამოდიოდა. ნიუ-იორკიდან მატარებლით დაახლოებით ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ, ცოტათი დაღლილმა და მოლოდინით აღსავსემ დავადგი ფეხი ნიუ-ჰეივენის სადგურის პლატფორმას და მივხვდი, რომ მიუხედავად ამდენი დღის ლოდინისა და მოლოდინისა, არ ვიცოდი რა მექნა, რა მეთქვა და როგორ შევხვედროდი მარიას. სასწრაფოდ გავძვერი სადგურის მიწისქვეშა გასასვლელში და ცენტრალურ დარბაზში დიდრონი ყვითელი ყვავილები ვიყიდე. გამოფენილ ყვავილებში ყველაზე ლამაზები ესენი იყო - ალბათ, ესეც ნერვების ბრალი იყო. რა დროს ყვავილების ყიდვა იყო, როცა არ ვიცოდი რომელ საათზე უნდა შევხვედროდი მარიას. არ დაგვითქვამს. "არა უშავს, ფანჯრის რაფაზე დავდებ და მეც იქვე ვიტრიალებ, ამასობაში დროც გავა" - გავიფიქრე. ნერვიულობისგან ნავსი გავტეხე და სიგარეტი შევიძინე (მოწევას თავი ოცდაათი წლის ასაკში დავაღწიე). შემდეგ ავდექი, ყვავილები იღლიაში ამოვიჩარე და პირდაპირ მარიასთან დავრეკე. ადრე იყო, მაგრამ ალბათ ეღვიძებოდა "ბავშვი ხომ უნდა წაეყვანა სკოლაში, ადრიანად". მოკლედ, აღარ შემეძლო მეტის მოთმენა და დავრეკე:
-ალო, მარია თქვენ ხართ? - ჩავძახე ყურმილს რუსულად. გვერდით მდომმა მათხოვარმა ჩუმად შემავლო თვალი და ჩემთვის ფულის თხოვნა გადაიფიქრა. -ალო, ალლო...დიახ, მარია ვარ. ა კტო ეტო? - როგორც იქნა გავიგონე ჩემთვის სანატრელი ხმა. - ეტო დენიელ, დენ კონნოლი! გამარჯობა მარია, როგორ ხარ? მე უკვე ჩამოვედი ნიუ-ჰეივენში, საქმეები ადრე მოვრჩი და ვიფიქრე გავუვლი-მეთქი - უსინდისოდ ვიცრუე და ვერც კი წარმოვიდგინე როგორ უნდა დამემთავრებინა საქმეები დილის 8 საათამდე. ასეთი სუსტი ტყუილი არც მითქვამს ოდესმე, და არც სხვისგან მომისმენია. ყველაზე მუყაით შტატებშიც კი, ხალხი ოფისში 8-ზე ადრე არ მიდის...მე კი დილის 8 საათზე საქმეების დამთავრებაზე ველაპარაკებოდი ქალს, რომელიც მომწონდა და ყველას მერჩივნა... ვიცოდი, რომ სრულ სისულელეს ვლაპარაკობდი, მაგრამ თავი უკვე ნახევრად დაკარგული მქონდა და ბევრი აღარ მომეკითხებოდა. მარია....მარია როგორც იქნა აქვე იყო, სულ რაღაც 2-3 მილში... "არა უშავს დენ, როგორც კი მას შეხვდები და გადაკოცნი, მაშინვე ყველაფერი ნორმაში ჩადგება და უსინდისო მატყუარიდან ისევ ჯენტლმენად გარდაიქმნები...ნუ ღელავ...დღეს შენ დიდი საჩუქარი გელის, ამიტომ მოიქეცი კაცივით, აღარ მოიტყუო, ის ამერიკელი არ არის, მას არ სჭირდება ეს ტყუილი ლაი-ლაი და მოჩვენებითი ზრდილობა...და საერთოდ, შეეშვი ამ სერიალების გმირობას" - დამიცაცხანა ჩემმა შინაგანმა ხმამ, რომელიც ჩემი ამერიკული სინდისის დაუძინებელი მტერი გახლდათ და ხშირად მის ჯინაზე მაძლევდა სასარგებლო/უსარგებლო რჩევებს.
- აააა, დენ, ზდრავსტვუიტე! ეტო ვი? ტაკ ვი პრიეხალი? ასე ადრე არ გელოდით, ჯერ არც ავმდგარვარ, სად ხართ? - მითხრა მხიარული ხმით (მე ასე მომეჩვენა) მარიამ და დაამატა - ცოტა ხანს დამელოდეთ და მანქანით გამოგივლით. სად ხართ?
- ოოო, უკაცრავად მარია, ხომ იცით ეს საქმეები სულ აგიჟებს ადამიანს (მე კი ვიცი რაც მაგიჟებდა, მაგრამ ამას ტელეფონში ხომ არ ვეტყოდი?). ვერ გავთვალე თუ ასე ადრე დავამთავრებდი - კუშტად ვაგრძელებდი მე ჩემს უსუსტეს ვერსიას "დენ კონოლის მიერ სამუშაოების ადრე დამთავრების შესახებ". მაგრამ მარია ქალი იყო და მას სულ არ აინტერესებდა ჩემი ახსნა-განმარტებები. მას უბრალოდ გაეხარდა, რომ მე მასთან ჩავედი: -რას ამბობთ დენ, რა მნიშვნელობა აქვს, რომელი საათია, ძალიან კარგი რომ უკვე აქ ხართ, ძალიან გამეხარდა (იეს!)...ახლავე ავდგები, მოვწესრიგდები და გამოგივლით. ვთქვათ, 40-45 წუთში მზად ვიქნები. სად ხართ? - უკვე მეორედ მკითხა ჩემმა ოცნებამ. - ახლა სადგურთან ვარ. ნუ შეწუხდებით მე თვითონ მოვალ (სად მივდიოდი? მასთან სახლში? ოჰ, ეს ქვეცნობიერი)... - წავილუღლუღე და გავჩერდი. - არა, არა დენ - სიცილით მითხრა მარიამ - ჯობს მე გამოვალ, რადგან მამაჩემი სახლშია და თანაც ცოტა ავად არის, სტუმრად ვერ გეპატიჟებით... არ იდარდოთ. მალე თქვენთან ვიქნები. ჩემი მანქანა ვერცხლისფერია. პაკა დენიელ! - დამემშვიდომა მარია.
პირველმა შფოთვამ და ნერვიულობამ გამიარა. წნევამაც დამიწია და შაქარმაც ნორმისკენ დაიწყო ტაატით სვლა. პირი გამიშრა, იქვე მდგარი მაცივრიდან ჩემი საყვარელი კოკა-ლემონის ბოთლი ავიღე და სასწრაფოდ გამოვცალე. შემდეგ გარეთ გავედი და ხუთი წლის ნანატრი სიგარეტი მოვწიე. თავბრუ დამეხვა, მაგრამ იხტიბარი არ გავიტეხე და კარგი მწეველივით, ერთი კარგადაც გადავაპურჭყე. ამის შემდეგ სადგურის ტუალეტში შევედი და პირი დავიბანე. სარკიდან საკუთარი თავი მიცქერდა. 35-40 წლის საშუალოზე ოდნავ მაღალი, საშუალო სისრულის სიმპათიური ახალგაზრდა მამაკაცი, სუფთად გაპარსული ლოყებით, მუქი ლურჯი თვალებით ("ირლანდიელი მაცდურები", იტყოდა-ხოლმე საწყალი დედაჩემი) და წაბლისფერი ტალღოვანი თმებით. ჯერ კიდევ არა მიშავდა, თუ არ ჩავთვლით ნერვიულობას და ოდნავ დაჭმუჭნულ, "ბლუმინგდეილში" ნაყიდ ერმანგილდო ძენიას პიჯაკს, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენოდა ძველი დიდების კვალი. ტუალეტიდან დაწყნარებული გამოვედი და სადგურს მოვავლე თვალი. არა უშავდა-რა. ახალი შენობა იყო, ძალიან სუფთა და კოხტა, "ინჯოი კოკა-კოლისა" და "უაით-კესლის" სასაუზმეებით (მაკ-დონალდსის მსგავსი ბიზნესია), უამრავი ტკბილეულითა და კიდევ უფრო მეტი ჟურნალებითა და წიგნებით. ნიუ-ჰეივენის მოსახლეობის დიდი ნაწილი ხომ წიგნების ჭიები იყვნენ - არ დაგავიწყდეთ, ჩვენ მისი აღმატებულება იელის უნივესიტეტის ქალაქში ვართ! თუმცა ჩემი ისტორია იელთან არაფრით იყო დაკავშირებული. მარიას სანახავად ერთნაირი სიამოვნებით ჩავიდოდი როგორც სან-დიეგოში, ისე აფრიკულ ტიმბუქტუში. ნიუ-ჰეივენი ამ შკალის სადღაც შუა ნაწილში მდებარეობდა. სადგურში ხალხის რაოდენობა ნელ-ნელა მატულობდა. ჩემი, მუდმივად საქმიანი, თანამემამულენი სამუშაოსწინა ფუსფუსში იყვნენ. დავწყნარდი. ყავა დავლიე კაფეში და საათს დავხედე. წესით, ათ წუთში უნდა მენახა ჩემი სულამითი. მარია მალე მოვიდა. ჯერ ვერ შევამჩნიე. აქეთ–იქით ვიყურებოდი და უცბად მომადგა ძველი დაფეხვილი "ჰონდა", რომელშიც მარიას ლამაზ თმებს მოვკარი თვალი. გული ჯერ გამიჩერდა, შემდეგ კი 200 დარტყმით წუთში, გააგრძელა თავისი შრომა. ჩემი ოცნების აღსრულებამდე წამიღა იყო დარჩენილი. – ჰეი დენ! როგორ ხარ? – გამიღო მარიამ კარები და გამიღიმა თავისი ულამაზესი ღიმილით – დაჯექი, რაღას უცდი – მიმიპატიჟა მან თავის დანჯღეულ მანქანაში. მე სასწრაფოდ ჩავჯექი და თან თვალი შევავლე ჩემი სურვილებისა და ოცნებების ბოლოდროინდელ ჩემპიონს. მარიას თხელი ნაცრისფერი სვიტრი ჩაეცვა ღია ფერის ჯინსებზე. ტანსაცმელი ლამაზად უსვამდა ხაზს მისი სხეულის მიმზიდველ ნაკვთებს. სავსე მკერდი საჭეზე ჰქონდა დასვენებული, ხოლო ცოტათი მსხვილი, მაგრამ ლამაზი ფორმის ფეხები ვიწრო ჯინსებში კიდევ უფრო ლამაზი და მიმზიდველი ჩანდა. თმები მძიმე ტალღებად ეფინა მხრებზე, მარიას სახე მსუბუქი მაკიაჟით დაემშვენებინა და ახლა თმებჩამოშლილი, თბილი ღიმილით, ქვევიდან მათვალიერებდა. – ნუ კაკ დენ? კიდევ მოგწონვარ? თუ იმ საღამოს მერე კიდევ უფრო დავბერდი? – მხიარულად მკითხა მან და ხელი ჩამომართვა. კვლავ მესიამოვნა მისი თბილი და მშრალი ხელის შეხება. – მარია, ძალიან მიხარია, რომ გნახეთ. ძალიან დიდი ხანი ველოდი ამ შეხვედრას – გახარებულმა ვუთხარი და თვალებში შევხედე. – მეც გამეხარდა დენ! სულ სამი დღე გავიდა ჩვენი შეხვედრიდან... მეც გელოდით. არ მეგონა თუ ასე ადრე ჩამოხვიდოდით, მაგრამ ჯობს ადრე ვიდრე არასდროს... - გადაიკისკისა მარიამ, შემდეგ მზერა დამიბრუნა და შევატყე, რომ ოდნავ ჩემსკენ გადმოიხარა. მე ვეღარ გავუძელი ცდუნებას და პირდაპირ ტუჩებში ვაკოცე. ამ კოცნაში ჩავაქსოვე მთელი ის მოლოდინი, სურვილი, ფორიაქის სამი დღე და მთელი სინაზე, რომელიც კი შეიძლება მამაკაცს გააჩნდეს სასურველი ქალისადმი. მან ცოტათი დაიმორცხვა, მაგრამ თავი არ გაუწევია. როდესაც შევხედე, შევამჩნიე, რომ გაწითლდა. "ზუსტად ისეთი ქალია, რომელსაც მთელი სიცოცხლე ვნატრობდი" – ვუთხარი საკუთარ თავს და მივხვდი, რომ ამჯერად ზუსტად მიზანში მოვარტყი. ასეთი სიმართლე დიდი ხანია აღარ მითქვამს ჩემი თავისათვის. – მარია, ხომ არ ვიჩქარე? – ვკითხე გულწრფელად. – არა, დენ. უბრალოდ ძალიან ადრეა, ჯერ წესიერად არც კი გამიღვიძია, მეც ველოდი ამას – თითი უნებურად ტუჩზე მიიდო. ტანში ისეთმა ჟრუანტელმა დამიარა, რომ ძლივს შევიკავე თავი, რომ არ ავკანკალებულიყავი. ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი თავს. ადამიანს მცირედი სჭირდება ბედნიერებისათვის... – კარგი ჩემო მარია, ახლა წავიდეთ და სადმე გემრიელად ვისაუზმოთ. არაფერი მიჭამია, შენ მოასწარი? - ვერა...როგორც კი დამირეკე იმწამსვე გამოვვარდი გარეთ - ისე უშუალოდ მითხრა თითქოს ასი წლის მეგობარს ელაპარაკებოდა. მარიას ამ მიმნდობმა და კეთილგანწყობილმა დამოკიდებულებამ სრულიად განმაიარაღა. – წავიდეთ, მე გუშინვე დავიჭირე თადარიგი, ვიცოდი რომ ჩამოხვიდოდი და ჩემი პატარა ჩემს დასთან დავტოვე სტუმრად – ქალი კი არა საოცრება იყო. კომფორტული, ჭკვიანი, აზრიანი და თან წეს-რიგიანი (პრაქტიკულს რომ ეძახიან). – ო კეი, რომელი სამზარეულო მოგწონს? აქ რამდენიმე კარგი ადგილი ვიცი, თუმცა შენ აარჩიე – შევთავაზე ღიმილით და ხელი ჩავჭიდე და ხელზე ვაკოცე. – დენიელ, წამო ერთი კარგი მექსიკური რესტორანი ვიცი "ლა კარრეტა", დილაობით სპეშლ-მენიუ და "ჰეფი აუარ" აქვთ ანუ გემრიელ რაღაცეებს იაფად მივირთმევთ – ჩაილაპარაკა ბავშვურად მარიამ და თავისი ძველი "ჰონდა" დაქოქა. – წავიდეთ ჩემო კარგო და რაც გაგიხარდება ის შევუკვეთოთ – მე თავს ვეღარ ვაკონტროლებდი, სრულიად მივენდე შეგრძნებებსა და ემოციებს. ამ მომენტში მას ყველგან გავყვებოდი, ყველგან... გემრიელი საუზმის შემდეგ, უკვე ძველი მეგობრებივით ვიქცეოდით - ქუჩაში ხელი-ხელჩაკიდებულები მივსეირნობდით, ათას სისულელს ვყვებოდით ჩვენი წარსულიდან - აი, ალბათ მიმიხვდით რას ვგულისხმობ "მე თევზს საერთოდ არ ვჭამ, თევზის სუნი არ მიყვარს. ვაუ...მეც მაგიტომ არ ვჭამ" ან "ბავშვობაში ზეთის ხილი მწარე და ზეთიანი მეგონა და ვერ ვიტანდი, მერე კი გავსინჯე და მომეწონა". ორივენი ვხვდებოდით რომ ეს "საქორწინო თამაშები" იყო. ჩვენ მივენდეთ ერთმანეთს და ვიხანგრძლივებდით სიამოვნებას ხორციელი ვნების წინ, ან როგორც ახლა იტყვიან, სექსამდე.
ასე, შუადღისათვის, იელის უნივერსიტეტის კამპუსთან აღმოვჩნდით. ვისაც რომელიმე ძველი ინგლისური უნივერსიტეტის შენობა მაინც გინახავთ, მაშინ ჩათვალეთ, რომ იელიც ნანახი გაქვთ - ძველებური ლონდონ-თაუერის მსგავსი ქონგურებიანი კოშკები, მაღალთაღებიანი ბიბლიოთეკები, ოქსფორდისებური ბაღები და მოჭედილი მაღალი კარებები...თუმცა რას მივედ-მოვედები, სპილბერგის "ინდიანა ჯონსი" იელშია გადაღებული და ყველას ნანახი გექნებათ... საკუთრივ ნიუ-ჰეივენი (ახალი ზეცა ან ახალი სამოთხე, ინგლისურად) ძალიან ლამაზი და წყნარი ქალაქია, თანაც არ დაგავიწდეთ იელის ლო-სქული (იურიდიული სკოლა) აშშ-ს პრეზიდენტების სამჭედლოა - ჯერალდ ფორდი, მამა და ჯორჯ-დაბლიუ ბუშები,ბილ ქლინთონი, ჰილარი როდჰამ ქლინთონი, თითქმის პრეზიდენტი ჯონ ქერრი (მას დაბლიუმ აჯობა 2004-ში) იელის კურსდამთავრებულები გახლავან. სწორედ იელშია ცნობილი საიდუმლო სტუდენტური ორგანიზაცია "სკალზ ანდ ბოუნზ" , რომლის წევრებიც იყვნენ ზემოთხსენებული პრეზიდენტები და პრეზიდენტობის კანდიდატები. იელის ალუმნაის (კურსდამთავრებულები) რიგებში, პრეზიდენტების გარდა უამრავი ცნობილი ადამიანია: მწერალი სინკლერ ლიუისი, არქიტექტორი ნორმან ფოსტერი, გამომგონებელი სემუელ მორზე, ლექსიკოგრაფი ნოა უებსტერი, ოსკაროსანი მსახიობები: პოლ ნიუმანი, ჯოდი ფოსტერი, ჰოლი ჰანტერი, მერილ სტრიპი. იელმა გამოზარდა ექვსი ნობელი პრემიის ლაურეატი(!). მოკლედ, ეს ყველაფერი მოვუყევი. მარიამ ამის შესახებ არაფერი გაეგო. იგი რუსეთიდან იყო წარმოშობით და ამერიკის ისტორიაზე ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა. მან არც ინგლისური იცოდა ისე, რომ ეს ამბები ან წაეკითხა, ან ვინმესგან მოესმინა. ამერიკელები მასთან არ მეგობრობდნენ, არც თვითონ იკლავდა თავს. მარია ყურადღებით მისმენდა და გაოცებას ვერ მალავდა. მე ვუყურებდი მას, ვტკბებოდი მისი ბუნებრიობით, ქალურობით, სექსუალობით და თან ვსაუბრობდი იმ ადამიანებზე, რომელთაც სიკეთესთან ერთად ათასი სისაძაგლე აქვთ ჩადენილი...ეს გაურკვეველ სიამოვნებას მგვრიდა. კონტრასტი მარიასა და ამერიკელთა სამყაროს შორის კოლუმბისეული პირველობის შეგრძნებას მგვრიდა. მე ვიყავი ის ადამიანი, რომელიც ორივე მხარეს ესაუბრებოდა. ჩემთვის, მარიას ინტერესი მონათხრობისადმი, და მისი დაუფარავი აღტაცება, მოულოდნელი აღმოჩნდა. მე მას როგორც პატარა ბავშვს, ისე მივუძღვოდი წინ და მიხაროდა, რომ მისთვის ჩემი საუბარი საინტერესო იყო. ამ სიხარულთან ერთად, წინასწარ ვგრძნობდი იმ სიამოვნებას, რომელსაც ასე ველტვოდი...მარიამ სხვა პერსპექტივა დამანახა. მე ის დენიელ კონნოლი არ ვიყავი, რომელსაც მე 35 წლის განმავლობაში ვიცნობდი - ცინიკური, არხეინი, ხშირად გულგრილი და საკუთარ სიამოვნებას მინდობილი...სხვა ადამიანი ვხდებოდი - მე, რუსულად მოლაპარაკე ნიუ-იორკელი ამერიკელი, შუაგულ იელში, ლამაზ, ჩემზედ უფროს, ებრაელ ქალთან ერთად...პირველად ვიყავი ბედნიერი. - დენ, რა საინტერესოდ ლაპარაკობ, თავბრუ დამეხვა ამდენი ინფორმაციისაგან. დენ, მაკოცე რა... - ისე უბრალოდ და გულით მითხრა, როგორც სამი დღის წინ, ლორისთან: "კარგი იქნება თუ მესტუმრებით". ვაკოცე. ეს იყო გრძელი, ვნებიანი, მოგიზგიზე კოცნა. ვეღარ ვწყდებოდი მის ლამაზ ბაგეს. სხეული ცეცხლის ალში გამეხვა. დრო დადგა. - მარია, სადმე წავიდეთ - ძლივს ამოვღერღე და თავს ძალა დავატანე რომ რომ თავიდან არ მეკოცნა. - კარგი. ოკეანის პირას ერთი პატარა ინნია. პლაჟზე როდესაც დავდივარ, ზაფხულობით, მას გვერდით უნდა ჩაუარო. წავიდეთ, მე მგონი იქ არავინ შეგვაწუხებს - მითხრა მარიამ ისე, რომ ჩემი თვალებისთვის მზერა არ მოუცილებია. - წავიდეთ, სადაც გინდა იქ წავიდეთ ჩემო კარგო - დავეთანხმე სასწრაფოდ. - დენ, წინააღმდეგი ხომ არ იქნები გზად ვერმუტი რომ ვიყიდოთ? ცოტა თუ არ დავლიე გული გამისკდება - ჩაიღიმა მარიამ და ხელი მკერდზე მიიდო - აი ნახე, ლამის არის ამომივარდეს - მითხრა მან და ჩემი ხელი ძუძუზე დაიდო. მართლაც სასწაული სისწრაფით უცემდა გული... მარიამ პირველმა თვითონ გაიხადა. იმაზე ლამაზი იყო ვიდრე ჩემს ეროტიულ ფანტაზიებში წარმოვიდგენდი. მე ასეთი ლამაზი მკერდი არასოდეს მენახა. თეთრი, მკვრივი ძუძუები, მუქი, დიდი კერტებით... შემდეგ მე გამხადა, კარგად დამათვალიერა და შემომცინა: "წამოდი დენ, ერთად ვიბანაოთ". ნაზად და კეთილად... იმ დღის შემდეგ, ნიუ-იორკში აღარ დავბრუნებულვარ. ჯულიმ საქმეები დახურა, ჩემი ბინა გააქირავა, ნიუ-ჰეივენში ოფისი მიქირავა და ორ თვეში თვითონაც იქ გადმოვიდა სამუშაოდ და საცხოვრებლად. ერთი წლის შემდეგ, მე და მარიამ ვიქორწინეთ. ლორი, ჯული, შონი და ჯეიკი, სთეისისთან ერთად, ჩვენ ქორწილში ისე დათვრნენ, რომ მათი წაყვანა მარიას სიძეს (დის ქმარს), ლეონიდ ისააკოვიჩს მოუწია, თავისი პროდუქტების ვენით. მარია ჯულის ძალიან დაუმეგობრდა, ინგლისურსაც მისგან სწავლობდა. მარიამ მედდების კურსებზე ჩაბარება გადაწყვიტა - ნიუ-ჰეივენში, ყველა სიკეთესთან ერთად, პაციენტებსაც გაუმართლათ... მე და პატარა მაქსიმილიანი (მარიას შვილი) ძალიან დავახლოვდით, ერთად დავდიოდით კალათბურთზე და სასოფლო-სამეურნეო გამოფენებზე. მეც და პატარა ბიჭსაც, რატომღაც ძალიან მოგვწონდა ფერმერებში ტრიალი. მარია ვერ იტანდა ძროხებისა და ღორების შოუს და იმ დღეებში სახლში რჩებოდა-ხოლმე... მარიას მამა, მიხაილ ზინოვიევიჩი, ან "ძიაძია მიშა", როგორც მას ეძახდნენ, გაზაფხულზე გარდაიცვალა. მას, ნიუ-იორკში ასსართულიანი შენობის (ასე ეძახდა ის "ემპაია-სთეით-ბილდინგს") ნახვა სურდა, მაგრამ ეს ოცნება ვერ ავუსრულეთ – მე მანქანის ტარება ხეირიანად არ ვიცოდი, მარიამ კი თავისი მანქანით ნიუ-იორკში მოძრაობა ვერ გაბედა...
დღეს წავიკითხე ბოლომდე თქვენი ნაწერი და არ შემცვლია აზრი -ლამაზად,მსუბუქად.მრავალფეროვნად იკითხება...
უცბად თითებით ჩემი ნახათქუნები მობილურის ნაკაწრები შევიგრძენი - აქ ჩემი საწყალი ნახათქუნ-ნაბრახუნები მობილური გამახსენდა... :)
უსინდისოდ ვიცრუე და ვერც კი წარმოვიდგინე როგორ უნდა დამემთავრებინა საქმეები დილის 8 საათამდე. ასეთი სუსტი ტყუილი არც მითქვამს ოდესმე, და არც სხვისგან მომისმენია. ყველაზე მუყაით შტატებშიც კი, ხალხი ოფისში 8-ზე ადრე არ მიდის...მე კი დილის 8 საათზე საქმეების დამთავრებაზე ველაპარაკებოდი ქალს, რომელიც მომწონდა და ყველას მერჩივნა...
დღეს წავიკითხე ბოლომდე თქვენი ნაწერი და არ შემცვლია აზრი -ლამაზად,მსუბუქად.მრავალფეროვნად იკითხება...
უცბად თითებით ჩემი ნახათქუნები მობილურის ნაკაწრები შევიგრძენი - აქ ჩემი საწყალი ნახათქუნ-ნაბრახუნები მობილური გამახსენდა... :)
უსინდისოდ ვიცრუე და ვერც კი წარმოვიდგინე როგორ უნდა დამემთავრებინა საქმეები დილის 8 საათამდე. ასეთი სუსტი ტყუილი არც მითქვამს ოდესმე, და არც სხვისგან მომისმენია. ყველაზე მუყაით შტატებშიც კი, ხალხი ოფისში 8-ზე ადრე არ მიდის...მე კი დილის 8 საათზე საქმეების დამთავრებაზე ველაპარაკებოდი ქალს, რომელიც მომწონდა და ყველას მერჩივნა...
გაიხარეთ ხალხნო კეთილი კომენტარებისათვის. ჯერ არ ვაპირებ გაგრძელებას, თუმცა, შეიძლება ჩავუჯდე. უბრალოდ, დამიჯერეთ, მინდოდა კეთილად დამთავრებულიყო, დრამისა და "სამკუთხედების" გარეშე...ვნახოთ. დიდი მადლობა ყველას, ჩემი ნაწერით დაინტერესებისათვის. hvala i zablagodariti
გაიხარეთ ხალხნო კეთილი კომენტარებისათვის. ჯერ არ ვაპირებ გაგრძელებას, თუმცა, შეიძლება ჩავუჯდე. უბრალოდ, დამიჯერეთ, მინდოდა კეთილად დამთავრებულიყო, დრამისა და "სამკუთხედების" გარეშე...ვნახოთ. დიდი მადლობა ყველას, ჩემი ნაწერით დაინტერესებისათვის. hvala i zablagodariti