ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი*
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
16 დეკემბერი, 2009


ილტოს ხეობის ხალხური სიტყვიერება - ჩონქარა

                              ილტოს ხეობის ზეპირსიტყვიერება
                                            (ძალიან ზოგადი)

ილტოს ხეობა, რომელიც ბახტრიონის ციხე-სიმაგრესთან მდ. ალაზანს მიერთვის, აღმოსავლეთ საქართველოში, ახმეტა-თიანეთის რაიონების მიჯნაზე, მთაში მდებარეობს. შაჰ-აბას პირველის გამანადგურებელი ლაშქრობების შედეგად გაუკაცრიელებულ ამ მხარეში XIX საუკუნის დასაწყისიდან ინტენსიურად იწყებენ ჩამოსახლებას არაგვისა და ივრის ხეობის ფშავლები და ხევსურები.
უკვე ორ საუკუნეზე მეტია, რაც აქ მთიელები ბინადრობენ. ადრე სოფლების რაოდენობაც მეტი ყოფილა და მოსახლეობისაც. დღეს მათი რიცხვი საგრძნობლად  შემცირებულა. თხუთმეტამდე სოფლიდან ექვსი-შვიდი სოფელიღა, ხოლო შვიდასამდე სულიდან ორასამდე ადამიანიღა შემორჩენილა მთელ ხეობაში.
თავის დროზე, ილტოს ხეობაში მოსულმა მთიელებმა თან მოიტანეს ის მდიდარი სულიერი საგანძური, რასაც ფოლკლორი, ხალხური სიტყვიერება ჰქვია. ამავე დროს, მათ პოეტურ-მხატვრულ ფანტაზიას ნაყოფიერ ნიადაგს უქმნიდა ის მდიდარი ისტორიულ-საყოფაცხოვრებო გარემო, რაც მათ აქ დახვდათ.
წლების მანძილზე ილტოს ხეობაში იქმნებოდა ქართული ზეპირსიტყვიერების არაერთი შესანიშნავი ნიმუში. სწორედ აქ ცხოვრობდნენ და აღესრულნენ, ან აქ გაატარეს სიცოცხლის გარკვეული პერიოდი ხალხური სიტყვიერების ისეთმა გამორჩეულმა ოსტატებმა, როგორებიც იყვნენ: ჩონქარა, ბერი გედეხაური, გოგა, ციფერა, ომა, ჭიპიტანა, გარა ქორეულაშვილი, იაკოფა თურმანაული, ყანწო და სხვ. და მათი შემოქმედება მეტ-ნაკლებად ცნობილიცაა ფოლკლორით დაინტერესებული მკითხველისათვის. ამავე დროს, აქ ცხოვრობდნენ სახალხო მთხრობელები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ჩაწერილიყო და დავიწყებას არ მისცემოდა მითოლოგიური თუ ისტორიული, საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის არაერთი საყურადღებო ძეგლი - თქმულება, ლეგენდა, მითი, ლექსი, ამბავი. ასეთი ადამიანები, ცოცხალი შემნახავი, მატარებელი იმ ზეპირი ცოდნისა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ხალხური სიტყვიერების ზრდა-განვითარება, იყვნენ და არიან: პავლე თიაყაშვილი, ნინო ბადრიშვილი, ლუკა მჭედლური, ლადო ბუჭყურაშვილი, ვაჟიკა ახალაური, თომა არაბული, ალექსი უძილაური, ანა წოწკოლაური, თეკლე გიანაშვილი, ერმილე ქისტაშვილი, ნინო კაჭაროზაშვილი, მართა ლაზვიაშვილი და სხვ. 
საბედნიეროდ, ხალხური სიტყვიერების სამსახურში დღესაც დგანან ილტოს ხეობელი  მთქმელები, რომელთა შორისაც უთუოდ უნდა დასახელდნენ: ელგუჯა უძილაური, შოთა მარუქაშვილი, ვალიკო ჩეკურიშვილი, ეთერრ ჩეკურიშვილი.
ილტოს ხეობის ხალხური სიტყვიერება, რომელიც ჩემი ახალი, სამეცნიერო-პოპულარული წიგნის ”ილტოს ხეობა” მეორე ნაწილს წარმოადგენს, მე, პირობითად, ორ ნაწილად დავყავი: ძველი და ახალი მთქმელები, ანუ აწ-გარდაცვლილი და ცოცხალი ავტორები.
მინდა ”ურაკპარაკის” მკითხველს შევთავაზო ხალხური პოეზიის ცალკეული თავები ამ წიგნიდან, რომელიც მალე გამოიცემა და რომელიც ამა თუ იმ ავტორის შემოქმედებას მოიცავს.             


                                                    ჩ ო ნ ქ ა რ ა
 
ჩონქარა, იგივე ჩონქარა შალიკას ძე ღვერაშვილი XIX ს-ის მეორე ნახევრისა და XX ს-ის პირველი ნახევრის სახალხო მთქმელია.
ჩონქარა ვაჟა-ფშაველას თანამედროვე ფშაველი მელექსე ყოფილა. როგორც 1961 წლის კახეთის ფოლკლორული ექსპედიციის დროს აპოლონ ცანავას მიერ ჩაწერილი ჩონქარას ერთი ლექსის ბოლოს დართული შენიშვნიდან ჩანს, 1930-იან წლებში ის უკვე გარდაცვლილი ყოფილა: "(ჩონქარა - მ.ღ.) 30 წელი იქნება რაც გარდაიცვალაო", ვკითხულობთ კომენტარში.
თედო რაზიკაშვილის გადმოცემით ,,ღვერათ ჩონქარა ვაჟა ფშაველას თანამედროვე ფშაველი მოლექსეა. ჩონქარა ეკუთვნის უძილაურთ თემს. იგი დაიბადა და აღიზარდა სოფ. უძილაურთაში, რომელიც მდებარეობს არაგვის ხეობაში. ჩონქარა უძილაურთიდან გადასახლებულა სოფ. წიფრანში, შემდეგ კი სოფ. ჩ ა ფ ა რ თ ა შ ი, სადაც გაატარა სიცოცხლის უკანასკნელი დღეები და იქვე გარდაიცვალა” (ქხპ, ტ. IX, გვ. 387, ხალხური ლექსები თედო რაზიკაშვილის მიერ ჩაწერილი. ხალხური სიტყვიერება, 111, მ. ჩიქოვანის რედ., 1953, გვ. 248)
როგორც მოყვანილი ცნობიდან ჩანს, ჩონქარას ბოლოს სოფელ ჩაფართაში უცხოვრია  და გარდაცვლილა გასული საუკუნის 30-იან წლებში. თუ როგორ ცხოვრობდა და რა საქმიანობას ეწეოდა ის ჩაფართაში, ამის შესახებ არც წერილობითი და არც ზეპირი გადმოცემის სახით არაფერია შემორჩენილი.
ფიზიკურად "ჩონქარა ვაჟკაცი კაცია, სახეზე და თავზე მრავალი ჭრილობა აჩნია ხვეულით და საცერულით (ბერა თითზე გასაკეთებელი საჩხუბარი იარაღებია) დასერილი. ჩონქარას კოხტად ჩაცმა ჰყვარებია. ტიტველა ცხენზე იჯდა ქორწილში და დღეობაზე მიმავალი ჩონქარა, ხელში მუდამ მსხვილი მათრახი ეჭირა, მუდამ გამზადებული იყო, უყვარდა მათრახით ჩხუბი. მათრახს შვიდ ადგილზე სპილენძის მავთული ჰქონდა დახვეული სიმძიმისა და სიმაგრისათვის” (ქხპ, ტ. IX, გვ. 387).
მოკლედ, მაგრამ საკმაოდ ლაკონურად და შთამბეჭდავად ხატავს ჩონქარას პორტრეტს თედო რაზიკაშვილი: ,,ეს ჩონქარა საკვირველი ტიპი იყო, უსაქმური, ღარიბი, მოქეიფე, მოლექსე, მომღერალი, მექალთანე, მოწაწლე. ქუდი თავზე კი არ ეხურა, ყურზე ეკრა, სუ გვერდზე ეხურა"(ქხპ, ტ. IX, გვ. 388).
ჩონქარას ღვინის მოყვარულობას ადასტურებს სხვა ჩანაწერიც სადაც პირდაპირ ვკითხულობთ, რომ ,,ჩონქარა ღვინის მოყვარული იყო* (ქხპ, ტ. IX, გვ. 388, მტქმ: მ. ნადირაშვილი, ჩამწ: ა. ცანავა, ს. კურდღელაური (თელავის რ-ნი) 1961 წ.).
ჩონქარას ჰყოლია ცოლ-შვილი, მაგრამ მას სხვა ქალთანაც შესძენია ბავშვი, რომელიც შემდეგში მამასავით ცნობილი მოლექსე დამდგარა: ,, ჩონქარა ცოლ-შვილიანი კაცი ყოფილა, როცა ხომელი ქალი ბატარქალი შეჰყვარებია. ბატარქალს მისგან ნაბიჭვარი გაუჩენია. ხომელები ძალზე განაწყენებული ყოფილან. ერთხელ სადღაც ხატში მოუგდიათ  ჩონქარა და მაგრა უცემიათ. ის ბიჭი , რომელიც ბატარქალს ჩონქარასაგან ეყოლა , იყო ცნობილი მოლექსე ხვთისო (ტოკა) იმერლიშვილი* (ივ. ხორნაული, ფშაური მილექსებანი, 1939 წ. გვ.40-41).
მიუხედავად ასეთი დაუდეგარი და ბობოქარი ხასიათისა, ჩონქარა მაინც მკვიდრად მოჰკიდებია საოჯახო საქმეს, ხელი მიუყვია მეურნეობისთვის. მისი შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ ილტოს ხეობის სოფელ შახვეტილაში, ხოლო იმ ადგილებს ჩაფართის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ამ ნიჭიერ კაცს ოდესღაც უცხოვრია და ალბათ სახნავ-სათიბი მამულებიც ჰქონდა, დღესაც "ღვერათ ტაფებისა" და ,,ჩონქარათ ველების" სახელით მოიხსენიებენ. .
მთავარი კი მაინც ის არის, რომ ჩონქარა უდაოდ ნიჭიერი კაცი ყოფილა. საუკეთესო ,,მოლექსე და მომღერალი" - თანამედროვეთა მიერ მისთვის გამომეტებული ეს ეპითეტები შემთხვევითი არ არის. აკი ვახტანგ რაზიკაშვილიც შენიშნავს, რომ ,,ვაჟა ჩონქარას კარგ მოლექსედ თვლიდა"- ო.
მე შევეცადე შემეკრიბა და ერთად მომეყარა თავი ჩვენამდის მოღწეული ჩონქარას შემოქმედებითი მარგალიტებისთვის. ამ ჩანაწერებს თან ერთვის შემკრებთა შენიშვნები, რათა უფრო ადვილად გასაგები გახდეს ის ნიუანსები, რასაც ეთნოგრაფიული და დიალექტური თავისებურებების გამო ატარებს მისი ლექს-კაფია.

                                        ჩონქარაი ვარ

            ჩონქარაი ვარ ღვერათი, ზანზარუკაი მქვიანო,
            ციხეგორს შავთამაშდები, ფიე, ქალებმა ქმნიანო,
            თვალში ხვარ გეჩოთირები თიკვაის წინსაფრიანო,
            ძალით წავართვენ, ხვთის მადლმა, ხევსურის ტყავნი მცვიანო,
              .....................................................  ნებით არ მაუციანო,
              პატარა ნიორანია, გუდის ძირშია ჰყრიანო.

                                                                 
ლექსს ერთვის თავის დროზე მისი ჩამწერისა და  პირველგამომქვეყნებლის ვ. რაზიკაშვილის კომენტარი , რომელშიც ვკითხულობთ: ,,ციხეგორს (დღეობაზე) მიმავალს ორწყალში ვინმე ხევსური შეხვედრია, ჩონქარას ჩასაცმელი ტყავი და ნიორი წაურთმევია ხევსურისთვის, თვითონ ჩაუცვამს და ასე მისულა ციხეგორის დღეობაზე იმ დროს, ლხინი და თამაში იყო გახურებული.
ჩონქარა დაროკდა და დაზანზარდა სათამაშოში , ამიტომ ამბობს ზანზარაკუა მქვიაო. იმ დროს ფშავლები ჩითს არ იცვამდნენ, შალის ტანსაცმლით (ფაფანაგებით) დადიოდნენ. ჩონქარას გაუკვირდა ფშავლის ქალის  ტანზე ჩითის წინსაფარი და დასცინა: თვალში ხვარ გეუცხოები (გეჩოთირები), ხევსურის ტყავი რომ მაცვიაო.*
                                                                      (ქხპ, ტ. IX, გვ.387.)


                                          ჩონქარაი ვარ

                ჩონქარაი ვარ ღვერათი, შალიკაური ძირადა,
                წამუალ თქვენს სოფელშია, თქვენის ქალების ჭირადა,
                ავეკვრი გულისპირზედა თეთრის სადაფის ღილადა.

                                                                        (ქხპ, ტ. IX, გვ. 124)

                                        ჩონქარას კაფია

                ჩონქარამ ჩონგურ დაუკრა, დაჯდა, ქეიფი გასწია,
                საით რა მამაგონდება, რო არ მეწადოს კაფია?!
                ე  კუკუშაის სახლკარი  სუ ქალ- ვაჟებით სავსეა,
                ზემოთ დაანთეს ფანარი, ქვემოთ დასაჯდომ ტახტია,
                ზედ დასახურავ ფარდაგი, ძირს დასგები ფლასია,
                დილით მინდოდის გადასვლა , მიმესწვრის ჩაის სმაშია,
                ეგ მამაძაღლის ოხერი , კარზედა ჰბავის ძაღლია,
                არ გვიშვებს მენ და ბასილსა, დევივით გვიდგა გზაშია.
 
(ქ. ხ. პ. ტ. IX გვ.124 , ჩამწ: ფ.ზურაბიშვილი, სოფ. ბულალაურთა  1946 წ. ხორნაული ივ. გვ.270).

                                          ჩ ო ნ ქ ა რ ა
 
                    ქალო, გადმოხე ჩემთანა, თიკნის წინსაფრიანო,
                    მალედავ დაგიყოლიებ, ჩონქარის მეძახიანო.
 
(ქხპ, ტ. IX, გვ.124. ჩამწერი თ.რაზიკაშვილი, ფშავი)



                                  ნეტავი ჩხუბად გახადა

                    ნეტავი ჩხუბად გახადა, გაუმარჯვა კოპალასა !
                    ცოტა ხანმ ჩამაიარა, ჟღერან შასდგენ ჩონქარასა,
                    ორ კოკა წყალ მასდომნიყო ჩემ ცოლს ჩემ გონთ მოყვანასა.

მთქმელის შენიშვნა: ,,...ფშავლები ღრეობენ და ნატრობენ  ჩხუბის მოხდენას... ჩხუბი მართლაც მოხდა.”
            (ქხპ ტ. IX, გვ. 124, მთქმ: ხ. ქისტაური, ჩამწ: გ.თურმანაული, 1962 წ.)

          არსებობს ამ ლექსის სხვა, უფრო რთული ვარიანტიც:
                                 
                        შავიარე ბოთანასა, სულ შავცილდი ქოყანასა,
                        იქით ფეხით ჩამოვლილი, ჰგავის ხელით მოყვანასა,
                        ჩუბადამც გაახდევინა, გაუმარჯვა კოპალასა,
                        აიმ საუბარში ვიყავ, მტვრევან ასდგა ჩონქარასა...
                        ქალ-ვაჟი დაწვნენ ერთადა,ვის რა უნდა ხოყანასა!

(ქხპ, ტ. IX, გვ. 388, მთქმ: გ. ალბუთაშვილი,  ჩამწ: ა. ცანავა, სოფ. ჩაბანო(თიანეთის რაიონი)  1955 წ. ფაკ  19 , VII, 2, გვ.35)
                               
                                         

                                      ჩონქარას ნათქვამი
   
                მეზობლებ დამიკოხტავდნენ, ბოჭკის ფიცარსა თლიანო,
                მუაქვის ჩაის მასალა, პური კი ყველას შიანო,
                მოკლე პალტოებ ჩაუცვამთ, ჩოხან კი არა სცვიანო.

(ქხპ, ტ. IX, გვ 124, მთქმ. მ. ნადირაშვილი, ჩამწ. ა.ცანავა, სოფ. კურდღელაური(თელავის რაიონი), 1961 წ.)

                                    ჩონქარას ნათქვამი

                აღარა ჩონქარაი ვარ, ნურა სიკეთე ჩემ მტერსა,
                დავკარგენ ხალარჯობანი, სხვა წელს ხომ მოვლენ, ჩემ ყ..სა
                სხვა წელს მოიტან ღვინოსა, სხვა წელს დავმარხავ ბებერსა.

ლექსს ახლავს მთქმელის შენიშვნა : ,, ჩონქარა ღვინოს მოყვარული იყო. მას დაავალეს ერთი ბებერი მკვდრის სახალარჯობოდ ღვინის ჩამოტანა.  მას გატანებული ფული შეუჭამია, ცარიელი დაბრუნებულა და ეს ლექსი უთქვამს”.

(ქხპ, ტ. IX,  გვ. 125, მთქმ. მ. ნადირაშვილი, ჩამწ. ა.ცანავა სოფ.კურდღელაური (თელავის რაიონი), 1961 წ.)


                                        ჩონქარას ნათქვამი

                      აქ მოხვე ჩემო მამუკა? აქაც კაი ამბავია,
                      მამაშენი შავარცხვინე, დედაშენის მამკლავია.

                                                                          (ქხპ, ტ. IX, გვ.125)

                                  ფეხზე  ჰკიდავ  ჩონქარასა

                    ფეხზე ჰკიდავ ჩონქარასა, ერთურთსა ჰკრავს ორ ფარასა,
                    გამაჰხედნენით, ქალებო, რარიგ ფარა მოქანავსა,
                    სულამც შალიკაისიმც ქნა - გაუმარჯოს კოპალასა!

(ქხპ, ტ. IX  გვ.125, მთქ. მ. ალბუთაშვილი, ჩამწ. ა. ცანავა, სოფ.ჩაბანო(თიანეთის რ-ნი)  1955 წ.)
არსებობს ამ ლექსის სხვა ვარიანტიც:
                        გაუმარჯვა ჩონქარასა, ერთად გაჰრევს ორ ფარასა,
                        თავად ციხეგორს წამუა, დღეობა აქვს კოპალასა,
                        ე ცხვარ ჩონქარაისია , ე ფარა რო მოქანავსა.
(ჩამწ. ვ. რაზიკაშვილი,  გვ. 59)


                                    ჩონქარაის მათრახსა აქვს

                    ჩონქარაის მათრახსა აქვ ცხრაკან შიბი დახეული,
                    დედამიწას აკვნეტინებს ჩონქარაის დაქნეული
                    ბუბაის შვილმა ქვანი მკრა, გარაის შვილმ - სამხრეულნი,
                    სირცხვილით ვეღარას ვამბობ, კბილები მაქვ ჩამტვრეული,
                    ბატარქალამ დაკეროდეს ი  ჩემ  ჩოხა დახეული.

ლექსს ახლავს კომენტარი: ჩონქარა ცოლ-შვილიანი კაცი ყოფილა, როცა ხომელი ქალი პატარქალი შეჰყვარებია.ბატარქალს მისგან ნაბიჭვარი გაუჩენია. ხომელები ძალზე განაწყენებულები ყოფილან. ერთხელ ხატში სადღაც მოუგდიათ ჩონქარა და მაგრა უცემიათ”...
                                    (ქხპ, ტ. IX, გვ.125, ხორნაული გ. კაფ. გვ.40-41)

                                                  ისემც იხარებ
                           
                            ისემც იხარებ ჭიაო, როგორც ყ.ე  მუტ...შიაო,
                            ისეთსამც პარკებს დაისხამ, როგორც ჩემ ყვე..ბიაო.

ლექსს ახლავს კომენტარი: ახმეტაში ჩამოვიდა ჩონქარა. აქ უთხრა დედაკაცებს, ღვინო დამალევინეთო, მობრძანდით ჭია დაგვილოცეთო, უთქვამთ დედაკაცებს, მიაწოდეს ჭიქა.
(ფაკ, 157, ჩამწ: აპ.ცანავა, მთქმელი: მარკოზ ნადირაშვილი ს.ლაფანყური, 1961წ. გვ.206)

                                                   
                                                ჩონქარაის ჩოხა
       
                      მეტოქე:  მაგით მომწონხარ, ჩონქარავ,
                                      ყვითელ ჩოხა გაქვ საცმელი,
                      ჩონქარა: ეს არაფერი,გენაცვლე,
                                      სხვა მაქვის გამოსაცვლელი.

(ივ.ხორნაული, მილექსებანი, გვ.32)

                                                        *    *    *

                            ბერი:      ჩონქარავ, ჩემო ძმობილო,
                                          ე ჭრელებ ხარებ ვისია?
                            ჩონქარა: ჩემია, ძმობილი გენაცვლოს,
                                          აქ სხვისი არავისია,
                                          გამიხდნენ კირაკოზანი,
                                          ეხლა კი მართმენ, ვიცია.

(ვ. რაზიკაშვილი გვ.60)  ლექსს ახლავს ჩამწერის შენიშვნა: ,, შუა ზაფხულის ხანს,როდსაც კოპალას დღეობა იყო,  ფშაველი ქალი და კაცი საკლავებითა და სანოვაგით მიემართებოდნენ ციხეგორისაკენ. აღნიშნული დღესასწაულისათვის ჩონქარამ და მისმა ამხანაგმა პირობა დადეს , რომ ჩონქარა დღესასწაულის დღეს თავის ცხვრებთან ერთად მომწყემსავდა ამხანაგის ცხვრების ფარასაც, ე.ი. ორივე ცხვრის ფარას მოუვლიდა ისე ,რომ ცხვარი ერთმანეთში არ არეულიყო.
შეგროვდა ციხეგორობას ხალხი, უამრავი მლოცავი, მეხატეები, დროშიონნი.
ჩონქარა ამ სურათს უცქერის მეორე მთიდან, თან ფარებს აძოვებს. იმართება ლხინი, ისმის სიმღერა, ღრეობის ხმა. ჩონქარას ვეღარ მოუსვენია ადგილზე, თავი განება როგორც თავს, ისე ამხანაგის ცხვარს და გაჩნდა ციხეგორობის დღესასწაულზე.
      ლუდით გამობრუჟული ჩონქარა მღერის: ,, გაუმარჯვა ჩონქარასა, ერთად გაჰრევს ორ ფარასაო”...  ,, სულ ჩემიაო, _ ამბობს ჩონქარა,_ ე ფარა რო მოქანავსაო”...
        ბერი ეკითხება ჩონქარას, ეს ჭრელი ხარები ვისი არისო. სხვისი არ არის ჩემიაო,- უპასუხებს ჩონქარა, - მაგრამ ეხლა კი ვატყობ კირაკოზანი წამართმევენო. ჩონქარას მიკიტან კირაკოზოვის ვალები დასდებია. ჩონქარა მოქეიფე ფშაველი იყო და ალბათ ნისიად გეიფობდა კირაკოზოვის დუქანში...
(ვ. რაზიკაშვილი გვ.60)

                                                         
                                              ჩონქარა ჩამოთამაშდის

                                  ჩონქარა ჩამოთამაშდის: ფიე, ქალებმა თქვიანო,
                                  ჩამამიარეთ ქალებო, ფიე რაღასა ჰქვიანო,
                                  შორითავ გადმოგეგრიხო, თიკნის წინმოსაფრიანო.

(თსუფა №6637, მთქმ: პ. მგელიაშვილი 47 წლის, სოფ. შუაფხო, ჩამწერი: გ.ჩხაიძე)

                                                ჩონქარავ ბატარქალასა

                      მეტოქე:  ჩონქარავ ბატარქალასა ნაბადს რაღადა ხვევდიო?
                      ჩონქარა: ობლობით მებრალებოდა წოლა-დგომასა ვჩვევდიო.
                      მეტოქე: ჩვენ ტიკა გვენეტებოდა შენ რო კუნტრუშთა სძრევდიო.
                      ჩონქარა: ართუ ვიცოდი ბეჩავმა, დაუმარხავი ვრჩებიო.

(ლიფა, ფაკ  103, გვ. 92, ალექსანდრე დუღუზაურის მასალები)


                                                      *    *    *

ერთხელ თურმე ქალი მოიტაცეს. ჩონქარა იქ ყოფილიყო. მღვდელს ქრთამი მისცეს( თუმანი), დასწერა ჯვარი. წიწოლა რქმევია საქმროს. ჩონქარა, ვითომც,როგორც მონაწილე, დაუჭერიათ. მაშინ უთქვამს: - წიწოლამ ქალი წაიყვანა, მღვდელმა ქრთამი აიღო და მე ციხეში რა მინდაო.
(ფაკ, 157, კახ.ფოლკ.ექსპ. მ. ჩიქოვანის  ხელმძღვანელობით. ჩამწერი აპ.ცანავა, მთქ.მარკოზ ნადირაშვილი, სოფ. ლაფანყური(თელავის რ-ნი.) 1961 წ.)


----------------------------

პ. ს.  უმორჩილესი თხოვნა მკითხველთან: გთხოვთ, ყურადღებით და სერიოზულად  წაიკითხოთ ნაწერი, გამოთქვათ თქვენი აზრი მის შესახებ შეძლებისდაგვარად ვრცლად და ობიექტურად. ავტორი დიდი სიამოვნებით მიიღებს ყველა საქმიან შენიშვნასა და წინადადებას.



                         




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები