ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
20 მარტი, 2010


მუზას

მე ჩემი ლექსის სუნთქვა მაშინებს,
ისე სუსტია და ნაღვლიანი,
ვგრძნობ კალმის წვერით, როგორ ვამძიმებ,
ან, როგორ ვაკრთობ ფურცლის შრიალით.

ის ჯერ მუნჯია, უმწეო ბავშვი,
ლურჯი სინათლე უდგას თვალებში,
მე კი ვინ იცის რა მძიმედ დავსჯი,
ჩემი სულის და კალმის თარეშით.

მერე კი მზერით ვაცილებ ნელა
და ვცდილობ ფურცელს გავუზიარო,
თუ, როგორ იდგამს ბავშვივით ენას,
ან რა ტაატით იწყებს სიარულს...

მუზას

იდუმალო, მე ამაოდ გელი,
სულ უმწეოდ მიმატოვე უცებ,
ნეტავ რატომ შემომხვიე ხელი,
ასე რატომ მიმაჩვიე ფურცელს,

შენ მატყვევებ იდუმალი ბგერით
და ზვარაკად თავგანწირვას ითხოვ
ჩემი სულიც ისე ჩუმად მღერის,
თეთრ ფურცელზე იღვენთება თითქოს.

არაფერი აღარ მინდა გთხოვო,
არ მინდა რომ მოგაბეზრო თავი,
ეს ხელები ნიჩბებია მხოლოდ,
შენს ტალღებზე დამსხვრეული ნავის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები