ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
6 მარტი, 2010


როგორ ვმუშაობ ლექსზე

ძვირფასებო, ამ ორი მცირე ესსედან პირველს უკვე იცნობს პორტალის მკითხველი. მეორე - ბეჭდურადაც გამოქვეყნებულია შარშან, მაგრამ პორტალზე არ დამიდია. ვფიქრობ ორივეს ერთად წაკითხვა და მსჯელობა შემოქმედებითი  პროცესის პრობლემებზე უინტერესო არ უნდა იყოს. იმედი მაქვს, მოიწადინებთ ამ მხრივ საკუთარი გამოცდილების გაზიარებასაც.



როგორ ვმუშაობ ლექსზე
 

    უნდა ვაღიარო, რომ არასოდეს მივეკუთვნებოდი იმ ბედნიერ პოეტთა რიცხვს, რომელნიც შეიძლება  ,,მუზის ნებიერად,,  იწოდებოდნენ. იმთავითვე ჩემი ყოველი ლექსი ხანგრძლივი ფიქრისა და მუშაობის შედეგია., საწყის ეტაპზე , ჩვეულებრივ, მაქვს ხოლმე ის, რასაც ანგლო-ამერიკულ ლექსმცოდნეობაში  ,,პრე პოემს ,, უწოდებენ, რაღაც მონახაზი, რამდენიმესტრიქონიანი რიტმული ჩანაწერი, რომელიც შესაძლოა, გარითმულიც იყოს ან ფრაგმენტი პირადი დღიურიდან , რომელსაც არცთუ რეგულარულად ვწერ. შემდგომ ვიწყებ ფიქრს იმაზე, თუ რა არის საჭირო, რომ ეს ფრაგმენტი ლექსს საფუძვლად დაედოს.(ყოფილა შემთხვევები, რომ მუშაობის პროცესში საწყისი კონცეპტი უკუმიგდია და სრულიად სხვა მიმართულებით წამიყვანია ლექსი).
      როცა თემა მონიშნული მაქვს, ვიწყებ ლიტერატურის დამუშავებას, ახლიდან ვეცნობი, შეძლებისდაგვარად, ყველა იმ ქართულს თუ უცხოურ ლექსს, რომელიც რაღაცით უკავშირდება ჩემს ჩანაფიქრს, ვეძიებ ახალ მასალებს. ვაანალიზებ, ვცდილობ დავადგინო, რა ეტაპამდე არის დამუშავებული ჩემთვის საინტერესო კონცეპტი, რა შეიძლება შევმატო მას, როგორც პოეტმა ინდივიდმა. თუ დავადგენ , რომ რაღაც საჩემო მართლაც არსებობს, ვიწყებ მუშაობას ლექსიკონებში. ვაგროვებ სიტყვიერ მასალას, ვადგენ მნიშვნელობებს, ვცდილობ, შემოვსაზღვრო კონოტაციური ველი.
      ჩემი სამუშაო ფურცელი თავდაპირველად ასე გამოიყურება: ფურცლის შუაში არათანამიმდევრულად, ერთმანეთს მოსდევს სიტყვათა სინონომები, ანტონიმები, ფრაგმენტები, ველებზე მეტ-ნაკლები წესრიგით ჩამოწერილი მაქვს ფრაზები, რომელიც სავარაუდოდ დამჭირდება.
      როცა დავრწმუნდები, რომ კოლექტირების ანუ მასალის მოგროვების პროცესი ჩამოვიტოვე, ვიწყებ სელექცირებას, ანუ არჩევას ოპტიმალური ვარიანტებისა. ვსინჯავ, როგორ ჩაჯდებიან ისინი ჯერ მცირე კომპოზიციურ მონაკვეთებში, ამასობაში ლექსის უამრავჯერ გადათეთრება მიხდება. საშუალოდ ოციდან ოცდაათ ფურცლამდე.
      (მერე ამ ფურცლებს სახსოვრად ვჩუქნი ჩემს ერთ უფროს კოლეგა-მეგობარს, რომელსაც მრავალი პოეტის მიერ ნაჩუქარ ასეთ ხელნაწერთა კარგი კოლექცია აქვს. აქ არ დავასახელებ ვინაობას, რადგან დარწმუნებული არა ვარ, ამჟამად დაინტერესებული იყოსიმ პროექტის დეტალების გამხელით, რომელზეც წლების მანძილზე მუშაობს).
      განვაგრძობ: როდესაც ცალკეული , მეტნაკლებად დასრულებული ფრაგმენტები მზად მაქვს, ვიწყებ ფიქრს მთელი კომპოზიციის მონტაჟირებაზე; ვადგენ, რით სჯობია დაიწყოს ლექსი, როგორ განვითარდეს სახეობრივი დინამიკა, რომ ფინალამდე ეფექტურად მივიდეს.
        ამ ეტაპზე მყოფ ნამუშევარს მე მოქანდაკეთა პრაქტიკაში ცნობილ სახელს  - ,,ბალვანკას,, ვუწოდებ და იგი ასე გამოიყურება: კომპოზიცია შეკრულია, მაგრაშ ცალკეული ფრაგმენტების კონფიგურაციის გამო საჭირო ხდება ცვლილებების შეტანა მათში, რათა საერთო ბმა ბუნებრივი გამოვიდეს. ამის გამო ხშირად მიხდება თითქოსდა დალაგებული პასაჟის მთლიანად  ,,აყირავება,, . ნეოლოგიზმებიც ანუ სიტყვები, რომელთაც თავად ვაწარმოებ, ქართული ენის ბუნების გათვალისწინებით, ამ დროს იბადება, მაგრამ ვიდრე მათ ლექსში შევიტანდე, ვცდილობ, რაც შეიძლება მარჯვედ ჩავსვა, სხვადასხვა დონის კავშირი დავუმყარო სხვა სიტყვიერ მასალასთან, რომ უცხო სხეულად არ გამოიყურებოდნენ. ამის გამო მიხდება ხოლმე დამატებითი სიტყვების, წინადადებების შეტანა ტექსტში.
    ბოლო ეტაპის სამუშაო უკვე ხარაჩოების მოხსნაა, ანუ წაშლა იმისა, რაც თავისთავად, იქნებ მხატვრულ ღირებულებას მოკლებული არ არის, მუშაობაშიც ძალიან დამეხმარა, მაგრამ საბოლოო ვარიანტს ხელს უშლის, სიმსუბუქეს ართმევს .როცა ამ ეტაპს გადავლახავ, ვამბობ ხოლმე, რომ როგორც იქნა, ,,ლექსი ამოვასუნთქე,, .
    საბოლოო სამუშაო ინტონაციაა. სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებების მორგება, რომ ლექსი უშუალობის შთაბეჭდილებას ქმნიდეს მკითხველში.
    საბოლოოდ გადათეთრებულ ლექსს  ,,ვასვენებ,, , ვცდილობ , რაღაც ხნით , გავგრილდე , დავივიწყო, რათა ,,მტრული თვალით,, წაკითხვის საშუალება მომეცეს.თუ ამ  ,,მტრულ,, , კრიტიკულ თვალს გაუძლო და მასთან საბოდიშო არაფერი აქვს, ვასკვნი, რომ გამომივიდა და საკუთარ თავს  ,,ხელს ვართმევ,,
      ცხადია, ეს ყოველივე ჩემი შემოქმედებითი პროცესის ყველა მხარეზე სრულ წარმოდგენას ვერ იძლევა, მაგრამ მეთოდის შესახებ კი , ვფიქრობ გარკვეული სურათი შეექმნება  წამკითხავს, რომელიც ,შესაძლოა,  ჩემი, როგორც პოეტის  ,, თვითდემითოლოგიზაციამ ,, ორჭოფულადაც დააფიქროს.მაგრამ რას ვიზამ!
    ასე არამიმზიდველად გამოიყურება გულწრფელად გადმოცემული რეალობა.




- - - - - - - -- - - - -- -


ჩვენი საქმე  - წვალებაა !


ესსეში    ,,ჩემი სიყვარულის პწკარედი,, (გაზ.: ლიტ. საქ., 1991, 11 მარტი, თბ.)  რენტგენოგრამის იდეა თომას მანის  ,,ჯადოსნური მთიდან ,,  ვისესხე.
      ყოველთვის ცრემლებამდე მაღელვებდა ის ეპიზოდი,როდესაც მადამ შოშა საკუთარი ფილტვების რენტგენოგამას ჩუქნის მასზე თავდავიწყებით შეყვარებულ ახალგაზრდა ჰანსს ,იქ , გადაკარგული მთის საავადმყოფოში,სადაც ყველა ტუბერკულიოზით არის დაავადებული.
    პირველად ,როცა ჩემს ჩანაწერებში  ,, პრე პოემი ,, ჩნდება, ეს ძლიერი,წრფელი განცდის,ან აკვიატებული , პერსევერირებული რაღაც ფრაზის, ფრაზების შედეგია.ასეთი ძლიერგანცდიანი ჩანაწერებიდან ზოგი იმდენად პირადია ან არასაინტერესო, ჩემი თვალთახედვით, რომ ლექსად დამუშავებაზე დროისა და ენერგიის ხარჯვა ფუჭია.მერე ამ დღიურებს ახლიდან ვკითხულობ ხოლმე და რომელიმე ჩანაწერმა თუ მიიპყრო ახლიდან ჩემი ყურადღება, უკვე ვფიქრობ, როგორც ლიტერატურათმცოდნე -ლექსმცოდნე, რა ფორმა, გამომსახველობითი საშუალებები მოვუხდინო, რა ტექნიკური ამოცანა დავძლიო, რაიმე , თუნდაც ჩემთვის ახალი, რომ მე წვალებად მიღირდეს, ლექსის ავ-კარგის მცოდნე მკითხველს კი წაკითხვად.მხოლოდ გულწრფელი გრძნობისა და აზრის გადმოტანა სუფთა ფურცელზე და თავისუფალი გრაფიკის მინიჭება ტექსტისათვის ჯერ კიდევ ცოტაა , რომ იგი ლექსად იქცეს.მუშაობისას ჩემში მუდმივად ერთმანეთს ეტოქება ან ეთანხმება შემოქმედი და კრიტიკოსი. არის მომენტები, როცა  შემოქმედი კრიტიკოსს ვერ უსაბუთებს იმას, რასაც ინტუიციით გრძნობს, მაგრამ იმდენად დარწმუნებულია, რომ კრიტიკოსი დათმობაზე მიდის, არის მომენტებიც,როცა კრიტიკოსი შეუვალია და შემოქმედს  ,,აცუნდრუკების,, (ასე ვუწოდებ ამ განცდას) უფლებას არ აძლევს. საბოლოო მსაჯული ისევ კრიტიკოსია. სწორედ მან უნდა გადაწყვიტოს, მიაღწია თუ არა ლექსმა იმ შესაძლო სრულყოფილებას, რომ შეიძლება დაიბეჭდოს.
კრიტიკოსს თავდაჯერებით, საქმიანად მიაქვს ლექსი რედაქციაში, ტოვებს, ემშვიდობება
ყველას , გამოდის გარეთ, გადაადგამს რამდენიმე ნაბიჯს და...ვაიმე, მგონი,  რაღაც შეგვეშალა, დავბრუნდეთ, დავიბრუნოთ! - შფოთავს შემოქმედი.
  მქონია შემთხვევაც , რომ რედაქციაში კიდეც დავბრუნებულვართ და უკან წამომიღია თხუთმეტი წუთის წინ დატოვებული ლექსი, რაღაც მომიმიზეზებია..,ძირითადად კი შემოქმედი კრიტიკოსს ამ დროს კაფეში მიჰყავს და მისთვის ნამცხვრებს ყიდულობს, ტკბილეულით აწყნარებს ან რაიმე საჩუქრით ახარებს...
      დაიბეჭდება ლექსი ,დახედავენ შემოქმედიც და კრიტიკოსიც და იმედგაცრუება ეუფლებათ.
      -ეჰ,ხომ გეუბნები,არ ღირდა, - ეუბნება შემოქმედი კრიტიკოსს,მაინც არაფერი გამოვიდა. სტამბურმა ასოებმა ,ტირაჟირებამ საბოლოოდ  ,,გამოაცია,, ლექსი. რამდენჯერაც გინდა წაიკითხე, არაფერი საყურადღებო შიგ არ არის, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი რაღაც გამოგვივიდა.
    -არა უშავს,-აწყნარებს კრიტიკოსი, - ჩვენ ხომ ყველაფერი გავაკეთეთ,რაც შეგვეძლო. ეტყობა,  ამჯერად ეს არის ჩვენი მაქსიმუმი, ახლა კარგად დავისვენოთ და მერე ,გვიან რაღაც ახალი ვსინჯოთ. ჩვენი საქმე - წვალებაა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები