ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
15 თებერვალი, 2010


ლექსად ამოსასვლელი სულისა


ცოტაც  და...
ისევ  აიწყვეტენ  ურა  ქარები,
სჩვევიათ  როგორც
ლიხგადაღმა 
გამოზაფხულზე!..
ძვალხორციც  ისევ
მზის  ზარებით  დამებზარება
და  ნაზამთრალი  სიზმრებიდან
გამომაფხიზლებს...

გამომაფხიზლებს
უღიმღამო  ზამთრით  მოთენთილს,
ზოზინა  ზამთრით  გაბეზრებულს
ლოდინგასენილს...
რომ  კვლავ  აალდეს  მინავლული
და  ამოთენდეს  -
ამობრიალდეს  ლექსად  -
სული  ამოსასვლელი!..

ოღონდაც
კვლავაც  თავაწყვეტით
ქროდნენ  ქარები
არდაზავების,
არდაცხრომის,
არდაწყნარების...
და  გეფიცები  -
მომიკვეთე,
ნუ  გეყვარები,
თუ  დავიჩივლე 
ან  ტკივილი,
ან  სიღარიბე!..

ოღონდაც  -
დროზე  აბობოქრდნენ
ურა  ქარები
და  ათუხთუხდეს  სისხლი
ცეცხლზე  იასამანის!..
და  ჯვარს  გადამეც,
დამამსხვრიე
რისხვის 
ზარები,
ვინატრო  თუკი
უზრუნველის  ბედი  მავანის!..

ოღონდ
ციდანაც
კვლავ  ღვთიური  ხმები  მოჯარდეს,
ცადვე  რომ  უხმობს
გულსაც,
ეჭვის  ჭანგით  გასერილს...
და  შენს  ტარიგად  გამეტებულს
სულით  ხორცამდე,
შენს  წინ  აღმომხდეს  სულიც  -
ლექსად  ამოსასვლელი!

1976 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები