ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იბერი92ელი
ჟანრი: პროზა
16 დეკემბერი, 2009


ეს იბერიაა

                                      ეს იბერიაა

დილით გარეთ გავალ... თვალში მომხვდება სოფლის კოხტა სახლები, ეზოში ჭრიალა ოწინარით და ბიბინა ბალახით... ცოტას გავივლი... მარჯვნივ ბალახით მოფენილი ფერდობი და დიდი ჭადარი, რომელსაც თითქოს მიწას მხოლოდ იმისათვის ამოუხეთქავს, რომ გამვლელისთვის ამ სისხამზე „გამარჯვება” ეთქვა...
გავივლი... მარცხნივ ხეებით დაბურულ მინდორზე ძველი შენობა, კრამიტის სახურავით და იმ ხიბლით, ფილმებში გადაღებულ ოდითგანელ სახლებს რომ აქვთ ხოლმე... მის საპირისპირო მხარეს მდინარე, ზოგან მდორედ, ზოგანაც ჩქარა, ახალგასროლილი თოფიდან ამოვარდნილ კვამლისფრად რომ მიგორავს და იმის სურვილს გიჩენს, გიჟივით ჩაეხუტო... მდინარეზე პაწია ხიდია... პატარა ბეწვის ხიდი... მცირედი ნიავიც რომ ტალღასავით ათამაშებს და უცხოს, შეუჩვეველს, სიამოვნებანარევ შიშის ზარს სცემს... უფრო შორს მოჩანს ნოყიერი მიწა და ყანები, აბიბინებული ბალახით და ცხენთა ფლოქვებით დატორილი სანაპიროთი...
გავივლი... ჭადრების ხეივნიდან ძლივსღა მოჩანს ბექობები, უზარმაზარი მთა, რომელზეც ვადაჯვრიანი ხმალივით ჯვარი აღმართულა და კაცს აღტაცებულს გათქმევინებს: „ღმერთო შენი სახელის ჭირიმე”... მეორე მხარეს გორები, ბილიკები ძლივს რომ ეტყობა და ისეა მდინარეს მიკრული, თითქოს მისი დალევა უნდოდეს, მისი ამოშრობა სწადდეს!...
გავივლი... მარჯვნიდან ყვავილები შემომცინებენ... მერე ისევ მოსავლიანი ყანები, მიწის ოხშივრით და ხასხასა მაყვლის ბუჩქებით... უფრო შორს ნაძვის ხეივნები, აქაურობას სიმშვიდეს და სიწყნარეს რომ ჩუქნიან, აი ისეთს ბარათაშვილი რომ ნატრობდა... სულიერ სიმშვიდეს... ამის იქითაც გორაკები, დიდები, პატრები, თავისთან რომ გეპატიჟებიან თითქოს და სამოთხეს გპირდებიან...
უკან თუ გაიხედავ, თვალს მოგჭრის კავკასიონი... ამაყი მწვერვალები, მუდამ რომ თოვლით არიან დაფარულები და მაინც არასოდეს ცივათ, არასოდეს წუწუნებენ... ეს საქართველოა! საოცრებაა... გგონია ხელს გაიწვდი, ნაბიჯს გადადგამ და რომელიმეს თოვლიან მწვერვალს ხელს გადაუსვამ... საითაც არ უნდა გაიხედო აღარ მთავრდება ის დალოცვილი! მარცხნივ, გორაკს თვალს ააყოლებ, ხეებს შენსკენ რომ გადმოხრილან და თითქოს ჩახუტებას ლამობენ, ასცდები და ისევ გაოცების აღტაცების სიამაყის გრძნობა აგიტაცებს, რომ ის ყველაფერი შენც გეკუთვნის, შენი სხეულის ნაწილიცაა... უძველესი ტაძარი, ძირძველ ქართველებს რომ ტანჯვიანი სიამოვნებით აუგიათ და ვინ იცის, იქნებ თავიც შეუკლავთ მისი აშენებისთვის... უმდიდრესი სასახლის ნანგრევები, კედლები რომ ძლივსღა ეტყობა და საკვამური ღვთისკენ მლოცველივით აუშვერია...
და კოშკი, საბრძოლო კოშკი, აუღებელი, მრავალჯერ დანგრეული და აღდგენილი, დარბეული და არდანებული, დაჩეხილი და არდაჩოქილი...
ნეტა, რას აგონებს დღევანდელ ქართველს საქართველო... მდიდრული სასახლის ნანგრევებს? არა! კოშკს, უძლეველს, მრავალტანჯულს, მცირე მაგრამ დაუმარცხებელი მეციხოვნეებით მებრძოლს... მუდამ მებრძოლს...
ეს იბერიაა...
და ბოლოს, წინ მოჩანს ქანდაკება... ქართველი მეომარი, უკვე ბინდბუნდში სილუეტი რომ იკვეთება მხოლოდ და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს თითქოს მთები შეეფშვნება, ზღვები შეელეწება... დგას გუშაგი, კოშკის მეციხოვნე და მისმა სილუეტმა არ შეიძლება გულში კითხვა არ გაგიჩინოს: „ნეტა ვინ არის?” და მხოლოდ ახლა შეამჩნევ, რომ მთები, მდინარეები, უძველესი ტაძრები, შენი მიწა, შენი ქვეყანა, რომელიც აქამდე გაჩუმებული გეგონა ან შეიძლება მისი ნათქვამის აზრს ვერ წვდებოდი, ომახიანად ყვირის: შენ ხარ!
ეს უნდა იგრძნო...
ეს იბერიაა...
P.შ. ეს ნახევარი გზაა სახლიდან სკოლამდე, მთელი საქართველო რაღა იქნება?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები