| ავტორი: ილტოსპირელი* ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 1 დეკემბერი, 2010 |
მამაჩემი, იურისტი ბეჟან ღანიშაშვილი, ჩოხის დიდი ტრფიალი იყო. ახალგაზრდობაში უტარებია კიდეც ეს ეროვნული სამოსელი. მისი ჩოხა-ახალუხში გადაღებული სურათებიც გვქონდა, რომელიც, მოგვიანებით, სოფელში, ჩვენს სახლში გაჩენილმა ხანძარმა შთანთქა. ბავშვობიდანვე მახსოვს კედელზე დაკიდებული ოთხი ჩოხოსნის სურათი, რომელთაგან ერთ-ერთიც, მამისავე განმარტებით, ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ ვახტანგ კოტეტიშვილი იყო. მას იგი ეროვნული ცნობიერების კაცად მოიხსენიებდა და უკვე მოსწავლეობიდანვე მქონდა გონებაში ჩამჯდარი, რომ ეს გვარი დასაფასებელი და პატივსაცემი იყო. სკოლის ასაკიდანვე მესმოდა ვახუშტი კოტეტიშვილის სახელიც.
სწორედ იმ წლებში, როდესაც ვახუშტი კოტეტიშვილი და ალექსი ჭინჭარაული თავიანთ განთქმულ ფოლკლორულ ტელეგადაცემებს ამზადებდნენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქ-რაიონებში, ახმეტის მეორე საშუალო სკოლის დამამთავრებელ კლასში ვსწავლობდი. ერთ დღეს ისინი ახმეტაშიც ჩამოვიდნენ და სარაიონო კულტურის სახლში ხალხური პოეზიის საღამო გამართეს. ზეპირი სიტყვიერების ამ დაუვიწყარ ზეიმს, როგორც წესი, იღებდნენ და გადაცემა, თუ არ ვცდები, მგონი პირდაპირი ეთერით გადაიოდა. მაშინ მე რაიონში, ასე თუ ისე, უკვე მიცნობდნენ, როგორც ლექსების მწერალს. ცხადია, დიდი სურვილი მქონდა იმ საღამოში მონაწილეობისა და, კეთილი ადამიანების შუამდგომლობით, კიდეც წარმადგინეს ბ-ნ ვახუშტისთან. მან ღიმილით მიმიღო და ხელი ჩამომართვა, მკითხა ვინ ვიყავი და როდიდან ვწერდი ლექსებს - მაშ წაიკითხავ, ხოო? - მკითხა მან და მხარზე ხელი დამადო. - დიახ, წავიკითხავ, - ვუპასუხე დაბნეულმა და თან ჯიბიდან ამივიღე ოთხად გადაკეცილი რვეულის ფურცელები, გავშალე და გავუწოდე იმ აზრით, რომ გადაეთვალიერებინა და თუ მოეწონებოდა, ალბათ, საღამოზე გამოსვლის ნებასაც დამრთავდა. - არ არის საჭირო, რაც გინდა, ის წაიკითხე, ოღონდ ერთზე მეტს ნუ წაიკითხავ, გამომსვლელი ბევრია და დროში ვერ ჩავეტევით, - მითხრა მან თავისი ლამაზი ღიმილით და ახლა სხვა გამომსვლელებს მიუბრუნდა. ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა ვახუშტი კოტეტიშვილთან. მისმა დამოკიდებულებამ გამაოცა. მაშინ მიღებული იყო, რომ თუ რაიმე ღონისძიებაზე შენი ლექსით გამოხვიდოდი, უფროს-პედაგოგები ათასგზის წაიკითხავდნენ, აუცილებლად ჩაგასწორებინებდნენ, გადაკათებინებდნენ რაღაცას. ბატონი ვახუშტი კი სრულ შემოქმედებით თავისუფლებას მანიჭებდა მონაწილეთა შორის ყველაზე უმცროსსა და ახალგაზრდას.
მალე სკოლაც დავამთავრე და უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის სტუდნტიც გავხდი. უნივერსიტეტში ხანდახან ვხვდებოდი ბატონ ვახუშტის, მოკრძალებით ვესალმებოდი და სულ მიხაროდა, რომ ასეთ ადამიანს, სტუდენტებისათვის ასე ახლობელსა და საყვრელ ლექტორს მეც ვიცნობდი.
ერთხელ ჩვენი ერთ-ერთი თანაკურსელის, პავლე ასპანიძის დაბადების დღე იყო, რომელიც იქვე, ბატონი ვახუშტის მეზობლად, პარალელის ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. გადავწყვიტეთ ჩვენს მწირ სტუდენტურ სუფრაზე ბატონი ვახუშტიც მოგვეწვია. მეგობრებმა მომწვევ დელეგატებად მე და სევარიონ ნადირაძე გაგვაგზავნეს. მივედით, დავუძახეთ. ბედად სახლში აღმოჩნდა. შეგვიპატიჟა ბინაში, რომელიც ამავე დროს ვახტანგ კოტეტიშვილის მუზეუმსაც წარმოადგენდა და მართლაც საინტერესო სანახაობა იყო უცხო თვალისათვის. ჩვენი სუფრისთვის, რომ მეტი აკადემიზმი შეგვეძინა, ტრისტან მახაურის სახელიც ვუხსენეთ, რომელიც იმ დროს უკვე უნივერსიტეტის ფოლკლორის კათედრაზე მუშაობდა და უფრო ახლოდან იცნობდა მას: - ბატონი ტრისტან მახაურიც იქ არის, სუფრაზე, - ვუთხარი სერიოზული სახით. რომელი ტრისტან მახაური, კაცო?, - ეშმაკური ღიმილი აუთამაშდა მას ტუჩებზე, - აი, რომ ვზარდე, ვზარდე და ვერ გავზარდე? - უკვე თავისებური, კეთილფენილი სიცილით დააყოლა ეს სიტყვები და იუმორის მისეულად უბოლოო სხივები აუთამაშდნენ თვალებში. გაგვეცინა ჩვენც და თან პარალელის ქუჩისკენ ავიღეთ გეზი სამივემ. ბატონი ვახუშტის ეს ნაპერწკლიანი კალამბური კი იმითი იყო ნასაზრდოები, რომ ტრისტან მახაური შედარებით მომცრო ტანისაა და იუმორის გრძნობაც სამყოფად მოეპოვება. ბატონი ვახუშტის მისვლამ ყველანი ძლიერ გააახარა. ისიც ბედნიერად და ხალისიანად გრძნობდა თავს. დაბადების დღემ მართლაც რომ არნახულად ჩაიარა: წარმოითქმოდა ბრწყინვალე სადღეგრძელოები, ლექსები, კაფია-შემღერებანი, იყო ხუმრობა და სიცილი, ცეკვა და სიმღერა. არავის არაფერში ჩამოუვარდებოდა ჩვენზე ასაკით გაცილებით ასე უფროსი ბატონი ვახუშტი, ზუსტად ცვენსავით, ერტი რიგითი სტუდევტივით ლხინობდა. ძალიან უშუალო, მეგობრული ბუნების კაცი იყო, წამით არ გაგრძნობინებდა ასაკს, ცენზს და სწორედ ეს უბრალოება ბადებდა სტუდენტ-ახალგზრდობაში მისადმი სიყვარულასა და პატივისცემას.
მოყოლებული სტუდენტობიდან, მე და ტრისტან მახაური ხშირად ვკაფიაობდით, ვალექსებდით ერთმანეთს. თურმე ტრისტანი ყველაფერს საგულდაგულოდ ინახავდა თავის ფოლკლორულ კიდობანში. გავიდა წლები. ერთხელაც გადმომცეს გაზეთი "გლდანი", რომელშიც ბატონ ვახუშტის ფოლკლორული რუბრიკა მიჰყავდა და რას ვხედავ, ეს ჩვენი ლექს-კაფიები იქ არ არის გამოჭიმული! თან ისეთი კომენტარებითაა, ისე ვყავარ შექებული ბატონ ვახუშტის, რომ ლამის სირცხვილის ცეცხლმა დამდაგოს! ბუნებრივია, მადლობის გრძნობით აღვივსე და პირველივე შეხვედრისას ვუთხარი ტრისტანს, რომ ჩვენს "გამომჩინებელს" სახლში ვწვეოდით. ასეც მოვიქეცით. ავიღეთ რამდენიმე ბოთლი შავი ღვინო, კიდევ რაღაც-რაღაცები და დაუკითხავად კარებზე მივადექით. მაშინ უკვე ნაოპერაციევი იყო. ძალიან ესიამოვნა ჩვენი სტუმრობა. მე, რასკვირველია, დიდი მადლობა მოვახსენე ჩემი ლექს-კაფიების პუბლიკაციისთვის. დიდხანს და ხალისიანად ვისაუბრეთ. ბოლოს, წამოსვლისას გვთხოვა, თუკი რამ ფოლკლორულად ღირებული ჩაგვივარდებოდა ხელთ, მიგვეწოდებინა...
მაგრამ ერთხელ უკვე ბატონი ვახუშტის ხელში ჩავარდნილი ამ ჩვენი ლექს-კაფიების ამბავი აქ არ დასრულებულა. 2005 წელს გამოიცა ვახუშტი კოტეტიშვილის წიგნი "მართალს ვიტყვი". ამ მრავალმხრივ საინტერესო და საყურადღებო გამოცემაში ფოლკლორული ნაწილიცაა. თურმე ის ჩვენი ლექს-კაფიები იქაც შეტანია ამ ოქრო-კაცს. იმ წლებში საქართველოში არ ვიმყოფებოდი და შემთხვევით თბილისში ჩამოსული მეც მოვხვდი თიბისი-ბანკის მიერ ორგანიზებულ ამ გამოცემის პრეზენტაციაზე. მივედი, მოვიკითხე ბატონი ვახუშტი, კიდევ ერთხელ მოვუხადე მადლობა. - კაცო, სადა ხარ შენ დაკარგული? გავიგე უკრაინაშიაო. მაგათ ისეთი ქალები ჰყავთ, რომ არათუ კაფიებით სავსე თავი, იფრთხილე, სამშობლოც არ დაგაკარგინონ,!.. - მითხრა სიცილით და თავის მშვენიერ წიგნზე ავტოგრაფი წამიწერა და მაჩუქა. საზოგადოების მხრიდან დიდი და დამსახურებული სიყვარულით იყო იმ საღამოს ბატონი ვახუშტი მოცული და მე ეს ისე მიხაროდა, როგორც ხატის კარზე დანთებული ალალი კელაპტრის ალთა არილებისათვის მოუწყინარი ცქერა-თვალთვალი.
ბატონი ვახუშტი რომ გარდაიცვალა, აქ არ ვიმყოფებოდი, უკრაინაში, კიევში ვიყავი მაშინ და ამ სამწუხარო ამბავმა ძლიერ დამწყვიტა გული, უზომოდ დამენანა ამ დიდი ადამიანის, პიროვნების, ინდივიდის, მამულიშვილის, მრავამხრივი მეცნიერისა და მწერლის წასვლა ამ ქვეყნიდან.
ერთადერთ იმედად ისღა მრჩება, რომ, რაკი პირადად ვიცნობდი, მაქვს საშუალება მისი კაი-კაცობის ლეგენდა მომავალ თაობებს უშურველად და სიამოვნებით გადავცე.
ღმერთმა აცხონოს ბატონი ვახუშტის სული და დაუმკვიდროს სასუფეველი ცათა შინა მართალთა შორის, ამინ!
P.S. უნდა გამოვიდეს მოგონებების წიგნი ვახუშტი კოტეტიშვილზე. ეს ესკიზი, შემდგენლების თხოვნით დავწერე იმ წიგნისთვის. იმედი მაქვს "ურაკპარაკის" მკითხველებისთვისაც არ უნდა იყოს უინტერესო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. სასწაულად მენატრება და ძალიან დამაკლდა... ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ მეც ვიცნობდი. ძალიან ტკბილად მახსენდება ჩვენი თვითვეული შეხვედრა... ის ჩემი მოძღვარი იყო... ღმერთმა აცხონოს მისი სული... და მისი ძმაკაცი ჩუბჩიკასი... სასწაულად მენატრება და ძალიან დამაკლდა... ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ მეც ვიცნობდი. ძალიან ტკბილად მახსენდება ჩვენი თვითვეული შეხვედრა... ის ჩემი მოძღვარი იყო... ღმერთმა აცხონოს მისი სული... და მისი ძმაკაცი ჩუბჩიკასი...
13. რა ცოტა კომენტარი გაკეთებულა ამ საინტერესო სტატიაზე. რა ცოტა კომენტარი გაკეთებულა ამ საინტერესო სტატიაზე.
12. ვახუშტი საოცრად უხდებოდა თბილისს... გაიხარეთ ბატონო მიხეილ ვახუშტი საოცრად უხდებოდა თბილისს... გაიხარეთ ბატონო მიხეილ
11. გემრიელად დაწერილი თბილი მოგონებაა :) :-* გემრიელად დაწერილი თბილი მოგონებაა :) :-*
10. მიხარია შენთან შემოსვლა მიშავ. ემსახურები და კიდევ ასი წელი გამსახუროს უფალმა ქართულ საქმეს. გეხუტები მეგობარო. მიხარია შენთან შემოსვლა მიშავ. ემსახურები და კიდევ ასი წელი გამსახუროს უფალმა ქართულ საქმეს. გეხუტები მეგობარო.
9. ყოველთვის მაინტერესებდა ასეთი ესკიზები -ცნობილი ადამიანების სხვადასხვა კუთხით დანახვა და აღქმა.სიამოვნებით წავიკითხე. უღრმესი მადლობა! ყოველთვის მაინტერესებდა ასეთი ესკიზები -ცნობილი ადამიანების სხვადასხვა კუთხით დანახვა და აღქმა.სიამოვნებით წავიკითხე. უღრმესი მადლობა!
8. საინტერესო იყო ნამდვილად... საინტერესო იყო ნამდვილად...
7. მოგიკითხე და მოგიწონე მოგონება, მიხეილ ბატონო! მოგიკითხე და მოგიწონე მოგონება, მიხეილ ბატონო!
6. რა კარგია ასეთი მოგონებანი, განსაკუთრებით ჩვენთვის, ვისაც ის წლები ტკბილად გვახსენდება... :) რა კარგია ასეთი მოგონებანი, განსაკუთრებით ჩვენთვის, ვისაც ის წლები ტკბილად გვახსენდება... :)
5. მიშა, არაჩვეულებრივი მოგონებაა და არაჩვეულებრივი სითბოთი დაწერილი. დიდი მამის დიდი შვილი იყო ბ–ნი ვახუშტი, გული მწყდება, როგორ გააცილეს უკანასკნელ გზაზე:( ტრისტან მახაურთან მეც მქონდა შეხება (ფოლკლორის კათედრიდან)ბ ძალიან კარგი ადამიანი იყო და დაცბ ლელას მასავით ნიჭიერი იყო... კარგ დროში დამაბრუნე და გაიხარე:) მიშა, არაჩვეულებრივი მოგონებაა და არაჩვეულებრივი სითბოთი დაწერილი. დიდი მამის დიდი შვილი იყო ბ–ნი ვახუშტი, გული მწყდება, როგორ გააცილეს უკანასკნელ გზაზე:( ტრისტან მახაურთან მეც მქონდა შეხება (ფოლკლორის კათედრიდან)ბ ძალიან კარგი ადამიანი იყო და დაცბ ლელას მასავით ნიჭიერი იყო... კარგ დროში დამაბრუნე და გაიხარე:)
4. აცხონოს ღმერთმა ამ დიდი მამულიშვილის სული!გმადლობთ,ილტოსპირელო!+2 აცხონოს ღმერთმა ამ დიდი მამულიშვილის სული!გმადლობთ,ილტოსპირელო!+2
3. ინტერესით გავეცანი, ძალიან კარგი მოგონებაა! ინტერესით გავეცანი, ძალიან კარგი მოგონებაა!
2. მაგარია ძაან! მაგარია ძაან!
1. ვახუშტი კოტეტიშვილი ძალიან დიდი მეცნიერი და მამულიშვილი იყო (ისევე როგორც მამამისი) მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ფოკლორული საღამოების გამართვაში! 1979 წელს ვახუშტის ინიციატივითა და თაოსნობით (ალექსი ჭინჭარაულთან ერთად) დაიწყო ქართული ხალხური პოეზიის საღამოების გამართვა, რომელიც 2008 წელს აღადგინეს. ვახუშტი კოტეტიშვილი 2008 წლის აგვისტოში (ომამდე) წავიდა ამ ქვეყნიდან! ის იყო ძალიან დიდი ირანისტი, მას უდიდესი როლი აქვს შესრულებული ირანელი პოეტების ქართულად თარგმანებში! ვახუშტის მამა - ასევე ვახუშტი კოტეტიშვილი 1937 წელს დახვრიტეს ბოლშევიკებმა! უმცროსმა ვახუშტი კოტეტიშვილმა გამოსცა წიგნი ''მოუკრეფავნი'', სადაც შესულია უწმაწური კაფიები! ღმერთმა აცხონოს იგი! ვახუშტი კოტეტიშვილი ძალიან დიდი მეცნიერი და მამულიშვილი იყო (ისევე როგორც მამამისი) მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ფოკლორული საღამოების გამართვაში! 1979 წელს ვახუშტის ინიციატივითა და თაოსნობით (ალექსი ჭინჭარაულთან ერთად) დაიწყო ქართული ხალხური პოეზიის საღამოების გამართვა, რომელიც 2008 წელს აღადგინეს. ვახუშტი კოტეტიშვილი 2008 წლის აგვისტოში (ომამდე) წავიდა ამ ქვეყნიდან! ის იყო ძალიან დიდი ირანისტი, მას უდიდესი როლი აქვს შესრულებული ირანელი პოეტების ქართულად თარგმანებში! ვახუშტის მამა - ასევე ვახუშტი კოტეტიშვილი 1937 წელს დახვრიტეს ბოლშევიკებმა! უმცროსმა ვახუშტი კოტეტიშვილმა გამოსცა წიგნი ``მოუკრეფავნი``, სადაც შესულია უწმაწური კაფიები! ღმერთმა აცხონოს იგი!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|