ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: severusLP
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
16 იანვარი, 2010


უკომპლექსობის ბიკინიში გახვეული კომპლექსის ჩადრი

ახლახან აღმოვაჩინე, რომ იმ ერთადერთი სერიალის რეკლამა, რომელსაც ვუყურებ ხოლმე, სტრიპტიზის კადრებით იწყება. ამაში არაფერი იქნებოდა გასაკვირი, ექიმ ჰაუსის თავგადასავლები არსებით კავშირში რომ იყოს ეროტიკულ ცეკვებთან, ან ფილმის შინაარსის მიხედვით საავადმყოფოს მფლობელი ქალბატონის ბიზნესი ღამის კლუბების ქსელსაც რომ მოიცავდეს. მაგრამ საქმე ისაა, რომ სიუჟეტის მიხედვით ჰიუ ლორის გმირს სტრიპტიზ ბართან ერთადერთხელ ჰქონდა შეხება, როცა თავის მორიგ სამედიცინო დეტექტიურ თამაშს თამაშობდა. არადა სერიალის სარეკლამო რგოლი მაინც იმ კადრებით იწყება, რომელიც ისეთ ასოციაციასა და ინფორმაციას იძლევა, რომელიც მსუბუქად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება ფილმის შინაარსს და კიდევ ერთხელ ამტკიცებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ქართული რეკლამა, ბოდიში და, „ტყვილზეა" აგებული. რეკლამაში ტყუილის დასაშვები დოზის გაზომვას არ დავიწყებ, მაგრამ იმაზე საუბარი ნამდვილად ღირს, თუ რატომ გახდა საჭირო მსოფლიოში საკმაოზე მეტად პოპულარული და ათასგზის ნომინირებულ-გალაურეატებული სერიალის საყურებლად ქართველი მაყურებლის მიზიდვისთვის ასეთი ტყუილის მოგონება.

ეს შემთხვევა რომ გამონაკლისი არ იქნებოდა, გული მიგრძნობდა და დანარჩენი გადაცემების რეკლამებსაც დავაკვირდი ქართულ არხებზე. გადაცემების რა, საპნის ოპერების რეკლამებს დავაკვირდი... შედეგს არ გავუკვირვებივარ _ ყველა რეკლამაში სრულად ფიგურირებდა ყველა ეროტიკული სცენა და ეროტიკული სცენის კარიკატურა, რომელიც ამ ფილმებსა თუ გადაცემაში სადმე მეასეხარისხოვნად მაინც არის ჩართული. ერთადერთი დასკვნა, რაც გამოვიტანე, იყო ის, რომ ქართული საზოგადოება, რომლისთვისაც ეს რეკლამებია გათვლილი, ორიენტირებულია მხოლოდ ეროტიკაზე და რეკლამაში ამ სახის ელემეტის მთავარ მომენტად ჩართვა მარკეტინგულად ამართლებს. საინტერესო კი ისაა, რა იწვევს ამას და სინამდვილეში როგორია ერთი შეხედვით უკომპლექსო ახალი ქართული საზოგადოების დამოკიდებულება ეროსთან... ამიტომ ცოტა შორიდან მოვუვლი საკითხს.

რაღაც განსხვავებული და განსაკუთრებული დამოკიდებულება ეროსისადმი ყველა დროის საზოგადოებაში იგრძნობოდა და იგრძნობა. მხოლოდ იცვლება ამ განსხვავებული დამოკიდებულების გამოხატვის ფორმა და საშუალებები. ეს ახალი არ არის და იმავე ხნის ამბავია, რა ხნისაც ადამიანის ცნობიერება, აზროვნებაა. ადამიანებმა ეროსისადმი განსაკურებული დამოკიდებულების გამოვლენა სწორედ მაშინ დაიწყეს, როცა მაიმუნის გულუბრყვილობა უკან მოიტოვეს,  აზროვნება დაიწყეს, გასინჯეს ხე ცნობადისას ნაყოფი და სასიცხვო ადგილას ლეღვის ფოთოლი აიფარეს. ასე დაიწყო ეროსის და ადამიანის დამოკიდებულების ისტორია, რომელმაც ათასი ყოფა გამოიარა და დღევანდელ საქართველოში ჩამოყალიბდა მდგომარეობად, კოდური სახელწოდებით, "ღამე შორენასთან". დიახ, ლეღვის ფოთოლი იყო გამოხატულება ეროსის განსაკუთრებულ ცნებად აღიარებისა. შემდეგ კი ისტორიის მანძილზე ადამიანმა არ იცოდა, სად წაეღო ეს განსაკუთრებულად აღიარებული რაღაც. როგორც მოგეხსენებათ, ადამიანს განსაკუთრებულ რამესთან მოპყრობის ორი წესი აქვს _ ან საგულდაგულოდ დამალვა, ან სააშკარაოზე გამოტანა. თავიდან ეროსისთვის პირველი ვარიანტი იქნა არჩეული და ლეღვის შემდეგ მკლავმოშიშვლებულ ბერძნულ ეპოქაზე, უფრო მოგვიანებით კი კომბოსტასავით შეფუთულების შუა საუკუნეების ხანაზე გადავიდა კაცობრიობა. მერე-მერე კი ნელ-ნელა „განფუთვის" პროცესი დაიწყო და თანამედროვე "გულღია" საზოგადოება მივიღეთ.

დიახ, ვითარდებოდა საზოგადოება, ვითარდებოდა ეროსისადმი დამოკიდებულება და როგორც ყველა სხვა სფეროში, ასევე ამაშიც, ქართული საზოგადოება სულ სხვა გზით განვითარდა. ჩვენმა მოხვედრამ ისტორიის გზის საბჭოურ ჩიხში ფსიქოლოგიის ამ ნაწილის ანომალიური განვითარებაც გამოიწვია. ეს კი მდგომარეობდა შემდეგში: როგორც ვთქვით, ნორმალურად განვითარებადმა სამყარომ ფიზიკურად, ანუ ტანსაცმლით შეფუთული ეროსის განთავისუფლება დაიწყო, საბჭოურმა ცივილიზაციამ კი ფიზიკურად შეფუთულის ფსიქოლოგიური შეფუთვაც გადაწყვიტა და როგორც სხვა ბევრი უკუღმართი რამ, ეგეც გამოუვიდა. ამას თავისი ლოგიკური მიზეზები ჰქონდა. ფროიდს და საკუთარ თავს თუ ჩავუკვირდებით, ვნახავთ, რომ ეროსი ადამიანის ეგოს, ინდივიდის განუყოფელი ნაწილია და რომ ხშირ შემთხვევაში სწორედ ის წარმართავს იმ ქმედებებს ადამიანისა, რომლებიც მისი ინდივიდუალიზმის გამოხატულებას წარმოადგენს. ეროსი ათავისუფლებს ადამიანს დოგმატური ბორკილისაგან და აქცევს მას მასასთან არათავსებად ინდივიდად, რაც პირდაპირ დარტყმას აყენებდა ბოლშევიკურ მიზნებს ზომბების არმიის შექმნასთან დაკავშირებით. მათ საბჭოთა ადამიანში ეროსისკენ ქვეცნობიერი ლტოლვის ნაცვლად ჩანერგეს ქვეცნობიერი შიში მის მიმართ და ადამიანის ცნობიერებაში ტაბუ დაადეს ამ თემას. ცხოვრების ადამიანური ელემენტი ამოიტანეს ყველა სფეროდან, განსაკუთრებით, ხელოვნებიდან. ფაქტია, რომ საბჭოთა ფილმებში ან არავინ კოცნიდა ერთმანეთს, ან თუ კოცნიდა, ვერავინ ხედავდა ამას, რადგან ასეთ დროს მთელი საბჭოეთი თვალებზე ხელს იფარებდა, რომ ეს მომენტი არ დაენახვებინა თვალთათვის. ეს იყო მთავრობისთვის ერთ-ერთი საშუალება ადამიანების საკუთარ თავთან გაუცხოებისა, საკუთარ თავზე, პიროვნებაზე, შინაგან ხმაზე უარის თქმისა და მიზანიც სწორედ ეს იყო.

ეს იყო ცუდი.

მაგრამ რა ხდება დღეს? დღეს, როცა ფიზიკურად გამოვედით იმ ჩიხიდან, ხდება იგივე, საწინააღმდეგო მხრიდან. ანუ, თუ მაშინ ხელოვნურად ითრგუნებოდა ეროსი, ახლა ხელოვნურად ხდება მისი აღდგენა ადამიანების ცნობიერებაში. სწორედ ამის გამოვლინებაა ჩემ მიერ ნახსენები მდგომარეობა კოდური სახელწოდებით „ღამე შორენასთან". მე მგონია, რომ _ეს არანაკლებ ცუდია, და იმის ბრალია, რომ ჩიხიდან ფიზიკურად გამოვედით და არა ფსიქოლოგიურად, როგორც მამარდაშვილი ამბობს, „ჩვენ ჯერაც იმ ველში ვიმყოფებით".

მართალია, დღევანდელ ქართულ ტელევიზიაში, კინოში, ლიტერატურასა თუ თეატრში თითქმის არ არსებობს ცენზურა და „ახალ ქართველებსაც" უკომპლექსობის იარლიყი აქვთ მიწებებული, მაგრამ სინამდვილეში, თვით "ყველაზე უკომპლექსო" გადაცემა, მრავლჯერზემოთნახსენები „ღამე შორენასთან" გახლავთ ყველაზე დიდი კომპლექსის გამოხატულება. სწორედ უკომპლექსო ბიკინის ქვეშ იმალება დაკომპლექსებული ჩადრი. საქმე ისაა, რომ ევროპასა და საქართველოში განთავისუფლებულ ეროსს შორის ერთი მთავარი განსხვავება არსებობს _ ევროპაში ეროსის განთავისუფლება საზოგადოებრივი დოგმატების ტყვეობისაგან, განაპირობა საზოგადოების ფსიქოლოგიურმა მომწიფებამ და ბუნებრივად მოვიდა ეს. ის, რაც ევროპაში მოხდა, ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენდა ტრუბადურების, რაინდების, სამეფო კარების ინტრიგების, ქალების არჩევნებში მონაწილეობის და სხვა ათასი მოვლენისა, რომელმაც ადამიანების ფსიქიკაში დიდი ქვეცნობიერი გარდაქმნები გამოიწვია. საქართველოში კი თითქოს ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვიტეთ დაგვემსხვრია სტერეოტიპები, მოგვეხსნა ტაბუები და გავმხდარიყავით უკომპლექსოები. ეს რომ მოგვინდა, კარგია, მაგრამ, მგონი, არასწორი გზა ავირჩიეთ ამის მისაღწევად. შორენას რჩევები რომ იყოს საკმარისი ამისთვის, მაშინ ჯაზზე ერთი-ორი სტატიის წაკითხვაც საკმარისი იქნებოდა გემოვნებიანი მსმენელის ჩამოსაყალიბებლად. დღევანდელ საქართველოში, ვითომ, ტაბუს ახსნაზე და სექსუალურ რევოლუციაზე ვსაუბრობთ. რომელ რევოლუციაზეა საუბარი, როცა ნახევარი საქართველო ალლა პუგაჩოვას და გალკინის დუეტს უსმენს და ტელევიზორში ლუსიას და როდრიგოს სიყვარულის ისტორიის კარიკატურას უყურებს. ბოდიში, ნახევარი კი არა 80%. სექსუალური რევოლუცია იქ მოხდა, სადაც როკ-ენ-როლი მოხდა და სადაც მერლინ მონრო მოხდა. ეს რევოლუცია ვერ მოხდება იქ, სადაც პორნოს და ეროტიკის ვერგარჩევა ხდება, სადაც სექსუალურად ვულგარულის მიჩნევა ხდება, სადაც „ღამე შორენასთან" ხდება, სადაც ფილმებში „კოცნებზე" ყურების დახარბება ხდება. გეტყვით, რატომ ვერ მოხდება, იმასაც გეტყვით, რას ავიკვიატე ეს „ღამე შორენასთან".

საქმე ისაა, რომ ეს დასაღუპავი თვალი, ყური და გონება არანორმალური სიზუსტით აღიქვმას ზღვარს ხელოვნურობასა და ბუნებრიობას შორის და უფრო მეტად _ ზღვარს ზედმეტსა და აუცილებელს შორის. ის რაც არაფრიდან არ გამომდინარეობს, უცილობლად ზედმეტია-ხოლმე. ზემოხსენებულ გადაცემაში კი ათასი რამის ნახვა შეიძლება, რაც არაფრიდან არ გამომდინარეობს და ხელოვნურია. გადაცემის აზრი ისაა, რომ ძვირფასმა შორენამ, რომელიც, თითქოს განსწავლულ-გათვიცნობიერებულ-გამოცდილია მის სასაუბრო თემებში, მაყურებელიც უნდა განანათლოს. სინამდვილეში კი თუ წამყვანის, ერთი შეხედვით, თამამ და უკომპლექსო მოძრაობებს დავუკვირდებით, რომლებსაც სექსუალურობის იარლიყი აქვთ მიკერებული, ვნახავთ, რომ სინამდვილეში მისი ყოველი მიხვრა-მოხვრა გაუბედაობითაა სავსე და წინასწარ დადგმული სპექტაკლის ნაწილია. რაც არათუ ნდობას აღძრავს მაყურებლის მხრიდან მისი „თეორიებისადმი", არამედ პირიქით, აგრძნობინებს, რომ ეს უკომპლექსო სცენა სინამდვილეში კომპლექსიანი გოგონას დადგმული ფარსია. წამყვანი, რომელიც გადაცემის პროდიუსერების ჩანაფიქრით უშუალო, თავისუფალი, დაუძაბავი, სტრესის მომხსნელი მანერებით და საუბრის სტილით უნდა ხასიათდებოდეს, სინამდვილეში დაძაბული, ტექსტზე ორიენტირებული და ცარცით დახაზულ ტრაექტორიაზე გავლისთვის მოწადინებულია. და როგორც თვითონ მან აღნიშნა ერთერთ ტელეგადაცემაში მისი ეს "უკომპლექსობა" სინამდვილეში სწორედ კომპლექსიანობითაა ნაკარნახევი. მე მგონია, რომ შორენა ბეგაშვილი და მისი გადაცემა კონკრეტული შემთხვევა კი არაა, არამედ ქართული ცნობიერების და აზროვნების თანამედროვე ფორმულა და განზოგადებაა და სწორედ ამიტომ მივანიჭე მას ასეთი მნიშვნელობა.

ის რომ ეს ზოგადი შემთხვაა, დაადასტურა ბოლო ხანებში გადაღებულმა ქართულმა ფილმებმაც, (ვგულისხმობ "გოგონა სლაიდიდან", "ყველაფერი კარგად იქნება" და მისთ. :) ). რეჟისურის დონეს რომ სულ თავი დავანებოთ და ცარიელი სიუჟეტი განვიხილოთ, მაინც ვერ ავცდებით იმ კრიტიკას, რომელიც ამ ფილმებისთვის, ჩემი აზრით „დასაშური" არაა. ზემოხსენებული ფილმების სიუჟეტებიდან ზედმეტი, ყურით მოთრეული სცენები რომ ამოვიღოთ, ხელში შეგვრჩება მოკლემეტრაჟიანი და თან უინტერესო ფილმი. საქმე ისაა, რომ ფილმი გაძეძგილია ძალად ჩატენილი ეროტიკული სცენებით. ამას რომ ფილმის მესვეურებთან ახსენებ, მაშინვე მოგიტრიალდებიან და გეტყვიან, რომ ჩამორჩენილი ხარ, და რომ ევროპული კულტურისგან შორს ხარ. სინამდვილეში კი ხმას იმიტომ ვიღებ, რომ მანდედან შორს არ ვგრძნობ თავს. სასაცილოა თანამედროვე ევროპული კინემატოგრაფიის შედარება იმასთან, რასაც დღეს თანამედროვე ქართულ კინოს ეძახიან, მაგრამ რადგან საუბარმა მოიტანა არც ამას ავარიდოთ თავი.

მთავარი განსხვავება ევროპულ და ქართულ კინოში ეროტიკული სცენების რაოდენობაში კი არააა, არამედ მათ მიზნობრივ, საჭირო გამოყენებაში. ევროპულ კინოში გინდ ეროტიკული, გინდ საბრძოლო სცენა საშუალებაა აზრის სათქმელად და არა მიზანი, როგორც ქართულ კინოში ხდება ხოლმე. კინოში არც ერთი სცენა არ უნდა იყოს მიზანი, მიზანი უნდა იყოს თვით კინო. ამიტომაც ევროპული კინოს პრემიერის დაანონსების დროს საინფორმაციო გამოშვების კულტურის ბლოკში ანონსი დაახლოებით ასე ჟღერს: „რეჟისორი ჯეკი თავისი შემოქმედებით კიდევ ერთხელ შეეხო თანამედროვე საზოგადოებაში არსებულ გაუცხოების ფენომენს და ახლებურად დაგვანახა...და ა.შ.". ქართულ ფილმზე საუბრისას კი რეჟისორის ვინაობას სიუჟეტის შუაში, ბოლოში ან ტიტრებიდან ვიგებთ, პირველ რიგში კი იმას გაცნობებენ, რომ რომელიღაც მაგარი ტანის მქონე მსახიობი ან მოდელი ფილმისთვის გაშიშვლდა. განა მე და ჩემნაირები იმის წინააღმდეგნი ვართ, რომ ქართული კინო ევროპულს ჰგავდეს, მაგრამ იმას ვერ დავუშვებთ, რომ ქართული ფილმი კოლუმბიურ სერიალს დაემგვანოს, სადაც მთავარ გმირს საშხაპეში მხოლოდ იმ მიზნით აჩვენებენ, რომ მის დაკუნთულ სხეულს დაახარბონ დედაკაცები და შეაშურონ მამაკაცებს.

გასაგებია, რომ უამრავ რევოლუციასთან ერთად, რომელიც თანამედროვე ქართველობამ მოვაწყვეთ, ფსიქოლოგიური რევოლუციის მოხდენაც გვინდა ჩვენში, მაგრამ უნდა შევიგნოთ, რომ ამისთვის არამხოლოდ აზროვნების, არამედ ქვეცნობიერის შეცვლაც გვჭირდება. ამიტომ სულაც არაა საჭირო და აუცილებელი „ტოპიკების" და ბიკინის ჩაცმა, სექსზე ყურით მოთრეული გადაცემების გაკეთება და „თითქმისპორნო" ფილმების გადაღება იმისთვის, რომ ეს გარდაქმნა მოვაწყოთ ჩვენში. მეტიც, ამ გზით მიზანს სულაც ავცდებით. ჩვენ პირველ რიგში ჩვენი ფსიქიკისა და გონების მომზადება გვჭირდება ამ გარდაქმნების მისაღებად და მხოლოდ შემდეგ უნდა დავიწყოთ გარდაქმნა. ამის მომზადება კი განათლების, ინტელექტის, მაღალი გემოვნების ჩამოყალიბების, ზოგადსაკაცობრიო და ნაციონალური ღირებულებების გააზრების გარეშე შეუძლებელია. სხვანაირად ის გარდაქმნები რომლებსაც დღეს ჩვენში გათანამედროვებას და მოდერნს ეძახიან, დაახლოებით ისეთი რამე იქნება, როგორიცაა მწარე წამალი, რომლის დალევისას მასზე არ ფიქრობ, ყველანაირ გრძნობის ორგანოს გამორთავ და ისე სვამ, ოღონდაც ფიზიკურად ჩავიდეს შენს ორგანიზმში. ასე გარეგნული წამლობა არ უშველის ჩვენს ფსიქოლოგიურ რევოლუციას და თუ მართლა გვინდა, რომ გვეცვას ბიკინი და მოვიხსნათ რიდე, მაშინ ალლას და გალკინს კი არ უნდა ვუსმინოთ, მაჯანჯაზე კი არ უნდა ვიცეკვოთ, კარმელაზე და ხუან-სებასტიანზე კი არ უნდა ვიტიროთ, „მგლები" და „მორიელი" კი არ უნდა ვიკითხოთ, მინიმუმ ლენონს უნდა ვუსმინოთ, მინიმუმ „როკ-ენ-როლზე" უნდა ვიცეკვოთ, მინიმუმ „მამაცი გული" უნდა ვნახოთ, მინიმუმ ო'ჰენრი, ან ჯეკ ლონდონი უნდა წავიკითხოთ და მერე დავიწყოთ იმაზე ფიქრი აუცილებლად გვჭირდება თუ არა გადაცემა, რომელიც სექსუალურ რევოლუციას მოახდენს ჩვენს ცნობიერებაში.  მანამდე კი დავრჩებით უკომპლექსო კომპლექსიანებად და „დათა თუთაშხიასაც" იმ იმედით ვუყურებთ, რომ აიღებს კიკუ თუმანს და გაიხდის.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები