მკვლელობა.
მაკ-კორმაკმა ფანჯარაში გაიხედა და მინაში თავისი გაყვითლებული სახე დაინახა. "რა მჭირს? ალბათ კვლავ ციების შეტევა მეწყება". ციება მასში იყო დაბუდებული. ეს საზიზღარი სენი ლუიზიანას ჭაობებში შეეყარა, მაკ–კლინტოკებთან "ომის" დროს, მაშინ სამი კვირა ბორჟე–პეტის ტყეში მოუწია ჯდომა და კოღოებმაც სვეს მისი სისხლი. იმ საშინელი თავგადასავლის მერე, ყოველ სამ თვეში, ერთი ძლიერი შეტევა გარანტირებული ჰქონდა. მაკ–კორმაკმა ჯიბე მოისინჯა და როდესაც თითებით "არტემიზის" მხსნელი ოვალი შეიგრძნო – დამშვიდდა. "როცა ძალიან შემომიტევს – მერე დავლევ" – დაიიმედა თავი მაკმა და ტაბლეტი ჯიბეში დააბრუნა. მაკი ხელით თავის გაუპარსავ სახეს შეეხო. ეზიზღებოდა ასე მოუვლელად სიარული, მაგრამ ახლა გამოპრანჭვისა და კეკლუცობის დრო არ იყო. "დიდი ჯო" და მისი იდიოტები, მას ფეხდაფეხ მოჰყვებოდნენ და მალე ალბათ ამ ქალაქუნაშიც გამოჩნდებოდნენ, თავიანთი პიჯაკებითა და ავტომატებით. "სიფრთხილე და სწრაფი მოქმედება" – ეს მაკის სამოქმედო ტაქტიკა და სტრატეგია იყო. ბოლო წლის განმავლობაში მას თორმეტი ქალაქის გამოცვლა მოუწია, რათა დაწყევლილი ჯო მასტროპადრონეს შურისძიებისგან დაეღწია თავი. არადა ყველაფერი ჯოს სულელი ძმის, ვინსის გამო მოხდა – მან მაკს ფული დაუმალა, მაკმა კი ერთი კარგად მიბეგვა თავსგასული კოკაინისტი, პლეიბოი და დებოშირი – "ვინს, შავი ულვაშები". ზედმეტი მოუვიდა. "ულვაშები" ფეხზე ვეღარ დადგა და ტვინიც საბოლოოდ ეღრძო. ვეღარ გამოკეთდა "დიდი ჯოს" საყვარელი ძამიკო. იგი ახლა კონექტიკუტში, ნიუ–ქენეენის სპეცკლინიკის პაციენტი იყო. ალბათ სამუდამოდ. ვინსს მომხიბლავი მედდა უვლიდა, დორბლებს წმენდდა და კბილებსაც უხეხდა, და ყოველდღე საცვლებსაც უცვლიდა, შეიძლება ეფერებოდა კიდეც ამ სიმპათიურ იდიოტს... მაგრამ ვინსს ეს აღარ ადარდებდა. იგი კომბოსტოსავით, მხლოდ მზის სიმაღლესა და მოძრაობაზე იყო დამოკიდებული – მზიან ამინდში ცას უყურებდა, ღრუბლიან დღეებში კი – საკუთარ ჩუსტებს ჩასჩერებოდა. მაკმა თვალები დახუჭა და შეეცადა აღარ ეფიქრა "შავ ულვაშებზე". გარეთ გაიხედა. საღამოს ქალაქი ცარიელი იყო. აბეზარი ქარი აქეთ-იქით დაარბენინებდა შემოდგომის ფოთლებსა და ქუჩაში დაყრილ ფურცლებს. მტვრითა და ჭუჭყით სავსე უკაცრიელი ქუჩები საღამოს ბინდ-ბუდში კიდევ უფრო სევდიანს ხდიდა ამ პატარა და სიკვდილის პირას მყოფი ქალაქის პეიზაჟს. "პეტრისვილი, არკანსა, ფერმერთა სამოთხე" - გაახსენდა ქალაქის შესავლელში მდგომი მორყეული ფირნიში. "სახელიც რა სულელური ჰქვია. მთელი შტატიც ერთი დიდი სოფელია. ვინ იყო ნეტავ ეს პეტრისი? ალბათ ყველაზე მდიდარი, ყველაზე უზრდელი და ყველაზე ფლიდი მთელს პეტრისვილში." - გაიფიქრა მაკ-კორმაკმა და იატაკზე დაიხედა. თაგვი არ ჩანდა, თუმცა გუშიდელს აქეთ, ცურცლი ბლომად დაეტოვებინა. "შეიძლება ორნი არიან. წრუწუნების მხიარული ოჯახი პეტრისვილიდან. სოფლელი თაგვები - მიკი და მინი, რომლებიც ჩემი ნარჩენებით იკვებებიან და ღამე მრავლდებიან, ისევ ჩემი იმედით" - ჩაიცინა მაკ-კორმაკმა. შემდეგ ისევ ფანჯარაში გაიხედა. "ფუ! სად ჩამოვედი. თუ რამე შემემთხვა, ძაღლივით მოკვდაო, ჩემზე იტყვიან. ეეჰ, კარგი იქნებოდა უაით-პლეინში ვიყო, ჩემს ლორასთან, მაგრამ მაგდენი ფული, რომ მქონდეს..." - მაკი დაიძაბა და ფანჯრისკენ დაიხარა. ქუჩაში კვლავ არავინ ჩანდა, მაგრამ რაღაცა შეცვლილიყო. "ნეტავ რა ხდება?" - მისი ვარაუდი გამართლდა: შორს, ბინძური ქუჩის პერსპექტივაში, ავტომობილის შუქები გამოჩნდა. ძველი "ოლდსმობილი" თუ "შევროლე" მოაპობდა პეტრისვილის მტვერს. "ისინი არიან" - იცნო მუქი ავტომობილი მაკ-კორმაკმა. "დიდი ჯო და მისი კაციჭამიები, ძმები ტალიავინები" - რევოლვერი მოსინჯა. იარაღი ყველაზე ხარისხიანი ნივთი იყო მთელს ოთახში. ბინძური კედლები, უწესო სტუმრების თითების ანაბეჭდებით, ნაცრისფერი ტილოს ფარდები, ფეხმორყეული საწოლი, გაჩერებული კედლის საათი, მოშლილი ონკანი და გატეხილი ვარცლი, საზიზღარი ყვითელი ხაზით ზედაპირზე. მაკ-კორმაკმა იარაღი შეამოწმა, სიგარეტს მოუკიდა და შუქი ჩააქრო. ფრთხილად მივიდა ფანჯარასთან, ოდნავ გამოაღო და დაელოდა მანქანას. როგორც კი მანქანა მაკ-კორმაკის სასტუმროს გაუსწორდა, მაკმა იარაღი დაუმიზნა და იქ ესროლა სადაც სავარაუდოდ, 15-გალონიანი ბენზინის ავზი უნდა ყოფილიყო. ერთი ესროლა, და იმ წამსვე მიხვდა რომ სწორად გათვალა მანძილიც და მოძრაობაც – ძველი მსროლელის ინსტიქტი არასოდეს ტყუოდა. ტყვია პირდაპირ ავზში შევიდა და იქვე გაიჭედა. მანქანამ სვლა შეაჩერა. ქუჩის ბინდ-ბუნდში, უცბად, ათასი ლუქსით განათდა ყველაფერი, მანქანას ცეცხლი მოედო და შემდეგ აფეთქების ხმაც გაისმა. მანქანიდან გადმოსულებს ცეცხლი ეკიდათ და საზიზღრად ბღაოდნენ. "დიდი ჯო" ცდილობდა ხელით ჩაექრო ტანსაცმელზე და თმებზე წაკიდებული ცეცხლი, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ნახევარი წუთი ასე იწვალეს, შემდეგ მიყუჩდნენ. ქუჩაში ხალხი გამოჩნდა. ზოგი მორბოდა, ზოგი შიშისგან გახევებულიყო და ცეცხლწაკიდებულ მანქანას მიშტერებოდა. დამწვარი მანქანის გარშემო ოთხი დამწვარი გვამი ეგდო. "მასტროპადრონეებს და მის კაციჭამიებს აშკარად არ გაუმართლათ" – ბოროტად ჩაიცინა მაკმა და ფანჯარას მოსცილდა, შემდეგ ფრთხილად მიხურა და ოთახის ცენტრისკენ გადაინაცვლა. რევოლვერი ჩვარში გაახვია და ლაბადა ჩაიცვა. "ჩავალ ერთი ვნახავ რა მოხდა" - უთხრა თავის თავს მაკ-კორმაკმა, ავი ღიმილით სახეზე. კარი გააღო, გავიდა ბნელ ვიწრო დერეფანში, კიბის გვერდით კედლის ღრიჭოში რევოლვერი დამალა. მიიხედ-მოიხედა და კიბეზე დაეშვა. მალვაში. პეტრისვილიდან ორი კვირა გავიდა. მაკ-კორმაკი მშვიდად ცხოვრობდა კლიფორდში, მონტანა. ეს კლიფორდი, ანაკონდიდან (მონტანის "დიდი" ქალაქია) 12 მილში, კლდოვან მთებში იყო გადაკარგული. კარგი ადგილი იყო, ლამაზი, მწვანე და ჯანმრთელი. მეცხოველე-ფერმერებისა და პროტესტანტი მქადაგებლების მხარე. "ჩვენთან რძე მეტია, ვიდრე წყალი ნაკადულებში" - ასეთი სულელური სლოგანი დახვდა მაკს კლიფორდის გროსერი-სტორზე. გასაუჩინარებლად იშვიათი ადგილი იყო, ყრუ. ხალხიც იმაზე უფრო თავშეკავებული და სიტყვაძვირი, ვიდრე ადამიანს შეუძლია წარმოიდგინოს. მოკლედ, სარეაბილიტაციო პანსიონივით იყო – სტერილური, ჩუმი, მკაცრად რეგლამენტირებული, ჰუმანურობისა და პრაგმატიზმის ზღვარზე. ჯოს ხალხს, უფრო სწორად ჯოსა და ვინსის მამას, დონ ფუჩინოს, ამ ბებერ მკვლელს, მაკის მოძებნა რომ მონდომებოდა (და აუცილებლად მოინდომებდა(!) "დიდი ჯოს" დაკრძალვის შემდეგ), მაშინ თავისი ხალხით ჯერ ჰელენაში (დედაქალაქია) ან ბილინგზსში (მოზრდილი ქალაქია) უნდა ჩასულიყო, შემდეგ იქაურ კუშტ ამრერიკელ-გერმანელ-ნორვეგიელებთან უნდა გაეგოთ, ვინმე უცხოს შესახებ, შემდეგ ანაკონდაში უნდა ჩასულიყვნენ და იქაურ, კიდევ უფრო კუშტებთან გაეგოთ იგივე ამბავი და ა.შ. აქაურებს უცხოებთან კი არა, თავისიანებთან საუბარი ეზარებოდათ, შრომაში გართულებს. მოკლედ, თვით კანადაში დამალვა უფრო საფრთხის შემცველი იყო მაკისთვის, ვიდრე კლიფორდის სანახების "იატაკქვეშეთი". მაკი კლიფორდში ჩასვლისთანავე ადგილობრივი ეკლესიისკენ გაემართა, განრიგი წაიკითხა და ეკლესიაში შევიდა. იგი სკამზე ჩამოჯდა და თვალი მოავლო იქაურობას. ჩვეულებრივი ეკლესია იყო. აი ისეთი, ასობით რომ დგას მთელს ამერიკაში - ხის კარგად გარანდული ფიცრებისგან შეკრული კედლებით, მაღალი გუმბათით და კიდევ უფრო მაღალი შპილით. ეკლესიაში არავინ იყო, გარდა პატარა ბიჭისა, რომელიც იატაკს ხეხავდა და მას ლაქებს აცლიდა. - ბიჭუნა, გამარჯობა! - დაიძახა მაკმა. - გამარჯობა სერ! - მიუგო ბიჭმა. - პასტორი აქ ხომ არ არის? საქმე მაქვს მასთან - ხმადაბლა უთხრა მაკმა ბიჭუნას, რომელმაც მიატოვა იატაკის დასუფთავება და ახლა მისკენ მოემართებოდა. - მამა როულინზს ეძებთ? - კითხვითვე დაუბრუნა მაკს პასუხი ბიჭუნამ. - არ ვიცი სამწუხაროდ მისი სახელი, ამ ეკლესიის წინამძღვარს ვეძებ. - დიახ , მამა როულინზია აქაურობის წინამძღვარი, ოღონდ დღეს იგი გვიან ჩამოვა, ალბათ...შორს არის წასული, სოფელში. - გასაგებია, სხვა მღვდელი არ გყავთ? - ჩუმად იკითხა მაკმა. ამ დროისათვის ბიჭი უკვე მიუახლოვდა მაკს და მისგან ათიოდე ფუტში დადგა. პატარა ბიჭუნა იყო, ასე 9-10 წლის. ჭორფლიანი სახე და სპილენძისფერი თმები ჰქონდა. ტანზე მკაცრი შავი პიჟაკი და ასევე შავი ჰასტუხი ეკეთა. საყვარელი იყო, თუმცა კომიკურად გამოიყურებოდა და პატარა კაცუნას გავდა. მაკს მოეწონა ეს ზრდილობიანი ბიჭი. წამოდგა და მას ხელი ჩამოართვა. - კიდევ ერთხელ გამარჯობა, მე სემუელ ვეერნი მქვია, შენ? - გამარჯობა სერ! ჯონ ულრიკი გახლავართ. პასტორ როულინზს ვეხმარები დალაგებაში, ის კი ევანგელიეს მასწავლის - გაიღიმა ბიჭუნამ და მაკს ხელი ჩამოართვა. - მეორე პასტორი არ გყავთ? - გაუმეორა კითხვა მაკმა ჯონს. - კი როგორ არა, მამა უიგერი აქ არის და თუ გსურთ დავუძახებ - უპასუხა ბიჭუნამ. - ძალიან დამავალებ. მამა უიგერი ჰო? - შეეკითხა მაკი ჯონს. - დიახ, მამა უილიამ უიგერი.- დაუდასტურა ბიჭუნამ და სწრაფი ნაბიჯით ეკლესიის წიაღისკენ გაეშურა. ცოტა ხანში ბიჭუნა დიდ, ზორბა კაცთან ერთად გამოვიდა ეკლესიის სიღრმიდან. ეს მამა უიგერი დიდი უჟმური ვინმე ჩანდა: ნაცრისფერი, პატარა, ღილებივით თვალები, ბუნებას ღმად ჩაემალა მის უფერულ, გაფარჩხულ წარბებში. სახეზე უზარმაზარი კეხიანი ცხვირი ედო, ხოლო ქვედა ტუჩი, შესამჩნევად წინ უსწრებდა მის ზემოთა წყვილს. - გამარჯობა სერ! როგორ ბრძანდებით? რითი შემიძლია გემსახუროთ? - მიესალმა უიგერი მაკს და თავისი ღილებივით თვალებით მიაჩერდა მას. - გამარჯობა მამაო. პასტორი უიგერი ბრძანდებით? - ფრთხილად ჰკითხა მაკმა. - დიახ სერ, ალბათ აქაური არ ხართ? ჩვენთან რა ქარმა ჩამოგიყვანათ? - კითხვებითვე უპასუხა უიგერმა. - არა აქაური არ ვარ. სემუელ ვეერნი გახლავართ, ნიუ–იორკიდან. მე თქვენთან სალაპარაკო მაქვს კონფიდენციალურ საკითხზე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ეს რომ იდებოდა, მე სად ვიყავი? ძალიან საინტერესოა! და კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ის, რომ სამი ნაწილის ერთდროულად წაკითხვა შემიძლია! :)))) 5 ეს რომ იდებოდა, მე სად ვიყავი? ძალიან საინტერესოა! და კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ის, რომ სამი ნაწილის ერთდროულად წაკითხვა შემიძლია! :)))) 5
7. დიდი მადლობა ჩემო ჰარალევ! მიხარია, თუ დაინტერესდი. მეც დავინტერესდი შენი ისიდორეთი, მაგრამ რად გინდა? არ არის გაგრძელება. კარგი იქნება, თუ მოიცლი ბ-ნი ისიდორესთვის. მეც ვეცდები მაკ-კორმაკის ამბავი გამოვაცხო. დიდი მადლობა ჩემო ჰარალევ! მიხარია, თუ დაინტერესდი. მეც დავინტერესდი შენი ისიდორეთი, მაგრამ რად გინდა? არ არის გაგრძელება. კარგი იქნება, თუ მოიცლი ბ-ნი ისიდორესთვის. მეც ვეცდები მაკ-კორმაკის ამბავი გამოვაცხო.
6. ბოჟიდარიც აღარ ხუმრობს! ყოჩაღ ძმაო!!!:) ბოჟიდარიც აღარ ხუმრობს! ყოჩაღ ძმაო!!!:)
4. ძალიან საინტერესოა... :) გაგრძელებას ველით... ძალიან საინტერესოა... :) გაგრძელებას ველით...
3. ბოჟიდარ, მაგარ ფრიად, მაკის ამბავმა ჩვენ მეგობარტანაც დამაინტერესა და კარგია მთლიან ამბავს რომ გავიგებ. ბოჟიდარ მოუტმენლად ველი გაგრძელებას.:) ბოჟიდარ, მაგარ ფრიად, მაკის ამბავმა ჩვენ მეგობარტანაც დამაინტერესა და კარგია მთლიან ამბავს რომ გავიგებ. ბოჟიდარ მოუტმენლად ველი გაგრძელებას.:)
2. მიყვარს ასეთი საინეტერსოდ მონათხრობები და იმედია გაგრძელდება მიყვარს ასეთი საინეტერსოდ მონათხრობები და იმედია გაგრძელდება
1. სასიამოვნოდ წერთ,ძალდაუტანებლად.... სასიამოვნოდ წერთ,ძალდაუტანებლად....
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|