ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
23 თებერვალი, 2010


იდილია

ჩვენს პირველ ღამეს
სარეცელთან ნაძვის ხეს მოვრთავ,
ოჯახის წელი აითვლება
კოცნადღეებით,
ანგარიში არ შეეშლება,
რაც უნდა მოხდეს,
ფუძის ანგელოზს, 
მშვიდ ალერსის და გახელების.

ქარი ხშირ-ხშირად ააჯანყებს
ქუჩაში ნაგავს,
ცელოფნის დროშებს ცაში ისვრის
სიბრაზის ნიშნად,
მყუდრო და მშვიდი
ჩვენი სახლი შეუვალ კოშკს გავს,
ან სიყვარულის კერპისათვის
გამოთლილ ნიშას.

ქედს აატკივებს უღლის ზიდვა
ძვალმსხვილ ყევარ ხარს,
ფსკვნილივით, ლოცვას ჩამომაცვლავს
ფხვიერი ბელტი,
ფუფუნებაა, რომ არსებობ,
რომ გვერდით მყავხარ,
განსაცდელსა და სიხარულში
თანაბრად მელტვი.

შეიწირება ღვთისგან ოფლის
ყოველი წვეთი,
აიწონება - ჭარბი იყო
თუ წმინდა გულით
გაიღე ხარკი. მორჩილი ხარ
და თითის წვერზე
დადიხარ სახლში, თითქოს
მოხუც დედ-მამას უვლი.

ჩვენს პირველ ღამეს,
სარეცელთან ნაძვის ხეს მოვრთავ,
და ყოველი დღე,
შუშის ფერად ბურთს ემსგავსება...
ერთი თუ გატყდა,
სხვა ბურთები დარჩება ტოტზე,
ჩვენც ხომ არ  ვკვდებით,
ჩავნაცვლდებით მხოლოდ, ბავშვებით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები