ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჭკუასა
ჟანრი: პროზა
25 იანვარი, 2010


ჰამბურგი


  ამ ქალაქის სახელით, ჩემს მეხსიერებაში დარჩა ერთი ლამაზი მოგონება, რომელსაც ეხლა, შეძლებისდაგვარად მოვყვები:
  25 ივნისი. შაბათი დღე. ბიჭების(თოკოსი და „სვანის“) ბოლო დღე ეკოსემინარზე ვედემარკ-ში; იყო ერთადერთი  მოსახერხებელი დღე, როცა შევძელით და ხუთივე ქართველი პრაქტიკანტი შევიკრიბეთ ულამაზეს ქალაქ-მეგაპოლის ჰამბურგში.
  შეკრებამდე გრძელი გზის გავლა მოგვიწია მე და გიოს. მთელი 12 საათი დავყავით მატარებელში.ლაპარაკით ყველას ყურები გამოვუჭედეთ და ერთი გერმანელი პენსიონერიც გავიცანით; თბილი საუბარი გვქონდა, მას ბევრი რამ აინტერესებდა, საკმაოდ ინფორმირებულიც იყო და არც გონებამახვილობა აკლდა. საუბარი ძირითადად პოლიტიკაზე, რელიგიაზე, განათლებაზე და ჩვენს იმდროინდელ „მტკივნეულ“ თემაზე,პრაქტიკანტობაზე გვქონდა.შემდეგ გვკითხა, თუ რისთვის ჩავდიოდით ჰამბურგში, ჩვენც ვუთხარით,რომ ასე და ასე, შეკრება გვაქვს-თქო მეგობრებს. ღამე სად უნდა გაათიოთო? ეგ ჩვენთვითონაც არ ვიცოდით,პრინციპში, და სადმე კარვებს გავშლით-მეთქი. ეს თურმე აკრძალული ყოფილა ქალაქის ბაღებსა და სკვერებში. ამიტომ ეს ადამიანი დაწესებულება „სადგურის მისიაში“ მიგვყვა, სადაც ღიაცისქვეშ დარჩენილებს, ან მოკლედ რომ ვთქვათ ჩვენნაირებს, ღამის “კომფორტულ” გასათევებს სთავაზობდნენ, რათქმაუნდა, უფასოდ. ჩვენ დაძინებას არც ვაპირებდით, იმ კეთილ კაცს მადლობა გადავუხადეთ და დავემშვიდობეთ.
  უკვე პირველის წუთები იყო,არადა შეხვედრა 12:00 გვქონდა დაგეგმილი. გერმანულ ყაიდაზე გადასულს, თანდათან ბრაზი მერეოდა. რამდენჯერაც დავურეკეთ, იმდენჯერ „5 წუთში“ გვეუბნებოდნენ. ყველაზე კი ის მაღიზიანებდა, რომ ისინი უკვე 7-8 საათის ჩამოსულები იყვნენ; სასტუმროების და "ახალგაზრდათა თავშესაფრების" ძებნაში შემოაღამდათ; მერე გვირეკავენ, რომ „იაფად“ 90 ევროდ უშოვიათ ნომერი და იქ ბრძანდებოდნენ. მე ტვინში სისხლი ჩამექცა, როგორც შევძელი  თავი შევიკავე და წყნარად ავუხსენი წამოსულიყვნენ იქედან.(90 ევრო კიარა უკან დასაბრუნებელ ფულზე ფიქრით მისკდებოდა თავი). ყველა სიკეთესთან ერთად, მერე ავტობუსში ჩაეძინათ და სადგურის გაჩერებას გამოცდნენ.
  ბოლოს, როგორც იქნა გამოჩნდნენ. გადავეხვიეთ , თვალებით ვუსაყვედურეთ ერთმანეთს და წავედით ღამის გასათევის საძებრად. ბევრი არ გვივლია, იქვე სადგურის მახლობლად ერთი თურქული რესტორანი ავირჩიეთ და შევედით.მერე დადგა ჩემთვის ყველაზე უხერხული მომენტი... ალბათ ხვდებით რატომაც... ავკრიფეთ ვისაც რამდენი გვქონდა და შევუკვეთეთ რაც მოგვივიდა ის.
    მერის ღვინო ჰქონდა და ჩვენთვის შენახული ორი პატარა ნამცხვარი, რომელიც მე და გიოს ერთ ლუკმად არ გვეყო ისე გვშიოდა. ერთი სამწუხარო ამბავი მოხდა იმ ღამით: ჩვენ საწყალ „სვანს“ ისე ეძინებოდა(მთელი კვირის უძინარი იყო,რადგან ერთკვირიან სემინარებზე,როგორც წესი, ღამღამობით იწყება ხოლმე ცხოვრება) შეკრების სადღეგრძელო ძლივს ვათქმევინეთ.სამაგიეროდ თოკოს, დაღლილობა პათოლოგიურ ფორმებში გადაეზარდა,ლექსებით და სიმღერებით ჩვენც არანაკლებ დაღლილებს, საბოლოოდ გამოგვაცალა ენერგია; ყვებოდა გაუჩერებლად,თან თავს იმათლებდა, ასე როარ ვილაპარაკო დამეძინებაო!
  ამასობაში შემოგვათენდა და შემოგვეჭამა ყველაფერი. ავკრიფეთ ჩვენ-ჩვენი „რუკზაკები“ და გავედით ჰამბურგის დასათვალიერებლად.„სვანს“ კიდევ ეძინებოდა,ცდუნებას ვერ გაუძლო  და ერთ ხის სკამზე გაიშხლართა შუა ქალაქში, მერე თოკოც შეუერთდა და ბოლოს მეც დავნებდი; მალე სამი მხრიდან ქარი მომეალერსა, მივხვდი, რომ არ დამეძინებოდა, თან გიოსი და მერის მერიდებოდა, მარტო უნდა ეწანწალათ იმხელა მეგაპოლისის ცარიელ ქუჩებში.
  ვიარეთ ფეხით, ვნახეთ ნაცნობი სტილის შენობები, დაბალი ძველი ნაგებობები, ტაძრები ფირუზისფერი გუმბათებით; ყველაზე მეტად ნავსადგური მოგვეწონა, დიდი გემებითა და უამრავი პატარა იახტით. რაღაც მარათონი ტარდებოდა იმ დღეს, მთელ ცენტრალურ ტრასებზე „ფიშკები“ ელაგა. გამოვიდა, რომ ჰამბურგს მცირე წრე დავარტყით და ისევ სადგურში დავბრუნდით. წინ ხომ კვლავ გრძელი მოგზაურობა გველოდა...
  მე ბილეთზე ზრუნვა დავიწყე. ჩამოსვლის გიომ იყიდა, წასვლის მე მერგებოდა.იმ პერიოდში ნამეტან უსახსრობას ვუჩივოდი და დავიწყე,მეგობრებთან ერთად,უფასოდ მგზავრობის შესაძლო ვარიანტების დამუშავება. ყველაზე რეაულური გამოვარჩიეთ; როგორც მოგეხსენებათ, უკვე 26 ივლისი იყო; წინა დღის, ანუ 25 ივლისის ბილეთი შენახული გვქონდა; ხოდა ბოლო ციფრის, 5-ის 6-ნად გადაკეთება მოვინდომეთ. ვიყიდეთ შავი პასტა და მხატვრობა გიომ იკისრა. სხვათაშორის,ლამაზად მოამრგვალა ხუთიანი, მაგრამ მაინც ეჭვი გვეპარებოდა, ვაითუ მიხვდეს ის წითელპიჯაკა კონტროლიორიო. ერთის სიტყვით, აუტკივარი თავის ატკივებას ვამჯობინე ბოლო „კაპიკების“ დახარჯვა და ეგრეც მოვიქეცი. როგორც იტყვიან, შვებით ამოვისუნთქე, ის ფული ჭირსაც წაუღია-მეთქი.
  ყველაზე სევდიანი მომენტია, როცა უცხო ქვეყანაში მეგობრებს ნახავ, ერთად დროს გაატარებთ,იმხიარულებთ და მერე წასვლის დრო დადგება.სხვანაირად ვერც იქნებოდა. დავემშვიდობეთ ერთმანეთს და ჩავუყევით სამხრეთის დინებას „რეგიონალ ექსპრესით“.
  როგორც შევძელით გამოვიძინეთ სკამებზე, თან გადაჯდომა გვიწევდა ხშირ-ხშირად სხვადასახვა მატარებლებში.
  მეოთხე თუ მეხუთე მატარებელში ავდივართ; დავჯექით ერთმანეთის მოპირდაპირე სკამებზე და რას ხედავს ჩვენი თვალები: ფანჯრის პატარა მაგიდაზე საფულე იდო... ჯერ მივიხედ-მოვიხედეთ, მგზავრები უკვე ჩასულები იყვნენ და აშკარად ვიღაცას დარჩენოდა. მეც ნერწყვების ყლაპვით გავშალე საფულე და პირველ რიგში ფულის განყოფილებაში ჩავიჭყიტე. 40 ევრო იდო ქაღალდის კუპიურით და ხურდებიც 4 ევრომდე დავთვალეთ(ეს თანხა მხოლოდ 7 ევროთი მეტი იყო იმ ფულზე, რაც ბილეთში გადავიხადე). კიდევ სავიზიტო ბარათი, მფლობელის პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა, სადაზღვევო პოლუსი და ათასი რამ ვნახეთ იმ საფულეში, მაგრამ ხელი არ მოგვიკიდებია.გიოს „მოგების“ ძმურად გაყოფა შევთავაზე, მან, ალბათ, იცოდა რა ჩემი ფინანსური მდგომარეობა, უარი მითხრა.მე რომ, ვთქვა მეწყინა-მეთქი მოგატყუებთ, პირიქით, ძალიანაც გამიხარდა... ის ფული ჩემთვის ღმერთის საჩუქარი იყო და არც ვნანობ, რომ სხვისი საფულედან ამოვიღე ის საჩუქარი. იმედი მაქვს, ამას ქურდობად არ ჩამითვლის პატიოსანი მკითხველი?!
  როგორც გენებოთ ისე განსაჯეთ! მე კი ასე დავამთავრებ: ყველა ჩემი მოგზაურობა და თავგადასავლები გერმანიაში რაღაცის მასწავლებელი იყო და ეს ამბავიც იმით იყო განსაკუთრებული, რომ ყალბ ბილეთზე უარის თქმის სანაცვლოდ, ჯილდოდ უფასო მგზავრობა და ხურდა ფულიც კი მივიღე!
 
                                                                                                               


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები