ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლაან
ჟანრი: პროზა
28 მარტი, 2010


ეს პროზად...

მზეზე ბეღურები სხდებიან..
ღრუბლებს წყალმანკი აქვთ აგერ უკვე მესამე დღეა..
მგონია მომწყინდა და უსურვილობა დამემართა..
კედლებიდან საკუთარი დაღლილობა მიყურებს და ვგრძნობ, ასე დაღლილი ვეღარ გატარებ..
თუმცა, ერთ დროს ჩემი სიმსუბუქე ხელის გულზე დაგიდე, შენი სიმძიმე თვალებში ჩავიტიე და ქუთუთოებით გასეირნებდი ჩემი ცხოვრების კიბეზე..ასე ავიარეთ ზუსტად ოთხმოცდაცხრამეტი საფეხური..
მაგრამ რატომღაც მეასეზე გადაწყვიტე, რომ ჩემმა სიმსუბუქემ ზომაზე მეტად დაგამძიმა და.. ფრთხილად ჩამოსვი ხელისგულიდან..
მერე არ ვიცი სად წახვედი..
შენი სიმძიმე ატირდა ჩემს თვალებში და ვეღარ შეგნიშნე.....

მე ისევ მივყვები კიბეს..
შორს ვარ..და თან მარტო..
როდის დამეწევი?!

მენატრები..
შენი სიტყვები მენატრება..
იმ ბეღურების ფრთებისქვეშა ღინღლივით თბილი, ახლა რომ მზეზე სხდებიან..

მე აუცილებლად მივალ მზემდე..გავივლი მის გულზე..
შიშველი ფეხის გულებით და თვალებში შენით..
ოღონდ ჩემმა ზოდიაქომ არ დამკბინოს, მზეზე ალმურივით მოდებულმა..
მზის პიუპიტრზე ცივი თითით დავწერ ჩვენი სიყვარულის ნოტებს _ აუცილებლად ვიოლინოს გასაღებში..
(მზეს ბანის გასაღები არა აქვს..)
მერე მივალ ბეღურებთან და ერთ პეშვ მზეს ვითხოვ..
სანაცვლოდ იმდენ წყვილ სიმღერას დავტოვებ, რამდენიც ნაკვალევი დარჩება მზეზე _ ჩემი ნაკვალევი..

მერე დავბრუნდები უკან, ოღონდ ისე, რომ მზეს ზურგს არ შევაქცევ..
დავბრუნდები..
შიშველი ფეხებით..
კოჭებზე ზოდიაქოს ნაკბენებით,
მზიანი პეშვით და
თვალებში შენით..

ასე მომეხსნება დაღლილობა..

მზე ყირამალას გადავა ასჯერ..
ღრუბლებს წყალმანკი გაუვლით და,
გნახავ, ალბათ..
წყურვილს შეგატყობ თვალებში და ჩემი მზიანი პეშვიდან დაგალევინებ სიყვარულს..

შენი სიმძიმე ისევ დილისფერ თვალებში მექნება..
მაგრამ ჩემი სიმსუბუქე რომ დაკარგე?!
იქ დარჩა.. მეასე საფეხურზე..
ვინმე იპოვის და აიტანს მზემდე..

ჩვენ კი..
ჩვენ..
დავჯდებით ვარდისფერ საქანელაზე და ჩვენი სიყვარულის პალიმფსესტს დავწერთ..

იქნებ ზოდიაქოს ნაკბენებიც დამიშუშდეს..

მზეზე ბეღურები სხდებიან..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები