ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნისაბა
ჟანრი: პროზა
9 ივნისი, 2008


ჭიდილი (ჩანახატი)

  მხოლოდ მზის სხივი ანათებს ოთახს, ისიც, ბნელ ფარდებს, სანახევროდ შემოუშვიათ...
  ირგვლივ სიძველის სუნი ტრიალებს, კედლები დაქსელილა, დარაბები ჩაშავებულა...…
  დამტვრეული კიბე, უწესრიგოდ მიმოფანტული ფუნჯები, გაურკვეველი ფერის სითხით სანახევროდ სავსე, შუშის თლილი ჭიქა, დროთა სვლისაგან განადგურებული ხის მოლბერტი...…
  თითქმის ყველაფერი მკვდარია ირგვლივ, მაგრამ თვალში უმალ გეცემა აქ დასადგურებული სიკვდილის დაუსრულებლობა...
  აი, ისიც, მიზეზის ამის, დროის უსასრულო დინებას შეჭიდებული გოლიათი, ერთ-ერთ კედელზე შემორჩენილი, ცივი სილამაზით ამაყად მოზეიმე, პატარა სურათი...
  ხელოვანს დიდი შთაგონებით შეუქმნია იგი, ყინულებით დაფარულ ფირუზისფერ ზღვას ბრილიანტის ამაყი სითეთრე შერევია და ზედაპირი მოუსარკავს, ცა უშავესია და ბოროტებით გამომზირალი, პირქუშ ღრუბლებს ნიღბად იფარებს, არსად ჩანს მთვარე, მრუმე ბინდბუნდის ნაზად გამლღობი, არც ვარსკვლავები ანთებენ სიყვარულის ცეცხლს, მხოლოდ ღამის დემონის დაღრეჯილ სახეს თუ შენიშნავს დაკვირვებული თვალი...
  შორს აისბერგი გარინდულა და მთელი არსებით მიჰყიდვია საზარელ ჯუჯას, ავი ფიქრები ცივ ნათებად უქცევია, სიამოვნებით უცქერის საზარელ სურათს...
  ყინულის ზღვის ერთი პატარა მონაკვეთი ოცნების ხომალდის ვარდისფერი ნამსხვრევებით დაფარულა, წყალი მეწამულად შეფერილა, ირგვლივ მხოლოდ ძვლებია, უბედურთა ჩონჩხები ისეთი სიცხადით ამოჩრილა წყლის უზარმაზარი სტიქიიდან, მათი დანახვა უნებურად აგაკანკალებს...
  ჰორიზონტზე კი, სრულიად მოულოდნელ სინათლის სხივს შენიშნავთ, ამ სხივს სულ ოდნავ გაუპია გაქვავებული ბინდი, სიცოცხლის დაუოკებელი სურვილით აღვსილს, მოუსურვებია, მოედოს მთელს ბოროტებას და გადაფაროს, იხსნას იმედი, სიკეთე, სიყვარული, სათნოება...
  და ისე ძლიერია მზის ეს პაწაწინა მოციქული, სურათიც კი გადაულახავს, ოთახიდანაც გაუღწევია დამ თელ სამყაროს მოდებულ ჯოჯოხეთის ბოროტ ელჩს მთელი ძალით შესჭიდებია...
  ჩანს, სძლევს კიდეც, რადგან ოთახში სიკვდილი ვერ გაბატონდა, ვერ დამკვიდრდა, სურათიც უკვე სილამაზის ღვთიური შუქით ბრწყინავს, სამყარო კი თანდათან ამსხვრევს უკეთურების მძიმე ბორკილებს...


07.11.1998

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები