ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როლანო
ჟანრი: საბავშვო
5 მარტი, 2010


პატარა ზღვის პატარა კუნძული (თავი მეხუთე)


პატარა ზღვის პატარა კუნძული

თავი მეხუთე




ქანელი და მოხუცი ჯოხუსელი მიწისქვეშეთში აღმოჩნდნენ, სადაც მუდმივი ბინდი ჩამოწოლილიყო. მოხუცმა ღრმად ჩაისუნთქა გრილი, ნოტიო ჰაერი და ჩაილაპარაკა:
- რა ბედნიერებაა მშობლიურ მიწაზე ფეხის დადგმა.
- აქ დგომის უფლება ჯერ უნდა მოვიპოვოთ, - გამოეპასუხა ქანელი. - საით არის მეფის სასახლე?
- სასახლეში არავინ შეგვიშვებს.
- მე შემიშვებენ. შენ კი აქ დამელოდე. გაქცეულ ხოჭოებს თუ დაინახავ, ფეხი არ დაადგა და არ გასრისო. ისინიც ხომ ღმერთის შექმნილი არსებები არიან.
- არ არიან ეგენი საცოცხლებლები.
- იმათ არ დაემსგავსო მოხუცო. - უსაყვედურა ქანელმა. - არ გიხდება.
- ალბათ სწორი ხარ. მგლებად ხომ არ გადავიქცევით. - მიმართა მოხუცმა და სასახლისაკენ მიმავალ გზაზე გაიყვანა.
- ფრთხილად იყავი ქანელ, მაგათ დანდობა არ იციან. შეიძლება არც გკითხონ ვინ ხარ, ისე მოგკვეთონ თავი.
- ვნახოთ, - გაიღიმა ყმაწვილმა და მეფის სასახლისაკენ გასწია.
ქანელი საშუალო სიმაღლის, თეთრი ქვით ნაგებ, ლამაზ შენობას მიუახლოვდა.
მცველებმა რა თქმა უნდა, გზა გადაუღობეს და უცნაური ხმით დაიწრიპინეს:
- ვინ ხარ?
- მე, ჯურხან-მახრჩობელას დამმარცხებელი, სიზმრის ურჩხული ვარ. - ხმამაღლა დაიწყო ლაპარაკი ქანელმა. - ჯობს თქვენი მეფე გამოვიდეს და მომისმინოს, ეგებ გადავიფიქრო მისი განადგურება და რაიმე დათმობაზე წავიდე. - პასუხი არსაიდან  ისმოდა. ქანელს ნელ-ნელა სიბრაზე მოერია და ისეთი შიშისმომგვრელი შესახედაობა გაუხდა, რომ კარისკაცები მიბრუნდნენ, კარი ფართოდ გააღეს და თვითონ შიგნით შეცვივდნენ. - ქანელს გაეღიმა და ჩაილაპარაკა:
- ლაჩარ მეფეს, დაცვაც შესაფერისი ჰყავს.
ეზო ცარიელი დახვდა.
- გამომხედეთ, ასე რამ შეგაშინათ, - დაიყვირა ყმაწვილმა, - შენ მაინც სადა ხარ გრძნეულო. გამოდი, ეფროსისა და მისი ძმებისაგან მოკითხვა უნდა გადმოგცე. - პასუხი არსაიდან ისმოდა. - გამოდი, სალაპარაკო მაქვს შენთან. მეფესთან არაფერი მესაქმება.
სასახლიდან შავებში ჩაცმული, შავმოსასხამიანი მამაკაცი გამოვიდა და ქანელს მიუახლოვდა.
- რისთვის მოსულხარ? - იკითხა შავოსანმა.
- გამარჯობის თქმა დაგავიწყდა ეშმაკის ლაქიავ. - ხმა შეეცვალა ქანელს.
- გამარჯობა რისთვის გითხრა, სასიკეთო საქმისათვის რომ არ ხარ მოსული დღესავით ნათელია. - იყო პასუხი.
- რამდენი ხანია ნათელი დღე არ გინახავს ბნელეთის მონავ. - სიტყვა შეუბრუნა ქანელმა. - აქაურ მაცხოვრებლებს ავიწროვებ. იქამდე დახვედი, რომ ხოჭოებს დასდევ. ხოჭო, მეფედ როგორ დასვი? მიწისქვეშეთის მკვიდრი მოსახლეობა კი აქედან განდევნე.
- წადი ქანელ, შენ საქმეს მიხედე, მე ჩემსას მივხედავ.
- არა ჩემო ბატონო. შენ მშვენივრად იცი, რომ ჩემი საქმე, გაჭირვებულების დახმარებაა და ახლაც სწორედ მაგას ვაკეთებ. გრძნეულთა გილდიამ მკაცრად გაგაფრთხილა,  თავი დაგენებებინა ბოროტი საქმეებისათვის. სიცოცხლე გაჩუქეს და მიწისქვეშეთში მიგიჩინეს ადგილი. მაგრამ შენი არ მოიშალე და ამისათვის დაისჯები კიდეც. - გრძნეული ნელ-ნელა უკან იხევდა და თითქოს პატარავდებოდა. ქანელმა ჯიბიდან შავი ბურთულა ამოიღო.
- არა, არა. შენ მაგას არ გააკეთებ. რაც გინდა მთხოვე. ყველაფერს შეგისრულებ. არავის ვაწყენინებ. ეკლესიაშიც ვივლი. - ცახცახებდა ბოროტი გრძნეული.
ამ საუბრის დროს სასახლიდან მეფე და მისი მხლებლები გამოდიოდნენ და შავ ბურთულას, რომელიც ქანელს ეჭირა ხელში, მონუსხულებივით შესცქეროდნენ. თანაც ყველანი ტანად პატარავდებოდნენ და გრძნეულის გარშემო იკავებდნენ ადგილს.
ქანელმა შავი ბურთულა მოსაუბრეს ფეხებთან მიუგორა.
- უბედურო, კიდევ ერთი საფეხურით დაეშვი დაბლა. მიწისქვეშეთის ქვესკნელშია ამიერიდან შენი ადგილი. დარჩენილ ცხოვრებას შენ საყვარელ ხოჭოებთან გაატარებ. - დაამთავრა თუ არა ქანელმა ეს სიტყვები, მიწისქვეშეთის მიწა გაიხსნა, ბოროტი გრძნეული თან ჩაიყოლა და იმავე წამს დაიხურა. თითქოს დიდი ხანია ქვესკნელს ამ ბოროტი ძალის ჩაყლაპვის სურვილი ჰქონდა.
მეფე და მისი ნაზირ-ვეზირები კი ნელ-ნელა კიდევ უფრო დაპატარავდნენ. საბოლოოდ თავიანთი პირვანდელი სახე მიიღეს, ხოჭოებად გადაიქცნენ, მიმოიფანტნენ და სხვადასხვა ხვრელებით ქვესკნელისაკენ გაქცევით უშველეს თავს.
ქანელთან იმავე წამს მოხუცმა ჯოხუსელმა მოირბინა
- ავიდეთ ზემოთ. მოსახლეობას შევატყობინოთ. Qქვეყანა გათავისუფლებულია. იცხოვრეთ და იბატონეთ.
მოხუცმა კვერთხი აიქნია და ქანელთან ერთად მიწის ზემოთ აღმოჩნდა. ჯოხუსელები იქვე იდგნენ და მათ გამოჩენას ელოდნენ.
- ჯურხან, - მიმართა ქანელმა მეგობარს. - დანაშაული გამოვისყიდე, ჯურხანის შთამომავალს ტახტი დავუბრუნე. ეცადე სამართლიანად და გულმოწყალედ იმეფო.
- მადლობას მოგახსენებ სრულიად ჯოხუსეთის სახელით. შენთან ვალში ვარ. თუ დაგჭირდე, მიმსახურე. ეს კვერთხი შენთვის მიჩუქნია. როგორც კი მიწას დაჰკრავ, მივხვდები რომ რაღაც გიჭირს და იმავ წამს შენთან გავჩნდები. - მიმართა ქანელს ჯოხუსეთის მეფე-ჯურხან მეორემ. - ისე მეგობარო, ცოტა ხანი დარჩი, დაისვენე. ნამდვილ ჯოხუსეთს დაგათვალიერებინებ.
- არა, არა. თქვენ  აღარ გჭირდებით. მე ყოველთვის იქ ვარ, სადაც ძალიან უჭირთ და მელოდებიან. კვერთხისათვის კი დიდი მადლობა. ოდესმე აუცილებლად გესტუმრებით. - ქანელმა მიმოიხედა, იქვე მდგარ თავის ცხენს მოახტა და გააჭენა.
სიხარულისაგან აცრემლებული ჯოხუსელები ნელ-ნელა ეშვებოდნენ მიწის ქვეშ და თავიანთ ძველ სამყოფელს უბრუნდებოდნენ.
ქანელი კი ცხენს ზღვისწულისაკენ მიაგელვებდა, სადაც აცრემლებული კუსკუსა და კაცკაცულა ელოდებოდნენ.


გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები